პატანჯალის იოგას სურტას მიხედვით, იოგა გონებაში მიმდინარე პროცესების ფორმალური კონტროლია, რაც გულისხმობს იმ ილუზიისაგან გათავისუფლებას, რომლის მეშვეობითაც ადამიანის სული ანუ მე  (პურუშა) იგივდება მატერიასთან ანუ ბუნებასთან (პრაკრიტი). მეორე სუტრაში ნათქვამია: იოგა გონებაში მიმდინარე პროცესების შეკავებაა, მაგრამ კომენტატორი ვიასა ამბობს, რომ ეს არ გულისხმობს ყველა პროცესს, არამედ იმ ხუთ პროცესს (ჩიტამ ვრიტი), რომლის მეშვეობითაც ილუზიაში, მატერიასთან გაიგივებაში, ვვარდებით და აქედან გამომდინარეობს ტანჯვა. როდესაც გონება იმართება, ილუზია ქრება და ადამიანი თავის ნამდვილ მეს ხედავს, რაც იოგას საბოლოო მიზანს, სამადჰის, წარმოადგენს. ეს არის იოგა პატანჯალის მიხედვით, მაგრამ რით განსხვავდება იოგა სხვა ინდური ტრდადიციებისგან, რომელთავისაც მიზანი იგივეა, კერძოდ, ტანჯვის მომტანი ილუზიისგან გათავისუფლება და საკუთარი ნამდვილი ბუნების შეცნობა?

ერთ-ერთი მთავარი განსხვავება არის ის, რასაც პაანჯალი სისტემის სახით გვთავაზობს: ზნეობრივი ნორმები, მოხერხებული პოზები აზროვნებისთვის, სასიცოცხლო ძალთა და გრძნობათა კონტროლი, ჩაღრმავება, აზრთა თავმოყრა. მთავარი ის არის, რომ ამ მიდგომის თანახმად ყველაფერი ურთიერთკავშირშია და უმაღლესს — ტრანსცენდენტალური მეობის შემეცნებას ემსახურება. მთავარი, რაც უნდა გავაცნობიეროთ ადეკვატური წარმოდგენის ჩამოსაყალიბებლად არის ის, რომ ეს "მე" არის უმაღლესი დამკვირვებელი და სიცხადე, რასთან მიმართებაშიც ყველაფერ სხვას აქვს მხოლოდ რეალობაზე პრეტენზიის მქონე ხარისხი. სხეული, ცოდნა (როგორც მეხსიერება), სამყარო (არამე) — მეორე კატეგორიისაა და შესაბამისად იოგას ტელეოლოგიურ პრობლემას არ წარმოადგენს არამედ მხოლოდ ის ფონია, რომელზედაც ჩვენ შევიცნობთ. შესაბამისად, მიზნობრიობიდან გამომდინარე, იოგა ერთია, ხოლო ფონთან მიმართებაში მიდგომა განსხვავებულია, კერძოდ, ფონი დროის და სივრცის კატეგორიაა და შეესაბამება ტერმინი — ჰათჰა. პრიმიტიული გაგებით ჰათჰა-იოგა სხეულის ვარჯიშები და პოზებია, ხოლო თავად ჰათჰა იოგა პრადიპიკაში აღწერილია, რომ ეს მოიცავს იოგას ყველა იმ ასპექტს, რაც ტექნიკურია (მოქცეულია დროსა და სივრცეში). ანუ ჰათჰა იოგა არის სწავლება ფონური ასპექტის შესახებ, რომელიც სხეულსაც განიხილავს (პოზა). ვინაიდან სხეული ფონის ყველაზე უფრო გარეგნული და მარტივად აღსაქმელი ნაწილია, დილეტანტისთვის ეს (იოგა) პოზებად და მოძრაობებად წარმოჩინდება. აქვე ჩნდება ტერმინები "გაჭიმვები" (სთრეჩინგი), ცირკი, რომელიც ამ დილეტანტიზმის პიკის მაჩვენებელია და სრულიად არარელევანტური იოგასთან მიმართებაში.
ყველა ტექნიკური იოგა — ჰათჰა იოგას კატეგორიაა.
არის გავრცელებული აზრი, თითქოს აშთანგა იოგა დინამიური იოგა და ჰათჰა იოგა სტატიკური. ჯერ ერთი, თანამედროვე აშთანგა იოგას სისტემაშიც კი 5 თვლიანი დაყოვნება, ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ვარიანტია. როგორც პატტაბჰი ჯოისი ამბობს, შეასრულეთ პოზაში, რაც შეიძლება მეტი შესუნთქვა და ამოსუნთქვა. ამიტომ, მიუხადევად იმისა, რომ პოპულარულია ამგვარი ფორმა (5 თვლიანი), ეს არ ეხება მაგ. მაისორის სტილს. და რაც მთავარია, ეს აშთანგაც, რა თქმა უნდა ჰათჰა იოგას კატეგორიაა, ვინაიდან ჰათჰა იოგა არ არის კონკრეტული მეთოდი, არამედ ზოგადი კატეგორიაა.

