ავტორი — ლუდვიგ ფოიერბახი
ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ბერძენიშვილმა
ტექსტის რედაქტირება - ნანუკა გამყრელიძე
***
Moleschott-ის Lehre der Nahrungsmittel für das Volk-ის განხილვისას გამოთქმული მტკიცება, რომ „ადამიანი არის ის, რასაც ჭამს“, ერთადერთი ფრაზაა ჩემი წერილებიდან, რომელიც კარგად ცნობილი, „დიდი ხნის დავიწყებულია“ და რომელიც ზოგიერთ ადამიანს დღემდე ჩაესმის, თუმცა როგორც გერმანული ფილოსოფიისა და კულტურის ღირსების შემლახავი დისონანსი. სწორედ ამ საშინელმა მითქმა-მოთქმამ დამაყენა ისეთ კარგ ხასიათზე, რომ თავი ვერ შევიკავე და ეს სიტყვათა თამაში საკუთარი ესეს თემად ვაქციე (Der Mensch ist, was er ißt). მიუხედავად ამისა, ჩემი წერილების ძირითად თემას რელიგიური საიდუმლოებების გადაჭრა წარმოადგენს, რადგან ადამიანის სულის ყველა სხვა საიდუმლოებას მხოლოდ რელიგიასთან კავშირში განვიხილავ, მხოლოდ მის საფუძველზე და ხარჯზე. თუმცა, ამავდროულად ცნობილი ვარ როგორც პრიმიტიული მატერიის ფორმის დონემდე დაცემული საშინელი მატერიალისტი, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ ადამიანი ჭამის გარდა, სვამს კიდეც. ასე ვაქციე გასტროლოგია (თეორია კუჭისა და ენის შესახებ) პირდაპირ თეოლოგიურ საგნად და თეოლოგიის საგანი, თავის მხრივ, გასტროლოგიურად სწორედ ამის ხარჯზე თავს უფლებას მივცემ იმედი ვიქონიო, რომ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილს შევიტან ჯერ კიდევ საკამათო საკითხში: რაში მდგომარეობს საჭმელისა და სასმელის მსხვერპლშეწირვის არსი?
ადამიანი არის ის, რასაც ჭამს. „ეს ხომ თანამედროვე ავხორცის ცრუ სიბრძნის უხეში გამოხატულებაა!“ მიუხედავად ამისა, ამ უხეშ მოსაზრებას საპატიო კლასიკური წარმომავლობა გააჩნია; წარსულში იგი „ბერძნული პოეზიის მამამ" გააჟღერა, როდესაც მან ადამიანების კლასიფიცირება იმ საკვების მიხედვით მოახდინა, რომელიც მათ სხვა ხალხებისგან განასხვევებდათ. ჰომეროსი ილიადაში სკვითურ ტომს ჰიპემოლგოსს ანუ რძის მჭამელებს უწოდებს, თუმცა, სიტყვა ჰიპემოლოგოსი თავისთავად ცხენის მწველავს, ცხენის რძის მსმელს ნიშნავს. ასევე, ოდისეაშიც იგი ლოტოფაგებად (ლოტოსის მჭამელები) მოიხსენიებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ოდისევსი მოგზაურობისას შეხვდა. ის იგივენაირად საუბრობს იმ ხალხზე, რომლებმაც „არაფერი იციან ზღვის შესახებ და არ მოსწონთ მლაშე საკვები,"; იგი არაადამიან ან ზეადამიან ციკლოპ პოლიფემოსს აგრეთვე ახასიათებს როგორ კანიბალს და ხაზგასმით უწოდებს კანიბალს (კაციჭამია), ანდროფაგს.
ჰომეროსის მსგავსად, ბერძენი გეოგრაფები და ისტორიკოსებიც ხალხებს მხოლოდ მათი საყვარელი ან გამორჩეული საკვების მიხედვით აღნიშნავდნენ და შესაბამისად მათ უწოდებდნენ:იხტიოფაგებს, თევზების მჭამელებს, ქოლენოფაგებს, კუების მჭამელებს, აკრიდოფაგებს, კალიების მჭამელებს, სტრუთოფაგებს, სირაქლემების მჭამელებს, რიზოფაგებს, ფესვების მჭამელებს, ჰილო და სპერმატოფაგებს, ხეებისა და თესლების მჭამელებს (ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ველური ხეების რბილი ტოტების ნაყოფით იკვებებიან) აგრიოფაგებს, ნადირობით მსაზრდოებელთ ანუ მათ (პლინიუსის მიხედვით), ვინც ლომების და ავაზას ხორცით იკვებებიან; პამპაგებს, ყველაფრის მჭამელებს (ომნივორები); ოპიოფაგებს, გველის მჭამელებს, ართოფაგებს, პურის მჭამელებს, როგორებიც იყვნენ ეგვიპტელები; ანთროპოფაგებს, კაციჭამიებს.
თუმცაღა, ჰომეროსი, მხოლოდ ხალხებს კი არ აჯგუფებს მათი საკვებისგან გამომდინარე, არამედ იგი თავად საკვებს იყენებს ადამიანის მახასიათებელ ზედსართავ სახელად და ნიშნად. იგი ადამიანებს მოიხსენიებს მარცვლეულის ან პურის მჭამელებად, ან წარმოებული სიტყვით, სიტოფაგებად, ან განცალკევებულად, „დედამიწის მცხოვრებ ადამიანებად, რომლებიც პურს ჭამენ", „დედამიწის ნაყოფად" ან „დემეტრას მარცვლეულის მჭამელ მოკვდავებად". მართლაც, ჰომეროსი ღმერთსა და ადამიანს შორის განსხვავებას მათ საკვებს შორის განსხვავებაზე აფუძნებს. ქალღმერთი კალიფსო ოდისევსს„ყველა იმ სახის საკვებით გაუმასპინძლდა, რითაც მოკვდავ ადამიანს შეუძლია დატკბეს" მაგრამ თავად ქალღმერთს მოახლეებმა ამბროზია და ნექტარი მიართვეს. ილიადაში ხაზგასმით არის ნათქვამი: „ღმერთები არც პურს ჭამენ, არც შუშხუნა ღვინოს და იმის გამო, რომ სისხლი არ აქვთ, უკვდავებად იწოდებიან." ისინი ამბროზიას მიირთმევენ, მაგრამ ამბროზია, წინაპრების თანახმად, უკვდავების საკვებს ნიშნავს. თანამედროვეების კი თვლიან, რომის სუბსტანციურია და უბრალოდ უკვდავებას ნიშნავს. ღმერთი ის არის, რასაც ჭამს. ის ჭამს ამბროზიას ანუ უკვდავებას ან უკვდავ საკვებს, ამგვარად იგი უკვდავი ღმერთია. მეორე მხრივ, ადამიანი პურს - დედამიწის ნაყოფს ჭამს, იმას, რაც მიწიერია, არა-ამბროზიაა, მოკვდავია, მაშასადამე ის მოკვდავი ადამიანია.
რაც საკვებია, იგივეა არსიც; რაც არსია, იგივეა საკვებიც. ყველა იმას ჭამს, რაც მის ინდივიდუალიზმს ან ბუნებას, ასაკს, სქესს, სტატუსს, სამსახურს, ღირსებას შეესაბამება. ანუ,„ის, რასაც ადამიანი არ ჭამს მხოლოდ ღორს თუ გამოადგება“, „ყმა-გლეხები იმას ჭამენ რასაც ბატონი არ იკადრებს“. როგორც მიხაელისი აღნიშნავს მოსეს კანონში ებრაული კვების წესების შესახებ, გერმანიის მეზობელი ქალაქები ერთმანეთს ვირის ან კატის მჭამელობას აბრალებდნენ, რაც იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ ხშირად სისხლისღვრითაც კი სრულდებოდა. .ეიზენმერგერის მიხედვით, ებრაელები ქრისტიანებს აბუჩად აგდების მიზნით „ღორის მჭამელებს“ ეძახდნენ.აპოლონის ცხოვრებაში, ფილოსტრატუსი არკადიელებს „ღორებს" უწოდებს, რადგან ისინი ღორების საჭმელს, რკოს, ჭამენ. ასე ეწოდათ მათ ბალანეფაგები, რკოს მჭამელები, ბერძნების მხრიდან მათი სიველურისა და პრიმიტიულობის გამო. ძველი ხალხისთვის რკოს ჩანაცვლება მარცვლოვნებით პრიმიტიული ცხოვრების კულტურული ცხოვრებით ჩანაცვლებას ნიშნავდა და, შესაბამისად, ამ კეთილშობილური ტრანსფორმაციის ნოვატორებს პატივს სცემდნენ როგორც ღვთაებრივ არსებებს. ჩინელებიც კი, სწავლული კონფუცის ნაშრომის თანახმად, „მათი საყვარელი კერძების მცირე ულუფას სთავაზობდნენ მათ პატივსაცემად, ვინც ისინი კეთილშობილურ დიეტაზე გადაიყვანა.“
როგორც პლინიუსი ამბობს, გამომდინარე იქიდან, რომ ქერი გლადიატორების ძირითად დიეტას შეადგენდა, რომაელები მათ ქერს ან ქერიჭამიებს ეძახდნენ; გამომდინარე იქიდან, რომ ღარიბი მოქალაქეებისა და გლეხების საკვებს სატურეია ანუ მლაშე ურცი წარმოადგენდა , ბერძნები მათ როგორც მლაშე ურცის მჭამელებს, ტიმბროფაგებს, ისე მოიხსენიებდნენ;გამომდინარე იქიდან, რომ წინაპრები ტკბილი დაფნით ტკბობას ენთუზიასტურ ეფექტს მიაწერდნენ, ისინიბრძენებსა და პოეტებს დაფნის ჭამიებს, დაფნეფაგებს უწოდებდნენ; „შენ სუნი გაქვს“ ან „ნიორივით ყარხარ“ — ეს კომპლიმენტი რომაელი გლეხების, ჯარისკაცების და მეზღვაურების საკვებიდან წამოვიდა და იგივეს ნიშნავს, რაც ჰორაციუსუს ფრაზა - Odi profanum vulgus et arceo – „ვერ ვიტან ბრბოს და მისგან დისტანცია მიჭირავს“. ბჰაგავადგიტაში ინდოელები სამი სახის საკვებს განასხვავებენ, რაც ადამიანების სამ განსხვავებულ კლასს შეესაბამება რაობისა და ჭეშმარიტების, ვნებისა და სიბნელის სამი თვისების მიხედვით. გემრიელი, ზომიერი საკვები, რომელსაც ჯანმრთელობა, სიძლიერე ხალისი მოაქვს და სასიამოვნოა ჭეშმარიტების კატეგორიას მიეკუთვნება, ცხარე, მლაშე, ცხელი საკვები ვნების კატეგორიას; ხოლო უგემური, აყროლებული, საზიზღარი და საშინელი საკვები — სიბნელის კატეგორიას. მოკლედ, ყოველი კლასი არის ის, რასაც ის ჭამს, ამ საკვების არსის შესაბამისად და პირიქით.
