ჯერ კიდევ მე-15 საუკუნის ტექსტი ჰათჰა-იოგა-პრადიპიკა გვაწვდის ცნობებს, როგორია ხელსაყრელი პირობები იოგას პრაქტიკისთვის:

  1. არ არის მიზანშეწონილი ღია ცის ან კონდენციონერის ქვეშ პრაქტიკა!

[იოგმა ჰათჰა იოგა მცირე შენობაში უნდა განახორციელოს.]

ჰათჰა იოგა პრადიპიკა 1.12.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰაერის ნაკადის მოხვედრაა სხეულზე, რომელიც პრაქტიკის დროს შეიძლება ძლიერ გაოფლიანდეს. შესაბამისად, შენობაში პრაქტიკის დროსაც ჰაერის ორპირი ნაკადი არ უნდა იყოს. კიდევ უფრო საზიანოა ჰაერის გამგრილებელის ქვეშ პრაქტიკა. ეს პირობა ზაფხულის პერიოდშიც უნდა დავიცვათ, თუნდაც ძალიან ცხელოდეს. ასეა მაისორშიც,  აშთანგა იოგას კვლევით ინსტიტუტში (სამხრეთ ინდოეთი), წარმოუდგენელი სიცხის მიუხედევად ზამთარ-ზაფხულ ეს პრინციპი დაცულია. ასევე იცავენ ამ პრინციპს დასავლეთის ქვეყნებშიც, სადაც იცნობენ იოგას ღრმად და იციან, რომ ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

  1. არ არის მიზანშეწონილი გაუნიავებელ სივრცეში იოგას პრაქტიკა!

[იოგას პრაქტიკისთვის აუცილებელია სუფთა და განიავებული შენობა...]

აიანგარი — იოგა დიპიკა : თავი — ასანები

სავარჯიშო სივრცე სათანადოდ უნდა ნიავდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკის დროს ფანჯრები და კარები, სადანაც შეიძლება ჰაერი უბერავდეს, უნდა დაიხუროს, აუცილებელია წინასწარ კარგად განიავდეს შენობა. ამისთვის 15 წუთიც შეიძლება იყოს საკმარისი.

 

  1. არ არის მიზანშეწონილი მობილური ტელეფონების, სმარტფონების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება იოგას პრაქტიკისას!

[ასეთ საცხოვრებელში მყოფი, ყოველგვარი წუხილისაგან გათავისუფლებული იოგი, თავისი გურუს მითითებების შესაბამისად,  იოგას უნდა ასრულებდეს.]

ჰათჰა იოგა პრადიპიკა 1.14.

ვინც იცის   „ყოველგვარი წუხილისგან გათავისუფლებული“-ის იოგური კონტექსტი, მისთვის სავსებით ლოგიკურია, რომ პრაქტიკისას ყურადღებას არაფერი უნდა გვიფანტავდეს. ტელეფონი, თუნდაც არ რეკავდეს, ქვეცნობიერად მუდმივად მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს. ასევე ინტერნეტიც. იოგას პრაქტიკა საჭიროა მშვიდი გონებით. არ უნდა ვისაუბროთ გაკვეთილზე. უნდა ვეცადოთ საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, თუნდაც მრავალი სხვა პრაქტიკოსის გარემოცვაში.

  1. არ არის მიზანშეწონილი იოგას ასანების პრაქტიკის დასრულებისთანავე შხაპის მიღება!

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

იოგას პრაქტიკის დასრულების შემდეგ ახლო პერიოდში არ არის სასურველი ტემპერატურის კონტრასტი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ცივი ან ცხელი წყლით. ძველ იოგებს სწამდათ, რომ ოფლთან ერთად გამოიყოფა პრანა (სასიცოცხლო ძალა) და მისი დაუყოვნებლად ჩამობანით ენერგიაც იკარგება. ასევე არ არის მიზანშეწონილი დაუყოვნებლივ გარეთ გასვლა, გაცივების თავიდან აცილების მიზნით. არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული.

[იოგას პრაქტიკის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში შხაპის მიღება არ არის სასურველი.]

აიანგარი — „იოგა დიპიკა“ (აუცილებელი პირობები).

აიანგარი მიუთითებს 15 წუთზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ასევე გვირჩევს ასანების პრაქტიკის შემდეგ 15 წუთიან შავასანას. შავასანას შემდეგ 15 წუთში შხაპის მიღება ნიშნავს ასანების დასრულებიდან 30 წუთის გასვლას. ზოგიერთი შავასანას მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში ასრულებს, ასეთ შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი შეიძლება იყოს გასული შხაპის მიღებამდე. თუმცა ზოგიერთი მასწავლებელი გვირჩევს არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალის დაცვას.