რა არის მაისორის სტილი?
ესაა სწავლების ტრადიციული მეთოდი, რომელსაც აშთანგა იოგას პრაქტიკაში იყენებდნენ და დღეს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ის ინდოეთიდან, ქალაქ მაისორიდან მოდის. მეთოდი გულისხმობს, რომ თითოეული მოსწავლე იაზრებს და იმახსოვრებს პოზების დადგენილ თანმიმდევრობას და ვარჯიშობს სხვებისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპითა და შესაძლებლობით. თავიდან და ყველა მომენტში, როცა ეს საჭიროა, ინდივიდუალურ ინსტრუქციას მოსწავლეს მასწავლებელი აძლევს. თავისთავად ცხადია, დამწყებს მეტი ახსნა-განმარტება სჭირდება მასწავლებლისგან, ვიდრე მოწინავეს, თუმცაღა, ვარჯიში ერთ სივრცეში მიმდინარეობს და ყველა მათგანი მუშაობს საკუთარ თავზე.
ხშირად ისმის კითხვა: შევძლებ მე ამას, თუ კი აქამდე არასდროს გამიკეთებია იოგა?!
სწორედ მაისორის კლასია საუკეთესო დასაწყისი ამ შემთხვევაში, რადგანაც მოსწავლე თავისუფალია ვარჯიშის ტემპში, ეძლევა ინდივიდუალური ინსტრუქცია, ყურადღება კონცენტრირებულია, არ უწევს, შეხედოს სხვებს და გაიმეოროს იგივე. ახალი წევრი იწყებს თავიდან, მუშაობს მასწავლებლისგან მოცემულ მეთოდზე და მხოლოდ მათი დახვეწისა და გააზრების შემდეგ იმატებს მომდევნოს. გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი ყველას, დამწყებსა თუ ძველს, აძლევს ინფორმაციას, უხსნის, ეხმარება პოზების უკეთ შესრულებაში. ფაქტობრივად, ისინი ერთად მუშაობენ. ეს იდეალური ვარიანტია დამწყებისთვის. ასე რომ, საშიში და უკან დასახევი არაფერია.
რა ხდება, თუ კი თანმიმდევრობა გავიწყდებათ?
შეგახსენებთ, რომ მაისორის სტილი გულისხმობს მუდმივ ყურადღებას მასწავლებლისგან. შესაბამისად, ის ახსენებს მოსწავლეს მომდევნო პოზას და თანდათანობით მოსწავლე ისე ითავისებს ამ პოზებსა და მათ თანმიმდევრობას, თითქოს აშთანგა იოგას პრაქტიკა მოძრავი მედიტაცია იყოს.
ბევრს მიაჩნია თავი მოუქნელად.
მაისორის უპირატესობაც ისაა, რომ ადამიანი იმდენ ხანს მუშაობს პოზაზე, სანამ არ დახვეწს მას. მხოლოდ ამის შემდეგ ემატება ახალი. მოსწავლე თავისი შესაძლებლობების პროპორციულად ვითარდება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ იოგაში მოქნილობა არ არის უმთავრესი. შესაძლოა, გაცილებით წმინდა ასპექტი იოგას პრაქტიკისა ფიზიკურად უფრო მოუქნელში გამომჟღავნდეს და არა - პირიქით.
თუ კი რაიმე გაწუხებთ.
პირველ რიგში, თავიდანვე უნდა გააფრთხილოთ მასწავლებელი ნებისმიერი პრობლემის შესახებ, მაისორის სტილში, გაცილებით მარტივია მათი გათვალისწინება და მოფრთხილება, რადგანაც მოსწავლე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მასწავლებლის მუდმივი ყურადღების ქვეშაა.
რა ხდება, თუ კი მოსწავლე გაკვეთილის დასაწყისზევე ვერ ახერხებს მისვლას.
როგორც წესი, მაისორის სტილი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება, ამ ფორმატს აზრი რომ ჰქონდეს, მინიმუმ ორ საათი უნდა გრძელდებოდეს, რადგან თუკი მხოლოდ ერთი საათი იქნება დრო, მაშინ პრაქტიკოსს დაგვიანების შემთხვევაში ერთ საათზე ნაკლები დრო დარჩება, ხოლო თუკი ყველანი ერთდროულად იწყენებ, მაშინ უკვე სინქრონული პრაქტიკაც შესაძლებელია. მაშასადამე, თუკი ვინმე აგვიანებს მაისორის გაკვეთილზე მისვლას, მას შეუძლია მივიდეს მოგვიანებით. მით უმეტეს, რომ დამწყებს არ ესაჭიროება იმდენი დრო, რამდენიც გამოცდილ პრაქტიკოსს. დამწყებებს პოზების ნაკლები რაოდენობა აქვთ შესასრულებელი, თუმცა, არის მეორე მხარეც, რომ დამწყებს მეტი დრო დასჭირდეს მეტი ახსნის საჭიროებისა და შესვენებების გამო. დამწყებისთვის რეკომენდებულია ნახევარი საათიდან ერთ საათამდე პრაქტიკა.