2.29 იამა (აკრძალვები), ნიამა (დანაწესები), ასანა (პოზა), პრანაიამა (სუნთქვის კონტროლი), პრატიაჰარა (აბსტრაჰირება), დჰარანა (კონცენტრირება), დჰიანა (მედიტაცია) და სამადჰი (სულიერი ძალების მოკრება) იოგას რვა კომპონენტია.
აქ იოგას შემადგენელი კომპონენტებია განსაზღვრული. თავშეკავება, შესრულება, პოზა, სუნთქვის კონტროლი, აბსტრაჰირება, კონცენტრირება, მედიტაცია და სულიერი ძალების მოკრება — იოგას რვა შემადგენელი ნაწილია. თანმიმდევრულად უნდა აღვწეროთ მათი თანდათანობითი მიღწევის პროცესი და მახასიათებლები.
2.30 არაძალადობა, გულმართლობა, არ მოპარვა, სექსუალური თავდაჭერილობა, ძღვენის არასიხარბე — აკრძალვებია.
არაძალადობა ნებისმიერი ცოცხალი არსების ნებისმიერი სახით და ნებისმიერ დროს ზიანის არ მიყენებაა. იგია ყველა დანარჩენი აკრძალვისა და დანაწესის საფუძველი. დანარჩენების მთავარი მიზანი მხოლოდ მისი მიღწევაა, ისინი მისი სრულყოფისთვის სრულდებიან. ხოლო მათი პრაქტიკა სრულდება, როგორც არაძალადობის სრულყოფის დამატებითი საშუალება. მაშასადამე, აგრეთვე ნათქვამია: ჭეშმარიტად, რაც უფრო მეტად სურს ამ ბრაჰმანს,[1] რომ ბევრი აღთქმა დადოს, სორედ მაშინ ახორციელებს უფრო მეტად არაძალადობას მის წმინდა ფორმაში; ამას იმით ახერხებს, რომ თავს არიდებს დაუდევრობით გამოწვეულ ძალადობას.
გულმართლობა საუბარი და გონება მათს ობიექტთან შესაბამისობაშია და როცა საუბარი და გონება თანხმობაშია იმასთან, რაც დანახული და აღქმულია. იმისთვის, რომ საკუთარი აზრები სხვა გადავცეთ, საუბარი არ უნდა იყოს ცრუ, დამაბნეველი ან უშინაარსო. საუბრის წამოწყება მხოლოდ მაშინ ღირს, თუკი ყველა ქმნილებისთვის, ზიანის ნაცვლად, კეთილდღეობა გვსურს. ნათქვამი მართებულიც რომ იყოს, ოღონდ თუნდაც ოდნავი საზიანო ჩანაფიქრი ახლდეს, ეს უკვე აღარ არის მართებულობა. ეს მხოლოდ ცოდვაა. ასეთი ჭეშმარიტების დამცველები სიკეთის ყალბად ჩვენებისა და წარმოჩენისათვის უკუნეთში (painfull darkness) უნდა წავიდნენ. შესაბამისად, საგულდაგულოდ გამოკვლევის შემდგომ მხოლოდ ისეთი სიმართლე უნდა ვთქვათ, რაც ყველა ცოცხალი არსებისთვის სასარგებლო იქნება [2].
პარვა არის სხვისი საკუთრების უკანონოდ მისაკუთრება. მეორე მხრივ, ამის საპირისპირო არის არ მოპარვა, ხოლო ეს უკანასკნელი სურვილებისგან დაცლის ფორმას იღებს.
სექსუალური თავდაჭერილობა გამრავლების ორგანოების შეზღუდვაა.
არასიხარბე გრძნობადი საგნების არ მიღებაა, რადგან გაცნობიერებულია მანკიერება მატერიალური სიკეთის მოპოვების, შენარჩუნების, დაკარგვის, მასზე დამოკიდებულებისა და ზიანისა. ესენი აკრძალვის[3] ფორმებია.
2.31 ისინი, როდესაც არ არიან შეზღუდულნი კასტით, ადგილით, დროითა და გარემოებებით, „დიად აღთქმად“ იწოდებიან.
