ამინდის მსგავსად, არ არსებობს კარგი ან ცუდი ემოცია. თითოეული შეგრძნების მიღების უნარი ახლიდან გაგრძნობინებთ სიცოცხლის გემოს.
ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, ჩემი განრისხებული მასწავლებლის ნახვა მომიწია. აშრამის სამზარეულოში შესვლისას უნებლიე მოწმე გავხდი იმისა, თუ როგორი განრისხებით უწყრებოდა ის მზარეულებს. თუმცა ჩემი დანახვისთანავე, წამით შეჩერდა და გამიღიმა. მისი მზერა შერბილდა, რისხვა კი ისე გაუჩინარდა, თითქოს არც კი ყოფილიყო. “როგორ მოგეწონა ჩვენი სპექტაკლი?“– მკითხა მან, მზარეულს მხრებზე ხელი დაუტყაპუნა და იქაურობა დატოვა. ეს სცენა ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მასწავლებელმა არა მარტო გასაოცარი სიადვილით შეცვალა რისხვა კეთილგანწყობით, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის სწავლის ინსტრუმენტად გამოიყენა. ნამდვილად გაბრაზებული იყო თუ არა იგი, არ ვიცი, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვამტკიცო – მან ემოციათა მართვის უმაღლესი პილოტაჟი გამოავლინა.
იოგაში თავისუფლების მოპოვების ერთ–ერთი გასაღები ემოციებზე მიჯაჭვულობის არარსებობაა. მაგრამ ხშირად მიჯაჭვულობისგან ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას ვერ ვანსხვავებთ თავშეკავებისგან, ემოციების შეკავებას– მათი ჩახშობისა და სულაც გულგრილობისა და უგრძნობლობისაგან. ჩემმა მასწავლებელმა პრინციპულად განსხვავებული რამ გვიჩვენა: არა ემოციებისგან გათავისუფლება, არამედ მათი გამოხატვის თავისუფლება. იქნებ ემოციების გამოხატვის შიშისგან გადალახვა და ნებისმიერი, სრულიად განსხვავებული სულიერი მდგომარეობის გამო სიხარულის განცდის უნარი არის კიდეც ჭეშმარიტი გათავისუფლება?
მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი ტანტრისტი მასწავლებელი აბჰინავა გუპტა,სიცოცხლეს ხელოვნების ერთ–ერთ ფორმად მიიჩნევდა. ღმერთი ესახებოდა მხატვრად, რომელმაც ადამიანში ხორცი შეასხა თავის შემოქმედებით ძალას. გუპტა ფიქრობდა, რომ ადამიანს ძალუძს გამოიყენოს საკუთარი გრძნობები და ემოციები როგორც პალიტრა ცხოვრების ყოველი წამის გასაფერადებლად და სიცოცხლის ხელოვნების ნიმუშად გადასაქცევად. თავის ცნობილ ესთეტიკურ ნაშრომებში, გუპტა წერდა ემოციების ძირითად გემოებზე ე.წ რასებზე. სანსკრიტული სიტყვა „რასა“ შეიძლება ითარგმნოს როგორც „გემო“, თუმცა უფრო ღრმა აზრით, სიცოცხლის წვენს აღნიშნავს, ურომლისოდაც ჩვენი არსებობა მტკნარი იქნებოდა. ეს ცნება – „რასა“, გამოყენებულია აიურვერდაშიც, სადაც გამოყოფილია 6 ძირითადი გემო: ტკბილი, მარილიანი, მჟავე, მწარე, ცხარე და შემკვრელი. თითოეული მათგანი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, რის გამოც, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ჩვენი კვების რაციონი ამ ექვსივე გემოსგან უნდა შედგებოდეს. გუპტამ რასების შესახებ თეორია მუსიკის, ცეკვის, დრამისა და მთლიანად ცხოვრების ასახსნელადაც გამოიყენა. ის განასხვავებდა 9 ემოციონალურ რასას ანუ განწყობილებას. გამოცდილი კულინარის მსგავსად, რომელიც გასაოცარი ოსტატობით აზავებს სრულიად განსხვავებულ გემოებს, ცხოვრების ფერმწერმაც უნდა შეძლოს განსხვავებულ ემოციონალურ რასათა კომბინირება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ემოცია ჩვენთვის ერთნაირად სასურველი არ არის, ჭეშმარიტი შედევრი მხოლოდ ყველა მათგანის შერწყმის შედეგად იქმნება. მაგალითად, შექსპირის ტრაგედიებში გვხვდება შიშიც, მხიარულებაც, სიმამაცეც, სიძულვილიც, მწუხარებაც და