ამბობენ, რომ იოგა ფსიქო-ფიზიკური სისტემაა, მაგრამ ამ ფრაზის უკან რა დგას, ბევრმა არ იცის ან არასწორად ესმის. ჰგონიათ, რომ ფიზიკურში იგულისხმება ვარჯიშები პოზების, გაჭიმვების და სხვადახვა ასანის თუ ვინიასის სახით.
სინამდვილეში საქმის ვითარება ვრცელ განმარტებას მოითხოვს. იოგას სისტემა ძალიან ახლოა ერთ-ერთ ინდურ სისტემასთან, რომელსაც სანქჰია ჰქვია. არსებობს ვარაუდი, რომ პატანჯალიმ, როდესაც იოგა-სუტრას წერდა, მთელი დიალექტიკა სანქჰიადან გადმოიღო. პირველ რიგში ეს ეხება სულისა და მატერიის სუბტანციურობას, მათს დაპირისპირებულობას, სამყაროს თვისებებსა და დუკჰას (ტანჯვა, ტკივილი), რომელიც უგუნურებიდან მოდის.
მსგავსება იმდენად დიდია, რომ ჰეგელმა ფილოსოფიის ისტორიაზე წაკითხულ ლექციებში სანქჰიას იოგა უწოდა იშვარას (უფლის) გარეშე[i] (ეს საკითხი შემდგომ განხილვას საჭიროებს, რადგან ამ ლექციებში ჰეგელი „იოგასუტრაზე" საუბრისას ეყრდნობა კოლბრუკის თარგმანს, სადაც სიტყვა იშვარა განმარტებულია თანამედროვე გაგებით და არა იმ გაგებით, როგორც ეს იხმარებოდა ამ ტექსტის შედგენის დროს, რაც, საბოლოო ჯამში ცენტრალური ღერძია იოგას სწავლებისთვის და არა უმნიშვნელო დეტალი).
მსგავსება იოგასა და სანქჰიას შორის არის იმაშიც, რომ ნამდვილი მეს შეცნობის გზად ორივეს უგუნურებისგან, მცდარი აღქმისგან და გაიგივებისგან გათავისუფლება მიაჩნია, თუმცა მათ შორის განსხვავებაც არის, რა თქმა უნდა, რადგან ამის გარეშე ეს ორი ცალ-ცალკე მიმდინარეობებად ვერ ჩამოყალიბდებოდა. მაგალითად, განსხვავება იმაშია, რომ სანქჰიასგან განსხვავებით იოგას მიაჩნია, რომ გათავისუფლებისთვის კონკრეტული ქმედებებია საჭირო, არ კმარა აზროვნების დონეზე გათავისუფლება, როგორც ამას სანქჰია ამბობს (და არა მხოლოდ ის), და გათავისუფლებისთვის აზრებს ხორცი უნდა შეესხას, რის ნაწილსაც წარმოადგენს პოზაც, სუნთქვაც და მთლიანად ცხოვრების წარმარვა ამგვარი წინამძღვრით. ეს არის ერთგვარი მოქმედება პრინციპების რეალიზებისთვის. ამაში გამოიხატება იოგას ფიზიკურობა.
მაშ ასე, იოგა, როგორც ფსიქო-ფიზიკური სისტემა ფიზიკურ მოქმედებასაც და ფსიქიკის კონტროლსაც მნიშვნელოვნად განიხილავს. დღესდღეობით იოგას უამრავი ფორმაა და ზოგიერთი მათგანი ფიზიკურ მოქმედებაზეა მიმართული, ზოგი ფსიქიკის კონტროლით შემოიფარგლება, ზოგიც კი ერთსაც და მეორესაც მოიაზრებს. პატანჯალის მიხედვით იოგა ორივეს აერთიანებს, თუმცა, ხანდახან, იოგას მეტად ცალმხრივად მისდევენ. ერთნი მისდევენ მას, როგორც მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებს, მეორენი კი კმაყოფილდებიან წმინდა აზრის დონეზე მუშაობით და იოგას განიხილავენ როგორც მხოლოდ ფსიქიკურ აქტს.
