ჩვენთვის იოგა ის საშუალებაა, რა გზითაც მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ ჯანმრთელობისა და სულიერი განწყობილების თვალსაზრისითაც.
ჩვენი ინტერესები არ შემოიფარგლება იოგათი და შედეგის გაუმჯობესებისთვის მივმართავთ მეცნიერებას (იქნება ეს ვარჯიშის, კვების თუ სხვა ასპექტების შესახებ).
ჩვენთვის იოგას სწავლება არ არის დოგმა და ჩვენი შედეგის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმი თქვენი გამოხმაურებებია.
რატომ უნდა ვივარჯიშოთ?
„სხეულებრივი ძალების კულტურა (ტანვარჯიში) არის ზრუნვა იმაზე, რაც შეადგენს ქსოვილს (მატერიას) ადამიანში, რომლის გარეშეც ადამიანის მიზნები განუხორციელებლები დარჩებოდნენ; გამოდის, რომ ადამიანში ცხოველის მუდმივი განზრახ გამოცოცხლება საკუთარი თავის წინაშე ვალია“.
ი. კანტი
ადამიანის სულს ბევრი შრომა-გარჯა სჭირდება, რათა თავისი სხეულებრიობა საშუალებად აქციოს; ადამიანი ჯერ თითქოს თავის სხეულს უნდა დაეუფლოს, რათა იგი თავისი სულის ორგანოდ, ინსტრუმენტად [იარაღად] აქციოს.
მიდგომა - გონს თავის სხეულთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვს, ვიდრე დანარჩენ გარესამყაროსთან. იგი (გონი) საკუთარ ნებას სხეულის საშუალებით გამოხატავს, ამიტომ გონსა და სხეულს შორის უშუალო ჰარმონიის განმტკიცებაა საჭირო. იოგას სწავლება არ მოუწოდებს ადამიანს, რომ საკუთარი სხეული ათლეტების ან ჯამბაზების მსგავსად თვითმიზნად გაიხადოს, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას სათანადო მიუზღას, უნდა გაუფრთხილდეს, ენერგია შეუნარჩუნოს, ნაცვლად იმისა, რომ აბუჩად აიგდოს და მტრულად მოეკიდოს. სწორედ სხეულის ანგარიშგაუწევლობით და მისდამი ავად მოპყრობით ჩავდგებოდით მასზე (სხეულზე) დამოკიდებულნი, მას მტრად გავიხდიდით და ვაიძულებდით ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულიყო, შური ეძია ჩვენზე. თუ პირიქით, ჩვენი ფიზიკური ორგანიზმის კანონთა შესაბამისად მოვიქცევით, მაშინ ჩვენი გონი ჩვენს სხეულში თავისუფალი იქნება.