მგრძნობელობაც. უმეტესობა ჩვენთაგანის ემოციონალური ენერგია 4-5 რასას შორის ნაწილდება და ძალზე იშვიათად ვლინდება სხვა დანარჩენებში. მაგალითად, ჩემთვის დამახასიათებელია სიმშვიდის, მწუხარების და მგრძნობელობის მდგომარეობანი, რომელთაც ხანდახან მხიარულება ცვლის. ცხადია, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ამა თუ იმ რასის გამოვლინებას, მაგრამ ემოციები შესაძლოა ძალზე დიდ პრობლემად გვექცეს, თუკი ზედმეტად დავექვემდებარებით მათ ძლიერ ზეგავლენას. სიმშვიდეც კი, რომლისკენაც იოგას პრაქტიკოსები მიისწრაფვიან, სხვა ემოციების შერევის გარეშე შეიძლება ბანალურ მოწყენილობად იქცეს. ჩვენ გვავიწყდება, რომ ცნობიერება ემოციონალური განცდების ფართო პალიტრას საჭიროებს. უფრო მეტიც, ის ამ პალიტრის შექმნისკენ ისწრაფვის. ამის გაცნობიერების საშუალება ავადმყოფი მამის მოვლისას მომეცა. ერთხელ, აბაზანაში მისი მორიგი შეყვანისას, ორივე მოვცურდით და წავიქეცით; როდესაც მამას წამოდგომაში ვეხმარებოდი მას პიჟამო გაეხადა, მე კი ჩემდა უნებურად გადავიხარხარე: სიცილი თავისთავად იფრქვეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენოდა. მამას მოვუბოდიშე და ავუხსენი რომ მას არ დავცინოდი. „არაუშავს, მე ყველაფერი მესმის – შავი იუმორი,“ – მომიგო მან და თავადაც გაეცინა. მოგვიანებით, მივხვდი, რომ სიცილი ენერგიის ბუნებრივი მოძრაობაა, რასების გაწონასწორების ხერხი სიტუაციებში, როდესაც ტკივილს ან შიშს განვიცდით. მე რომ იმ დროს სიცილი შემეკავებინა, ტკივილის მომგვრელი ენერგია გამოსავალს ვერ იპოვნიდა და ორივე ამ სიტუაციის აღქმას ჩვეული მწუხარებით გავაგრძელებდით. ემოციონალურ ენერგიას სიბრძნე ახასიათებს, რომელიც იმ დროს მჟღავნდება, როცა ემოციების ბუნებრივ გამოვლენას არ ვეწინააღმდეგებით. სასაცილო ყველაზე საშიშშიც იმალება, ტრაგედია კი კომედიის მეორე მხარეა. თუ საკუთარი ემოციების გამოვლენის ბუნებრივი ნაკადის მიღება გსურთ, აუცილებლად უნდა დააფასოთ ის გასაოცარი პლასტიურობა, რომლითაც ჩვენი შინაგანი სამყარო საკუთარ ჰარმონიზებას ახერხებს. განსხვავებული ემოციური რასები ქსოვენ მდიდრულ ხალიჩას, რომელსაც სიცოცხლე ეწოდება და თუნდაც ერთ–ერთი მათგანის უგულებელყოფით ძალიან ბევრის გარეშე ვრჩებით.
ყველა კარის გასაღები
ემოციონალური თავისუფლების საიდუმლო მადლიერებით შეზავებულ დაკვირვებაშია, მსგავსად განცდისა, რომელიც ნამდვილად კარგი ფილმის ნახვისას გვეუფლება. თავს უფლება მიეცით მთელი სისავსით შეიგრძნოთ ის ემოცია, რომელსაც განიცდით. თავისუფლების მოპოვების გასაღები გახსნილობა და მიჯაჭვულობის არარსებობაა. ემოციები პრობლემად მაშინ გადაიქცევა, თუ საკუთარ თავთან გააიგივებთ მათ, ჩარჩებით მათ განცდაში, განსაკუთრებულ უპირატესობას მიანიჭებთ ზოგ მათგანს და დანარჩენების უარყოფას შეეცდებით. იმისთვის, რომ ჭეშმარიტად გაიხსნათ ყველაზე მტკივნეული მდგომარეობის წინაშეც კი, უძველეს ტანტრისტულ პრაქტიკას მიმართეთ: საკუთარ ემოციებზე უბრალო დაკვირვების ნაცვლად, გაცნობიერებულად მიესალმეთ მათ როგორც საკუთარ სტუმრებს. მრისხანება შეგიპყრობთ, თქვით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, სიხარულს იგრძნობთ, მიუგეთ – „ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში“. ეს ტექნიკა ამა თუ იმ ემოციის სრულად განცდაში და მისგან საბოლოოდ თავის დაღწევაში, მის გაშვებაში დაგეხმარებათ. თქვენ ისწავლით რასების მიღებას მათი განკითხვისა და მათზე მიჯაჭვულობის, ასევე გარშემომყოფებზე თქვენი განწყობის პროეცირების გარეშე.
