გონის შემეცნება უკონკრეტესი და ამიტომ უმაღლესი და უძნელესი შემეცნებაა. „იცან თავი შენი!“ — ეს აბსოლუტური მცნება არც თავისთავად, არც იქ, სადაც იგი ისტორიულად გამოითქვა, არ გულისხმობს ოდენ თვითშემეცნებას ინდივიდის კერძო უნარების, ხასიათის, მიდრეკილებებისა და სისუსტეებისდა მიხედვით, არამედ ჭეშმარიტის შემეცნებას ადამიანში, როგორც ჭეშმარიტისას თავისთავად და თავისთვის — თვით არსების, ვითარცა გონის, შემეცნებას. ასევე, ვერ ვიგულისხმებთ გონის ფილოსოფიაში ე. წ. ადამიანთმცოდნეობასაც, რომელიც სხვა ადამიანთა ისევ და ისევ განსაკუთრებულობებს — მათს ვნებებს, სისუსტეებს, ადამიანის ე. წ. გულის კუნჭულებს — იკვლევს, ანუ ისეთ ცოდნას, რომელსაც, ერთი მხრივ, აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წანამძღვარად ექნება ზოგადის — ადამიანის, როგორ ასეთის — შემეცნება, მაშასადამე, არსებითად, გონის შემეცნება, მეორე მხრივ კი საგნად აქვს გონითის შემთხვევითი, უმნიშვნელო, არაჭეშმარიტი არსებობანი, ხოლო სუბსტანციურამდე, თვით გონამდე ვერ ადის.

დამატება: გონის ფილოსოფიური შემეცნების სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ აქ ჩვენ საქმე შედარებით აბსტრაქტულ, მარტივ ლოგიკურ იდეასთან კი აღარ გვაქვს, არამედ იმ ყველაზე კონკრეტულ, ყველაზე განვითარებულ ფორმასთან, რომელსაც კი იდეა თავისთავის განამდვილების პროცესში აღწევს. სასრული ანუ სუბიექტური გონიც — და არა მხოლოდ აბსოლუტური გონი — წვდომილ უნდა იქნეს მხოლოდდამხოლოდ როგორც იდეის განამდვილება. გონის განხილვა მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტად ფილოსოფიური, როცა იგი გონის ცნებას მის ცოცხალ განვითარებასა და განამდვილებაში იმეცნებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ, როცა იგი გონს სწვდება, როგორც მარადიული იდეის გამონასახს. მაგრამ საკუთარი ცნების შემეცნება გონის ბუნებაშია, ამგვარად, დელფოსელი აპოლონის მიერ ბერძნებისადმი მიმართულ მოწოდებას თვითშემეცნებისაკენ უცხო ძალის მიერ ადამიანური გონისათვის გარედან მიცემული მცნების აზრი როდი აქვს; ღმერთი, რომელიც თვითშემეცნებისკენ გვიბიძგებს, აქ სხვა არაფერია, თუ არა გონის საკუთარი აბსოლუტური კანონი. ამიტომ გონის ყოველივე ქმედება მხოლოდ საკუთარი თავის წვდომაა და ყოველივე ჭეშმარიტი მეცნიერების მიზანიც მხოლოდ ისაა, რომ გონმა ყველაფერში, რაც კი ცად და ქვეყნად არის, თავისთავი შეიცნოს. არაფერია გონისათვის სრულებით სხვა. თვით აღმოსავლელიც კი სავსებით არ ითქვიფება, არ კარგავს თავისთავს თავისი თაყვანების საგანში. რაც შეეხება ბერძნებს, ესენი პირველნი იყვნენ, ვინც გარკვევით მოიაზრა გონად ის, რაც თავისთავს დაუპირისპირა, ვითარცა ღვთაებრივი; მაგრამ მათაც ვერ მიაღწიეს გონის აბსოლუტური უსასრულობის შემეცნებას ვერც თავიანთ ფილოსოფიაში, ვერც თავიანთ რელიგიაში. ამიტომაც ადამიანური გონის მიმართება ღვთაებრივთან ბერძნების აზროვნებაში ჯერ აბსოლუტურად თავისუფალი არაა. მხოლოდ ქრისტიანობამ, რომელმაც წამოაყენა მოძღვრება ღვთის განკაცებისა და მორწმუნეთა კრებულში სული წმიდის თანამყოფობის შესახებ, მიანიჭა ადამიანურ ცნობიერებას სავსებით თავისუფალი დამოკიდებულება უსასრულობასთან და მით შესაძლებელი გახადა არსებისმწვდომი შემეცნება გონისა მის აბსოლუტურ უსასრულობაში.

