ეს თემა ერთგვარი გაგრძელებაა იოგას სახეობების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, იოგა ფსიქო-ფიზიკური დისციპლინაა. იოგას იმ სახეობებს, რომლებიც მხოლოდ სულიერ პრაქტიკაზეა ორიენტრირებული არ შევეხებით ამ ეტაპზე, რადგან ჩვენს ქვეყანაში და დასავლეთის, განსაკუთრებით განვითარებულ, ქვეყნებშიც, პოპულარულია იოგა, რომელიც ფიზიკურ პრაქტიკასაც (სულიერთან ერთად) ან უმთავრესად ფიზიკურ პრაქტიკას გულისხმობს (ამ შემთხვევაში სუნთქვით ვარჯიშებსაც ფიზიკურ პრაქტიკად მივიჩნევთ). დაინტერესება არის ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ესთეტიკური თვალსაზრისით. იოგას ეს პოპულარული ფორმა მე-20 საუკუნეში განვითარდა და ეს განვითარება დაკავშირებულია პიროვნებასთან, — ტირუმალა კრიშნამაჩარია, —  რომელსაც თანამედროვე იოგას მამას უწოდებენ.

ამ კატეგორიის იოგას  ხშირად   ჰათჰა იოგას უწოდებენ, ან უბრალოდ იოგას (იგულისხმება მაინც ჰათჰა იოგა). ე.ი. ეს არის იოგა, რომლიც დაკავშირებულია ფიზიკურ პრაქტიკასთანაც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჰათჰა იოგა არის გზა რაჯა-იოგას (იოგას უმაღლესი საფეხურის მისაღწევად), მაგრამ არ არის მეთოდი თავისთავად. აშთანგა იოგა, აიენგარ იოგა და ა.შ. არის სახეობები და მეთოდები იოგას, ჰათჰა იოგას შესასწავლად. მაგალითად, გვსურს ინგლისური ენის (ჰათჰა იოგა)  შესწავლა, მის შესასწავლად არის მეთოდები, პროგრამები (აშთანგა იოგა, აიენგარ იოგა და ა.შ. ) და სხვა და სხვა გზა (მათ შორის თვითნებური). მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის აპრობირებული და გამოცდილია ჯგუფური სწავლებისთვის, განსაზრვრულია დონეები, მიდგომა და ა.შ. ხოლო მეთოდის გარეშე შესწავლა არის ექსპერიმენტი, ხშირ შემთხვევაში ფუჭი იმ თვალსაზრისით, რომ ის, რასაც აღმოვაჩენთ, უკვე არსებობს და შეუძლებელია არსებული მეთოდოლოგიის გაუმჯობესება მისი შესწავლის გარეშე.

ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვესმის, რომ ისწავლება ჰათჰა იოგა, რაც  ექსპერიმენტს გულისხმობს, რომელსაც მასწავლებელი სტუდენტებზე ატარებს.  ასეთი ექსპერიმენტალური ჯგუფები ბევრია. ხანდახან გვხვდება აგრეთვე „სახეობები“:  „იოგა სტრესის წინააღმდეგ“, „იოგა გახდომისთვის“, „იოგა ზურგის ტკივილებისთვის“, იოგა დიაბეტისთვის, „იოგა მასაჟი“ და ა.შ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩამონათვალი იოგა შესაძლო ეფექტია და არა სახეობები. იქმნება სრული ილუზია, თითქოს, სტრესის მოსახსნელად სხვა სახის იოგა მოუხდება ადამიანს და ხერემლისთვის სხვა იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფურ მეცადინეობებზეა საუბარი. განვიხილოთ ეს არაადეკვატური „სახელწოდებები“, რომელთაც დაინტერესებული პირები შეცდომაში შეყავთ და უქმნით შთაბეჭდილებს, მაგალითად ოპერას რომ შევადაროთ: „ოპერა ესთეტიკისთვის“,  „ოპერა დროის მოსაკლავად“, „ოპერა შეყვარებულებისთვის“ და ა.შ. 