იოგას ორი მხარე

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეთოდი შესაძლოა განსხვავებული იყოს, მაგრამ ეს დღესდღეობით არსებულ და პოპულარულ იოგას სახეობებს არ აყენებს ეგალიტარულ მდგომარეობაში, იმ გაგებით, რომ სხეულთან ჩამოყალიბებული მიმართება (ასანა) აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა იოგას ცნების შესატყვისობისთვის. ტერმინოლოგიურად იოგას ამ ორ მხარეს რაჯა და ჰათჰა იოგა ეწოდება.

რაჯა იოგა

ჰათჰა-იოგა რაჯა-იოგას მისაღწევი კიბეა — წერია ჰათჰა იოგა პრადიპიკაში. ერთ-ერთი მოსაზრებით აქ სიტყვა "adhirohiṇīva"-ში მისადგმელი კიბე იგულისხმება, რომელიც ასვლის შემდეგ შესაძლოა გადაგდებულ იქნეს, იმის ნიშნად, რომ ჰათჰა-იოგა თვით მიზანს არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ საბოლოო მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. საბოლოო მიზანი არ გულისხმობს მიღწევას აუცილებლად ერთბაშად, არამედ და ძირითადად ეს სიმულტანური პროცესია.

სანამ ტერმინის შენაარსს აღვწერთ, ჯერ ტერმინი დავაზუსტოთ. ტერმინ  რაჯა (მეფე) იოგას ორი უმთავრესი განმარტება აქვს. პირველი. ვივეკანანდამ მე-19 საუკუნეში ეს ტერმინი პატანჯალის იოგას სუტრას მიმართებაში გამოიყენა და დღესაც ბევრი ამ გაგებით ხმარობს, ანუ რვა-სახსრიანი იოგა. მეორე. როგორ ეს ჰათჰა იოგა პრადიპიკაშია განმარტებული, კერძოდ, რაჯა იოგა სამადჰის (იოგას საბოლოო მდგომარეობის) სინონიმია.

რაჯა იოგა, სამადჰი, უნმანი, მანომანი, ამარატვა, ლაია ტატტვა, შუნია, აშუნია, პარამა პადა, ამანასკა, ადვაიტამა, ნირალამბჰა, ნირანჯანა, ჯიბანა მუკტი, საჰაჯა, ტურიია — სინონიმებია. [ჰათჰა იოგა პრადიპიკა 4.3-4]

