იაკობ ბემე:
«საკმაოდ ხანგრძლივი დროით უნდა ვეცადო პირწმინდად დავივიწყო, რაც კი ოდესმე მინახავს, მსმენია, რასაც მივკარებივარ, ამასთანავე, გამონაკლისი არც საკუთარი თავისთვის უნდა გავაკეთო. პირწმინდად, პირწმინდად, პირწმინდად უნდა დავივიწყო ყოველგვარი მოძრაობა, და ეს უკანასკნელი თავდავიწყება ყველაზე უფრო საგულდაგულოდ უნდა შევასრულო სწორედ იმიტომ, რომ იგი ყველაზე უფრო ძნელია. სრულიად ყველაფერი უნდა მოვიშორო და არაფერი დავიტოვო, გარდა იმ საკუთარი ძალით დარჩენილი უცვლელი სივრცის ჭვრეტისა. ამიტომ, უფლებაც კი არ მაქვს კვლავ მოვიაზრებდე მას, არც საკუთარ თავს მოვიაზრებდე მასში, როგორც მისგან განსხვავებულს, თუმცა მასთან დაკავშირებულს. არც ის უნდა წარმოვიდგინო, რომ ამით ვარ გარემოცული და განმსჭვალული, არამედ სრულიად მასში უნდა გადავიდე, მასთან ერთიანი უნდა გავხდე, ამად უნდა გადავიქცე. საკუთარი თავისგან არაფერი უნდა დავიტოვო, გარდა საკუთარი ამ ჭვრეტისა, რათა განვიხილო ეს უკანასკნელი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, ერთიანი და საყოველთაო წარმოდგენა».
ჰეგელი:
«უწყვეტობის ამგვარი სრული სიწმინდისას,ანუ ამგვარი ცარიელი და განუსაზღვრელი წარმოდგენისას, სრულიად სულერთია, რას ვუწოდებთ ამ აბსტრაქციას; სივრცეს, წმინდა ჭვრეტას თუ წმინდა აზროვნებას; ყოველივე ეს იგივეა, რასაც ინდუსი ბრაჰმანს უწოდებს, როდესაც იგი რჩება რა გარეგნულად სრულიად უძრავი, აგრეთვე უძრავია გრძნობების, წარმოდგენების, ფანტაზიების, სურვილების და ა.შ. მიმართ. წლების მანძილზე მხოლოდ საკუთარი ცხვირის წვერს ჭვრეტს და მხოლოდ შინაგანად იმეორებს „ომ, ომ, ომ“ ან საერთოდ არაფერს ამბობს. ეს დახშული, ცარიელი ცნობიერება, რომელსაც ცნობიერებას უწოდებენ, არის ყოფნა (sein)».
ლოგიკის მეცნიერება, ჰეგელი
ინდური ცნობიერების პირველი უკიდურესობა აბსოლუტის გაგებაა, რადგან აბსოლუტი გაგებულია თავის თავში სავსებით ზოგადის, განუსხვავებლისა და ამიტომ სრულიად განუსაზღვრელის სახით. ეს უკიდურესი აბსტრაქციაა, რადგან მას არც განსაკუთრებული შინაარსი აქვს და არც პიროვნების სახით არის წარმოდგენილი. იგი არც ერთი მხრით არ იძლევა ისეთ მასალას, რომლის გაფორმებაც მჭვრეტელობას ასე თუ ისე შეეძლოს, რადგან ბრაჰმანი, როგორც ასეთი, უმაღლესი ღვთაებრივი რამ, საერთოდ გრძნობასა და აღქმას სრულიად მოკლებულია და არც კი შეიძლება ოდესმე აზროვნების ობიექი გახდეს. რადგან აზროვნებისათვის საჭიროა თავისთვის რაღაც საგნის დამდგენი თვითცნობიერება, რათა მასში თავის თავი იპოვოს. ყოველი გაგება მეს და ობიექტის გაიგივებაა, ამ გაგების გარეშე გათიშულთა შერიგება: რაც არ მესმის, რასაც ვერ გავიგებ, ვერ შევიმეცნებ, ჩემთვის უცხო და სხვა რჩება. მაგრამ ადამიანური თვითობის ბრაჰმანთან შეერთების ინდური წესი სხვა არა არის რა, თუ არა მზარდი გაბერვა, ამ უკიდურეს აბსტრაქციამდე მიყვანილი, რომელშიც უნდა გაქრეს არა თუ მთელი კონკრეტული შინაარსი, არაედ თვითონ თვითცნობიერებაც მანამდე, სანამდ ადამიანი შეძლებდეს მის მიღწევას. ამიტომ ინდოელი არ იცნობს ბრაჰმანთან შერიგებასა და იგივეობას იმ აზრით, რომ ადამიანის გონი ამ ერთიანობას გაიცნობიერებდეს; პირიქით, ერთიანობა მისთვის ამით გამოიხატება, რომ სწორედ ცნობიერება და თვითცნობიერება, მით ქვეყნის ყოველი შინაარსი და თვით საკუთარი პიროვნების შინაარსიც სავსებით გაქრეს. გამოცარიელება, გამოთაყვანება და განადგურება აბსოლუტურ სიჩლუნგემდე იმ უმაღლეს მდგომარეობად ითვლება, ადამიანს რომ თვით უზენაეს ღმერთად, ბრაჰმანად აქცევს.
გერგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (ესთეტიკა I: 388)