ნიშნავს თუ არა აჰიმსა ხორცზე უარის თქმას?
ქეით ჰოლკომბი | 23 მარტი 2015
ზიანის არ მიყენების პრინციპის (აჰიმსას) პრაქტიკამ ომნივორებში (ნაირ მჭამელებში) შესაძლოა დისონანსი გამოიწვიოს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე იდეა, თუ როგორ უნდა შეუსაბამოთ თქვენი კვების რეჟიმი იოგას პრაქტიკას.
1990-იანებში რამდენიმე წელი გავატარე ინდოეთის ქალაქ ჩენაიში და იქ მქონდა იმის საშუალება, რომ ყოველდღე მემეცადინა იოგას დიდოსტატ ტ.კ.ვ. დესიკაჩართან. ერთ დღეს დესიკაჩარს ახალგაზრდა ფრანგი მამაკაცი ესტუმრა კონსულტაციისთვის. ის ძალიან მონდომებული იყო შეესწავლა იოგა და გადაწყვეტილი ჰქონდა ინდოეთში არაერთი თვის გატარება და ცოდნის გაღრმავება. მაგრამ მისი ჯანრთელობის მდგომარეობამ ინდოეთში ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყო გაუარესება. სულ რამდენიმე კვირაში მან შესამჩნევად დაიკლო წონაში, დაკარგა ფერი და დასუსტდა, რის გამოც სწავლისას კონცენტრაცია უჭირდა.
დესიკაჩარმა შემოწმებისას ახალგაზრდა მისი კვების რეჟიმის შესახებაც გამოკითხა და დაინტერესდა იღებდა თუ არა იგი ხორცს.
„ცხადია არა, სერ,“ — უპასუხა მან.
„რატომ არის ეს „ცხადი?“ — ჩაეკითხა დესიკაჩარი.
„იმიტომ რომ მსურს იოგას მასწავლებელი გავხდე.“ — უპასუხა ახალგაზრდამ,— „და ყველამ იცის, რომ იოგას მასწავლებლებმა ხორცი არ უნდა ჭამონ.“
ახალგაზრდა სტუდენტი მიიჩნევდა, რომ იოგას ბევრი მასწავლებლის და მოსწავლის შეხედულებების მიხედვით იოგა ხორცის მიღებას კრძალავს. ბევრი ადამიანი, რომლებმაც პატანჯალის იოგა-სუტრა შეისწავლეს, რომელსაც იოგას ავტორიტეტულ ტექსტად მიიჩნევენ, აჰიმსას ანუ ზიანის არ მიყენების პრინციპს ვეგეტარიანიზმთან ათანაბრებენ. ბუნებრივია, რომ ის ადამიანები, ვინც იოგას შეისწავლიან, ცდილობენ სრულყოფილად მისდიონ როგორც ცხოვრების წესს, რომელიც ორინტირებულია გაცნობიერებულ ცხოვრებასა და ფიზიკურ ბალანსზე.
თუმცა იოგა სუტრა არ გავალდებულებს ვეგეტარიანელი გახდე. გაუგებრობა აჰიმსას არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია, რომელსაც ერთვის ის ფაქტი რომ აშშ-ში იოგას მასწავლებლების პირველ თაობას უმეტესწილად ისეთი ოსტატების მოწაფეები წარმოადგენდნენ როგორიცაა შრი დესიკაჩარი, სვამი სატჩიდანანდა, ბ.კ.ს. აიანგარი და შრი პატტაბჰი ჯოისი - რომლებიც, როგორც წესი, ინდური და ბრაჰმანული კულტურის შესაბამისად ვეგეტარიანლები იყვნენ. ასე ჩამოყალიბდა იოგას ვეგეტარიანიზმთა გაიგივების მოსაზრება იოგას თემში. თუმცა, აჰიმსას პრაქტიკა სულაც არ არის ასეთი მარტივი.