ამ უკანასკნელს თეოლოგიური საფუძველი აქვს ამ წიგნის სახით, ხოლო ვივეკანანდას შეფასება წმინდა პიეთეტური შეფასებაა უფრო პანატჯალის იოგას სუტრას როგორც წიგნის, ღირებულებრივი თვალსაზრისით, ვიდრე რვა-სახსრიანი იოგას აღმწერი ტერმინი. საჭიროდ მივიჩნევ განვმარტო ერთ-ერთი გაუგებრობის მიზეზი ამ ტერმინთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია გარკვეული კომენტატორების (ძირიტადად 20-ე საუკუნის) განმარტებებით, რომლებმაც ეს ტერმინი (რაჯა იოგა) არაკონტექსტუალურად გამოიყენეს, კერძოდ ადგილი ჰქონდა ამ ტერმინის პირველი და მეორე ვარიანტის ერთმანეთში აღრევას და შემდგომი მცდარი წარმოდგენის გავრცელებას. მაგ. სვამი სატიანანდა, რომელიც სვამი შივანანდას მოსწავლე იყო და ჰათჰა იოგა პრადიპიკას კომენტარები დაურთო. მან სიტყვაში "რაჯა იოგა" იგულისხმა (და ასეც განმარტა) რვა-სახსრიანი იოგა და არა სამადჰი, როგორც ეს თავად ნახსენებია ჰათჰა იოგა პრადიპიკაში. ამით მან ჰათჰა იოგა პატანჯალის იოგასთან თითქოს შეაპირისპირა, წარმოაჩინა არა ისე, რომ ერთი მეორის გაგრძელება ან სახეცვლილება, არამედ, როგორც ორი სხვა და სხვა მიდგომა. ის ამბობს, რომ ჰათჰა იოგა იწყება ასანებით, მართლაც, პრადიპიკაში წერია, რომ ჰათჰა იოგაში პირველ ადგილზე ასანებია, მაგრამ ამის პირდაპირი გაგება უაზრობაა. ჯერ ერთი, ასანებამდე მოცემულია ათ-ათი იამა-ნიამას ზნეობრივი პრინციპი. და ნათქვამია ასანამ რომ ჯანმრთელობა მოგვცეს იამას პრინციპის დაცვაა საჭირო [1.46]. ასევე პრანაიამების (სუნქვის კონტროლის ) დროს ნათქვამია, რომ ეს ეფექტიანია იამა-ნიამასთან ერთად [2.10]. ასევე სხვა პრაქტიკებთან მიმართებაშიც წერია, რომ ყველაფერი მხოლოდ ზნეობრივი ნორმების დავასთან ერთად მიიღწევა. მეორეც, პატანჯალის მოყვანილი  აქვს ხუთ-ხუთი ზნეობრივი პრინციპი, პრადიპიკაში ათ-ათია მოყვანილი. ამიტომ ზნეობრივ ნორმებს ნაკლები მნიშვნელობა და ადგილი არ უჭირავს "ჰათჰა იოგაში". მესამეც, წიგნში განლაგების მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ პრიორიტეტულობის და დაწყების შესახებ, რადგან იოგა სუტრა სამადჰი პადათი (საბოლოო მიზნის აღმწერი თავით) იწყება და ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის პრაქტიკის საწყისი. პრაქტიკა აღწერილია შემდგომ. ჰათჰა იოგა პრადიპიკაში პატანჯალის რვავე სახსარია აღწერილი და მის ბოლო თავში აღწერილია სამადჰი (რაჯა იოგა ამავე წიგნის ტერმინოლოგიით). ამიტომ, ასანებით შეიძლება დაიწყოს ის, რაც ტექნიკური კატეგორიის არის და არა ის, რაც შეგნების კატეგორიას ეხება, ვინაიდან ეს უკანასკნელი დროსა და სივრცეზე დამოკიდებული არ არის.

აქ ბუნებრივად მივედით რაჯა იოგას დეფინიციამდე — ის რაც დროსა და სივრცეზე არ არის დამოკიდებული. აქ ბევრის თქმა არაფრის მომცემია. ზემოთ მოვიყვანეთ ეკვივალენტი ტერმინები, რომლებიც ძირითადად ნეგაციის ფორმაზეა აგებული. ანუ ყოველგვარი პრედიკატების უარყოფის გზით არსის გააზრების მცდელობაზე.

ჰათჰა იოგა

ზემო აღვნიშნეთ, რომ ჰათნა იოგა ტექნიკური მხარეა. ადეპტების მიერ ლოგიკური მსჯელობით და ემპირიული გამოცდილებით შეჯერებული და განზოგადებული ცოდნა მიეწოდება მოსწვლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ტექნიკური შემადგენლებია:

  • ასანები (სხეულის პოზები);
  • პრანაიამა (სუნთქვითი ვარჯიშები);
  • კარმები (ორგანიზმის გაწმენდის მეთოდები);
  • მუდრები და ბანდჰები (შინაგან ორგანოებზე და ენერგეტიკულ არხებზე ზემოქმედების ტექნიკა);
  • დიეტა;
  • და სხვა.