ღმერთები არიან ისინი, ვინც არიან იმიტომ, რომ ამბროზიითა და ნექტარით ტკბებიან — ამბროზიის სითხე ან ამბროზია მათი სასმელია. რამდენადაც ამბროზია და ნექტარი, რაც ერთი და იგივეა, მხოლოდ ღმერთების საკვებს წარმოადგენს, ისინი ღმერთებთან არიან და არა ადამიანებთან, მხოლოდ ფანტაზიის, პოეზიის ოლიმპოზე ან ზეცაში, და არა რელიგიის მიწიერ საფუძველზე, სადაც მათ ტაძრები, ნამდვილი შენობები აქვთ და სადაც მათი სამშობლოა. მხოლოდ თეოლოგიის ილუზორულ ნისლში და არა იქ, სადაც თავს აჩვენებენ ნამდვილი ცხოვრების შუქში და წარმოაჩენენ საკუთარ თავს ანთროპოლოგიის უშეცდომო მოვლენად.
საჰაერო და საზღვაო მოგზაურობების შემდეგ ჰერმესმა ჰკითხა კალიფსოს, „ვინ აირჩია უკაცრიელი მარილიან უდაბნოში ხეტიალი, რომელიც ასე შორს არის მოკვდავთა ქალაქებიდან, რომლებიც საკრალური ძღვენს სწირავენ და ას რჩეული ხარს უკლავენ ღმერთებს? და ფეაკელი მეფე ალკინუსი ამბობს: „ყოველთვის და უხსოვარი დროიდან ხილული ღმერთები გვეცხადებიან — ან ხილვადი, თვალსაჩინო ხორციელი ღმერთები — როდესაც მათ თაყვანს ვცემთ ასი ხარის წმინდა მსხვერპლშეწირვით." ეს წარმოდგენა, უპირველეს ყოვლისა გადმოგვცემს „ფეაკელი ხალხის, როგორც ღმერთის რჩეულის, უპირატესობას," რაც ახასიათებს ყველა ხალხებს, რომლებიც საკუთარ ღმერთს თავიანთ წინაპრად აცხადებენ და მათი რელიგია ძირითადად ადამიანების და ღმერთების ნათესაობაზეა აგებული. ამგვარად, ფეაკელთა უპირატესობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ხალხს და ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, მხოლოდ მათ ნათესაობას ამტკიცებს ღმერთთან, რაც საყოველთაოდ მიღებული მიდგომა და საქციელია. რამეთუ ღმერთები, მათი პერსონალური და ხორციელი არსებით, მხოლოდ მათ სწყალობენ, ვინც მათთვის მისაღებია. უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღემდე, მიმდინარე რეალობა უღმერთოა და სკეპტიკური და ამავდროულად ადამიანი ჭეშმარიტების სახით იმას იღებს, რაც ფაქტობრივია; ის ძირითადად რელიგიას პოეზიად, ფანტაზიად აქცევს, მაშასადამე, ამაშია მსხვერპლშეწირვის ნამდვილი აზრიც და წარმატებაც, რაც უხსოვარ დროში და შორეულ ადგილებში გადასვლაა. ამგვარად, ჰომეროსის თანახმად უმწიკვლო ეთიოპიელები, რომელთა საკვების მსხვერპლშეწირვაში ღმერთები პირადად მონაწილეობდნენ, ყველაზე განაპირა და შორეულ მხარეში მცხოვრები ხალხია,ერთნი, მზის ამოსვლის და მეორენი მზის ჩასვლის ადგილას ცხოვრობენ, მაშასადამე, „ხალხთა შორის უკიდურესი აღმოსავლეთით და უკიდურესი დასავლეთით ." თუმცა, სწორედ ეს უკიდურესი მხარეები, სადაც ღმერთები უშუალო სიახლოვეში შედიან ადამიანებთან, გვიჩვენებენ, რომ მსხვერპლშეწირვის ნამდვილი მნიშვნელობა ჭამა-სმაა და არა სიმბოლური და საიდუმლო ინტერპრეტაციები.
ნექტარი და ამბროზია მხოლოდ თვითმყოფადობას, ადამიანთა და ღმერთებს შორის განსხვავებას გამოხატავენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, ღმერთები არსობრივად განსხვავდებიან ადამიანებისგან — სახელდობრ, მათი შეზღუდულობის, სურვილების და ტანჯული ბუნების გამო — მეორე მხრივ, ისინი ძალიანაც არ განსხვავდებიან, რამდენადაც აქვთ იგივე შინაგანი სამყარო და იზიარებენ მათ ყველაზე საიდუმლო სურვილებს. მსხვერპლშეწირვა ამ არსობრივი იგივეობისა ან საწყისებრივი ერთიანობისა გაცხადებაა. ღმერთებიც ისინი არიან, რაც ადამიანები, ამგვარად, ისინი ჭამენ იმას, რასაც ადამიანი ჭამს: „ისინი ჩვენს საკვებთან სხედან და ჩვენთან ერთად შეექცევიან, როგორც ჩვენ სხვებთან." იგივე საწყისი, იგივე საჭმელი და პირიქით. ადამიანს საკვები თავისთვის უნდა, მაგრამ იგი მას ღმერთებსაც უზიარებს. შიმშილითა და წყურვილით გამოწვეული ტანჯვა ადამიანურია, მაგრამ, ამასთან, შიმშილი და წყურვილი ღვთაებრივიც არის. ღმერთები ნეტარები არიან, ისინი ყოველგვარ სიკეთეს ფლობენ, იმ ადამიანური სატანჯველის გვერდის ავლით, რომელიც თან ახლავს ამ სიკეთეებს. ისინი მხოლოდ პირობებისა და გრძნობების დამოუკიდებლობას და ობიექტივიზაციას უზრუნველყოფენ, რაც ადამიანს აიძულებს მადლიერება და დიდება აღავლინოს, რაც მასში კომუნიკაციის მოტივს აღვიძებს, რამეთუ „სიკეთე თავისთავად ევლინება ადამიანს"; მაშასადამე, ღმერთები ჭამისა და სმისგან, მხოლოდ სიკეთეს იღებენ,ტკბებიან ამით. მათ არ ეხებათ სამწუხარო, მტანჯველი წინაპირობები და არც მათ საშინელ შედეგები.
ჰომეროსი არსად არ წერს ღმერთების შიმშილისა და წყურვილის შესახებ, თუმცა ხშირად და საგულდაგულოდ წერს ადამიანის წყურვილსა და შიმშილზე. იგი მხოლოდ ღმერთების დაპურებასა და დარწყულებაზე საუბრობს. იგი ხაზს უსვამს მხოლოდ დანაყრების, დაკმაყოფილების და სურვილების ასრულების აქტს და ამას ღმერთებს მიაწერს ისეთივე სიტყვებით, როგორითაც ადამიანზე ისაუბრებდა. ამგვარად, ილიადას პირველ სიმღერაში იგი განიხილავს ადამიანს და შემდგომ ღმერთებს: „ისინი ქეიფობდნენ და სუფრზე ყველაფერი იყო რასაც გული ინატრებდა."
ჰომეროსის ე.წ. ქალღმერთის ჰიმნის მიხედვით, ქალიშვილის დაკარგვის ტკივილითა და მრისხანებით შეპყრობილმა დემეტრამ უკან წაიღო თავისი კურთხევა მარცვლეული მოსავლის მიმართ, რათა ხალხი შიმშილით გამწყდარიყო. თუმცაღა, ღმერთები დაკარგავდნენ თავიანთ ძღვენს და მსხვერპლშეწირვას, რომ არა ზევსი გადაწყვეტილება. ამგვარად, საჭმლითა და სასმლით მიღებული სიამოვნების პატივი მათ ეკუთვნით, ხოლო ძალისხმევა, სირთულეები და სიძნელეები, რაც მის მოსაპოვებლად არის საჭირო — ადამიანს (ზემოთხსენებულ ჰიმნში შიმშილი ნახსენებია როგორც სიძნელე). წესები, რომლის მიხედვითაც ღმერთებია აგებული და წარმოდგენილი იგივეა ყველგან, ისინი მხოლოდ მატერიალურ დეტალებში განსხვავდებიან. წინაპრების თანახმად, ღმერთები მატერიალური შედეგის გარეშე ზეიმობენ, რაც ეკლესიის მამებმა წარმართული რელიგიების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს. თანამედროვეებისთვის კი ღმერთი აზროვნებს, მაგრამ არ ცდილობს ჩაერიოს ადამიანის აზროვნებაში. ღმერთს უყვარს, მაგრამ მგზნებარე მოქმედების გარეშე, იმ ტკივილისა და ტანჯვის გარეშე, რაც ადამიანის სიყვარულისთვის არის დამახასიათებელი.