შეაფასე ზიანი
აჰიმსა (სუტრა II:30) პირველია პატანჯალის მიერ იოგა-სუტრას მეორე თავში წარმოდგენილი ხუთი სოციალური და გარემოზე ზრუნვის წესიდან, ანუ იამებიდან. იამა რიგით პირველია იოგას მდგომარეობის, კონცენტრაციის, სწორი აღქმის, საკუთარ თავთან კავშირის და ნაკლები ტანჯვის მიღების რვა კატეგორიიდან. იამა ხუთი კომპონენტისგან შედგება: აჰიმსა (ზიანის არ მიყენება), სატია (სიმართლე, რომელიც არავის აზიანებს), ასტეია (მითვისებისგან თავის შეკავება), ბრაჰმაჩარია (სწორი ურთიერთობები და ზომიერება), და აპარიგრაჰა (მხოლოდ იმის მიღება, რაც საჭირო და მიზანშეწონილია).
სტუდენტებთან საუბრისას ხშირად აღვნიშნავ, რომ ეს მითითებები გვეხმარება განვასხვავოთ მუდამ ცვალებადი და დროებითი იმისგან, რასაც პატანჯალი ადამიანის წმინდა, სრულყოფილ, უცვლელ და მარადიულ ნაწილს უწოდებს. ამ ორის გამიჯვნის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ჩვენი ავთენტური შინაგანი მე-დან გამომდინარე (გონების ნაცვლად) და, შესაბამისად, ნაკლებად დავიტანჯოთ.
რაც შეეხება ახალგაზრდა ფრანგ სტუდენტს, დესიკაჩარმა მას თვალებში შეხედა და ჰკითხა, „გიფიქრია იმ ზიანზე, რასაც საკუთარ თავს აყენებ ხორცის ჭამისგან თავის შეკავებით?“. მან ასევე თქვა რომ ეს ახალგაზრდა არ იღებდა მისი სხეულის ტიპისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს და ინდური ვეგეტარიანული კვება მას ხელს კი არ უწყობდა, არამედ ზიანს აყენებდა. შემდეგ მან ახალგაზრდას ურჩია სასწრაფოდ მიეღო ცოტაოდენი ქათამი ან თევზი და დღეში საკვების მინიმუმ ორი ულუფა.
გაითვალისწინე საკუთარი თავი
ცხადია დესიკაჩარს ის არ უთქვამს, რომ ყველა ვინც ვეგეტარიანელია ზიანს აყენებს საკუთარ თავს - დესიკაჩარი თავად გახლავთ ვეგეტარიანელი - თუმცა ამ კონკრეტული სტუდენტისთვის ვეგეტარიანიზმი არ იყო ოპტიმალური და ყველაზე სასარგებლო კვების რეჟიმი. აჰიმსას პრაქტიკისას ზიანის არ მიყენება საკუთარ თავზეც უნდა ვრცელდებოდეს, რაშიც ასევე მოიაზრება ჩვენი ურთიერთობები სხვებთან და საქმე, რითიც ვართ დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ იოგა-სუტრა უნივერსალური მოძღვრებაა, ის ნებისმიერ ინდივიდს შეიძლება მოერგოს.
ამ „გამოსავალის“ შეთავაზების შემდეგ, დესიკაჩარმა ასევე განიხილა ხშირად უგულვებელყოფილი და არასწორად აღქმული მომდევნო სუტრა, რომელიც მოსდევს აჰიმსას და იამებს II.31-ში:
II.31 ჯატი დესა კალა სამაია ანავიკჩინნა სარვაბჰაუმა მაჰავრატამ
ამ სუტრაში პატანჯალი განიხილავს იმას, რომ სულ რამდენიმე ადამიანმა (სარვაბჰაუმა) შეძლო „დიდი ფიცის“ (მაჰავრატამ) დადება და ხუთივე იამას უწყვეტი პრაქტიკა (ვიკჩინნა), თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მითითებები ყველა ჩვენგანმა გაითავისოს და გამოიყენოს ამჟამინდელ საქმიანობაში (ჯატი), საცხოვრისში (დესა), დღის, თვის ან წელიწადის მონაკვეთში (კალა) და გარემოებაში (სამაია).
