იოგა
ჯერ კიდევ მე-15 საუკუნის ტექსტი ჰათჰა-იოგა-პრადიპიკა გვაწვდის ცნობებს, როგორია ხელსაყრელი პირობები იოგას პრაქტიკისთვის: არ არის მიზანშეწონილი ღია ცის ან კონდენციონერის ქვეშ პრაქტიკა! [იოგმა ჰათჰა იოგა მცირე შენობაში უნდა განახორციელოს.] ჰათჰა იოგა პრადიპიკა 1.12. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰაერის ნაკადის მოხვედრაა სხეულზე, რომელიც პრაქტიკის დროს შეიძლება ძლიერ გაოფლიანდეს. შესაბამისად, შენობაში პრაქტიკის დროსაც ჰაერის ორპირი ნაკადი არ უნდა იყოს. კიდევ უფრო საზიანოა ჰაერის გამგრილებელის ქვეშ პრაქტიკა. ეს პირობა ზაფხულის პერიოდშიც უნდა დავიცვათ, თუნდაც ძალიან ცხელოდეს. ასეა მაისორშიც, აშთანგა იოგას კვლევით ინსტიტუტში (სამხრეთ ინდოეთი), წარმოუდგენელი სიცხის მიუხედევად ზამთარ-ზაფხულ ეს პრინციპი დაცულია. ასევე იცავენ ამ პრინციპს დასავლეთის ქვეყნებშიც, სადაც იცნობენ იოგას ღრმად და იციან, რომ ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. არ არის მიზანშეწონილი გაუნიავებელ სივრცეში იოგას პრაქტიკა! [იოგას პრაქტიკისთვის აუცილებელია სუფთა და განიავებული შენობა...] აიანგარი — იოგა დიპიკა : თავი — ასანები სავარჯიშო სივრცე სათანადოდ უნდა ნიავდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკის დროს ფანჯრები და კარები, სადანაც შეიძლება ჰაერი უბერავდეს, უნდა დაიხუროს, აუცილებელია წინასწარ კარგად განიავდეს შენობა. ამისთვის 15 წუთიც შეიძლება იყოს საკმარისი. არ არის მიზანშეწონილი მობილური ტელეფონების, სმარტფონების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება იოგას პრაქტიკისას! [ასეთ საცხოვრებელში მყოფი, ყოველგვარი წუხილისაგან გათავისუფლებული იოგი, თავისი გურუს მითითებების შესაბამისად, იოგას უნდა ასრულებდეს.] ჰათჰა იოგა პრადიპიკა 1.14. ვინც იცის „ყოველგვარი წუხილისგან გათავისუფლებული“-ის იოგური კონტექსტი, მისთვის სავსებით ლოგიკურია, რომ პრაქტიკისას ყურადღებას არაფერი უნდა გვიფანტავდეს. ტელეფონი, თუნდაც არ რეკავდეს, ქვეცნობიერად მუდმივად მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს. ასევე ინტერნეტიც. იოგას პრაქტიკა საჭიროა მშვიდი გონებით. არ უნდა ვისაუბროთ გაკვეთილზე. უნდა ვეცადოთ საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, თუნდაც მრავალი სხვა პრაქტიკოსის გარემოცვაში. არ არის მიზანშეწონილი იოგას ასანების პრაქტიკის დასრულებისთანავე შხაპის მიღება! ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: იოგას პრაქტიკის დასრულების შემდეგ ახლო პერიოდში არ არის სასურველი ტემპერატურის კონტრასტი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ცივი ან ცხელი წყლით. ძველ იოგებს სწამდათ, რომ ოფლთან ერთად გამოიყოფა პრანა (სასიცოცხლო ძალა) და მისი დაუყოვნებლად ჩამობანით ენერგიაც იკარგება. ასევე არ არის მიზანშეწონილი დაუყოვნებლივ გარეთ გასვლა, გაცივების თავიდან აცილების მიზნით. არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული. [იოგას პრაქტიკის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში შხაპის მიღება არ არის სასურველი.] აიანგარი — „იოგა დიპიკა“ (აუცილებელი პირობები). აიანგარი მიუთითებს 15 წუთზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ასევე გვირჩევს ასანების პრაქტიკის შემდეგ 15 წუთიან შავასანას. შავასანას შემდეგ 15 წუთში შხაპის მიღება ნიშნავს ასანების დასრულებიდან 30 წუთის გასვლას. ზოგიერთი შავასანას მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში ასრულებს, ასეთ შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი შეიძლება იყოს გასული შხაპის მიღებამდე. თუმცა ზოგიერთი მასწავლებელი გვირჩევს არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალის დაცვას.