რელიგიის რაციონალურმა მკვლევარმა სწორად აღნიშნა და დაამტკიცა, რომ საჭმლის მსხვერპლშეწირვა ღმერთებისთვის გამიზნული საკვებია, მაგრამ პროზაული დასკვნის ხაზგასმით, რომ მათ ისევე აწუხებთ შიმშილი და წყურვილი, როგორც ადამიანებს, რადგან ისინი ჭამენ და სვამენ, ისინი არასწორად წარმოაჩენენ საკითხს, რადგან ღმერთების არსს, რელიგიური რწმენისა და წარმოდგენის არსს და ეწინააღმდეგებიან. ამ მცდარმა მსჯელობამ მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობის უარყოფით შეცდომაში შეიყვანა თანამედროვე სიმბოლისტები, მიუხედავად კლასიკური ანტიკურობის ნათელი განმარტებებისა.
ამგვარად, ზევსი ილიადას პირველივე სიმღერაში დაუყოვნებლად მიდის ნადიმზე უმწიკვლო ეთიოპიელებთან და მსგავსად ამისა, ოდისეას პირველ სიმღერაში პოსეიდონი „ეთიოპიელებთან ქეიფობს.“ ილიადაში ჰომეროსი ამბობს, რომ აენეუსმა მხოლოდ არტემიდას არ მიართვა მსხვერლპლი მაშინ, როცა სხვა ღმერთები ჰეკატომბებში ქეიფობდნენ;ოდისეაში სამსხვერპლო საკვები განხილულია, როგორც „საკვები ან სტუმრის ძღვენი ღმერთებისთვის“. ჰომეროსის ჰიმნში ჰერმესის მიმართ ღმერთების თაფლი „ტკბილ საჭმელად“ არის მოხსენიებული. მსგავსად ამისა, იეჰოვასთვის გამიზნული „ღმერთის საკვებად“ წოდებულ მსხვერპლშეწირვა მოსეს მესამე და მეოთხე წიგნშია მოცემული. ბერძნების მიხედვით ღმერთებს, ისევე როგორც ადამიანებს სახელები მსხვერპლშეწირვის ანუ საკვების მიხედვით აქვთ შერჩეული. პაუსანიასის თანახმად ჰერა სპარტანელების მიერ აიგოფაგად იწოდებოდა, რაც თხის მჭამელს ნიშნავს, რადგან საბერძნეთში მხოლოდ ისინი სწირავდნენ მას თხებს. ჰესიქიუსის მიხედვით, არტემიდა სამოსში კაპროფაგად იწოდებოდა, რაც ტახი-ჭამიას ნიშნავს. ათენაუსის მიხედვით აპოლონი თევზის მჭამელად, ოპსოფაგად იწოდებოდა, ალბათ თევზეულის მსხვერპლშეწირვიდან გამომდინარე. პლუტარქეს მიხედვით ბახუსი ომოფაგად იწოდებოდა ანუ უმი ხორცის მჭამელად, იმ დღესასწაულიდან გამომდინარე, რომელზე უმ ხორცს, მათ შორის ადამიანის ხორცსაც, მიირთმევდნენ და სწირავდნენ, სავარაუდოდ როგორც რელიგიური გაგებით ადამიანის უწმინდური წარმომავლობის მოგონებას. თავად ზევსი ეილაპინასტესად იწოდებოდა, ის, ვინც ზეიმობს, დღესასწაულიდან ან მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობიდან გამომდინარე. რომაელებმა ლარესს პატარა ფიალა ან თასი უწოდეს, რომელშიც სამსხვერპლო საჭმელს ათავსებდნენ. იუპიტერს დაპალისი შეარქვეს იმ საკვებიდან ან საჭმლიდან გამომდინარე, რომელიც თესვასთან იყო დაკავშირებული. ხდებოდა პირიქითაც, მხოლოდ ღმერთებს კი არ მოიხსენიებდნენ საკვების სახელით, არამედ საკვებს ღმერთების სახელებს არქმევდნენ. ამგვარად, გარკვეული სახის საჭმელებს, რომლებსაც იანუსს სთავაზობდნენ იანუალი დაარქვეს. გარკვეული სახის კვერებს, რომლებსაც არტემიდას სწირავდნენ ამპიფონი უწოდეს, რაც გარემოს მანათობელს ნიშნავს.
ინდოელთა შორის, ყოველ შემთხვევაში „არიელებსა და აღმოსავლეთ ირანელებს შორის, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ მათთან კავშირში“, ლასენის ინდური არქეოლოგიის მიხედვით სომა-მსხვერპლშეწირვა უძველესი იყო და ვედურ პერიოდში უპირველესი იყო სიწმინდითა და ეფექტიანობით, რადგან უზენაეს ღვთაებას, ინდრას, ეძღვნებოდა. სომა აღნიშნავდა მცენარე სომას წვენს, რომელიც შრატთან, ქერთან, ფქვილთან და ველური მარცვლეულის სანელებლებთან და აღმგზნებ, მათრობელა ექსტრაქტთან იყო შეზავებული. ამ წვენს მრავალი თვისება მიეწერებოდა: მასაზრდოებელი, ჯანმრთელობის, დაცვის და უკვდავების მომცემი, რომელსაც ადამიანი ზეცაში აჰყავდა. ღმერთებსაც კი უხაროდათ მისით დათრობა. ინდრა ამ სასმელის მეშვეობით ახორციელებდა მის საქმეებს. ბოჰლენის ინდოეთის მიხედვით სახელი: სომაპა, სომას სასმელი, მორწმუნეს მფარველი იყო. თუმცა, როგორც სომა აღაფრთოვანებდა და ათრობდა ღმერთებს და ადამიანებს ინდოელთა შორის, ასევე ძველო აღთქმის, მსაჯულთა წიგნის მიხედვით, „ზეთისხილი ადიდებს ღმერთებს და ადამიანებს“, „ღვინო აღაფრთოვანებს ღმერთებს და ადამიანებს.“ ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ზეთისხილს, ღვინოს და შესაბამისად სხვა სამსხვერპლო საჭმელს იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ღმერთებისთვის, რაც ადამიანებისთვის, რომ ისინი ამგვარად აღასრულებდნენ რელიგიურ მსახურებას, მათ რელიგიურ ან თეოლოგიურ მოთხოვნილებებს და მიანიშნებდნენ ფაქტობრივ ფსიქოლოგიურ და ანთროპოლოგიურ ეფექტსა და მნიშვნელობაზე.
„ძველი ხალხების ღმერთები არ იყვნენ კერპები; ისინი უფრო გაპიროვნებულ ელემენტებს წარმოადგენდნენ იყვნენ როგორიცაა ცეცხლი და წყალი, ან ციური სხეულები, როგორებიცა მზე, მთვარე და პლანეტები. მაშ როგორღა უნდა მოსვლოდათ მათთვის მსხვერპლშეწირვის სახით საჭმელისა და სასმელის შეთავაზების უგუნური აზრი? მიუხედავად ამისა, როგორც თავად ბერძენი ფილოსოფოსები ამბობდნენ, მზე, მთვარე და ვარსკვლავები ზღვისა და დედამიწის ორთქლით იკვებებიან, ანდა, ბოლოს და ბოლოს თუნდაც ბუნების ძალები არიან, მაგრამ არსობრივად მაინც ადამიანებს ან ადამიანების მსგავს არსებებს ჰგვანან. მაშინ რატომ უნდა ეთქვათ უარი ღმერთებს ადამიანების საკვების ორთქლზე ან თავად ადამიანურ საჭმელზე? და რამდენად ახლოა სახელდობრ ჭამის იდეა ცეცხლის ღვთაებრივობასთან! არის თუ არა დღესდღეობით ჭამა და კვება საყოველთაოდ გამოყენებული ცეცხლის დასაბუთებული გამოხატულება რომელსაც, ჩვენთვის რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ადამიანისთვის, რომელიც მართლაც აპიროვნებს და აღმერთებს ბუნებას, პირდაპირი მნიშვნელობის მქონეა?.განა იეჰოვა არ ჰქვია და თავად არ არის მშთანთქავი, სახელდობრ: მშთანთქავი ცეცხლი? მაგრამ აქვს თუ არა ამ სიტყვას დაახლოებით იგივე მნიშვნელობა რაც ხმალს, რომელიც ჭირისა და შიმშილის დროს გვაჭმევს? არა, რადგან აგრეთვე დაწერილია: „ცეცხლი გარდმოევლინა ციდან“ ან „ცეცხლი გამოვიდა ღმერთისგან და შთანთქა,“ პირდაპირ: „შეჭამა საკურთხევლის ძღვენი და ზეთი.“ ცეცხლის მიერ შთანთქმა ან შეჭმა საკრალურ კავშირშია საკვების მსხვერპლშეწირვასთან. მანუს კანონებში „ბრინჯისა და ხორცის სურვილი“ პირდაპირ „წმინდა ცეცხლს“ მიეწერება ისევე, როგორც სპარსეთში ცეცხლთაყვანისცემა დაპურებად მიიჩნეოდა, თუნდაც „დაპურებაში“ ძირითადად შეშა ვიგულისხმოთ. ასე, მაგალითად, იასნათა შორის, შპიგელის თანახმად: „გპირდები მსხვერპლს და ძღვენს, კარგ საკვებს, ბედნიერების მომტან საკვებს, დახმარების მომტან საკვებს, ო, ცეცხლო, აჰურა-მაზდას ვაჟო.“ მაგრამ როგორ შეესაბამება ამგვარი წარმოდგენა კვებას, როდესაც ცოცხალი არსებებს წყალს სწირავდნენ, რომელშიც ისინი უნდა ჩაძირულიყვნენ? ძალიან კარგადაც: წყალიც სრულიად იგივე გზით მოიხმარს, შთანთქავს მათ. შესაბამისად, ცოცხალი არსებები საკურთხეველში ჩაიყრებოდა და დაიწვებოდა არტემიდესთვის პატრას ფესტივალზე (ლაპრია). მათთვის ცეცხლი და წყალი ცოცხალი ღმერთის სიმბოლოა. მათ სიცოცხლე და სიკვდილი მოაქვთ, თუმცა უფრო სიკვდილი, რამდენადაც თავიანთ მსხვერპლს მოიხმარენ. ინდოელებს შორის საკუთარი თავის ცეცხლისა და წყლისათვის შეწირვა სუიციდად არ ითვლებოდა, არამედ, უბრალოდ, წმინდა მსხვერპლშეწირვად.