თუმცა ემოციონალური თავისუფლება არ უნდა ავურიოთ უკონტროლობაში. ჭეშმარიტი თავისუფლება გაცნობიერებას და დისციპლინას, ამასთან საკუთარი გრძნობებისგან ოდნავ დისტანცირების უნარსაც მოითხოვს. არსებობს უამრავი ბუდისტური და იოგას ტექნიკა, რომლებიც გვეხმარება ჩვენს მიერ განცდილ ემოციებსა და ფიქრებთან არ გავაიგივოთ თავი. საკმარისია, ჭშმარიტად გავიხსნათ ემოციური ნაკადების მისაღებად და დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სასიკეთოდ და სასარგებლოდ, რომ ემოციონალური ხაფანგები, რომლებსაც როგორც წესი, ჩვენივე ეგო გვიგებს შესატყუებლად, რასის უშუალო განცდას დაუთმობს ადგილს. მაგალითად, სევდა შესაძლოა ეგოსთვის დამახასიათებელი დანაკარგის და სიცარიელის გრძნობების გამოხატულება იყოს. მაგრამ იმავე სევდამ შესაძლოა გაალღოს და გარშემომყოფებისთვის გახსნას გული. შიშმა შეიძლება პარალიზება გამოიწვიოს ან პირიქით გამოწვევის მიღება გვაიძულოს. სიძულვილმა და ანტიპატიამ შეიძლება დამანგრეველ საქციელზე გვათქმევინოს უარი; განრისხება ფრუსტრაციის გამოხატულებაც შეიძლება იყოს და პრაქტიკისთვის საწვავის როლიც შეასრულოს.
ემოციათა თეატრი
დასაწყისისთვის უბრალოდ დააკვირდით ემოციებს მათი წარმოქნის კვალდაკვალ – შავასანაში (მკვდრის პოზა), ფეხით სეირნობისას თუ საცობის დროს მანქანაში ჯდომისას. ამა თუ იმ გრძნობის წარმოშობისას, პირველ რიგში, შეეცადეთ გააცნობიეროთ რას გრძნობთ – სიყვარულს, დანაშაულს თუ სიამაყეს დაბნეულობასთან ერთად. შემდეგ ერთი წამით გაემიჯნეთ, დასცილდით ამ ემოციას როგორც მაყურებელი, რომელიც შინაგანი სამყაროს სცენაზე განვითარებულ დრამას ადევნებს თვალყურს. თქვენი ამოცანაა კარგად გაიცნოთ საკუთარი ემოციები, შეიგრძნოთ სიხარულის სრულიად განსხვავებული ელფერები, ერთმანეთისგან განასხვაოთ გაღიზიანება და მრისხანება, შიში და სიძულვილი. დააკვირდით იწვევენ თუ არა ეს ემოციები რაიმე შეგრძნებებს სხეულში. რა მოგდით აზრად, ცდილობთ თუ არა თქვენი განცდის გამართლებას. საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად თქვენ მათი წარმოქმნის მომენტშივე ისწავლით ემოციების „დაჭერას“, ეს კი პირველი ნაბიჯია დაოსტატების გზაზე. ემოციის ჩანასახში ამოცნობისთანავე შეძლებთ მის მართვას, თავად გადაწყვეტთ საით მიმართოთ იგი: უარყოთ, შეისწავლოთ, გამოხატოთ თუ რაიმე სახის ფიზიკური აქტივობისკენ წარმართოთ.
არაჩევეულებრივი კონცერტი
საკუთარ ემოციებზე მუშაობის პროცესში მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ უფრო მარტივად მოვეკიდე გრძნობებს, რომელთა განცდის უფლებას არა თუ არ ვაძლევდი საკუთარ თავს, იმის გაფიქრებაც კი მაშფოთებდა, რომ მათი შეგრძნება შემეძლო. დროთა განმავლობაში ყურადღება მივაქციე იმას, რომ მაგალითად, მრისხანება – თუ მას მოდუნებისა და სიზარმაცის წინააღმდეგ მუშაობაზე მივმართავთ, – უდიდესი ძალაუფლების მქონე აღმოჩნდება. როგორც იქნა, ჩემთვის გაცხადდა იმის აზრი, რისი დემონსტრირებაც ჩემმა მასწავლებელმა სამზარეულოში მოახდინა. ოსტატი ისაა, ვინც თითოეული ემოციის უნიკალურობას გრძნობს და იმ დროს ამჟღავნებს მას, როცა ამის ჭეშმარიტი საჭიროებაა. როდესაც თქვენი ემოციების ფლობას ისწავლით, მათი გამოხატვა ბუნებრივად უპასუხებს თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. თქვენი სიცილი და ტირილი გარესამყაროსთან დაგაკავშირებთ. წარმოთქვამთ „მიყვარხარ“ და ნამდვილად წარმოთქმულს იგულისხმებთ; როდესაც შიში დაგეუფლებათ მას გამოსაღვიძებლად გამოიყენებთ და არა საკუთარ თავში ჩაკეტვისთვის. ამგვარად თქვენი ემოციები, არა მხოლოდ გულრწრფელი, არამედ შთაგონებული და შთამაგონებელიც გახდება. ემოციები იდეალურად გაჟღერებული ორკესტრის ინსტრუმენტებად მოგვევლინება, თქვენ კი იმავდროულად მათი მსმენელი და დირიჟორი იქნებით.