მაგალითისთვის, თუ ადამიანი რომელიც სარჩოს (ჯატი) თევზაობით შოულობს და მტკიცედ მისდევს იამას II.30 სუტრას გათვალისწინების გარეშე, ის ვერ შეძლებს აჰიმსას პრაქტიკას მისი საქმიანობისთვის თავის დანებების გარეშე, რაც მას და მის ოჯახს შემოსავლის გარეშე დატოვებს და ზიანს მიაყენებს. ასევე, თუ ისეთ ადგილას (დესა) ცხოვრობ სადაც ახალი ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაში არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლოა შენი ჯანმრთელობისთვის უმჯობესი იყოს, თუ კვების რეჟიმს ხორცით გაამდიდრებ. ამასთან, წელიწადის კონკრეტულ მონაკვეთში (კალა) ხორცის მიღება შესაძლოა უფრო სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის, ან როგორც ახალგაზრდა ფრანგი მამაკაცის შემთხვევაში მოხდა, მისმა გარემოებამ (სამაია) აჩვენა, რომ ხორცის მიღება მისი კეთილდღეობისთვის ნაკლებად საზიანო არჩევანი იყო.
მოერგე არსებულ გარემოებას
ეს პრინციპი მე საკუთარ თავზე გამოვცადე. 10 წელიწადზე დიდხანს ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი ვიყავი, როცა მესამე ბავშვზე დავორსულდი. მოულოდნელად საქონლის ხორცის ჭამის მოთხოვნილება გამიჩნდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვებრძოდი საკუთარ თავს, იმიტომ რომ ხორცის ჭამა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. თავდაპირველად ვეგეტარიანელი მაშინ გავხდი, როცა გავიგე, თუ რა ზიანი მოაქვს გარემოსთვის ზომაზე მეტ თევზის ჭერას და ქარხნების მიერ თევზსაჭერი ბადეების გამოყენებას, მეცხოველეობით გამოწვეულ მიწისა და წყლის რესურსების შემცირებას და სათბურის ეფექტს. მე მოვიძიე ყველაზე ორგანული და ბუნებრივ და ჰუმანურ პირობებში გაზრდილი საქონლის ხორცი და ნახევარი ჰამბურგერი შევჭამე. მომდევნო პრენატალურ შემოწმებაზე ექიმმა გამაფრთხილა, რომ მიღებული რკინის დანამატების მიუხედავად ძალიან ანემიური ვიყავი და მირჩია საქონლის ხორცი უფრო ხშირად მიმეღო, რამაც დაადასტურა, რომ ხორცის მოთხოვნილება მიმანიშნებდა ჩემი ორგანიზმის საჭიროებებზე და თავის შეკავებით საკუთარ თავს (და სავარაუდოდ ბავშვსაც) ზიანს ვაყენებდი.
რაც შეეხება კვებას და აჰიმსას პრაქტიკას, სავსებით შესაძლებელია მიიღო ხორცი და ამავდროულად იოგა-სუტრას ერთგული დარჩე. შენთვის შეიძლება სწორი მიდგომა აღმოჩნდეს ხორცის მხოლოდ კვირის ან წლის კონკრეტულ დღეებში მიღება. ან შესაძლოა ყურადღება მიაქციო იმას, თუ რა სახით იქნა იგი მოპოვებული. ასევე, შეგიძლია სამადლობელი ლოცვა აღავლინო იმ ცხოველისთვის რომელმაც შენი კეთილდღეობის, დაპურებისა და სიამოვნებისთვის გასწირა სიცოცხლე.