თუმცა, ნებაყოფლობით თუ არანებაყოფლობით, ცოცხლად თუ მკვდრად, მთლიანად თუ ნაწილ-ნაწილ, შამფურზე შემწვარი თუ ქოთნში მოხარშული, უმი თუ მომზადებული, წყალში თუ ცეცხლში, მსხვერპლი ღმერთების საპატივცემულოდ იწირება. შეიძლება ითქვას: მსხვერპლშეწირვა ღმერთების გამოკვებაა. „პერკუნას, შეჩერდი! ნუ გამინადგურებ მოსავალს, სანაცვლოდ ხორცის ნაჭერს შემოგწირავ.“ ასე ლოცულობდა ლიტველი გლეხი და მიმართავდა ჭექა-ქუხილის ღმერთ პერკუნას. „მიირთვი, ო, ზეიმინიკ! მიირთვი საუკეთესო სურვილებით ეს შესაწირი და შენც ბედნიერი იყავი.“ ასე მიმართავდა პრუსიელი გლეხი ღმერთს და მას ღორებს, ბატებს, წიწილებს და ხბოებს სწირავდა. თუმცა, სწორედ ხალხის ხმა და არა სწავლულების ხმა არის თავად ღმერთის ხმა. „ჩვენი იმედი გვაქვს, რომ საკვების მოხმარების ამგვარი დამოკიდებულება მხოლოდ წარმართულ ღმერთებს აქვთ.“ განა ესეც წარმართული ღმერთები არიან, როდესაც ქრისტიანობაში, ერთი შეხედვით ასეთი სულიერი ღმერთი, რომელიც, თუნდაც თუ გამოვტოვებთ ზიარების საკრალურობას, ადამიანებს შთანთქავს? განა ქრისტიანი ღვთისმეტყველები და ფილოსოფოსები თავიანთ თეოლოგიაში განუზომელ სიკეთედ არ განიხილავენ მათი შემოქმედის მხრიდან წყალს, თევზს, ფრინველს, მცენარეებს, უამრავ საუცხოო საკვებს, რასაც ბუნება ადამიანს აძლევს? განა ისინი არ ამტკიცებდნენ, რომ თვით ღვთაებრიობაც კი გემოვნების ორგანოს საგანია, რომ ადამიანი „არამხოლოდ სულში უსინჯავს გემოს უფალს არამედ პირის ღრუშიც? [„იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია უფალი“ ფსალმ. 34.8] მართლაც, განა იგივე მიზეზის გამო არ იყნოსა ეპიკურიანიზმის სუნი ციცერონმა ღვთაებრივ პროვიდენციაში? განა მართალი არ იყო იგი? მაგრამ როგორ შეიძლება ვინმემ ადამიანი საკვების მრავალფეროვნებით გააბედნიეროს, თუ ამ სიამოვნებაში მონაწილეობას არ იღებს? მაგრამ როგორაა შესაძლებელი რაიმესგან სიამოვნების მიღება, რასაც კარგი გემო აქვს სხვისთვის, საერთოდ როგორ უნდა შეიქმნას საკვები, რომელსაც მხოლოდ სხვისთვის აქვს კარგი გემო, თუ თავად შემქმნელს არ აქვს გემოვნება? [მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. — გ.ბ.]
ძველ ხალხში მარილს განსაკურებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ებრაული ღმერთი ბრძანებდა, სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ: „ყოველ ძღვენს ან მსხვერპლს მარილი უნდა მოაყაროთ და არ უნდა გამოგრჩეთ როგორც ღვთის მცნება. ყოველი მსხვერპლშეწირვისას მარილი უნდა შეწიროთ.“ ინდოელთა შორის თუ მარილი ყველა მსხვერპლშეწირვაში არ გამოიყენება, რაც მე არ ვიცი, ზოგიერთში მაინც გამოიყენება, მაგალითად, ისეთ მნიშვნელოვან მსხვერპლშეწირვაში, რომელსაც ინდოელები შრადჰას უწოდებენ. რომაელები მარილს სამსხვერპლშო ნამცეცებში ურევდნენ, მოლა სალსა, და შესაწირ ცხოველს შუბლზე, საკურთხეველზე და დანაზე უსვამდნენ. ეს მსხვერპლშეწირვის იმდენად მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, რომ სიტყვა მსხვერპლშეწირვა, იმმოლარე, თავად ამ სიტყვისგან მოდის. რომაელი პოეტების, ჰორაციუსის, ოვიდიუსის, და ტიბულუსის მიხედვით, ღმერთების საამებლად ანუ იმისთვის, რომ ადამიანებმა მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ, მხოლოდ ცეცხლში შემწვარი სამსხვერპლო ფქვილი და მარილის მარცვლებია საჭირო ან საკმეველი, რომელიც დამახასიათებელი ატრიბუტია უფრო გვიანდელი პერიოდის მსხვერპლშეწირვისთვის. ჰომეროსის პოემებში, რომელშიც ამომწურავად არის აღწერილი მსხვერპლშეწირვის პრაქტიკა, აღმოვაჩენთ ქერის ფქვილის მოფრქვევის რიტუალს სამსხვერპლო ცხოველის შუბლზე, რადგან ქერი წარმოადგენდა ძველი ბერძნების საკვებს. თუმცა, მარილზე მინიშნება აქაც აშკარაა, ილიადას კომენტატორებიც კი და მისი შემდგომი ინტერპრეტატორები, რომლებიც ერთგულად მიჰყვებოდნენ მას, ამტკიცებდნენ, რომ ქერის ეს მარცვლები მარილში შერეული უნდა გამოეყენებინათ, როგორც ამას რომაელები აკეთებდნენ. უფრო გვიანდელმა კრიტიკულმა კომენტატორებმა დაასკვნეს, რომ ჰომეროსის თანახმად მარილი მხოლოდ აქილევსის ნადიმზე ჩატარებულ რელიგიურ მსახურებაში გამოიყენებოდა, სადაც ხორცს ჯერ ამარილებდნენ და შემდგომ ღმერთების ცეცხლში ყრიდნენ. ამგვარად, ჰომეროსი მარილის გამოყენებას ღვთაებრივ აქტად მიიჩნევს, რაც აშკარად მისი განსაკუთრებულობისა და თვისებების აღიარებაა. მაშ, რატომ არ იყო ეთიოპიელებისა და ფეაკების სუფრაზე ღვთაებრივი მარილი, რომელიც ასე უყვართ ღმერთებს, როგორც მას პლატონი უწოდებს?
მაშ რატომ გამოიყენებოდა მარილი მსხვერპლშეწირვის დროს? „იმიტომ, რომ მასში გარკვეული გამწმენდი ძალა იგულისხმებოდა.“ თუმცა, მარილი, როგორც წესი, გამწმენდ საშუალებად მხოლოდ წყალთან ერთად გამოიყენება, მაშასადამე, მლაშე საკვები, ზღვის წყალი, როგორც ეს ილიადას პირველ სიმღერაშია, რითაც ბერძნები განიწმინდებოდნენ და „თავიანთ ცოდვებს ზღვაში ყრიდნენ“ და ევრიპიდეს ნათქვამიც: „ზღვა ადამიანს ყოველგვარ ცოდვას ჩამობანს“, ამას მოწმობს. გარდა ამისა, როგორც ვიცით, განწმენდა წინ უძღვოდა მსხვერპლშეწირვას და ეს ხდებოდა განწმენდის ყველაზე ბუნებრივი, ყველაზე ეფექტური და ყველაზე ძირითადი საშუალებით — წყლით. „უბიწოება და სიწმინდე ღმერთებისთვის მოსაწონია: შესაბამისად, მათ სუფთა ტანსაცმლით და სუფთა“ ანუ დაბანილი „ხელებით“ — სუფთა მკვლელობისა და სისხლისგან, აგრეთვე ნებისმიერი სახის სიბინძურისგან თავისუფალი — მიმართე. ფაქტობრივად სწორედ ამ მიზეზით ძველ დროში წყალს — აგრეთვე ცეცხლსაც — როგორც წესი, არამხოლოდ ფიზიკური გაწმენდის საშუალებად მიიჩნევდნენ, არამედ რელიგიური განწმენდისაც. რომაელი პოეტებსთვის მარილი და სამარილე წმინდა იყო. თუმცა, ყველა საგანი, რაც მსხვერპლშეწირვის და რელიგიურ მსახურების დროს გამოიყენებოდა წმინდა იყო და წმინდად იწოდებოდა, მათ შორის ჭურჭლებიც კი. ჰომეროსის მიხედვით, აქილევსმა თავისი სასმისი გაწმინდა, სანამ მასში ღვინო ჩაასხა ზევსისთვის, თუმცა მას მარილით არ გაუწმენდია, არამედ გოგირდით გაწმინდა და შემდგომ ის წყაროს წყლით გარეცხა. მანუს კანონების თანახმად, ინდოელი წმინდანი, განდეგილი, სანიასინი, ვალდებულია თავისი ჭურჭელი წყლით გაწმინდოს. სპარსელები, და სხვათა შორის ინდოელებიც, თავიანთ ჭურჭელს და საკუთარ თავსაც საქონლის შარდით და მიწით ასუფთავებენ, მაგრამ აზრი ამ რელიგიური, ზებუნებრივი და არაბუნებრივი განწმენდისა ასევე ბუნებრივი გამწმენდი საშუალების, წყლის თვისების ამგვარი გაგებიდან გამომდინარეობს.
