იოგას მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრეინინგის ბოლო კვირის შემდეგ სადილის დროს მეგობარმა მკითხა, ”რატომ აკეთებ იოგას? რის სწავლას აპირებ? თავზე დგომის?”
რატომ იწყებენ იოგაზე სიარულს?
იოგას პრაქტიკოსთა 90%-ზე მეტი თავიდან დაინტერესებულია ფიზიკური დატვირთვით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით ან სტრესის მართვის სწავლით, მაგრამ მათი უმეტესობა მალევე იცვლის თავდაპირველ მიზანს.
კვლევამ აჩვენა, რომ იოგას სტუდენტთა ორი მესამედი და იოგას ინსტრუქტორთა 85% იცვლის დამოკიდებულებას იმის მიმართ, თუ რატომ ვარჯიშობენ იოგას.
ყველაზე ხშირად მიმართულება იცვლება სულიერებისკენ ან თვითშეცნობისკენ, საკუთარი შესაძლებლობების განხორციელების შეგრძნებისკენ. იოგას ვარჯიში იმაზე მეტს იძლევა ვიდრე უბრალოდ ფიზიკური დატვირთვა, პოზები და თავზე დგომა — იგი ავითარებს ისეთ უნარ ჩვევებს როგორიცაა თვითანალიზი (self reflection), სიკეთე და თანაგრძნობა, უწყვეტი ზრდა და საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა გაცნობიერება (awareness).
რა თქმა უნდა ფიზიკური თვალსაზრისით სარგებელი მართლაც თვალსაჩინოა. დიახ, იოგას შედეგად იზრდება მოქნილობა, უმჯობესდება წონაწორობის უნარი, და მცირდება ქოლესტეროლის მაჩვენებელი.
ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ European Journal of Preventive Cardiology (პრევენციული კარდიოლოგიის ევროპული ჟურნალში) დაიბეჭდა, იოგა ისევე ამცირებს გულის დაავადებათა განვითარების რისკს როგორც ჩვეულებრივი აერობიკა. იოგას მიმდევრები იკლებდნენ საშუალოდ 2 კგ-ს, ურეგულირდებოდათ მაღალწნევიანობა და სისხლში არსებული დაბალი სიმკვრივის (მავნე) ქოლესტერინი ეცემოდა 12 ერთეულით.

დღესდღეობით არსებობს და ტარდება უამრავი მასშტაბური კვლევა იმის შესახებ თუ რამდენად დადებითად მოქმედებს იოგა ჯანმრთელობის პრობლემებზე, მათ შორის ქრონიკულ ტკივილზე, გადაღლილობაზე, ჭარბწონიანობაზე, ასთმაზე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე, წონაში კლებაზე და ა.შ.
მე კი როგორც ფსიქიატრი ბუნებრივია ასევე დაინტერესებული ვარ იოგას ტვინზე ზემოქმედებით. მაშინ როცა უმეტესობა ინტუიციურად ხვდება, რომ იოგა ამცირებს დეპრესიას, სტრესსა და შფოთვას , ბევრი მათგანი, მათ შორის ფსიქიატრები და მეცნიერები ჩვეულებრივ გაკვირვებულები რჩებიან იმ ფაქტით, რომ იოგა ცვლის ტვინის მოქმედებას.
ერთ-ერთ ახალ კვლევაში, რომელიც 2015 წლის მაისში, ჟურნალ Frontiers in Human Neuroscience გამოქვეყნდა, გამოიყენეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) იმის საჩვენებლად თუ როგორ აფერხებს იოგა ასაკთან დაკავშირებული ტვინის რუხი ნივთიერების მოცულობაში შემცირებას.