იოგა სტრესისთვის

იოგა სტრესის მოხნსის თვალსაზრისით ძალიან ეფექტიანია. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, მაგრამ ეს იოგას რაიმე სხვა სახეობა კი არ არის, არამედ იოგას თავისთავადი ეფექტია. შეიძლება კითხვა დაისვას, ხომ არ არის სუნთქვითი ვარჯიშები ან მედიტაცია უფრო ეფექტიანი სტრესის მოხსნისთვის ვიდრე ასანები და ვინიასები (ფიზიკური პრაქტიკა)? არა, ეს ასე არ არის. ეს ადამიანის ტიპზეც არის დამოკიდებული, მაგალითად, ზოგიერთმა შეიძლება სტრესი მოიხსნას თხილამურებზე სრიალითაც ანუ ფიზიკური პრაქტიკითაც. სტრესის მოხსნის ფაქტორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ისე სულიერი პრაქტიკა — ეს სუბიექტური საკითხია. პრაქტიკიდან გამომდინარე ზოგიერთ ადამიანს იოგას აქტიური ნაწილი უფრო განტვირთავს ვიდრე პასიური, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც ამგვარი რაიმე შესაძლო ჯგუფური კომპლექსი — უტოპიაა.

იოგა ხერხემლისთვის ან ზურგის ტკივილებისთვის

ვთქვათ არსებობს ამგვარი ჯგუფური კომპლექსი, მოდის ადამიანი, რომელსაც მოღალატემ ზურგში ლახვარი ჩასცა (მაპატიეთ ხუმრობისთვის), ან საოპერაციოა, ან ნებისმიერი ისეთი მიზეზის გამო აქვს ზურგის ტკივილები, რომლის დროსაც ექიმი არ ურჩევს ამა თუ იმ მოძრაობის ან ვარჯიშის შესრულებას?! ეს ხომ ნიშნავს, რომ თუ საუბარია შეზღუდვაზე, ამგვარი შეზღუდვა ინდივიდუალურია და ამგვარი „იოგას“ ცალკე არსებობა, როგორც ჯგუფის, — ასევე უტოპიაა (ვერ იქნება ეფექიანი). ზურგის პრობლემები და ტკივილის უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს და თუ საუბარია უბრალოდ მცირედ კუნთურ დაჭიმულობაზე, ან ზურგის გადაღლაზე, ან მცირედ სქოლიოზზე,  ეს „ჩვეულებრივი“ იოგას ეფექტია. ეს არის ის, რითაც იოგა ზოგადად მიიჩნევა როგორც სასარგებლო და გამორჩეული დისციპლინა. განვიხილოთ დეტალურად,  იოგას მთავარი დაუწერელი კანონია — ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია. ფიზიკურ ვარჯიშთა კატეგორიებიდან (დამდგარი პოზები, დამჯდარი პოზები, ბალანსის პოზები, დაწოლილი პოზები, ბრუნვითი პოზები) რომელი შეიძლება იყოს ხერხემლის სიჯანსაღისთვის? ხერხემლის სისწორე ტერფის სწორი პოზიციით იწყება ანუ ხერხემლის სიჯანსაღე და მისი ვარჯიშები არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ იქნება.

 

იოგა გახდომისთვის

ერთმა ძალიან სასიამოვნო ადამიანმა მომიყვა, ბავშვობაში ზედმეტი წონა მაწუხებდა და ექიმმა ცურვა მირჩიაო. გადავწყვიტე ცურვაზე მევლო და პირველივე დღეს იქ ჩემი ნაცნობი შემხვდაო, რომელმაც მითხრა ძალიან გამხრდარი ვარ და უმადობა მჭირს, ექიმმა ცურვაზე სიარული მირჩია იქნებ მადაზე მოგიყვანოს და ცოტა მოიმატოო. ანუ ერთი და იგივე აუზზე მე ვხდებოდი და ის სუქდებოდაო.

ახლა, დავუშვათ მე წონაში ვიკლებ და ჩემთვის სასურველ წონს ვუახლოვდები, ხომ შეიძლება (და დიდი ალბათობით ასეც იქნება) გუნება-განწყობილება გამიუმჯობესდეს ანუ სტრესის დონე შემცირდეს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ეს კლება იმგვარ დიეტასთან არის კავშირში, როდესაც ჩემი ნერვული სისტემა „ილახება“ — დაძაბულობა გარდაუვალია. მეორე მხრივ, თუ ვინმეს ხერხემლის პრობლემა აქვს, ამას შეიძლება ზედმეტი წონა ართულებდეს  და წონის დაკლება ხერხემლისთვის „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ იყოს. ეს რამდენიმე მაგალითი კმარა იმის საილუსტრაციოდ, რომ იოგას დაყოფა სარგებლიანობის მიხედვით მხოლოდ მასზე არასიღრმისეული წარმოდგენის მაჩვენებელია.