მსხვერპლშეწირვაში მარილი იმიტომ იყო გამოყენებული, რომ ის სისხლის ძირითადი შემადგენელია და საკვების აუცილებელი კომპონენტი, რადგან საკვებს მარილის გარეშე, გემოს გარეშე, ეფექტის გარეშე, აზრი არ აქვს. ასე რომ, საკვები მსხვერპლშეწირვის ძირითადი მნიშვნელობა და საფუძველია. მსხვერპლშეწირვა ღმერთებისა და ადამიანების საერთო ნადიმია, მაგრამ სტუმრისთვის უმარილო საკვების შეთავაზება უპატივცემულობის ნიშანი უფროა, ვიდრე პატივისცემის, სიძულვილის უფროა, ვიდრე სიყვარულისა. „უმარილო საკვები, შეგიძლიათ ძაღლებს დაუყაროთ“ ამბობს J. Saubert-ი De sacrificiis-ში. მარილის მნიშვნელობა იმდენად აშკარაა, რომ ის განხილვასაც კი არ საჭიროებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ფაქტობრივი, ფიზიოლოგიური მნიშვნელობით, ისე მისტიკური და სიმბოლური სახით. მარილი „მეგობრობის, ერთგულების, დამოყვრების სიმბოლოა“, მაგრამ არამხოლოდ იმიტომ, რომ ის ყველაფერს რასაც ეხება იცავს ხრწნისა და გაფუჭებისაგან, არამედ იმიტომაც, რომ მარილი საკვების სიმბოლოა. ის საკვების სიმბოლოა, რადგან საკვებს სულს, გემოს ანიჭებს, მის მონელებადობას აუმჯობესებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ის თავადაც არის საკვები — რამდენადაც ის ცალკეულად გამოიყენება ცხოვრებასა თუ ენაში — მაგალითად, გამონათქვამში: „ერთად ბევრი მარილი გვიჭამიაო“, კარგად ცნობილი გამოთქმის თანახმად ის ზოგადად საკვების ერთობლიობასაც გამოხატავს (პურ-მარილი. გ.ბ.). თუმცა, ამგვარი რამ იგულისხმება ან ხდება საზოგადოებაში, რომელიც ურთიერთობაზე აგებული, ბუნებრივი საზოგადოებაა. ამგვარად, აღმოსავლურ, ებრაულ ტრადიციაშიც კი ეზრას თანახმად — სხვათაშორის ერთ-ერთ ორაზროვან ნათქვამში — მარილის ჭამა იგივეს ნიშნავს, რაც გერმანულში პურის ჭამა, რომელიც, როგორც ცნობილია, ორივეს გულისხობს „მსახურებასაც“ და „სიმღერასაც“. აგრეთვე, არაბებიც მარილიან პურს ჭამენ იმ დღეს, როდესაც ხელშეკრულებას დებენ და ასევე იქცევიან ბერძნებიც, რომლებისთვისაც მარილი მეგობრობის, გარკვეულწილად, სტუმართმოყვარეობის, ყველაზე უფრო მეტად კი მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა. რომაელები, მაშასადამე, ოჯახში სამსხვერპლო მაგიდაზე პირველი ხილით სავსე თეფშს დებდნენ სამარილეთან ერთად იმის აღსანიშნავად, რომ სუფრას მარილიც კი არ აკლია და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მარილის ჩვეულებრივი გამოყენებაც სიმბოლური გამოყენების გარდა sale nihil utilius (მარილზე გამოსადეგი არაფერია). რამდენად მართლაც მნიშვნელოვანია, რომ არ უგუვლებელვყოთ ჰომეროსის გამონათქვამი ადამიანებზე, მათ შორის ღვთაებრივ საკითხებში, არ დაგვავიწყდეს კავშირი კუჭისა თავთან, ნერვებისა სისხლთან და სულისა სხეულთან! ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს სიმბოლისტებს ეს დაავიწყდათ, რამაც სავალალო შედეგი მოიტანა, როდესაც ისინი სამარილეს, „საღვთო სუფრას“, ხედავენ საკურთხეველში, მაგრამ ვერ ამჩნევენ საკვებით სავსე თეფშს, რომელიც მათ ცხვირწინ დევს.
რა თქმა უნდა, ებრაული „მარილის აღთქმა — რაც ორჯერ გვხვდება ძველ აღთქმაში — ან როგორც ამას სხვაგან ვკითხულობთ, „ღვთის აღთქმის მარილი“, აღნიშნავს სხვა არაფერს თუ არა მსხვერპლს და საკვებს, რომელიც იეჰოვამ თავის ხალხს აღუთქვა. თავის ლექსიკონში გეზენიუსი ებრაული brit-ის ანუ აღთქმის წარმომავლობას barah-სთან ანუ საკვებთან აკავშირებს, რადგან აღმოსავლეთში „ვინმესთან ერთად ჭამა“ მასთან მეგობრობის ტოლფასია (მეგობარი (გობი-დან, რაც ჭურჭელს ნიშნავს) გ.ბ.) და ებრაელებიც, აღთქმის დასაცავად ზეიმობდნენ, როგორც ამას მოსეს პირველი წიგნი გვაუწყებს. მაშასადამე, მარილის აღთქმა „მარადიულია“, რადგან თავად მარილი უწყვეტობის და მუდმივობის სიმბოლოდ იქცა, რადგან კონსერვაციას უზრუნველყოფს და ხრწნისგან იცავს. მიუხედავად იმისა, რომ მარილს აქ ეს მნიშვნელობა აქვს, მისი კავშირი სუფრასთან და საჭმელთან ამით არ შემოიფარგლება. მარილი არამხოლოდ საჭმლის მონელებადობას და გემოს უზრუნველყოფს, არამედ ხანგრძლივი ვადით იცავს გაფუჭებისგანაც, რამდენადაც საკვების სითხეში იხსნება. ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპოსი, ვარონისა და ციცერონის კვალდაკვალ, ამბობს, რომ ღორმა, რადგან ის ერთადერთი ხორცისმჭამელი ცხოველია, რომელიც ადამიანის სიამოვნებისთვის შექმნა ბუნებამ, სული მიიღო მარილის ნაცვლად, მაშასადამე, მისი ხორცი არ გაიხრწნება. ებრაელები არ ჭამენ ღორს და, შესაბამისად, შაშხს, რომელიც ბერძნებისა და რომალებისთვის, მეორე მხრივ, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თავად კატონმა მთელი თავი მიუძღვნა მხოლოდ დამარილებას. თუმცა, მათ ზუსტად იცოდნენ მარილის შემნახავი მნიშვნელობისა და ფუნქციის შესახებ და კარგად იყენებდნენ საკვებში. ისრაელიტები უდაბნოში ეგვიპტურ თევზს, ხახვს, ნიორს, ნესვს და მწნილებს ნატრობდნენ. ვერავინ იტყვის, რომ მათ არ იცოდნენ მარილიანი მწნილების და სარდინების გემო. ფაქტობრივად, ებრაელებს ჯერ კიდევ მაშინ და მას მერეც უყვარდათ თევზი მარილწყალში, როგორც ამას პლინიუსი ამბობს. სხვათაშორის, მცირე ზომის დამარილებულ თევზებს ლიკიაში ღმერთებ მსხვერპლად სწირავდნენ. დავამატებ, რომ მცირე ზომის ზღვის თევზებსაც, mainides, როგორც ამას ბერძნები უწოდებდნენ, რომელსაც ქაშაყივით ამარილებდნენ და რომელსაც ზღვის წიწვოვნებთან ერთად სწირავდნენ ჰეკატეს, — ამ მიზეზით მას ჰეკატეს საჭმელი ეწოდებოდა — მაგრამ ზუსტად არ ვიცი, დამარილებულად სწირავდნენ თუ არა.
სასმელიც საჭმელთან გაუყრელია, ღვინო სუფრაზე — მაშასადამე, ძველი ხალხის თანახმად ღვინოსთან ურთიერთობა სუფრაზე ყოფნას ნიშნავს — სასმელის მსხვერპლშეწირვა საჭმლის გვერდიგვერდ სრულდება. ღვინის რიტუალური გამოყენება მსხვერპლშეწირვის საუკეთესო მხარეზე მეტყველებდა, მიწაზე დაღვრილი ღვინო ჯერ კიდევ არ იყო ღმერთების მოხმარებისთვის. თუმცა, სასმელის შეთავაზებას იგივე შინაარსი ჰქონდა, რაც საჭმლის შეწირვას, ამას მოწმობს ძველი აღთქმა, სადაც საქონლის ან ცხვრის „სასიამოვნო სუნი ღმერთისთვის იყო გამიზნული, აგრეთვე ღვინოც უნდა მომზადებულიყო როგორც სასმელი, რომელიც საკურთხეველზე ან მიწაზე უნდა მოესხათ და ამას „ღმერთისთვის განკუთვნილ სამსხვერპლო სასიამოვნო სურნელს“ უწოდებდნენ.