კვლევის თანახმად მათ, იმ ადამიანების ტვინის მოცულობა, რომლებსაც იოგას პრაქტიკის მეტი გამოცდილება ჰქონდათ, მიახლოებული იყო მათზე გაცილებით ახალგაზრდა ადამიანის ტვინთან. [სურათში მარცხნივ, წითელი სამკუთხედები აღნიშნავენ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც არასდროს უვარჯიშიათ იოგა, წრეები კი ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით მისდევდნენ იოგას პრაქტიკას]. მსგავსი მაჩვენებლები იყო ადამიანებში, რომლებიც მედიტაციით იყვნენ დაკავებულები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იოგას შეუძლია დაიცვას თქვენი ტვინი ასაკის მატებასთან დაკავშირებული ზომაში შემცირებისგან.
საინტერესოა, რომ ძირითადად იზოგება ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს რუხი ნივთიერება. სწორედ ამ მხარესთანაა დაკავშირებული დადებითი ემოციები და განცდები, ისევე როგორც პარასიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობა — ანუ ”მოსვენებისა და მონელების” რელაქსაციის სისტემა. პოზიტიურ-ემისიურმა ტომოგრაფიამ აჩვენა რომ ისეთი ემოციები, როგორიცაა სიხარული და ბედნიერების შეგრძნება გაცილებით მეტ აქტივობას იწვევევენ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში.
სინამდვილეში, იოგას პრაქტიკა მხოლოდ ტვინისა და სხეულის ცვლილებით, თავზე დგომებით ან თუნდაც უდიდესი სიხარულის ან ბედნიერების მიღწევით არ შემოიფარგლება. ასე რომ ყოფილიყო, იოგა იქნებოდა სავარჯიშო დარბაზში მორიგი წონაში დასაკლები ვარჯიშების კომპლექსი. იოგას მიზანი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ განზრახვას აღემატება.
ჩვენ იმ კულტურის ნაწილი ვართ რომელშიც მუდამ სადღაც გვეჩქარება, ვცდილობთ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხეული ან ემოციები ან დავგეგმოთ საკუთარი მომავალი; ამ ყველაფრის ფონზე იოგა გვაძლევს საშუალება დავაკავშიროთ ის რაც გვაქვს იმასთან რასაც წარმოვადგენთ.
როგორც ბუდისტი მასწავლებელი პემა ქორდონი განმარტავს: ” მედიტაციის დაწყებამდე ხშირად გვგონია, რომ ამით ჩვენ საკუთარ თავს გავაუმჯობესებთ, რაც ფარული აგრესიის ფორმაა იმის წინააღმდეგ რაც უკვე ვართ. მედიტაცია არ გულისხმობს არსებული პიროვნების უარყოფას და საკუთარი თავის უკეთეს ვარიანტად გარდაქმნას. მედიტაცია გზაა საკუთარ თავთან დამეგობრებისკენ.პრაქტიკის საძირკველს ვქმნით თქვენ ან მე, ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობით. ამას მხოლოდ უსაზღვრო ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით შევიცნობთ... ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარი რელაქსაციის უნარის სიდიდეს, სივრცეს და უსასრულო ცნობიერებას, რომელიც უკვე გააჩნია ჩვენს გონებას.
ჩვენ შევიგრძნობთ აწმყოში ყოფნის მომენტს, რომელიც მარტივი, პირდაპირი და ლაკონიურია”
ასე რომ, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვვარჯიშობ იოგას შეიძლება იყოს როგორც რთული და ინდივიდუალური, ასევე მარტივი და უნივერსალური. იმიტომ, რომ მინდა ვაცნობიერებდე თავს აწმყოში, არა მხოლოდ ჩემს სავარჯიშო ხალიჩაზე, არამედ ჩემს თავთან, გარემოსთან და იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან. იოგას შუძლია შეცვალოს გული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გულის წნევაზე არ ვსაუბრობთ.
მერლინ ვეი გახლავთ ნიუ იორკში მოღვაწე ფსიქიატრი და ავტორი, რომელიც მუშაობს წიგნზე ჰარვარდის ფსიქიატრ ჯეიმს ი.გროუვთნ ერთად.
თარგმანი: ნატა ბაკურაძე
რედაქტირება: ნანუკა გამყრელიძე