ისინი, მაშასადამე, როდესაც უნივერსალრნი არიან კასტით, ადგილით, დროითა და გარემოებებით შეუზღუდავნი — „დიდ აღთქმად“ იწოდებიან. აქ უვნებლობა კასტით არის შეზღუდული — ზიანი, რომელიც მეთევზეს მოაქვს, მხოლოდ თევზზე უნდა გავრცელდეს და არა სხვა რამეზე. იგივე (არაძალადობა) შეზღუდულია ადგილითაც: — „წმინდა ადგილას არ უნდა მოვკლა“. იგივე, კვლავ, შეზღუდულია დროითაც: — „არც მთვარის თვის მეთოხმეტე დღეს და არც წმინდა დღეს არ უნდა მოვკლა[4]. თუ ვინმე ამ სამი[5], ფაქტორით არ აყენებს ზიანს, შეიძლება გარემოებების გამო მიაყენოს, მაგალითად: „არ უნდა მოვკლა, თუ ეს არ არის ღმერთებისა და ბრაჰმანებისთვის მისაღები.“ აგრეთვე ქშატრიების (მეომრების) მიერ მიყენებული ზიანიც მხოლოდ ბრძოლის ველით უნდა შემოიფარგლებოდეს.
ამგვარად, არაძალადობა და ყველა დანარჩენი დაცული უნდა იყოს ყველა საშუალებით, მიუხედავად კასტისა, ადგილისა, დროისა და გარემოებებისა. როდესაც ისინი ყველგან და ყოველთვის სრულდებიან, გამონაკლისის გარეშე, უნივერსალურები არიან და „დიად აღთქმებად“[6] იწოდებიან.
[1] აქ ტერმინი „ბრაჰმანა“ აღნიშნავს იოგს, რომელიც ჩვეულებრივი აღთქმის რანგში იმყოფება. გარკვეული მინიშნება ამ კომპოზიციის უკეთესი გაგებისთვის მოცემულია მეორე თავის პირველი აფორიზმის შენიშვნაში. აქაც იგივე საკითხს ვაწყდებით. ავტორი ამ სწავლების მთავარ საკითხს პირველ თავში განიხილავს, ხოლო მეორეში მიღწევის საშუალებებს აღწერს. სწორედ ასევე, იგი მიღწევის საგანს ამ აფორიზმის დასაწყისში ათავსებს, ხოლო შემდეგ თანმიმდევრულად გადმოგვცემს მიღწევის საფეხურებს. კომენტატორი ბრწყინვალედ განმარტავს, როგორ უნდა მივაღწიოთ ამ გზაზე წარმატებას. იგი იწყებს იმ დანაწესებით, რომლებიც შემზღუდველი ვალდებულებებია, რაც უნდა შესრულდეს ჩვეულებრივი აღთქმის რანგში. ესენია: სრული-სწრაფვა-იშვარას-მიმართ, რასაც პიროვნება ავტომატურად მიჰყავს განსწავლისაკენ, განსწავლულობისგან — ასკეტიზმისკენ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ შეასრულოს კასტიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე მოქმედებები. აქედან გამომდინარეობს კმაყოფილება, კმაყოფილებისგან კი — გონების სიწმინდე ჩნდება. გონების სიწმინდე ანადგურების სიმდიდრის სურვილს. ამის შედეგად ქალების მიმართ ლტოლვაც წყვეტს არსებობას. ის, ვინც თავისუფალია ხორციელი ლტოლვისგან, არასდროს ექნება მცდელობა უკანონო გზით მოიპოვოს ის, რაც სხვას ეკუთვნის. ქურდულ ბუნებაზე უარის თქმამ გულმართლობა უნდა გამოავლინოს. და ბოლოს, არაძალადობაც მტკიცედ გამოვლინდება მასში. ეს არის ჯეროვანი გზა არაძალადობის მისაღწევად.
ურწმუნო არსება, ადამიანი, რომელიც უმეცარია ვედური კანონების მიმართ, თავაშვებული, ხარბი, უმწიფარი, ბინძური გაიძვერა, ძუნწი, გარყვნილი, ქურდი და მატყუარაა, იგი ვერასდროს იქნება არამოძალადე. თუ ყველა აღნიშნული დანაწესი არ სრულდება, მაშინ არაძალადობა, რა თქმა უნდა, გაუკუღმართებული სახით გვევლინება, როგორც ამას ინდოეთის მარვარის, კატიავადის, გუჯარატისა და ა.შ. პროვინციაში ვხვდებით. ისინი არაძალადობას უმნიშვნელო ცხოველების მიმართ იჩენენ, მაგრამ შეუძლიათ ერთმანეთს, მათსავე ახლობლებს, ყელი გამოჭრან.
[2] ჩემს მკითხველებს ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ, რა მოსაზრებას გამოთქვამს კომენტატორი გულმართლობაზე. გულმართლობაზე მისი სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ, თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებენ სხვადასხვა სექტანტი მასწავლებლები მათი ყალბი ქადაგებებით. ღმერთმა უწყის, რა სავალალო ბედი ელით მათაც და მათს მიმდევრებსაც.