რომაული ჩვეულება ადასტურებს, რომ მღვდელი, რომელიც დედამიწაზე, ფაქტობრივად, ღმერთის წარმომადგენელია, ღვინოს სამსხვერპლო სასმისით ჯერ თავად აგემოვნებს და შემდეგ ირგვლივ მყოფთ სთავაზობს თითო ყლუპს, სანამ სამსხვერპლო თასიდან სამსხვერპლო ცხოველთა რქებში ჩაასხამს. საბოლოო ჯამში, ჰომეროსიდან მოყვანილი ფრაზები, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, ადასტურებს, რომ ღვინო მოესხმებოდა არა როგორც ამას ზოგი თარგმნის, „მხურვალე ალში მსხვერპლშეწირვისა,“ ან „ელვარე ალში მსხვერპლშეწირვისა,“ არამედ დასაწვავ მსხვერპლთან ერთად ან სამსხვერპლო ცხოველის ნაჭრებზე იმისთვის, რომ გამოჩნდეს, რამდენად ერთიანია საჭმელი და სასმელი. გარდა ამისა, ღვინო, რომელიც სუფრაზე ან საკურთხეველზე, ქურაზე ან მიწაზე იღვრებოდა, თავისთავად ცხადია, არ გულისხმობდა იმას, რომ ღვინო ცაში სამსხვერპლო ცეცხლის კვამლის მსგავსად ავიდოდა. „მან ღვინო დაღვარა, თან ცაში იყურებოდა“ — ამბობს აქილევსი ილიადაში. რატომ იყურებოდა ცაში? მართლა ხედავდა ღმერთების მამას, ვისთვისაც ღვინოს ღვრიდა? ჩანან თუ არა ღმერთები ფიზიკურად, პროზაულად როგორც ვარსკვლავები და ღრუბლები? არა! ადამიანი მათ მხოლოდ საკუთარ გონებაში, წარმოდგენაში, რწმენაში ხედავს, რადგან თავად ისინი მხოლოდ აზრის, რწმენის, წარმოდგენის სახით არსებობენ. სწორედ ამ აზრით და სულისკვეთებით, ღვინოც ზეცაში ადის, მიუხედავად იმისა, რომ მიწაზე ეცემა, როგორც საგრძნობი ქმედება და სინამდვილე. მაშასადამე, ესმის თუ არა ღმერთს მოკვდავთა ლოცვა? სცემს თუ არა პასუხს, როგორც ებრაული თქმულება გვაუწყებს, ცალსახად, გასაგონი ხმით? არის თუ არა თქვენი ჰიმნები და ლოცვები, თქვენი რელიგიური დოგმები და ცერემონიები საერთოდ იგივე აზრის და მნიშვნელობის, რა აზრიც ჰქონდა ძველი ხალხების მსხვერპლშეწირვას? თუ ყურადღებით და კარგად დავაკვირდებით, საკუთარ თვალში დირეს ვერ ვხედავთ და წარმართთა თვალში ბეწვსაც კი ვამჩნევთ. სწორედ ასევე, ღმერთებიც იგივე სახით ტკბებიან შეთავაზებული საკვებით, როგორც ღვინო აღწევს ზეცას ანუ ეს არც სინამდვილეში ხდება და არც ფიზიკურად, ისინი არ ტკბებიან საკვებით, რადგან მათი არსებობა მხოლოდ აბსტრაქტული და იდეალისტურია ანუ წარმოსახვითი და მათ მიერ საკვების მიღებაც აბსტრაქტულია. ფაქტობრივი, მატერიალური ტკბობა მხოლოდ მათ ხვდებათ წილად, ვინც მსხვერპლშეწირვას ატარებს, უპირველეს ყოვლისა მღვდლებს. მაშასადამე, რადგან ღმერთების ნაცვლად და მათი სახელით მღვდლები ჭამენ, საუკეთესო საკვები და გემრიელი ნაჭრებიც, რაც, ბუნებრივია, ღმერთების წილია, აგრეთვე, სამღვდლოდ ან სულიერ საჭმელად ისევე, როგორც გემრიელ საკვებად იწოდება.
ერთ უბრალო გერმანულ ანდაზაში, რომელის უბრალოებაც მის სიმართლეშია, „ჭამა და სმა სხეულსა და სულს აერთიანებს,“ ეს არამხოლოდ სხეულსა და სულს, არამედ ღმერთსა და ადამიანს, მე და შენ-საც აერთიანებს. მსგავსად ამისა, ბერძნები და რომაელები არ ივიწყებდნენ მათ კეთილისმყოფელებს, რომლებიც ფიზიკურად არ ესწრებოდნენ სუფრას ისევე, როგორც მათ მეგობრებს, ორივე სქესისას, თავიანთი ქეიფისა და ბაქჰანალიის (გავრც. ვაკხანალია) დროს, როდესაც ისინი სვამდნენ საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ ახლობლებთან სიახლოვე ეგრძნოთ, მიუხედავად სივრცობრივი დაშორებისა, მაშასადამე, როდესაც ისინი დალევას აპირებდნენ, პირველ და ბოლო სასმისით ღმერთს ადიდებდნენ, ღვინოს მოასხურებდნენ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში და დარწმუნდებოდნენ, რომ სხვამაც დალია, თუმცა აქ მხოლოდ ყველაზე კეთილშობილურ დეტალზე ვისაუბრებთ. თუმცა, ეს ღვინის მოსხურება — როგორც ნათქვამია, ღვინოს მიწაზე ან სხვაგან მოასხამდნენ, რადგან ისინი ფიზიკურად თვალსაჩინოები არ იყვნენ, ღმერთებს არ ჰქონდათ ანატომიური, ფიზიოლოგიური ხახა და მუცელი — ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ დაედასტურებინათ თავიანთი სისხლით ნათესაობა ღმერთებთან და ერთიანად ეგრძნოთ მათთან თავი, რადგან „ღვინო ერთნაირად აღაგზნებს ადამიანებსაც და ღმერთებსაც,“ მიუხედავად იმ პოეტური განსხვავებისა, რაც ადამიანის სისხლსა და ღმერთების მისტიკურ სითხეს შორის არის. ამგვარად, ბერძნებისთვის ღვინის მოსხმა და მოპკურება გამწმენდი მსხვერპლშეწირვის სიმბოლო იყო, ეს აღნიშნავდა გარკვეული შეთანხმების განწმენდას, ბოლოს, უდიდეს შემთხვევაში, თავად შეთანხმებას. მსგავსად ამისა, ებრაელებშიც, ისევე როგორც ბერძნებში, ეს რიტუალი შეთანხმების მიღწევის ტოლფასი იყო.
ხალხები და ინდივიდები ბარბაროსთა შორის თავად ურევდნენ ღვინოს საკუთარ სისხლთან, როდესაც რაიმე შეთანხმებას დებდნენ — რომაელებმა ამ სასმელისთვის სიტყვაც კი მოიგონეს assiratum, რაც assir-სგან ანუ სისხლისგან გამომდინარეობს — ან ისინი საკუთარ სისხლს ღვინის გარეშე სვამდნენ იმისთვის, რომ აღენიშნათ და ამ გზით ეფექტიანი გაეხადათ მათი კავშირი სიცოცხლეში და სიკვდილში, როგორც ერთი სისხლის მქონე არსებების, აგრეთვე, ერთი ნებისა და სურვილისა იმისთვის, რომ, თითქოს, იძულებით გაეძლიერებინათ ბუნებრივი სისხლით ნათესაობა ან ხელოვნურად სისხლით დანათესავებულიყვნენ. ებრაელებისთვისაც საღვთო აღთქმა სისხლით არის განწმენდილი, თუ ადამიანის სისხლით არა, ხარის სისხლით. თუ სისხლით არა, რომელსაც სვამენ, მაშინ სისხლის მოპკურებით ადამიანებზე და საკურთხეველზე.
თუ სისხლის მოპკურების და მოსხმის რიტუალით გვსურს, ამომწურავად ავხსნათ მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობა, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ის ვინც შეთანხმებას დაარღვევს, უნდა მოიკლას, როგორც სამსხვერპლო ცხოველი, ან ის, რომ სამსხვერპლო ცხოველის სისხლი ადამიანის სისხლს წარმოადგენს, რომელიც უფლისთვის უნდა შეიწიროს, მაშინ, ფაქტობრივად, უდიდეს წინააღმდეგობაში მოვდივარ ღმერთის არსთან. ღმერთები განრისხდებიან, თუმცა მათ აგრეთვე უყვართ, ისინი სჯიან, მაგრამ აგრეთვე ასაჩუქრებენ, ისინი კლავენ, მაგრამ აგრეთვე აცოცხლებენ. მხოლოდ ბოროტი, მრისხანე, მკვლელი ღმერთი ზეიმობს მოკლული მსხვერპლის სისხლით მაშინ, როცა კეთილი ღმერთი, ღმერთი, რომელიც ერთიანია ადამიანთან, ღმერთი, რომელიც სიცოცხლეს იძლევა, ზეიმობს საკვებით. სისხლი, სიკვდილი, გამოსყიდვის ნიშანია მაშინ, როცა გამოსყიდვის მიზანი საკვები და სიცოცხლეა. ამგვარად, „აღთქმის მარილი“ „აღთქმის სისხლს“ წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც მოსემ ხალხს სისხლი აპკურა, ღვთის მთაზე ავიდა უძველეს და რჩეულ ებრაელ ხალხთან ერთად და „მათ იხილეს ისრაელის ღმერთი და რადგან მათ იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს“ ანუ ნაცვლად იმისა, რომ დახოცილიყვნენ ამ ხილვის შედეგად, მათ გაიხარეს საკვებით და სიცოცხლით. შპეგელის მიხედვით ვენდიდადის მესამე ფარგადში ნათქვამია: „საკვებით ცოცხლობს მთელი მიწიერი სამყარო, მის გარეშე დაიღუპება“. Bios ბერძნულად, vita ლათინურად, ასე აღინიშნება არამხოლოდ სიცოცხლე, არამედ სიცოცხლის საშუალებებიც, საკვები საშუალებებიც და სიცოცხლის სახეობებიც, რომლებიც ამით არიან განპირობებულნი, როგორც ეს გერმანულ გამონათქვამშია: რითი ვცოცხლობთ და რითი ვსაზრდოობთ. დემეტრა არის ის, ვინც საზრდოსაც გვაძლევს და სიცოცხლესაც. ძველ აღთქმაშიც საკვების მიღება, ჭამა უბრალოდ სიცოცხლეს აღნიშნავს. ამიტომაც, კერპების და ხელთქმნილი, მკვდარი ღმერთების მიმართ ნათქვამია: „ისინი ვერ ხედავენ, მათ არ ესმით და ისინი არ ჭამენ“. ჭამა, აგრეთვე, ნიშანია ჭეშმარიტი, ცოცხალი ღმერთისა.
