1.42. როდესაც სიტყვა, ობიექტი და იდეა აღრეულია, ეს გონების მღვრიე მდგომარეობაა.
მაგალითად: „ძროხის" შეცნობა როგორც სიტყვის, როგორც ობიექტის ან იდეის, — მიუხედავად იმისა, რომ ესენი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, — ერთმანეთში გვერევა. რომ გავაანალიზოთ, სიტყვის თვისებები სხვაა, საგნის თვისებები — სხვა, ხოლო იდეის თვისებები — სხვა. ამგვარად ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
თუ იოგის, რომელიც აზრობრივად აღიქვამს, შემეცნებით თვალსაწიერში შემოდის ობიექტი „ძროხა", მაშინ ერთმანეთში აღრეული გვაქვს სიტყვა, ობიექტი და იდეა, მაშინ ეს მღვრიე აღქმაა.
მაშასადამე, როდესაც ვერბალური ფორმულირება სუფთაა მეხსიერების შეფერილობისგან, მაშინ ობიექტი, — რომელიც არსებობს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში ჭვრეტით შემეცნებაში, მოკლებულია ვერბალურ და განსჯითი იდეებს, — ნათლად ჩანს თავის წმინდა გამოვლინებაში. ამ მდგომარეობას „გონების ნათელი მდგომარეობა" ეწოდება.
ეს არის უმაღლესი აღქმა და თესლი ვერბალური და განსჯითი ცოდნის. ვერბალური და ლოგიკური ცოდნა უმაღლესი აღქმის დროს იბადება. გარდა ამისა, ჭვრეტა არ მოიცავს ვერბალურ და ლოგიკურ ცოდნას. მაშასადამე, იოგური ჭვრეტა, რომელიც წმინდა-სულიერი-ძალების-მოკრებით ჩნდება, არ არის არეული სხვა ტიპის ცოდნასთან.
თარგმანი გიორგი ბერძენიშვილი