დიქშა ანუ ინიციაცია

სიტყვა 'ინიციაცია' 'დასაწყისს' ან 'საწყისს' ნიშნავს. ეს ახალი გზის დასაწყისია, რომელიც შემეცნებას და თვითჩაღრმავებას გულისხმობს, რომლისთვისაც პიროვნებამ თავი გადადო და საკუთარი ენერგია, სურვილი და ძალისხმევა მიუძღვნა. შეიძლევა ითქვას, რომ ეს აღთქმაა საკუთარი თავისა და გურუს წინაშე. ინიციაციის რამდენიმე ფორმა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია გურუსგან სულიერი სახელის მიღება. 

"იოგასთან" ასოცირებულ წრეებს უხარიათ ხოლმე ახალი (ნათლობის) სახელის მიღება გურუსგან. ეს სახელები კი უბრალოდ ინდური სახელებია და ამგვარი სახელის მიღების შედეგად მიიჩნევენ, რომ მათ ბედი ეწვიათ. ეს სახელებია: კრიშნა, ბუდჰა, კაპილა... რა ჩამოთვლის?! კაცს "გიორგი" ან "დავითი" ერქვა და ეხლა შრი ინდრაჯი, ჯიმი ჰქვია. მიაჩნიათ, რომ რადგან იოგასთან აქვთ საქმე რაც უფრო "ინდურები" იქნებიან მით უკეთესი: შუბლზე საღებავი, ინდურ სიტყვაობა, ინდური საჭმელები და ა.შ. — ეს უბრალოდ გაბურანებაა.

თუმცა, როგორც იოგას ოსტატები ამბობენ ეს ფორმალობაა და ზედაპირული წარმოდგენაა იოგაზე. იოგა გვასწავლის, რომ ადამიანის განვითარება სიღრმისეული აქტია და ეროვნულ, კულტურულ კუთვნილებასთან კავშირი არ აქვს. იოგა ინდოეთიდან მოდის, ადრეულ პერიოდში (ბრინჯაოს ხანა) მისი კვალი დღევანდელი  პაკისტანის, ავღანეთის და ტიბეტის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ამიტომ ინდური სახელების დარქმევა ისეთივე წარმატებაა იოგაში, როგორც ფეხბურთელისთვის ინგლისური სახელის დარქმევა, ვინაიდან ფეხბურთი ინგლისში ჩამოყალიბდა. 

ხანდახან "ნამასტეთი" (ინდური მისალმება)  მესალმებიან. ან მიიჩნევენ, რომ ეს არის მისალმების ფორმა იოგას წრეებში. ესეც ფორმალობაა, ვინაიდან ბევრი იოგას მასწავლებელი, რომელიც იოგას ტრადიციების  უდიდეს დამცველად და ავტორიტეტად მიიჩნევიან, არ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ ეს კავშირშია ნამდვილ იოგასთან. მაგალითად აშთანგა იოგაში უდიდესი ავტორიტეტი შრი კრიშნა მანჯუ ჯოისი "ზდაროვათი" მესალმება და "ნამასტეთი" მისალმებით შეგიძლიათ თქვენც არ არ შეიწუხოთ თავი.

ისევ სახელს რომ დავუბრუნდეთ:

რა არის სახელი? სახელი უპირველესად იყო აზრი (ამ სიტყვაში ჩადებული) და შემდეგ გახდა "უაზრო სახელი".
მაგ. გიორგი — მიწათმოქმედს ნიშნავს ბერძნულად.
კრიშნა — შავი, მუქი.

სახელი არის მასში ჩადებული აზრი, რომელიც მისი მატარებლის თვისებებთან კავშირშია. თუმცა "გიორგის" შემთხვევაში ამ სახელმა წმინდა გიორგის დატვირთვა შეიძინა და მისი აზრი ამ უკანასკნელთან არის კავშირში.

 მეტსახელის დარქმევა სპონტანური და ცოცხალი პროცესი უნდა იყოს და სულ არ არის აუცილებელი ეს გურუსგან მოხდეს. საქართველოში ამის უამრავი მაგალითი გვაქვს:
"უკარება" თენგო — ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.

"მლაშე" ვანო — ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში.

შესაძლოა ამგვარი მოვლენების გადატანის შემდეგ  გარკვეული დასკვნები გააკეთო და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება შეცვალო, ახლებურად შეხედო. თორემ უბრალოდ "მლაშეს" და "მარილიანის" დაძახებას რა აზრი აქვს?

დღეს იოგას საზოგადოებაში გურუსგან სახელის მიღება მოდაა. ძველ დროში "მასობრივი" გურუები არ არსებობდნენ. იყო გურუკულა სისტემა, სადაც ერთ გურუს ერთი ან რამდენიმე მოსწავლე ჰყავდა და კარგად იცნობდნენ პიროვნულად. მაგრამ დღევანდელი საზომით ძლიერია გურუ, რომელიც უფრო მასობრივია და შესაძლოა ათასობით მიმდევარი ჰყავდეს. ამ გურუსაც არ ეზარება და ყველას არქმევს ამ ინდურ სახელებს. უმეტეს შემთხვევაში ეს ფორმალური და ზედაპირული აქტია, ვინაიდან გურუ, რომელიც უამრავ ადამიანს ხვდება ახლოს არ იცნობს მას და არც მის პიროვნულ თვისებებს. 

წარმოიდგინეთ, გურუს ესტუმრა გივი, რომელსაც ეხლა კრიშნა ჰქვია.

გურუს მოადგილე: — ბატონო გურუ, კრიშნა მოვიდა!
გურუ: — აბა კრიშნა (გივი)?
გურუს მოადგილე: — აი, ნახალოვკელი კრიშნა რაა...