მსჯელობა

მრავალ მილიარდ დოლარიან ინდუსტრიასთან დაკავშირებულ უფლებებთან მიმართებაში, კამათი იმის შესახებ თუ ვინ არის იოგას ჭეშმარიტი ‘მფლობელი’ არასოდეს ყოფილა ასეთი მწვავე. დებატებში შეტანილ წვლილზე საუბრისას, მე სულაც არ მსურს რომ უგულვებელვყო ან აბუჩად ავიგდო მრავალ-საუკუნოვანი და უამრავი ნიუანსის მქონე მსჯელობა იოგას საწყისებზე, განსაზღვრებასა და პრაქტიკაზე - ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი მიზანი. ნაცვლად ამისა, მე ერთადერთ შეკითხვას დავსვამ, რომელიც იოგას განსაზღვრებას მჭიდროდ უკავშირებს მის ჭეშმარიტ საწყისს. შეკითხვა ასეთია:

იოგა გამოიგონეს თუ აღმოაჩინეს?

თუ კი იოგა გამოიგონეს, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი საერთოდ არ არსებობდა ჩვენს პლანეტაზე მანამ სანამ უძველესმა ბრძენებმა არ შექმნეს. ვინაიდან ეს ბრძენები წარმომავლობით ინდოეთიდან იყვნენ, მათ მემკვიდრეებს თავისუფლად შეუძლიათ პრეტენზია გამოთქვან  მისი ცნებების, ტრადიციებისა და ტექნიკის ავთენტურობაზე - და შესაძლოა სიტყვა ‘იოგას’ კანონიერ გამოყენებაზეც კი.

ბევრი მეცნიერი, მასწავლებელი და ექსპერტი სწორედ ამ პრეტენზიას ახმოვანებს Digital Town Square-ზე სიტყვით გამოსვლისას: ‘იოგა ინდურ ვედურ ტრადიციას ეკუთვნის!’ ეს ფრაზა ცხადია მათ უფლებას აძლევთ ღიად დაადანაშაულონ ყველა სხვა ქურდობაში, კორუფციაში, არასწორ ინტერპრეტაციაში, არაწორ წარმოდგენაში, დამახინჯებაში, უკანონო სარგებლობასა და მათი წმინდა ტრადიციის მრავალგვარ დარღვევაში.

მე ამ ხედვას ფუნდამენტურ შეცდომად ვთვლი, იმიტომ რომ ფაქტობრივად, იოგა კი არ გამოუგონიათ, არამედ აღმოაჩინეს. ჩემი აზრით იოგას, ისევე როგორც ელექტროენერგიის, გრავიტაციის და რესპირაციის (სუნთქვის) გამოგონება და ფლობა წარმოუდგენელია.

უძველესმა ბრძენებმა ნამდვილად აღმოაჩინეს ის, რომ იოგა ბუნების მარადიული, თანდაყოლილი ატრიბუტია, რომელიც თავს ცოცხალი სისტემების მიერ წონასწოროებისკენ სწრაფვის ტენდენციაში ავლენს. იოგას ფილოსოფია ცდილობს ჩასწვდეს ამ არსებით წონასწორობას, ხოლო მისი პრაქტიკა აღნიშნული ბუნებრივი მდგომარეობის დაბრკოლებების ამოცნობისა და მათი გადაჭრის ხელოვნებაა.

იოგა, გრავიტაციისა და ელექტროენერგიის მსგავსად, ბუნების ძალაა რომელიც უსათუოდ არსებობდა მანამ სანამ ადამიანები მის გამოყენებას დაიწყებდნენ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ჩემს მოსაზრებას ძირს უმაგრებს მრავალი ტრადიციული სწავლება, რომლების გაშიფვრისთვისაც იმ შეუპოვარ მაძიებლებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც უძველსი ინდოეთის სუბკონტინენტზე ცხოვრობდნენ და პირველები იყვნენ ვინც იოგას პოტენციალი ჩვენამდე მოიტანა. მაგრამ, იოგას განსაზღვრების, გამოყენების და ხელმისაწვდომობის აღმომჩენების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით ჩარჩოებში მოქცევა ისეთივე უაზრობაა, როგორც მაგალითად ბრიტანელების მიერ გრავიტაციაზე საავტორო უფლებების მოთხოვნა მხოლოდ იმ მიზეზით რომ სერ ისააკ ნიუტონი ლინკოლნშირში დაიბადა.

ინდოელებმა გვასწავლეს

‘ვედური ტრადიციონალისტური’ არგუმენტი იმის შესახებ რომ იოგა უკანონოდ მიითვისეს ადვილად ბათილდება მისი განხილვისას ბოლოდროინდელი ისტორიული ფაქტის ჭრილში. იოგას სწავლებები შურიან უცხოელებს ინდოეთიდან არ მოუპარავთ, ისინი მსოფლიოს გულუხვმა ინდოელმა ოსტატებმა გადასცეს.