იოგას სახლი
გთავაზობთ აშთანგა ვინიასა იოგას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული და გავცელებული მეთოდია. ჩვენი სტუდია ერთადერთია საქართველოში, ვისაც აქვს კავშირი აშთანგა იოგას მასწავლებლების ცოცხალ ხაზთან და შესაბამისად უფლებამოსილება, შევთავაზოთ იოგას ეს ფორმა საქართველოში. აშთანგა იოგაში არის სწავლების ორი მეთოდი: 1. სინქრონული ინსტრუქტაჟი: მაგ. საწყისი სერია, შუალედური სერია; 2. ინდივიდუალური ინსტრუქტაჟი: მაისორის სტილი; დღეს-დღეობით მსოფლიოში ორივე მეთოდი მისაღებია დამწყებთათვის. სინქონული ინსტრუქტაჟის დროს ჯგუფი ერთდროულად ასრულებს იოგას რიტმულად, მასწავლებელი ითვლის სუნთქვას და პოზიციებს. ხოლო მაისორის სტილის დროს ინდივიდუალურად უხსნის თითოეულს და პოზებს იმის მიხედვით უმატებს, რამდენად აითვისებს წინას. ვისაც თავიდანვე სურს დატვირთვაზე აქცენტის გაკეთება შეუძლია სინქრონული აირჩიოს, ხოლო ვისაც სწორ შესრულებაზე და მეტ ახსნაზე — მაისორის სტილი. თუმცა საბოლოო ჯამში, შეიძლება 2-3 თვის თავზე, ამ ორივე მეთოდს ერთ შედეგამდე მივყავართ. ასევე კარგი ვარიანტია, მათი შეხამება. მაგ. კვირაში 2-ჯერ მაისორი და ერთი დღე საწყისი სერია, ან პირიქით. დამწყებთათვის რეკომენდებულია კვირაში 3-ჯერ, თუმცა მაისორის სტილი კვირაში 6-ჯერაც მისაღებია. მაისორის სტილი. . სინქრონული ინსტრუქტაჟი. იოგას კლასებზე დასწრების უფლებისთვის საჭიროა აბონემენტის შეძენა არის 2 ტიპის აბონემენტი 1. ულიმიტო რომელიც უფლებას აძლევს დაესწყოს ნებისმიერ არსებულ კლასს. 2.საათების მიხედვით. მაგ. კვირაში 3-ჯერ. ორშაბათი, ოთხშაბათი 19:00 -ზე და პარასკევი 18:00 -ზე აბონემენტი არის უფლება დაესწროთ შესაბამის კურსებს განსაზღვრული ვადით; ამ უფლების დამადასტურებელი საბუთია მიღებული სმს-ი. შესაბამისად, არ ხდება თქვენს მიერ განხორციელებული თითოეული ვიზიტის აღრიცხვა, ამიტომ გაცდენილი ვიზიტები არ ანაზღაურდება. აბონემენტის შეძენისთანავე განისაზღვრება განრიგი: საათები (ან საათი) და დღეები (ან დღე), რომელზეც აქვს უფლება მის მფლობელს დაესწროს, ამიტომ შეუძლებელია თქვენი სურვილისამებრ ამ განრიგის შეცვლა. ასევე შესაძლებელია ერთჯერადი გადახდა. რა დაგვჭირდება იოგას გაკვეთილზე? ხალიჩა იოგასთვის პრაქტიკისთვის საჭიროა იოგას ხალიჩა, რომელიც არის ჩვენს დარბაზში და შესაძლებელია მისი გამოყენება, მაგრამ სასურველია იქონიოთ საკუთარი, რომლის დატოვების შესაძლებლობაც არის ჩვენთან. ტანსაცმელი სპორტული დანსაცმელი, სასურველია იოგასთვის განკუთვნილი. ფეხსაცმელი არ არის საჭირო.

© 2016 იოგას ფედერაცია