[3] დღევანდელ დღეს ბევრ ადამიანი ფიქრობს, როდესაც სიმდიდრესა და ფუფუნებაში ე.წ. მაჰატმებს (წმინდანებს) ხედავენ, რომ ეს განცხრომა და ბრწინვალება მათი დიდებული სულიერების სიმბოლოა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ რა განსხვავება იქნებოდა ვაჭრებსა და წმინდანებს შორის? ვაჭარი ფულს საკუთარი ოფლითა და ჯაფით შოულობს მაშინ, როდესაც ე.წ. წმინდანი მას შენიღბული თვალთმაქცობითა და უნამუსო ხერხებით ახერხებს. ჩვენი კომენტატორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვებისგან ძღვენის არ-მიღებას და აუგად მოიხსენიებს სიმდიდრის დამგროვებლებს, რადგან მას იოგისთვის დაცემა მოაქვს და ამას მოწმობს ყველა ჩვენი წმინდა წერილი.
[4] აქ ორგვარ აღთქმას ვხედავთ: ჩვეულებრივსა და დიდს. ჩვეულებრივი აღთქმა არის მატერიალური მოქმედების სტანდარტი, ხოლო დიდი აღთქმა კი — სულიერი მოქმედების ანუ, შესაბამისად, პურვა-მიმამსა და უტტარა-მიმამსა (დჰარმა-სუტრა და ბრაჰმა-სუტრა).
თუ წმინდა წერილში მოცემულ ცხოველთა მსხვერპლშეწირვის შესახებ განსხვავებული რანგების კვალიფიკაციის გავითვალისწინებთ წმინდა და წრფელი გულით, ნებისმიერ ავტორიტეტულ ტექსტზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, დარწმუნებული ვიქნებით, რომ სრულიად დავაღწევთ თავს იმ წინააღმდეგობრივ თეორიებს, რასაც თანამედროვე მასწავლებლები წარმოგვიჩენენ. კომენტატორმა უკვე აღნიშნა, რომ ყველა ქმნილება ურთიერთდამოკიდებულია და ყოველ ცოცხალ არსებას ურთიერთვალდებულებითი დანიშნულება აქვს. ცხოველთა მსხვერპლშეწირვა ვედური რიტუალების შესასრულებლად სრულიადაც არ არის ცოდვა, პირიქით, იგი სათნოებას ემსახურება და ორივესთვის სასარგებლოა, როგორც მსხვერპლშეწირვის შემსრულებლის, ისე მსხვერპლისთვისაც.
სიცოცხლე სიცოცხლეზეა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოცხალ არსებებს მხოლოდ სხვა ცოცხალი არსებების ხარჯზე შეუძლიათ არსებობა (M. S. V-28). წმინდა ვეგეტერიანელებიც კი ვერ უარყოფენ, რომ ისინი მხოლოდ ცოცხალი არსებების წყალობით არსებობენ. ეს თანამედროვე მეცნიერებმაც კი დაამტკიცეს, რომ სამყაროში მატერიის ყოველი ნაწილაკიც კი სიცოცხლის ნიშნებს შეიცავს. ეს თეორია სრულიადაც არ არის ჩვენთვის ახალი, რამეთუ უხსოვარი დროიდანვე ცნობილი იყო ჩვენი დიადი ბრძენებისთვის და ახლა უბრალოდ ხელახლა დამტკიცდა.
ადამიანი უმაღლესი ცოცხალი არსებაა. ჩვენი წმინდა წერილები ამბობენ, რომ თხა (ან ვედური მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სხვა ცხოველი) იწირება ღმერთების გამო და შემდგომ სამყაროში უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრებით დატკბება. მსხვერპლშეწირვის შემსრულებელიც მიიღებს სარგებელს ღმერთების კეთილგანწყობით. იგი სარიტუალო მოქმედებაში საკუთარ დოვლათს ღმერთებს შესწირავს და იგივე ბედი ეწევა მათ, ვინც ასე მოიქცევა. სექტანტების ყალბი ქადაგებების შედეგად ორივე (შეწირულიც და შემწირავიც) წაგებული რჩება. ამგვარი პროპაგანდისტები ცოდვას მოიმკიან სათნოების ყალბად წარმოჩენით. ყველგან ვხვდებით და ვაწყდებით, განსაკუთრებით სექტანტებს შორის, რომ უვნებლობა უმაღლესი სათნოებაა, მაგრამ არასდროს იყენებენ ან წარმოთქვამენ ამ ფრაზის გაგრძელებას, რომ, სწორედ ასევე, წმინდა წერილის დანაწესებით მიყენებული ზიანიც, აგრეთვე, უდიდესი სათნოებაა.