საბოლოო ჯამში, სწორედ ამგვარი ცნობიერება და ყურადღება შეესაბამება ჩვენს პრაქტიკას - საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე ზრუნვა, ქმედებების გაცნობიერება, და გააზრებული არჩევანის გაკეთება დაუფიქრებელი რეაგირების ნაცვლად, რასაც ხშირად მხოლოდ ზიანი მოაქვს. თუ იამას პრინციპებს საკუთარ თავთან მიმართებაში არ ვიყენებთ, როგორ უნდა მივმართოთ ისინი გარშემომყოფებისკენ? როდესაც იამას პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, როგორც საკუთარ თავთან, ისე სხვებთან მიმართებაში, ჩვენ ყველაზე უკეთ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და ვმუშაობთ პირადი ზრდისა და ტრანსფომაციის პროცესზე.
აჰიმსაზე მუშაობის 4 ეტაპი
დაუთმეთ ყოველდღე ცოტა დრო აჰიმსაზე მუშაობას, როგორც საკუთარ თავთან ისე სხვებთან მიმართებაში.
- განმარტოვდით სახლში, გაჩერებულ მანქანაში, ავტობუსში ან ექიმის მოსაცდელში და გააცნობიერეთ საკუთარი სუნთქვა.
- დააკვირდით და არ განსაჯოთ სუნთქვის ხარისხი და კომფორტი: სწრაფია თუ ნელი? დაძაბული თუ მძიმე? ჩუმი თუ ზედაპირული? მშვიდი თუ თანაბარი? საკუთარ თავზე (სუნთქვაზე, შეგრძნებებზე, ენერგიის დონეზე და ა.შ.) განსჯის გარეშე დაკვირვება საკუთარ თავზე ზრუნვის პირველი ეტაპია და აჰიმსას მიდგომას შინაგანი მხარისკენ მიმართავს.
- რამოდენიმე წუთის განმავლობაში სუნთქვაზე დაკვირვების შემდეგ მოადუნეთ მუცლის კუნთები და განაგრძეთ სუნთქვა მუცლის საშუალებით, რბილად გამოზნიქეთ მუცელი ჩასუნთქვისას და შეზნიქეთ ამოსუნთქვისას. ეცადეთ კუნთები არ დაძაბოთ. ყოველ სუნთქვასთან ერთად შეახსენეთ საკუთარ თავს რომ თქვენ კარგად გრძნობთ თავს ამ კონკრეტულ მომენტში. შესაძლოა პრობლემები გქონდეთ ან გამოწვევების წინაშე იდგეთ, მაგრამ ახლა, სწორედ ისე ხართ, როგორც უნდა იყოთ. გაიხსენეთ, რომ იოგა მიმდინარე პრაქტიკაა და პირადი ზრდის პროცესი ყოველთვის ადვილი არ არის.
- ახლა დაფიქრდით იმაზე თუ როგორ უნდა იყოთ უფრო კეთილი და ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ: ეს შეიძლება გულისხმობდეს მშვიდ გასეირნებას, დროის გატარებას ძაღლთან ან მეგობართან ერთად, ცხელი აბაზანის მიღებას. გახსოვდეთ რომ სუნთქვის და გააზრების მომენტები სიკეთისა და სინაზის პრაქტიკაა. აჰიმსას საკუთარ თავთან მიმართებაში გამოყენება და საკუთარ თავზე განსჯის გარეშე დაკვირვება საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაართვათ თავი პრობლემებს და გარშემომყოფებს, მეტი გაგებით მოეკიდოთ, იმ გაგებით, რომელიც საკუთარ შინაგან რესურსთან და ჭეშმარიტ, ავთენტურ მე-სთან კავშირიდან მოდის.
ქეით ჰოლკომბი იოგას თერაპევტი და სან ფრანცისკოს სამკურნალო იოგის ფონდის დამფუძნებელი და დირექტორია.