საიტებზე http://martlmadidebloba.ge/ და http://www.ambioni.ge/ დაიწერა სტატიები იოგას შესახებ. შევეცდები ვუპასუხო ამ მოსაზრებებს. სტატიების ნახვა ბმულებზე შეგიძლიათ (სტატია I, სტატია II).

საყურადღებოა, რომ მითითებულ სტატიებში ნებით თუ უნებლიეთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად და შეუსაბამოდ ხდება  იოგას თემებზე სხვადასხვა წყაროებიდან ფრაზების ციტირება,  შედეგად მკითხველი არასწორად ინფრომირდება იოგას მოვლენის და მისი დანიშნულების შესახებ საკითხებზე.

  შევეცდები,  ზემოთ დასახელებული სტატიების შინაარსიდან გაჩენილი კითხვების გამო ცოტა რამ საპასუხოდ გიამბოთ.

მაშ ასე:

პირველი ის, რომ იოგა, როგორც  ვარჯიების სისტემა, სასარგებლოა!

 2014 წლის 11 დეკემბერს გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის წევრმა 193-მა ქვეყანამ 21 ივნისი „იოგას საერთაშორისო დღედ“ ერთხმად დაადგინა. იოგა აღიარებულია ზოგადსაკაცობრიო სიკეთედ, რომელსაც ფესვები ინდურ კულტურაში აქვს. იოგას პრაქტიკის სარგებლიანობა აღიარებული და დადასტურებულია შესაბამისი კვლევებით. განვითრებული ქვეყნების სტატისტიკა გამოკვეთილად ხაზს უსვამს იოგას სარგებელს ხერხემალთან დაკავშირებული და  ყოველდღიური სტრესებიდან შექმნილი პრობლემების პრევენციის  მიმართულებით.  საინტერესოა ისიც, რომ 2015 წლის  კვლევებით ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა იოგას სტუდიებში წლიურად 2.5 მილიარდ აშშ დოლარს იხდის. იოგას პრაქტიკოსების რაოდენობა  სტუდიებში 40%  -ს შეადგენს, ხოლო 43 % იოგას სახლში მისდევს.  აშშ-ში იოგას 40-50 მილიონი მიმდევარი ჰყავს. და როგორ ფიქრობთ, ისინი საკუთარი თავის და შვილების საზიანოდ მისდევენ იოგას?

 მეორე ის, რომ იოგა სხვადასხვაგვარია.

იოგა ევოლუციური ფენომენია. იოგა არ არის ერთგვაროვანი მოვლენა.  ის შეიძლება მხოლოდ ფიზიკური პრაქტიკით გამოვლინდეს, ასევე სუნთქვითი, სულიერი ან კომბინირებულით,  ვიღაცისთვის იოგა რელიგიური პრაქტიკაცაა.  

იოგა არის სიტყვა, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება ვიხმაროთ. არსებობს იოგას უამრავი სახეობა და თუ ვინმე ერთს მისდევს არ ნიშნავს, რომ ყველას და ყველაფერს აღიარებს. მართლმადიდებლები, კათოლიკები, იეჰოვას მოწმეები და სხვა ყველანი ქრისტიანებად მოიაზრებიან, მაგრამ განა ყველაფერში ეთანხმებიან ერთმანეთს, ან   ერთმანეთის საქციელზე ან ფრაზებზე პასუხს აგებენ? ყოველგვარი იოგას „ერთ ქვაბში მოხარშვა“, არ იქნება სამართლიანი. მით უმეტეს, რომ უმეტესობა იოგა მისდევს ისე, რომ არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აინტერესებს და რომც აინტერესებდეს უაზრობად მიმაჩნია იმის მტკიცება, რომ მხოლოდ საკუთარი რელიგიაა ჭეშმარიტი.

დღეს პოპულარული იოგა ჯანსაღი ცხოვრების წესია. აქ ყველა რელიგიის, პროფესიის, ასაკის და მსოფლმხედველობის ადამიანი შეიძლება იყოს გაერთიანებული.

მესამე ის, თუ სად შედის მკითხველი შეცდომაში სტატიების კითხვისას.

თქვენ ამბობთ:

„ხათხა-იოგას კლასიკური სახელმძღვანელო „ხათხა-იოგა პრადიპიკა“ მეორე თავში აფრთხილებს: „როგორც უნდა გვეშინოდეს ლომების, სპილოების და ვეფხვების, ასევე პრანა კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. თუ არა, მას შეუძლია მოკლას პრაქტიკანტი“

ეს არის გამართული თარგმანი და მას მოჰყვება ციტატა, რომელიც ნათელს ჰფენს:

2.15. ისვე, როგორც თვინიერდებიან ლომები,  სპილოები და ვეფხვები,  ასევე სუნთქვაც თანდათანობით თვინიერი ხდება.  წინააღმდეგ შემთხვევაში ის პრაქტიკოსს მოკლავს.

2.16. პრანაიამა (სუნთქვითი ვარჯიშები) ყველა სნეულებისგან ათავისუფლებს. ხოლო იოგას არასწორად შესრულების შემთხვევაში, პირიქით — სნეულებებს შეიძენთ.