უმეტესობა თანამედროვე "იოგას სახეობებიდან" ძირითადად საუბარია ასანებზე (პოზებზე), რაც ხშირად მცდარად აღიქმება როგორც თვითმიზანი. ამგვარი დილეტანტისტური პროპაგანდა ყალბ წარმოდგენას აყალიბებს საზოგადოებაში და ჩნედბა კითხვები, მაგალითად: რამდენ ხანში ჩავჯდები შპაგატში? შეგიძლიათ გამჭიმოთ? მოქნილი მოცეკვავე ვარ და იოგას დიპლომს მომცემთ? შეიძლება დავატოლოთ? და ა.შ და ა.შ. 

ჰათჰა იოგას ირგვლივ ყალბი პროპაგანდის ნაწილებია:

  • ჩვენ იოგას მხოლოდ ფიზიკურად ვაკეთებთ, არავითარი სულიერება აქ არ არის (ხშირად ვერ არჩევენ ერთმანეთისგან სულიერებას და რელიგიას). რა სული, რის სული? ასეთი პროპაგანდა შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში, სადაც რელიგიურ უთანხმოების თავიდან არიდების  ან და "ძალიან გადავარდნაც არ მინდა იოგაში"-ს ტიპის ადამიანების დაკმაყოფილების მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
  • ინდოელები იოგას კარგი მასწავლებლები არიან. ეს, აგრეთვე ყალბი, პროპაგანდაც შეინიშნება ისეთ ქვეყნებში, სადაც ზოგადი განათლების ან კრიტიკული აზროვნების პრობლემა დგას. საკმარისია ადამიანმა დაბადების ადგილად ტიბეტის ან ინდოეთის ტერიტორია მიუთითოს, რეალური კვალიფიკაციის გარეშე, რომ პიეთეტური გრძნობა გაუჩნდეთ ზოგიერთ, კრიტიკული აზროვნების არ მქონე ადამიანს.  ამ საკითხში რომ გავერკვეთ ჰათჰა იოგას გადავხედოთ ისტორიულად.