ჩემი პირველი იოგას მასწავლებელი სვამი ვიშნუ დევანანდა იყო - კერალადან რიშიკეშის გავლით - რომლის გურუ შივანანდამ იგი აშრამიდან კონკრეტული მიზნით გააგზავნა: მთელ მსოფლიოში გაევცელებინა იოგა, რაც მან თავისი ქარიზმატული, იდიოსინკრეზული და საუცხოო მეთოდებით მოახერხა. ჩემი ძირითადი სწავლებები ტ. კრიშნამაჩარიასგან მოდის, რომლისთვისაც უცხო არ იყო ვედური ნარკვევები. ის აცხადებდა, რომ იოგა ინდოეთის უდიდესი საჩუქარია  სამყაროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შორ მანძილებზე არასოდეს უმოგზაურია, ვედ ბრაჰმინებს შორის ყველაზე ტრადიციული კრიშნამაჩარია მაინც მოესწრო ამ საჩუქრის გავრცელებას მსოფლიოს ყველა კუთხეში, რადგან მისი მოსწავლეები თავდაუზოგავად უზიარებდნენ მის უაღრესად ადაპტირებად სწავლებებს ყველა მსურველს ვინც კი გამოცხადდებოდა და სწავლას შეეცდებოდა. აღსანიშნავია რომ 90 წლის წინ, ტიბეტელი მასწავლებლის გამოქვაბულის დატოვებისას კრიშნამაჩარიამ გურუს სწავლების საფასური იმ პირობის მიცემით აუნაზღაურა, რომ იგი მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდა ერთ რთულად დასაძლევ ამოცანას: მან აიღო პასუხისმგებლობა გამხდარიყო ერისკაცი, შეექმნა ოჯახი და გაეზიარებინა მიღებული ცოდნა. მაღალი ფენის წარმომადგენელი რელიგიური ბრაჰმინისთვის ეს არც ისე პატარა დათმობას წარმოადგენდა - ფაქტობრივად, ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი პირობა იყო. 1925 წლის ინდოეთს დიდი ხანია უარი ჰქონდა ნათქვამი საკუთარ საჩუქარზე და იოგები საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენასთან - ქუჩის მათხოვრებთან, ფაკირებთან, კრიმინალებთან და  თაღლითებთან იყვნენ გათანაბრებული. კრიშნამაჩარიას და მისი თანამედროვეების დაუღალავი შრომის შედეგად რამოდენიმე ათწლეულში აღდგა ის, რის უარყოფასაც ინდოეთმა მრავალი საუკუნე მოანდომა.

იოგას მსოფლიო რენესანსი ვერასოდეს შედგებოდა შეუპოვარ და დიდსულოვან ინდოელ ოსტატებს თავიანთი სწავლებები მხოლოდ მაღალი კასტებისთვის რომ დაეტოვებინათ ხელმისაწვდომი და არ მიეცათ იმ მდაბიო წარმომავლობის და დაბალი კასტების ინდოელებისთვის, რომლებიც დღეს ვედებს აფრიალებენ და ხმამაღლა საუბრობენ იმაზე თუ როგორ მოიპარეს გზააცდენილმა, უსწავლელმა ქურდებმა მათი ძვირფასი მემკვიდრეობა.

იოგა, სხვა თუ არაფერი, სწავლების ცოცხალი,  მოძრავი და ადაპტირებადი თანმიმდევრობაა, რომელიც ნებმისმიერისთვისაა ხელმისაწვდომი. ის ახდენს და განიცდის ტრანსფორმაციას მისი პრაქტიკოსებისგან. ის ყველას ეკუთვნის იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანის სასიცოცხლო სისტემის ნაწილია. დიდი უგუნურებაა იმის დაშვება რომ შეიძლება დააპატენტო და ჰონორარი მიიღო იმისგან რაც არავის გამოუგონია. შენ არ ფლობ იოგას. შენ მხოლოდ შენი საკუთარი იოგა გეკუთვნის.

თუკი ოდესმე სურვილი გაგიჩნდებათ ვინმე დატუქსოთ ‘არასწორი’ იოგას სწავლებისა და პრაქტიკის გამო, მოგიწოდებთ დაუფიქრდეთ საკუთარ დამოკიდებულებას და შეეშვათ ამ იდეას - შეგიძლიათ ის იოგას ცეცხლს - სვაჰას შესწიროთ. რატომ უნდა დახარჯოთ ენერგია იმაზე ფიქრში თუ როგორ მოახდინა ვიღაცამ - აწმყოში ან წარსულში - იოგას ინტერპრეტაცია? ეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თქვენი საქმე არ არის. ამ გადაწყვეტილების სარგებელი უზარმაზარი ენერგიის დაზოგვაში მდგომარეობს, რომელიც შეგიძლიათ გაცილებით უფრო ხელსაყრელ საქმეში - საკუთარ თავში თქვენი ჭეშმარიტი იოგას აღმოჩენაში ჩადოთ: იგო სხვაგან არც არასოდეს ყოფილა.

ცეცხლი ელვარე, მთის ცივი წყარო,
ქარიშხალი, თუ გრილი სიო,
ვინ შექმნა ქვეყნის ნაირგვარობა?
ნაყოფი არის ბუნებისიო.

ბრაჰმანთა შექმნეს ადათი, წესი,
ეს ყოველივე გვამთათვის ოღონდ,
სხვაგან არ არის მედგარი სული,
მათთვის წესრიგი სარჩოა მხოლოდ.

Leslie Kaminoff
Truro, MA
July 22, 2015

source

ლესლი კამინოფი

ტრურო, მასაჩუსეტსი

22 ივლისი 2015