რომელი ერთი ციტატა მოვიყვანო, რომ ეს წიგნი არ გადაიტვირთოს? მოკლედ რომ ვთქვათ, მანუსმრიტს, ვალმიკის რამაიანას, მაჰაბჰარატას და სხვას შეუძლია ყოველგვარი ეჭვის გაფანტვა.
[5] ფრაზა - „პირი, რომელიც თავს იკავებს ზემოთაღნიშნული სამისგან“ - პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ჩვეულებრივ აღთქმაში უნდა განმტკიცდეს ანუ პირველ რიგში ხორციელ ტკბობაზე უნდა თქვას უარი. შემდგომ, სულ ბოლოს, მან უარი უნდა თქვას ვედურ მსხვერპლშეწირვაზეც, რაც ღმერთებისა და ბრაჰმანებისთვის სრულდება. ეს საკითხი სრულად არის განხილური გიტას განმარტებებში.
მთელ სამყაროში არსებობს კასტობრივი განხვავებები ამა თუ იმ ფორმით, სიმდიდრის, თანამდებობის, ძალაუფლების, ან განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით. როგორ გადაწყვიტეს აღნიშნული კასტობრივი განსხვავება უდიდესმა აღმოსავლელმა ბრძენებმა, გადმოცემულია გიტაში (B. G. IV 13-14).
[6] დიდი აღთქმა მხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი, ვინც გაიარა წმინდა წერილის დანაწესები. ეს სრულიად შეუძლებელია მათთვის, ვინც თვალთმაქცურად მაღალი თვისებების მქონე ადამიანებად წარმოგვიდგებიან, სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი ამქვეყნიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით იყენებენ ამას.
2.46 პოზა არის მდგრადი და იოლი.
ვიასა:
აკრძალვები და წესები უკვე აღვწერეთ მათს მიღწევებთან ერთად. ახლა პოზა უნდა აღვწეროთ. პოზა იმას გულისხმობს, რაც მდგრადი და იოლია. მაგალითად, პადმასანა, ვირასანა, ბჰადრასანა, სვასტიკა, დანდასანა, სოპასრია, პარიანკა, კრაუნჩნისადანა, ჰასტინისადანა, სამასამსთჰანა, სთჰირასუკჰა, იათჰასუკჰა და სხვები.
ვაჩასპატი:
შემდეგი აფორიზმი, აკრძალვებისა და წესების შემდგომ და ა.შ.: „პოზა მდგრადი და იოლია.“ მდგრადობა უძრავობას გულისხმობს. ამავდროულად იოლიც უნდა იყოს. არ უნდა იწვევდეს მოუსვენრობას. აი, ამგვარი უნდა იყოს პოზა. ეს არის ამ აფორიზმის აზრი. პოზა არის ჯდომის საშუალება. იგი სხვადასხვა პოზებს ჩამოთვლის, მაგალითად: კარგად ცნობილი პადმასანა. ვირასანა ის არის, როდესაც ჯდომის დროს ერთი ტერფი მიწას ეხება, ხოლო მეორე მუხლს.
ბჰადრასანა ის არის, როდესაც მჯდომარე პოზიციაში ორივე ტერფი სასქესო ორგანოების ქვემოთ დევს და ორივე ხელიც ზემოდან აწყვია.
სვასტიკა ის არის, რომელშიც მარცხენა ტერფი მარჯვენა ბარძაყსა და წვივს შორის დევს, ხოლო მარცხენა ტერფი ამის საპირისპიროდ იგივე პოზიციაში.
დანდასანა სრულდება მიწაზე დაჯდომით, როდესაც ფეხებია მთლიანად იატაკზეა შეტყუპებული, ხოლო ფეხის თითები განზე მიმართული.
პარიანკა ის არის, რომელშიც მუხლები გაშლილია, ხოლო მკლავები მათ ეყრდნობა.
სოპასრაია ის არის, რომელშიც ვეფხვის ან ირმის ტყავი ან სხვა რაიმე ნაჭერი დასაჯდომად გამოიყენება.
კრაუნჩანისადანა და იგივე კლასის სხვა პოზები ისინი არიან, რომლებიც კრაუნჩას, სპილოს ან აქლემის დამჯდარი იმიტაციით სრულდებიან.
სამასამსტჰანა ის პოზაა, რომელშიც ტერფები ისეა განლაგებული, რომ ქუსლები შეერთებულია.