ჰათჰა იოგას მოკლე ისტორა

 მიუხედავად იმისა, რომ ჰათჰა იოგა პრადიპიკაში წერია, რომ მატსეინდრანათჰამ (მე-10 საუკუნე) იოგა უშუალოდ შივასგან ისწავლა,  ამას სერიოზულად ვერ განვიხილავთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ  პატანჯალი, რომელიც სავარაუდოდ ქრისტეშობამდე 4-2 საუკუნეში მოღვაწეობდა  (არის მოსაზრებაც, რომ ის ქრისტეშობიდან მე-5 საუკუნეში მოღვაწეობდა ), იოგა სუტრას ავტორია და იოგა ვედებში ამა თუ იმ ფორმით უკვე ნახსენებია. ჰათჰა იოგა პრადიპიკაში და საერთოდ ამ ტრადიციაში კონცეპტუალურად, რაც ეხება ტექნიკურ მხარეს, ახალი არაფერია პოზების, სუნთქვითი ვარჯიშების და სხვა ტექნიკების აღწერის გარდა. შუასაუკუნეებამდე ამგვარი ტექნიკა აღწერილი არ არის. გავრცელებული მოსაზრებით ეს შუასაუკუნეების შემდეგ შემუშავდა. ანუ  ვარჯიშთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. ამის ყველაზე უფრო კარგი მაგალითია მე-20 საუკუნე, როდესაც შეიქმნა იოგას ის ფორმა, რაც დღეს მსოფლიოში პოპულარულია. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კრიშნამაცარიამ არსებულ იოგას პოზებს დაუმატა ტანვარჯიშის (სწორედ ამ პერიოდში,ბრიტანული კოლონიალიზმის დროს გამოდიოდა ინგლისური ჟურნალები რომლებშიც ტანვარჯიშის ვარჯიშები იყო დახატული) და ინდური ჭიდაობის ვარჯიშები (მაგ. თავდახრილი ძაღლის პოზა აღებულია ინდური ჭიდაობიდან). რატომ გააკეთა მან ეს?! უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპაში ფიზიკური კულტურა პოპულარული ხდება. იმ დროინდელ ევროპულ ლიტერატურაში (მათ შორის მხატვრულში) ჩვენ ვკითხულობთ, როგორ უცნაურად ჩანდა ყოველივე ეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცივილიზებულობის ნიშნადაც აღიქმებოდა. ეს ნაწილობრივ იყო ინდუსტრიალიზაციურ განვითარებაზე ერთგავრი გამოწვევა, კერძოდ, შეიცვალა ცხოვრების ყაიდა, განვითარდა სატრანსპორტო საშუალებები და შრომის გადანაწილება. შესაბამისად ფიზიკური კულტურა იმ კლასისთვის გახდა საჭირო, რომელსაც დამატებითი ფიზიკური დატვირთვა დასჭირდა და შემდეგ ინერციით პოპულარული გახდა. ჩვენ ვახსენეთ კრიშნამაჩარია, რომელიც მაისორში მაჰარაჯა ვოდიაერ III-ს სასახლეში იყო მიწვეული. მას დაევალა ბიჭების ვარჯიში. გასაგებია ეს არც მუშათა და არც ვაჭართა კლასი არ იყო. ეს იყო არისტოკრატთა კლასი, რომლებმაც იცოდნენ, რომ მაგალითად, ევროპაში ასეთი ტენდენციაა და ინდოეთის დამოუკიდებლობამდე, სანამ მაჰარაჯა ჩამოაგდეს კრიშნამაჩარიამ შეიმუშავა დღევანდელობაში პოპულარული იოგას ფორმა და მას, სავსებით დამსახურებულად, თანამედროვე იოგას მამას უწოდებენ. ამ პრიოდში ინდოეთში იოგას ტანვარჯიშის ასეთი ფორმა სრულიად უცხო იყო. მოხდა ისე, რომ მაისორის შესახებ შეიტყვეს საზღვარგარეთ და როდესაც კრიშნამაჩარია და მისი მოსწავლე კ. პატტაბჰი ჯოისი მაისორელ ბიჭებს აღარ წვრთნიდნენ, ამერიკიდან ავსტრალიიდან და ევროპიდან დაიწყო ხალხმა ჩასვლა. ჩვენ ვიცით, რომ ჯოისის 95% სტუდენტებისა, რომლებიც დღეს წამყვანებად ითვლებიან ამერიკელები, ევროპელები და ავსტრალიელები არიან. ფაქტობრივად, თუ მის შვილს და შვილიშვის არ ჩავთვლით მისი ინდოელი არც ერთი სტუდენტი არ მახსენდება. ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, რაც 60-70-იანი წლებში დაჩქარდა ცივილიზებული სამყაროს ცხოვრების წესი უფრო და უფრო პასიური ხდებოდა, მძაფრდებოდა მოთხოვნა, რომ ვარჯიშს კარდიო ვასკულარული ეფექტიც ჰქონოდა. როგორც ლესლი კამინოვი ამბობს, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დაკვეთა, რომელსაც სურდა გაოფლიანებულიყო პრაქტიკის დროს და ჯოისიც ამ მიმართულებით მიყვებოდა ფეხდაფეხ, შემოჰქონდა რა სულ უფრო და უფრო მეტი ვინიასები და იმგვარი დატვირთვა, რომელიც ფიზიკური თვალსაზრისით ფიტნესით დაინტერესებულ ადამიანს სავსებით დააკმაყოფილებდა. რაც ეხება ფიზიკურ ასპექტს ამერიკაში იოგას დაემატა კიდევ ერთი განზომილება — იოგა-ანატომია, რამაც იოგას პოზათა სრულიად ახლებური გადახარშვა გამოიწვია და დრესდღეობით ასანების შესრულების ყველაზე უფრო განვითარებულ ფორმად ითვლება. როგორც კი ინდოეთიში შენიშნეს, რომ ეს დასავლეთში ბიზნესია, მაშინვე დაინტერესდნენ და საკუთარი თანამოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებაზეც კი დაიწყეს ზრუნვა. საქმე იმაშია, რომ რაც მინახავს უმეტესობა მათგანის კვალიფიკაცია ნულს ვერ სცილდება. მარტივი საკითხია — ეროვნული პროფესია არ არსებობს. მთავარი ის არის, რომ იოგას მეთოდი სახეს იცვლის გამოწვევებიდან გამომდინარე  (და არა პირიქით) და ეს, ფაქტობრივად, უსასრულო, შემოქმედებითი პროცესია, რომელიც უკვე აღმოჩენილი კანონზომიერებების და ნორმების ცოდნას მოითხოვს.