ზოგადად სუნთქვის შესახებ
პირველ რიგში სუნთქვას უნდა მოვუსმინოთ, დავუკვირდეთ, როგორი რიტმით ვსუნთქავთ. ხომ არ არის ჩვენი სუნთქვა ჩქარი და დაძაბული? თუ ასეა, მოვეშვათ, არ დავძაბოთ ზედმეტად კუნთები, რომლებიც სუნთქვას აფერხებს და ვისუნთქოთ, რაც შეიძლება ნელა. ჩვენ დაახლოები 12-20 შესუნთქვა-ამოსუნთქვას ვასრულებთ 1 წუთში. თუ სხეული მშვიდ მდგომარეობაშია, რიტმიც დაბალი იქნება, თუ სწრაფად ვმოძრაობთ ან დაძაბული ვართ — მაღალი. მოძრაობის დროს ჟანგბადის მიწოდების საჭიროება მატულობს და სუნთქვის რიტმის მატება ბუნებრივია, ხოლო თუ მშვიდად ვართ და სუნთქვა ხშირია, ჟანგბადის ათვისება უარესდება. ამიტომ, უნდა ვისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა. შეგვიძლია, დრო დავინიშნოთ, რამდენ შესუნთქვა-ამოსუნთქვას გავაკეთებთ 1 წუთში. თუ გამოვიდა, მაგალითად, 12 — ნორმალურია.
იმისთვის, რომ სუნთქვა გავაუმჯობესოთ, შესაძლებელია სუნთქვა კიდევ ურო დავამშვიდოთ და შევანელოთ. ამისთვის ფიზიკური ვარჯიშის წინ გავაკეთოთ ასეთი სუნთქვითი ვარჯიში: დავინიშნოთ 1 წუთი და დავითვალოთ სუნთქვის რაოდენობა. ვსუნთქავთ რაც შეიძლება ნელა, ძალდატანების გარეშე. თუ სუნთქვა წუთში 5 ზე ჩამოვა ძალიან კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალდატანება არ შეიძლება, ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს. ასეთი ვარჯიშის გაკეთება საკმარისია 1-2 ჯერ.
მაშასადამე, უნდა გვახსოვდეს ორი რამ: (1) უნდა ვისუნთქოთ დაძაბულობის გარეშე და (2) რაც შეიძლება ნელა. ძალიან ღრმა სუნთქვა არ არის აუცილებელი, რადგან მეტი ჰაერის შესუნთქვა, არ ნიშნავს, მეტი ჟანგბადის ათვისებას.
უნდა ვისუნთქოთ ცხვირით, რადგან შესუნთქვის დროს ჰაერი იფილტრება, ხოლო ამოსუნთქვის დროს სასუნთქი ღრუ თბება და კვლავ ტენიანდება. პირით ამოსუნთქვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ სუნთქვა არ გვყოფნის (მაგალითად, გაციების შემთხვევაში, ცხვირის ღრუს პათოლოგიის დროს).
ვარჯიშის დროს
მთავარია, სუნთქვა არ შევიკავოთ (ეს ახასიათებს დამწყებს, როდესაც ახალ ვარჯიშის შესრულებას ცდილობს). მნიშვნელოვანია, მუდამ ვუსმენდეთ საკუთარ ორგანიზმს და სუნთქვის მოთხოვნილებას. დავუგდოთ ყური შესუნთქვის სურვილს, რომელიც ნახშიროჟანგის დაგროვების შედეგად ჩნდება და დავყვეთ ამ სურვილს. ასევე ვიქცევით ამოსუნთქვის დროსაც. სუნთქვის რიტმი არ უნდა იყოს ხელოვნური, არამედ ყოველთვის ორგანიზმის მოსმენიდან უნდა გამომდინარეობდეს. ზოგიერთი ვარჯიშის შესრულებისას, სუნთქვა უფრო რთული იქნება, ზოგიერთში — მარტივი. ჩვენი ამოცანაა თავისუფლად ვისუნთქოთ. აგრეთვე, დატვირთვის მატებასთან ერთად სუნთქვა აჩქარდება, ეს ბუნებრივია და ამ რიტმს მივყვებით. სუნთქვის ასეთი რიტმი გვიიოლებს ვარჯიშების შესრულებას.
ვარჯიშის შემდგომი ეტაპის დროს
ასე უნდა ისუნთქოს დამწყებმა ვარჯიშის დროს, ხოლო შემდგომ ეტაპზე, როდესაც ვარჯიშები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ხდება და წინასწარ ვიცით რას და როგორ ვაკეთებთ, შეიძლება სუნთქვა ავაყოლოთ მოძრაობას. მაგალითად, დაბლა დახრის დროს ამოვისუნთქოთ, ხოლო გამართვის დროს შევისუნთქოთ. პოზებში გაჩერების დროს კვლავ თავისუფლად ვსუნთქავთ. პრინციპი მარტივია, როდესაც მოძრაობა ზემოთ არის მიმართული, ეს შესუნთქვაა, ხოლო ქვემოთ — ამოსუნთქვა. შეგახსენებთ, რომ ეს შემდგომი ეტაპია და ხდება თანდათან, როდესაც ასანებს კარგად ვიცნობთ და მათ შესრულებაზე ბევრი ფიქრი აღარ გვჭირდება.
დროთა განმავლობაში ეს ჩვევაში გადადის და ამაზი ფიქრი არ არის საჭირო. ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად შეჩვეულია ასეთ სუნთქვას და მას არაფერის შეცვლა არ ესაჭიროება სუნთქვასთან მიმართებაში. იმის მაჩვენებლი სწორად ვსუნთქავთ თუ არა, არის ჩვენი თვითშეგრძნება. ამ ყველაფერს უნდა მივუდგეთ მსუბუქად და ხალისიანად, არ უნდა დავიძაბოთ, თუ დასაწყისში რაიმე იდეალურად არ გამოგვდის .