თუმცაღა, ღმერთები არ ჭამენ ყველაფერს განურჩევლად და დაუწუნებლად, პირიქით, ღმერთი იმას ჭამს, რაც თავად არის, რაც მისი შესაფერისია, რასაც მისი ხასიათი, მისი საწყისი აქვს. ამგვარად, მამრი ღვთაება მამრ, ხოლო მდედრი ღვთაება მდედრ ცხოველს ჭამს, მარადიული ქალწული — დეკეულს და ა.შ.
უპირველს ყოვლისა, მაშასადამე, ებრაელთა ღმერთის საჭმელი არ არის ყველას საჭმელი, არამედ რჩეულია, რადგან ისინი რჩეული ხალხია. „არანაირი ქვეწარმავალი“ — ამბობს ებრაელთა ღმერთი ლუთერის თარგმანის თანახმად, — „არ უნდა ჭამო. ის უნდა გეზიზღებოდეს. არ შეაზიზღო შენს სულს და არ წაბილწო, არ დაიმცირო საკუთარი თავი. რადგან მე ვარ ღმერთი უფალი შენი. მაშასადამე, შენ უნდა განწმინდო საკუთარი თავი, უნდა იყო წმინდა, რადგან მე ვარ წმინდა და არ უნდა დაიბინძურო სული ნებისმიერი ქვეწარმავლით, რაც კი დედამიწაზე დაცოცავს.“ შენ უნდა იყო წმინდა, რადგან მე ვარ წმინდა ანუ საკუთარი თავი არ უნდა წაბილწო, რადგან მე ვარ სუფთა: რადგან სიტყვას „წმინდას“ აქ აქვს ის მნიშვნელობა, რაზეც კონტექსტი ნათლად მიუთითებს. არ უნდა წაბილწო საკუთარი თავი იმით, რაც მე ავკრძალე, ნიშნავს, სხვას არაფერს თუ არა: არ ჭამო ის, რასაც მე არ ვჭამ, რასაც ვერიდები, რითაც თავს არ ვიბილწავ. მაგრამ, რატომ არ უნდა ჭამონ ის, რაც უწმინდურია? რადგან ადამიანი არის ის, რასაც ის ჭამს. თუ რაიმე საზიზღარს ჭამს, თვითონ ხდება საზიზღარი. და განა მართლაც ასე არ არის? თუ ადამიანი რაიმე საზიზღრობას და საძაგლობას ჭამს, თვითონაც ზიზღის ობიექტი არ ხდება ჩვენთვის? განა ებრაელები წარმართების დასაცინი და ზიზღის ობიექტები არ გახდნენ, როდესაც უარი თქვეს იმ საჭმელზე, რაც წარმართებს უყვარდათ? სინეზი ამბობს: „სუფრა წმინდაა, რადგან სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობის ღმერთს მასზე თაყვანს სცემენ“. ამის საპირისპირო აზრით, სიძულვილისა და მტრობის ღმერთის თაყვანისცემა იქ არ ხდება, სადაც საერთო სუფრა არ არსებობს? მაგრამ, განა ამ აზრში სიძულვილი არ ძევს: ვინც არ ჭამს იმას, რასაც ჩვენ ვჭამთ, აგრეთვე, არ არის ის, ვინც ჩვენ ვართ?
დიახ! ადამიანი არის ის, რასაც ჭამს. მაგრამ იგი არამხოლოდ საყლაპავი მილის მეშვეობით ჭამს. იგი ტრაქეის მეშვეობითაც იკვებება, რაც უფრო მაღალი რანგისაა, ვიდრე საყლაპავი. ჰაერის ჭამა-სმა სუნთქვას ნიშნავს. ამ მიზეზის გამო ძველი ხალხი ჰაერს საკვებს და საზრდოს უწოდებდა და სავსებით სწორიც იყო, რადგან მხოლოდ ჰაერის მონაწილეობით, ჟანგბადთან ერთად გარდაიქმნება საჭმელი არტერიულ სისხლად. მაგრამ, ვინ არ იცის, რამდენად დამოკიდებულია ადამიანის ბუნების არსებობა და საწყისი სისხლის ამ ეთერულ ნაზავზე? ვინ უარყოფს, რომ „წმინდა ყოფიერება“ და „წმინდა აზროვნება“ მხოლოდ წმინდა ჰაერზეა დამოკიდებული და მისი შეწყვეტით შეწყდება სიცოცხლეც და ცნობიერებაც?
მაგრამ ადამიანი არამხოლოდ ტრაქეით იკვებება. ის აგრეთვე საკუთარი გრძნობებითაც იკვებება, განსაკუთრებით მხედველობითა და სმენით. ამგვარი კვების თვალსაჩინო გამოხატულებაა „თვალებით ჭამა“, „თვალებით სმა“ ისევე, როგორც ბერძნებს და გერმანელებს აქვთ გამოთქმა Ohrenschmaus [ყურებით ჭამა]. აგრეთვე ებრაელებსაც აქვთ „რძესა და თაფლივით ტკბილი ენა“, რაც გამოხატავს სიტყვების, საუბრის, მცნებების „ჭამას“, „შთანთქმას“. ადამიანი განსაკუთრებით სიყვარულის საგანს „შთანთქამს“ და ამას მთელი მისი გრძნობებით აკეთებს.
მართალია, ჩვენ არ გვიყვარს ის, რასაც ვჭამთ და არ ვჭამთ იმას, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად, რაც გვიყვარს. ვინაიდან, რასაც ვჭამთ, ნადგურდება, მაშასადამე, სიყვარული წინააღმდეგობაში იქნება თავის თავთან, თუ საყვარელი საგანი განადგურდება. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია ან ისურვებდა ამის მოხმარებას — რადგან საგანი მისთვის მადის აღმძვრელია — თუ ამ საგანთან ერთად საკუთარ თავსაც გაანადგურებდა. სწორედ ამ მიზეზის გამო სიყვარული არ გადადგამდა ნაბიჯს გულითადი მოწონებიდან უგულო მოქმედებამდე, გრძნობიდან — ღეჭვასა და ყლაპვაზე. ქრისტიანული ღვთისმეტყველება იმ შეგნებამდე მივიდა, რომ არსებობს განსხვავება ფიზიკურ და სიმბოლურ ჭამას შორის, ამ გაგებით, ღვთის სხეულით ტკბობა სიტყვიერად ხდება და არა ხორციელად. ფაქტობრივად, არსებობს განსხვავება ჩვეულებრივ ჭამასა და სიყვარულით ჭამას შორის. სიყვარული არ არის ვულგარული, ხორციელი, არამედ ნატიფი და მეტაფორული ჭამაა. ლათინურად კოცნა პირის მოკუმვაა. ბერძნულად სიყვარული და კოცნა ერთი და იგივე სიტყვაა: philein, ხოლო გერმანულად სიყვარულით კოცნა, უპირველეს ყოვლისა, გულს ნიშნავს. თუ სიყვარული ჭამაა და საყვარელი ის არის, რასაც ის ჭამს, მაშინ წინადადებას — ადამიანი არის ის, რასაც ჭამს, — თავისთავად ღვთაებრივი სიყვარულის ძალა აქვს.
თუმცაღა, ადამიანი არამხოლოდ საკუთარი გრძნობებით იკვებება. ის ჭამს და ინელებს — რა არის ჭამა მონელების გარეშე? — საკუთარი ტვინით, აზროვნების ორგანოთი. ტვინი კუჭია, გრძნობების მომნელებელი ორგანო, მათ შორის გემოვნების გრძნობისა, რომელიც უპირველეს ყოვლისა გვაინტერესებს ღმერთისა და ადამიანის საერთო სუფრასთან თანაზიარობის თვალსაზრისით. გემო, რომლის მონელებაც ტვინის მეშვეობით ხდება, გაირჩევა და გაიაზრება, ეს ტვინისა და გემოვნების ნერვების კომუნიკაციით ხდება, მეტაფორული, ალუზიური გემოა, რომელიც, მართალია, გერმანულში მხოლოდ ესთეტიკურ გემოს აღნიშნავს, მაგრამ სხვა ენებში გემოვნებასაც გამოხატავს (აზროვნება, განსჯა, სიბრძნე), რაც იმაზე მიუთითებს, რომ გემო არამხოლოდ ენის საკითხია, არამედ ტვინისაც, რომ საჭმელი არამხოლოდ ფიზიკურია, არამედ მენტალურიც და, შესაბამისად, ადამიანი არამხოლოდ კუჭით ითვისებს საკვებს, არამედ — თავითაც. სწორედ ამ მიზეზით მარილი აღნიშნავს მარილს, რომლის გარეშეც, როგორც პლინიუსი ამბობს, ადამიანს არ შეუძლია წარუძღვეს ადამიანურ ცხოვრებას, რომლის გარეშე საკვები უგემური და გამოუსადეგარია, როგორც მარილი, რომლის გარეშე ადამიანი თავისთავად, მისი ქმედება და სიტყვა უსიამოვნო, უგუნური და ვულგარულია ისევე, როგორც მისი ჭკუა, გაგება და სული. მაგრამ, თუ მარილი სისხლში არ არის, ის ვერც ტვინში იქნება. „ფოსფორის გარეშე აზრი არ აქვს“ და მარილის გარეშე კი — ჭკუა და ბრწყინვალება.