სთჰირასუკჰა (მდგრადი-იოლი) არის ნებისმიერი პოზა, რომელიც მდგრადობას და სიიოლეს უზრუნველჰყოდს. ამას გულისხმობს აფორიზმის ავტორი. იგი აგრეთვე აღწერილია როგორც იათჰასუკჰა (კომფორტული). ეს გულისხმობს ნებისმიერ პოზას, რომელიც სიიოლეს უზრუნველჰყოფს.
2.47 დაძაბულობის მოხსნით და უსასრულობის ჭვრეტით.
დაძაბულობის მოხსნიტა და უსასრულობის ჭვრეტით პოზა მდგრადი და კომფორტული ხდება. ეს გახლავთ ამ წინადადების დასრულება. დაძაბულობის მოხსნით, პოზა სრულყოფილი ხდება იმით, რომ აღარ არის მერყევი[i]. ანდა პოზის სრულყოფილება მიიღწევა გონების მიმართვით უსასრულობაზე[ii].
ვაჩასპატი
იმის შემდგომ, რაც პოზის ბუნება აღწერილია, იგი მის მიღწევის საშუალებას აღწერს: დაძაბულობის მოხსნით და უსასრულობის ჭვრეტით. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია განსაზღვრულ პოზაზე, ეხმარება გარკვეული პოზიციის შენარჩუნებაში. ამაში არ გახლავთ საქმე, როდესაც პოზაზეა საუბარი, როგორც იოგას ნაწილზე, რაც აქ ისწავლება. საქმე ამაში რომ იყოს, უსარგებლო იქნებოდა, რადგან პოზა თავისთავად მიიღებოდა. მაშასადამე, სხეულის ეს ბუნებრივ ძალისხმევას არ მოაქვს პოზის გაუმჯობესება, როგორც აქ იგულისხმება. ფაქტობრივად, ეს ანტაგონიზმია. გარდა ამისა, ეს ბუნებრივი ძალისხმევა, რაც თავად სხეულიდან შეიძლება თვითნებურად გამოვლინდეს, გვაშორებს პოზის მიღწევის ნამდვილ მიზანს. მაშასადამე, იგი, ვინც პოზის პაქტიკას ეწევა ჭვრეტისთვის, როგორც ეს აქ არის აღწერილი, ძალისხმევას უნდა მოუხმოს, რომელიც უზრუნველყჰოფს სხეულის ბუნებრივი ძალისხმევის ჩახშობას. სხვაგვარად, პოზა, რომელიც აქ არის აღწერილი, ვერ მიიღწევა. როდესაც ძალისხმევის მოხსნაზეა საუბარი პოზის სრულყოფილების მიღწევისთვის, საუბარია ბუნებრივი ძალისხმევის მოხსნაზე.
ანდა, როდესაც გონი უსასრულობის იდეას ჭვრეტს, როგორც დიადი ქვეწარმავლი, რომელიც დედამიწის სფეროს საყრდენია, რადგან თავისი ათასი ძალიან მდგრადი თავით იჭერს მას, ამას მდგრადობა მოაქვს.
2.48. აქედან [მოდის] წუხილის შეწყვეტა დაპირისპირებულობებისგან.
ვიასა:
პოზის დაუფლებით იოგს ვეღარ ძლევს დაპირისპირებულობები, ისეთები, როგორებიცაა სიცხე და სიცივე და ა.შ.
ვაჩასპატი:
ეს აფორიზმი აღნიშნავს პოზის მიღწევას. „აქედან [მოდის] წუხილის შეწყვეტა დაპირისპირებულობებისგან.“ კომენტარი განმარტავს, რაც იგულისხმება ამაში.
[i] ამით ცხადი ხდება, რომ დასაწყისში პოზა დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს. მაგრამ, როდესაც იგი სრულყოფილია, მუდამ მდგრადია და აღარ იწვევს წუხილს.
[ii] ეს ალტერნატივა მათთვის არის, ვისი გონებაც თავისუფალი გარეგანი სიბინძურისგან თავისუფალია. მას აღარ ესაჭიროება იოგას გარეგანი კომპონენტები. მისთვის იოგას შინაგანი კომპონენტები, — კონცენტრაცია, მედიტაცია და სულიერი-ძალების-მოკრება (რაც აღწერილ იქნა პირველ თავში და მესამე თავშიც აღიწერება), — ხელმისაწვდომია. თუმცა, როდესაც იგი სულიერი-ძალების მოკრების მესამე საფეხურს აღწევს, ავტომატურად იძენს გამოვლენილ და გამოუვლენელ თვისებებს ანუ იოგას გარეგანი და შინაგანი კომპონენტების შედეგებს.
თარგმანმა გიორგი ბერძენიშვილმა