თქვენ მოგყავთ ციტატა მისი განმარტების გარეშე. აქ წერია რომ არასწორი პრაქტიკა საზიანოა. განა ეს სწორი არ არის? მაგ. შესაძლებელია მოუმზადებელმა ადამიანმა მისთვის დასაშვებზე მეტი სიმძიმე აწიოს? დანით ხელი რომ გაგეჭრათ დანაა დამნაშავე? კონტექსტიდან ამოგლეჯილია იმიტომ, რომ მხოლოდ გამაფრთხილებელი ციტატები მოგყავთ და მის სარგებლიანობას არ ახსენებთ.  "სიკვდილი" აქ მეტაფორულად არის ნახსენები. 15 წლიდან იოგას სფეროში ვტრიალებ საქართველოში და ფარგლებს გარეთ და სუნთქვითი ვარიშებით გარდაცვლილის პანაშვიდზე ჯერ არ ვყოფილვარ და ჯანმრთელობა გაკაჟებული კი ბევრი მინახავს. იგივე ეხება თქვენს მიერ მოყვანილ სხვა ციტატებს.

დავძენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ის პოპილარული ფორმები, რაც გავრცელებულია იშვიათად ხელმძღვანელობენ მე-15 საუკუნის ტექსტებით. უდიდესი ავტორიტეტი ვივეკანანდა  ჰათჰა-იოგას სრულიად უმნიშვნელო და ეგოისტურ სისტემად მიიჩნევდა.

 4. იოგას სულიერ მდგომარეობასთან დაკავშირებით

მეორეს მხრივ თქვენ ისეთ პიროვნებებს აციტირებთ, რომლებიც ჩათვალეთ, რომ მომგებიანი იქნებოდა იოგას როგორც უარყოფითი და საზიანო მოვლენის დასამტკიცებლად. მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი პიროვნებები (იოგები) არ ნიშნავს საყოველთაო ავტორიტეტს. განა ყველა ფეხბურთელი კარგი ფეხბურთელია?  ან  ყველა სასულიერო პირი განსწავლულია? კარგი ფეხბურთელი რომც იყოს, აუცილებელია მოგვწონდეს? თქვენ როგორ გგონიათ, ყველა ვინც იოგას მისდევს, ავტომატურად იზიარებს ყველა ჭკვიანის თუ სულელის იდეას, ვინც კი იოგას სამყაროში მოღვაწეობდა? რა თქმა უნდა არა! ჩვენ ვეთანხმებით, ან არ ვეთანხმებით, ვიზიარებთ ან არ ვიზიარებთ გარკვეულ განმარტებებს, ან ჩვენებურად განვმარტავთ, მაგრამ ვინ დაადგენს რომელია მართალი?! ამიტომ, რელიგიური შეხედულება ეს სუბიექტური დამოკიდებულებაა და ყველას პირადი საკითხი. ვივეკანანდას ხსენებისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინაიდან ეს საინტერესო პიროვნება საქართველოში არ არის სათანადოდ პოპულარული იოგას მიმდევრებს შორის და თქვენ მის და სხვების პოპულარიზაციას ხელს უწყობთ. ჩვენ მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ამოცანა არ არის იოგას ცალსახად დადებითად წარმოჩენა! იოგას პირველი კრიტიკოსები ჩვენ თვითონ ვართ, რადგან ჩვენი ის საკუთარი სარგებლობისთვის გვინდა. ჩვენი კრიტიკა იოგას მიმართ საფუძვლიანია, რადგან პირად გამოცდილებას და თეორიულ ცოდნას ეფუძნება, ხოლო თქვენ აპრიორულად, ჰაერზე მსჯელობთ. ეს სპეკულაციას უფრო ჰგავს. ჩვენ იოგასგან იმას ვიღებთ, რის სარგებლობაშიც დარწმუნებული ვართ, თუმცა ამგვარი მიდგომა შესაძლოა უცხო იყოს იმ კატეგორიისთვის, ვინც უპირობო ავტორიტეტს აღიარებს და ბრმად მისდევს მოძღვრებებს.

თქვენ ამბობთ:

„ცნობილია უპანიშადების ოთხი დიდი გამონათქვამი (მახავაკია): „ცნობიერება არის ბრაჰმანი“; „ატმანი არის ბრაჰმანი“; „შენ ხარ ის (ანუ ბრაჰმანი)“; „მე ვარ ბრაჰმანი“. ამგვარ ფრაზებს იმეორებენ იოგები გამუდმებით, მათზე ახდენენ გონების კონცენტრაციას. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გამუდმებით იბეჭდავს საკუთარ ცნობიერებაში: „მე თვითონ ვარ ღმერთი“.

რა შეიძლება ამაზე ითქვას: ეს ტერმინები ინტერპრეტაციის საკითხია. თქვენ ასკვნით: „მე თვითონ ვარ ღმერთი“. და ამით მიანიშნებთ რომ „აი, ამპარტავნობის მწვერვალი“.

ეს არის სპეკულაცია. ყველაფერი, რაც ინდურ ტექსტებში წერია იოგა არ არის. არსებობს 6 ძველი ინდური ფილოსოფიური სწავლება, რომლებსაც ერთმანეთთან საერთოც ჰქონდათ, მაგრამ განმასხვავებელიც. ისინი ერთმანეთს აკრიტიკებდნენ და „ებრძოდნენ".  მიუხედავად ამისა, „მე ვარ ბრაჰმანი“ არ ნიშნავს მე ვარ ღმერთი, ამგვარი გაგება პატანჯალის იოგაში არ არსებობს. ზოგიერთი იოგას სწავლება ამტკიცებდა, რომ ადამიანის მე არის ილუზია და ეს ფრაზა უბრალოდ ამბობს, რომ ადამიანის მე არის რეალობა. 

ახლა ვსვამ მთავარ კითხვას:
თქვენ სულ ასეთ „კარგად დამუშავებულ“ თემებს აწვდით საკუთარ აუდიტორიას, თუ მხოლოდ იოგას მიმართ ხართ ასეთი განწყობით?