ამიერიდან მხოლოდ ასეთი შემეცნება იმსახურებს ფილოსოფიური განხილვის სახელს. თვითშემეცნებას ამ სიტყვის ტრივიალური აზრით — ინდივიდის საკუთარ სისუსტეთა და ხარვეზთა შესწავლას — ინტერესი და მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამ ერთეული ადამიანისათვის და არა ფილოსოფიისთვის. მაგრამ თვით ცალკეულ ადამიანთან მიმართებითაც კი მას მით უფრო ნაკლები ღირებულება აქვს, რაც უფრო ნაკლებ ეხება იგი ადამიანის ზოგადი ინტელექტუალური და მორალური ბუნების შემეცნებას და რაც უფრო მეტად ეშვება იგი ნების ჭეშმარიტი შინაარსის — მოვალეობების — უგულებელყოფის გზით ინდივიდის ვიწრო, პირად თავმოთნეურ ინტერესამდე მისთვის ესოდენ ძვირფასი საკუთარი ნიშან-თვისებებისადმი. თქმული ეხება ე. წ. ადამიანთმცოდნეობასაც, რომელიც ისევ და ისევ ცალკეულ გონთა თავისებურებებზეა მიმართული. ამგვარი ცოდნა, მართალია, ცხოვრებისათვის სასარგებლოა და საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პოლიტიკური პირობები ცუდია და სამართლისა და ზნეობის ნაცვლად ინდივიდთა ჯიუტი ეგოიზმი, ხუშტური და თვითნებობა ბატონობს, — თუ, მაშასადამე, ინტრიგათა ასპარეზზე ვიმყოფებით, სადაც მოქმედი პირები საქმის ბუნებიდან კი არ ამოდიან თავიანთ მოქმედებაში, არამედ, უფრო, სხვათა ინდივიდუალური თავისებურებების უპასუხისმგებლო გამოყენებას ცდილობენ, რათა ამით თავის შემთხვევით მიზნებს მიაღწიონ. ფილოსოფია იმდენადვეა გულგრილი ამგვარი ადამიანთმცოდნეობისადმი, რამდენადაც ამ უკანასკნელს არ ძალუძს შემთხვევითი წვრილმანების განხილვიდან დიდ ადამიანურ ხასიათთა წვდომამდე ამაღლება, რომლებშიც ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება წმინდად და აუმღვრევლად დაინახება. ეს ადამიანთმცოდნეობა მეცნიერებისთვის საზარალოც კი ხდება მაშინ, როცა იგი (როგორც ამას, მაგალითად ისტორიის ე. წ. პრაგმატული განხილვისას აქვს ადგილი) თითქოსდა გონებამახვილურად ლამობს, ისტორიის უდიდესი ხდომილებანი თავის გმირთა შემთხვევითი თავისებურებებიდან, მათი (როგორც მას ჰგონია) პატარა ზრახვებიდან, მიდრეკილებებიდან და ცნებებიდან გამოიყვანოს, ივიწყებს რა მსოფლიო-ისტორიულ გმირთა სუბსტანციურ ხასიათს და იმას, რომ დიადის აღსრულება მხოლოდ დიად ადამიანებს ძალუძთ. ამგვარი გაგებით, ისტორია, რომელშიც ღვთაებრივი განგება სუფევს ადამიანთა შინაარსს მოკლებული საქმიანობისა და შემთხვევითი გარემოებების სათამაშოდ იქცევა.

თარგმანი -  ნოდარ ნათაძე