ჰომეროსი საჭმელსა და ღვინოს „ძალას და ძალაუფლებას“ უწოდებს, ხოლო ქერისა და ხორბლის ფქვილს — „ადამიანის ტვინს“ იმისთვის, რომ აჩვენოს, რამდენად ღრმა ზეგავლენა აქვს საკვებს ჩვენზე. ის ამბობს რომ, მართალია, საკვები და სასმელი ჩვენს კუჭს ავსებენ, მაგრამ აგრეთვე ჩვენს სულსაც და გულსაც. მსგავსად ამისა, ძველი აღთქმაშიც საუბარია: „მუცლის დანაყრებასა“ და „სულის დანაყრებაზე“ და ეს ორი, სოლომონის თქმით, ერთმანეთისგან განსხვავდება,: „კეთილშობილი ადამიანი სულის დასანაყრებლად ჭამს, ხოლო ცოდვილი და უღმერთო მუცლისთვის“, როგორც ამას ლუთერი განმარტავს „არასოდეს არის საკმარისი“ ანუ გაუმაძღრობა. ისაია წინასწარმეტყველის მიხედვით, სულსაც კი სჭირდება საზრდო: „თქვენი მსახურება სულის საზრდოს ემსახურება.“
რადგან არამხოლოდ სხეულს სწყურია და შია, არამედ სულსაც, ისიც იღებს საკვებს და სასმელს, სწორედ ამ მიზეზის გამო ზრუნავს ადამიანი შიმშილზე და წყურვილზე, საჭმელზე და სასმელზე, რომელიც სინამდვილეში არ იჭმევა და ისმევა, მაგრამ ადამიანის არსში გარდაიქმნება და ეს ხდება სხვა ორგანოებითა და გზებით, არა იმ გზებით, რა გზითაც საჭმელი და სასმელი გარდაიქმნება. ამიტომ, საკვები არამხოლოდ ადამიანის სხეულის არსია, არამედ მისი ენის საფუძველსაც წარმოადგენს. რამდენად ცარიელი, ნაკლული და უძლური იქნებოდა ენა, რომ სიტყვებისა და კონცეფციების კონსტრუირებისას პირს მხოლოდ სუნთქვისა და მეტყველების ორგანოდ მიეღო მონაწილეობა და არა როგორც ჭამის ორგანოდ. მაგალითად, იმაზე კარგად რა შეიძლება უწოდო ხელმწიფეს, ვიდრე კაციჭამია, Demoboros, როგორც აქილევსმა უწოდა აგამენონს, ან მსაჯულს უწოდო ქრთამიჭამია? როგორც ეს ჰესიოდმა გააკეთა? მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ციკლოპიდან „პოლიტიკურ ცხოველამდე“ ვითარდება თავს არ ანებებს „ჭამის ცხოველურ ფუნქციას“, მხოლოდ მისი საკვები ობიექტი იცვლება, ადრე თუ კაციჭამია იყო, ახლა ხალხიჭამიაა, არისტოფანეს ცერცვის ან ლეღვის მჭამელები და სიკოფანტები ანუ პოლიტიკური ჯაშუშები და ინტრიგნები იყვნენ, ნაცვლად რკოს მჭამელებისა.
მაგრამ რა კავშირი აქვს საკვებს ადამიანის შინაგან არსთან? ეს საკითხი იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი თვითცნობიერია, რომ ის თავისი თავისთვისაც საგანია. ადამიანი არამხოლოდ სხვას ჭამს, არამედ საკუთარ თავსაც, საკუთარ ხორცსაც, როგორც ებრაელები ამბობენ, საკუთარ გულსაც, როგორც ბერძნები ამბობენ, გამომდინარე უბედურებიდან და მწუხარებიდან. „საკუთარი გულის ღრღნა“ როგორც ამას ჰომეროსი ამბობს. „შეჭამა საკუთარი თავი“, ამბობს პლატიუსი Truculentus-ში. „ნუ შეიჭამ გულს!“ არსებობს ასეთი ანდაზა ან გამოთქმა პითაგორელთა შორის. მაგრამ საკუთარი გულისა და თავის ჭამა არამხოლოდ მეტაფორული და პოეტური გამოთქმებია. ეს საკუთარი თავის ფიზიოლოგიური მოხმარებაცაა. ადამიანი შიმშილის დროს საკუთარ თავს მოიხმარს, რადგან სხვა საკვები არ არსებობს, მიუხედავად ამისა ადამიანი ჰაერით მაინც იკვებება და ჟანგბადს მოიხმარს ჰაერიდან მანამ, სანამ ცოცხლობს. მაშინაც კი, თუ ის საჭმელს არ ჭამს, მაინც იკვებება სხვა გზებით, მაშინაც კი თუ არ შია, მას სხვა რაღაცეები შია (სურვილები, ძალაუფლება). მაგრამ, ვინც თავის თავს ჭამს, ის კაციჭამიაა, anthropophagos, საკუთარი თავის მიმართ. ის კანიბალიც არის საკუთარი თავის მიართ. ყველა ადამიანი პირდაპირ თუ არაპირდაპირ anthropophagos-ია: ჩვენ ცხოველების და მცენარეების იმ ნაწილებს ვჭამთ და ვინელებთ, რაც ჩვენი ტოლფასია, ჩვენთვის არსობრივია, რაც შესაძლოა უშუალოდ ადამიანის სისხლი და ხორცი გახდეს. „საკვები“ — ამბობს მოლეშოტი Physiology of Metabolic Interaction-ში — „ყველა იმ ორგანული თუ არაორგანული კომპონენტისგან შედგება, რასაც ჩვენი სისხლი შეიცავს ან მონელების მეშვეობით ამგვარად გარდაქმნის“.
ჩვენი პირველი ბუნებრივი კვება ამ საკვების მიმართ ამ იდუმალების გრძნობადი კონცეფციის გამოვლინებაა. ეს არის ადამიანის სისხლი დედის სხეულში, ადამიანის რძე, მაშასადამე, გარე სითხეა, — რაც უშუალოდ ადამიანის სისხლის სხვა ფორმაა — მაგრამ დედის რაობისა და საკუთარი რაობის, რადგან, ცხადია, ჩვენც ამ დონეზე ვართ სითხის, წყლის, არასრულყოფილი, მაგრამ მაინც, ჩონჩხის მქონე არსებები. ამგვარად, არსების ბუნება საკვების ბუნებასთან ერთიანია, ცხოველის ან ადამიანის თვითმყოფადობა ერთიანია ძირითადი, არქეტიპური საკვების — რძის თვითმყოფადობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის რძეს საერთო შემადგენლობა აქვს, ისინი ერთმანეთისგან მაინც ძალიან განსხვავდებიან, არამხოლოდ როგორც სხვადასხვა სახეობის რძე, არამედ ყოველ ქალს განსხვავებული, მისთვის დამახასიათებელი რძე აქვს. მაშასადამე, ბავშვი, რომელიც დედის რძეს სვამს და ძუძუს წოვს, რძეში არსებულ სისხლს იღებს, რაც დედის არსია — „გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით,“ — ამბობს მალშოტი Lehre der Nahrungsmittel-ში — „რომ დედის არსი ბავშვს რძის საშუალებით გადაეცემა“ — თავისთავში. ის არის ის, რასაც ჭამს და რასაც ჭამს, არის ის: ამგვარად, ბავშვი anthropophagos-ია. მაგრამ ეს კანიბალიზმი, ეს ერთიანობა ბავშვისა დედასთან, სუბიექტისა და ობიექტისა, კმაყოფილებისა და კმაყოფილების საგნისა, არ ქრება მაშინ, როდესაც ადამიანი დედის რძის ნაცვლად მცენარეულ და ცხოველურ საკვებზე გადადის, ახლა უბრალოდ განსხვავებული, გაშუალებული და გართულებულია ადამიანის შრომითა და კბილებით, რაც ორგანიზმის განვითარებას და ცვლილებებს შეესაბამება, მყარი და თხევადი, სასმელი და საჭმელი, რაც რძეშია კომბინირებული. მხოლოდ ბარბაროსმა, მცოდნემ თუ არმცოდნემ, არაფერი უწყის კავშირის შესახებ და გამოთქმაში — „ადამიანი არის ის, რასაც ჭამს“ — მხოლოდ ფორმალურ მნიშვნელობას პოულობს, ფაქტობრივ კანიბალიზმსა და მსხვერპლშეწირვას. მაგრამ როგორც კი ადამიანი კულტურულ დონეზე მაღლდება — გარდა იმ მომენტებისა, როდესაც ცრურწმენების, შიშის ან სიძულვილის გზით კვლავ უკან, ბარბარიზმში, ვარდება — ის ადამიანის ხორცს მაგიდაზე, როგორც საკურთხეველზე, პურად და ცხოველის ხორცად აქცევს, ადამიანის სისხლს, „ღვინის და ზეთისხილის სისხლად“, წყლად, რძედ, თაფლად თუ სხვა სითხეებად, რადგან მან, გონების თუ არა, გრძნობის დონეზე მაინც იცის მათი შედეგის შესახებ და ადამიანის სისხლსა და ხორცს ცხოველის, მცენარის და სხვა საკვების, რაც ადამიანის კარგად ყოფნისთვისაა აუცილებელი, სახით ჭამს და იხმობს ღმერთებს მონანიებისთვის.