იოგა მასაჟი

სადაც ადამიანის ნება, ნებელობა არ მუშაობს თავისთავად ეს არ არის იოგა. ეს შეიძლება იყოს გაჭიმვა, მასაჟი, რეაბილიტაცია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში — იოგა.

 

რის მიხედვით უნდა დაიყოს კლასები?!

პრაქტიკის სირთულე არის მთავარი პრინციპი ჯგუფური მეცადინეობის დაყოფის. აქ ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ 60 წლის ადამიანი შესაძლოა უფრო კარგად ფლობდეს სხეულსაც და გონებასაც ვიდრე 20 წლის. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. ყველამ უნდა დაიწყოს საწყისით (ამ ტერმინს „საწყისი სერია“ მე ვხმარობ ქართული თარგმანის დროს, სიტყვა-სიტყვით „ძირითადი სერია“ ეწოდება). განსხვავება იქნება იმაში, რომ ზოგიერთი უფრო მალე გადავა შემდეგ სერიაზე და ზოერთი უფრო გვიან.

კრიშნამაჩარიას მეთოდი

კრიშნამაჩარია მეთოდი გულისხმობდა პროგრამის შედგენას ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინებით. ის ბოლო პერიოდის განმავლობაში იოგას სტუდენტების ჯგუფს სინქრონულად არ წვრთნიდა. ეს სინქრონული (ჯგუფური) ფორმატი პატტაბჰი ჯოისის მიერ 70-იან წლებში იყო შემოღებული დასავლეთის ქვეყნებში სხვა და სხვაგვარი ვარჯიშების ფორმატის გადმოღებით.

ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინება შესაძლებელია ინდივიდუალური პროგრამის შედგენის დროს და არა ჯგუფურ-სინქრონულის მეცადინეობების დროს. უფრო სწორად გათვალისწინება შესაძლებელია, მაგრამ ინდივიდუალური პრაქტიკის შედგენა არა. მაგალითად ადამიანები ზუსტად ერთი და იგივე დიაგნოზითაც კი შესაძლოა ერთი პროგრამით ვერ დაკავდნენ. არის შემთხვევები, როცა ექიმები ხერხემალზე ოპერაციას ურჩევდნენ და იოგას სინთეზური ვარჯიშებით (სწორი მიდგომით) თავი დააღწიეს (ყოველ შემდხვევაში ხანგრძლივი დროით), მაშინ როცა ზოგიერ საღ-სალამათ ახალგაზრდასაც კი ხანდახან არც სულიერი და არც ფიზიკური ძალა არ შესწევს ხოლმე ვარჯიშისთვის. არის ორი შესაძლო ვარიანტი ან ადამიანი მისდევს ჩვეულებრივ დამწყებთა ჯგუფს ან, თუ ეს არ შეუძლია, საჭიროა ინდივიდუალური პროგრამა, ვისაც საწყისი სერია არ შეუძლია, იმას ვერავითარ სხვა, რაგინდარა სპეციფიკურ ჯგუფში, ვერ მოათავსებ. 

ყველა „საწყისი ჯგუფი“ არ არის საწყისი სერია, მაგალითად საწყისი სერია აშთანგა იოგაში არის მკაცრად განსაზღვრული პოზები, ვარჯიშები, როგორც რაოდენობრივად და ხანგრძლივობის მხრივ, ისე შესრულების და სწავლების თანმიმდევრობის მხრივ.

ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი „იოგას ჯგუფურ სახეობებზე“ შეიძლება ითქვას ორი რამ:

  1. ეს არის უტოპია;
  2. ეს არ არის იოგას სახეობები; ეს შეიძლება იყოს იოგას პრაქტიკის ეფექტი.

რა შემთხვევაში აქვს აზრი  იოგას ჯგუფური მეცადინეობების დროს მსგავსი სახელწოდებების გამოყენებას?!

თუ ჯგუფს ხელმძღვანელობს სპეციალისტი, რომლის ამოცანა არის დადგენა, როგორ მოქმედებს იოგა ამა თუ იმ დაავადებაზე ან თუ მისი კვალიფიკაცია შემოიფარგლება რაიმე ვიწრო სპეციალობით, ამ შემთხვევაშიც იოგა იქნება "ჩვეულებრივი", მაგრამ სპეციალისტი ამ მიმართულებით თავად განსაზღვრავს, რა შეიძლება და რა არა პრაქტიკოსისთვის, ანუ შეითავსებს ექიმის ფუნქციას, ან თავად იქნება ექიმი, ან განსწავლული კონკრეტულ საკითხში (იოგა-თერაპისტი).