ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთო, ამბობენ და ამ ფრაზას იოგებს მიაწერენ. ვეცადე მომეძია წყარო, თუ რომელი ინდური სისტემის სულისკვეთებას იზიარებდა ეს ფრაზა და ერთ მადგანს გადავხედე. ეს არის ტაიტირია უპანიშადი.
 
სანამ ფრაგმენტის თარგმანს შემოგთავაზებთ,მინდა აღვნიშნო, რომ იოგა სუტრაში საერთოდ არაფერია განსაზღვრული საკვებთან მიმართებაში. ამგვარი განსაზღვრებიი ვალდებულება არც „ბჰაგავად გიტაშია". ხოლო „ჰათჰა იოგა პრადიპიკაში" ჩამოთვლილია, რეკომენდებული და აკრძალული საკვები იოგებისთვის. როგორც არ უნდა იყოს. „იოგა სუტრას" ფილოსოფია სრულიად უარჰყოფს იმ მოსაზრებას, რომ ადამიანის მე არის სხეული, ბუნება და ზოგადად მატერია. მიზანია შეცნობა საკუთარი თავისა, როგორც სულისა, რომელიც განყენებულია მატერიისგან და მატერია მასზე ზეგავლენას ვერ ახდენს, მატერიასთან საკუთარი თავის გაიგივება არის ილუზია, ხოლო ამ ფილოსოფიის თანახმად ადამიანი საკუთარ თავს, როგორც საკვებს ისე შეიცნობს.
 
ტაიტირია უპანიშადი ბრაჰმანული ეპოქის ტექსტია ძვ.წ. მე-6 საუკუნის. ის ნაწილია იაჯურვედისა. მეორე თავში ჩვენ ვკითხულობთ:
 
«ომ. ის, ვინც უმაღლეს რეალობას იცნობს, უმაღლეს ყოფიერებას აღწევს. ამის შესახებ ნათქვამია:
ის, ვინც უმაღლეს ყოფიერებას, რომელიც უმაღლესი რეალობა, ცოდნა და მუდმივობაა, იცნობს, რომელიც გულის კუნჭულშია დამალული და უმაღლეს სივრცეში, ის, ვინც ყოვლისმცოდნე რეალობასთან ერთიანია, ერთდროულად ყველა სურვილებით ტკბება.
 
ერთიანი გონისგან იშვა სივრცე; სივრცისგან — ჰაერი; ჰაერისგან — ცეცხლი; ცეცხლისგან — წყალი; წყლისგან — მიწა; მიწისგან — მცენარეები;მცენარეებისგან — საკვები; საკვებისგან — ადამიანი.
 
იგი, ეს ადამიანი, ნამდვილად საკვების ესენციისგან შედგება. ეს არის ნამდვილად მისი თავი, მისი მარჯვენა ფრთა (შედარებულია ფრინველთან: შევარდენი, ყანჩა ან სხვა), მისი მარცხენა ფრთა, მისი ტანი და მისი კუდი. (სხეულის ხუთი ნაწილი შეესაბამება ხუთ ელემენტს).
 
ნამდვილად, საკვებისგან წარმოიშვება ყველა ცოცხალი არსება, ყოველივე ის, რაც დედამიწაზეა. მაშასადამე, ისინი ცოცხლობენ საკვებით, საკვებისთვის და ბოლოს კვლავ საკვებად იქცევიან. ისინი, ვინც საკვებს, როგორც უმაღლეს ყოფიერებას ეთაყვანებიან, ყოველგვარ საკვებს მიიღებენ. საკვები უძველესი ცოცხალი არსებაა და, მაშასადამე, ყველასთვის უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს. საკვებისგან წარმოიშვა ყველა ქმნილება: საკვებით იშვა, საკვებით გაიზარდა. რადგან მას არსებები მიირთმევენ, ამიტომ ეწოდება საჭმელი.
 
ნამდვილად, გარდა იმისა, რაც საკვებისგან არის შემდგარი, არსებობს სხვა „მე", რომელიც სასიცოცხლო ძალისგან შედგება. წინა ამ უკანასკნელით არის გაჯერებული. ამასაც ადამიანის ფორმა აქვს. პირველი მათგანის მეშვეობით აქვს ადამიანს ადამიანის ფორმა.
ნამდვილად, პრანა მისი თავია, ვიანა მისი მარჯვენა ფრთა, აპანა მარცხენა ფრთა, აკაშა მისი სხეულია და მიწა კი მისი კუდი, საყრდენი.
მე ვარ საკვები! მე ვარ საკვები! მე ვარ საკვები!»
 
შეიძლება ასე განვსაზღვროთ: „ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ" არ შეესაბამება იოგას სულისკვეთებას. სწორი ფორმულირება იქნებოდა — ჩვენი სხეული შედგება ნაწილობრივ იმისაგნ, რაც საკვების სახით არის მიღებული.