განსხვავებული სკოლები ერთანეთს აკრიტიკებენ: ფსიქიკაზე ორიენტირებულები ამბობენ, რომ ფიზიკურზე ორიენტირებული სკოლები მხოლოდ ვარჯიშებით შემოიფარგლებიან და ეს მხოლოდ ფიტნესია. სიტყვა ფიტნესი მათთვის იოგას დამაკნინებელ ეპითეტად წარმოუდგენიათ და ავიწყდებათ, რომ ფიზიკური მოქმედება იოგას უმთავრესი განსაზღვრულობაა. პრობლემა არ არის იმაში, რომ სკოლები ფიზიკურ ვარჯიშებს მისდევენ, არამედ იმაშია, რომ მათ ვარჯიშთა შესრულება და სწავლება არ შეუძლიათ კვალიფიციურად, რადგან არ იცნობენ იოგას ვარჯიშებს ღრმად, ანდა საკუთარ გამოგონილ ვარჯიშებს არქმევენ იოგას, მეორე მხრივ კი, მხოლოდ ფიზიკურით რომ შემოიფარგლებიან ამაშია პრობლემა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერების განვითარებასთან ერთად ფართოვდება ჩვენი ანატომიისა და ფიზიოლოგიის ჰორიზონტი, თუმცა, ერთნი კმაყოფილდებიან ძველ-ინდური წარმოდგენებით ადამიანის აგებულების შესახებ, რაც აშკარად არადამაკმაყოფილებელია თანამედროვე ადამიანისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ იოგა მხოლოდ ინდური, ან უკეთეს შემთხვევაში სამხრეთ აზიური ცივილიზაციის მიღწევებით უნდა შემოიფარგლებოდას და მას (იოგას) განიხილავენ როგორც კულტურულ პროდუქტს მაშინ, როცა იოგას აუთენტიკური სწავლების თანახმად ეს სწავლება ადამიანს ეხება, როგორც ასეთს, და არა გარკვეულ ეროვნებას. თუმცა, მათთვის ადამიანი, როგორც ასეთი, არის ინდოელი.
თუ ჩვენ ღრმად შევხედავთ საკითხს და იოგას განვიხილავთ როგორც ზოგადსაკაცობრიო მოვლენას, მაშინ ჩვენი ჰორიზონტი ნაციონალურ, კულტურულ, ან რელიგიურ საზღვრებს სცდება და ვხვდებით, რომ მიუხედავად ფორმალური განსხვავებულობისა ადამიანი ყველგან ადამიანია.
ის, რომ ფიზკურს და გონებრივ მიდგომას, ორივეს, თავისი ადგილი აქვს და მათი შესაბამის ადგილას გამოყენება ეფექტიანია, ამას კარგად გადმოსცემს რუსთაველი:
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთ თავში — „პოვნა ავთანდილისგან დაბნედილის ტარიელისა“ — როდესაც ავთანდილი სულიერად განადგურებულ ტარიელს (...სოფლით გაღმა გაებიჯა. 877) პოულობს, რომელმაც სიცოცხლზე ხელი აიღი, მის გამხნევებას ფილოსოფიური საუბრით ცდილობს. თუმცა ტარიელი ყურს არ უგდებს და გრძნობებით უპირისპირდება, გრძნობებით ამართლებს საკუთარ ქცევას. სწორედ ამ დროს, როდესაც ავთანდილი ხვდება, რომ ფილოსოფიური საუბრით ვერაფერს გახდებოდა, ხერხს მიმართავს და ტარიელს ცხენზე შეჯდომას სთხოვს, ფიზიკური მოქმედებისკენ მოუწოდებს, რადგან იცოდა, რომ მოქმედება მას დარდს გაუფანტავდა:
[მაუსის მიახლოებით იხილეთ სიტყვების განმარტება]
ეხვეწებოდა: "შეჯეო ", აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,
ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დაიკარვებდა;
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
ცხადად უთხრა: "შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა".
მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,
ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთაძოწის-ფერთა,
მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,
გაანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა[1] ოხრვა-ახმან;
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.[2]
როგორც კი შეატყობს ავთანდილი, რომ ტარიელს მოქმედებით გრძნობა უბრუნდება, კვლავ ფილოსოფიურ საუბარს განაგრძობს, რაც მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად ფორმალური განსხვავებებისა, ფიზიკურისა და ფსიქიკური მიდგომის სინთეზი უნივერსალურია სხვადასხვა კულტურის ადამიანისთვის. ეს არის მოქმედების შეუცვლელობა, რაც ასე კარგად არის გაცნობიერებული იოგას სწავლებაში და ადამიანის, რომელსაც დუკჰას (სანსკ. ტანჯვის, ტკივილის) დამარცხება ჰსურს, ორივე გზას სთავაზობს. ასანა სანსკრიტულ ენაზე ნიშნავს ჯდომას, აგრეთვე, ტახტს. ღვთაების შემთხვევაში ეს საჯდომი შეიძლებოდა ცხოველიც ყოფილიყო. პატანჯალი ამბობს: სტჰირასუკჰამასანამ, მოხერხებული და მდგრადი პოზიცია ასანაა. ვიასას კომენტარებში მოცემულია მჯდომარე პოზები მედიტაციისთვის ანუ აქ ჯდომა უკვე მოქმედებაა. თუ ტარიელის ცხენზე შეჯდომას (ასანა) შევადარებთ, ფუნქცია იგივეა, ორივე შემთხვევაში საქმე კონტროლირებად პოზაზეა საუბარი.
არის თუ არა პრანაიამა (სუნთქვის კონტროლი) ასანა? გარკვეულწილად არის! ვინაიდან სხეულის მდგომარეობის კონტროლი სუნთქვის დროსაც ხდება, თუმცა სხეულის კონტროლი ყოველთვის სუნთქვის კონტროლს არ გულისხმობს. განხვავება ის არის, რომ ასანა ყველა შემთხვევაში პრანაიამა არ არის, ხოლო პრანაიამა ყველა შემთხვევაში ასანაც არის.
დევიდ გორდონ უაითი ამბობს:
„მაიტრი უპანიშადის მეექვსე წიგნი აგრეთვე შეიცავს, რაც, ალბათ, ყველაზე ადრეული წყაროა, ექვსგზის იოგას, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: პრანაიამა (რაც, ალბათ, სუნთქვის სრულ შეკავებას ნიშნავდა), პრატიაჰარა (გრძნობების შეკავება), დჰიანა (მედიტაცია), დჰარანა (გონების ფიქსაცია), ტარკა (კონტემპლაციური ჩაფიქრება), სამადჰი (კონცენტრაცია).ამ კოპონენტებისგან ხუთი პატანჯალის რვა დანაყოფიან (აშთანგა) იოგაშიც გვხვდება იგივე პერიოდის იოგასუტრაში. ნათელია, რომ მაიტრი უპანიშადში ჩამოთვლილ სიაში არ გვხვდება ასანა, „დამჯდარი პოზა“. მაშინ, როგორ უნდა მოხდეს გადაჯვარედინებული ფეხებით მჯდარი ფიგურების იდენტიფიცირება იოგებთან?“
სწორედ ამიტომ, ასანა პირობითი ცნებაა და არ ნიშნავს კონკრეტულ პოზებს, რომლებითაც ჩვენ იოგას ამოვიცნობთ (ლოტოსის პოზა და ა.შ.), ეს ზოგადი განსაზღვრებაა სხეულის კონტროლისა და გვიჩვენებს, რომ იოგა ფორმალური სისტემა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური მოქმედების შეუცვლელობას ხაზს უსვამს.
[1] ტაეპი შეიცავს ავთანდილის დახასიათებას და აგებულია სიტყვებისა და ცნებების თამაშზე. ავთანდილი, ერთი მხრივ, გონიერთა მკურნალია. მისი ბრძნული სიტყვა ჰკურნავს იმას, ვისაც გაგების უნარი აქვს. მეორე მხირვ, იგი მისი სრულყოფისაგან გონდაკარგულთა, განცვიფრებულთა ოხვრა და „ახი“-ა.
[2] ტარიელმა, აქამდის რომ უგონოდ ლაპარაკობდა, ახლა გონივრული სიტყვა უთხრა.
Bibliography
Patanjali. (1907). The Yoga Darshana - The Sutras of Patanjali with the Bhashya of Vyasa. (G. Jha, Ed.) Bombay: Rajaram Tukaram Tatya.
White, D. G. (2009). Sinister Yogis. Chicago: The University of Chicago Press.
რუსთაველი, შ. (2014). ვეფხისტყაოსანი. თბილისი: ნოდარ ნათაძე.
[i] გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი — ლექციები ფილოსოფიის ისტორიაში (ინდური ფილოსოფია).
ფოტო: უცხო მოყმის ნახვის სცენა თავაქალაშვილისეული ვეფხისტყაოსნიდან