მოგეხსენებათ, რომ იოგას პრაქტიკა არ არის პოზების და ვარჯიშების მექანიკური შესრულება, არამედ ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს კონცენტრაცია და კონცენტრირებული მზერა (დრიშტი) წარმოადგენს. დრიშტი სანსკრიტული სიტყვაა. არსებობს ცხრა დრიშტი (თუ მარჯვნივ და მარცხნივ გვერდზე მზერას ერთად ჩავთვლით, მაშინ რვა გამოვა). კლასიკურ იოგაში რვა დანაყოფია და დრიშტი მეხუთე (პრატიაჰარა — გრძნობების კონტროლი) და მეექვსე (დჰარანა — კონცენტრაცია) დანაყოფებთან არის კავშირში. მაიტრი უპანიშადის თანახმად პრატიაჰარას მიზანია ილუზიისა და ტანჯვისგან გათავისუფლება, რაც გამოწვეულია გრძნობათა ობიექტებზე მიჯაჭვულობით. ეს კი ეხმარება, რომ პრაქტიკოსი "ცენტრირებული" გახდეს. დჰარანა კი იოგას პრაქტიკის დროს დჰიანას (მედიტაციის) მიღწევის მიზნით კონცენტრირებას გულისხმობს. ცნობიერებაზე მუშაობის გარდა ეს ერთგვარი ვარჯიშია თვალებისვის.

დრიშტის ფორმები:

ანგუშჰამადჰიე — მზერა მიმართულია ხელის ცერებისკენ. მაგალითად: ურდჰვა ვრიკშასანა, უტკატასანა ან ვირაბჰადრასანა I (მეომრის I პოზა);

ბჰრუმადჰიე — მზერა წარბებს შორის არის მიმართული;

ნასაგრა — მზერა ცხვირის წვერზე;

ჰასტაგრა — მზერა ხელის წვერისკენ, მაგალითად: უტტჰიტა ტრიკონასანა (სამკუთხედის პოზა).

პარშვა — გვერდზე. მაგ.: მარიჩიასანა (გ) და (დ);

ურდჰვა — ცისკენ (უპავიშთჰა კონასანა (ბ));

ნაბჰიჩაკრა — ჭიპი (ადჰო მუკჰა შვანასანა — თავდახრილი ძაღლის პოზა);

პადაიორაგრა — მზერა ფეხის ცერებისკენ არის მიმართული (ჯანუ შირშასანა).

 

გიორგი ბერძენიშვილი.