იოგას სახეობებთან დაკავშირებით არაერთი გაუგებრობა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ჰათჰა-იოგასა და აშთანგა-ვინიასა-იოგას, აიანგარ-იოგას, კუნდალინი-იოგას და ა.შ. ურთიერთმიმართება.
არსებობს წარმოდგენა, რომ თუ ასანები (პოზები) ნელ ტემპში სრულდება, — ეს ჰათჰა-იოგაა, ხოლო თუ დინამიკურია — აშთანგა-ვინიასა. ეს გაუგებრობაა, რადგან აშთანგა-ვინიასაც და ყველა ზემოთაღნიშნული სახეობებიც ჰათჰა-იოგაა, რადგან მათი თეორიული და პრაქტიკული წყარო ჰათჰა-იოგას ლიტერატურაშია და საერთოდაც იგივე სწავლების ხაზის გაგრძელებას წარმოადგენენ. ჰათჰა-იოგაა ყველა ის სახეობა, რომელიც კავშირშია ასანებთან, პრანაიამებთან (სუნთქვით ვარჯიშებთან) და მუდრებთან (სიმბოლურ ტექნიკებთან). ტერმინი „კუნდალინი“ თავად ჰათჰა იოგას ტექსტებშიც გხვდება და პრანაიამები მისი გამოღვიძების ტექნიკას წარმოადგენს.
აღმოჩენილია ჰათჰა-იოგას შუასაუკუნეების ტექსტები, რომლებშიც მოცემულია დინამიკური ვარიჯები და ვარჯიშები თოკებით (ქამრებით), როგორც ჩანს დინამიკური ვარჯიშები ჰათჰა-იოგასთვის დამახასიათებელია. არსებობს ერთი დიდი გვარეობა (ჰათჰა-იოგა) ამ სახეობებისთვის (აშთანგა, აიანგარ, კუნდალინი დ სხვა.), თუმცა ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჰათჰა-იოგას შესწავლის მეთოდები, რადგან გაჩნდა ამდენი განსხვავებული მიდგომა.
ჰათჰა-იოგას ლიტერატურაში აღწერილია ვარჯიშები, მაგრამ თითქმის არ არის მოცემული მეთოდი. ცნობილია, რომ ჰათჰა-იოგა ბრიტანული კოლონიალიზმის პირობებში იდევნებოდა და შესაძლოა ნაწილობრივ ეს ტრადიცია დაიკარგა კიდეც ან მოდიფიკაცია განიცადა.
როდესაც თანამედროვე იოგას სახეობების შემქმნელები წარმომავლობის ერთი და იგივე წყაროზე მიუთითებენ (მე15 საუკუნის ტექსტი - „ჰათჰა-იოგა-პრადიპიკა“) და მიუხედავად ამისა საზოგადოებას განსხვავებულ მეთოდს სთავაზობენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მკაცრად ჩამოყალიბებული მეთოდი არ არსებობდა, ან ერთი გზა არ მიაჩნდათ სწორად ან თანამედროვე ავტორები არ იცნობდნენ ამ ტრადიციას. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ ყველა მათგანმა სახეობა ან მეთოდი იმის მიხედვით განავითარა, თუ ხალხის რა სეგმენტზე ჰქონდათ გათვლილი.
მე-20 საუკუნეში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ავითარებენ თავიანთ მეთოდებს და რომ დასაწყისში არ არსებობდა იოგას ზოგიერთი სახეობა. მხოლოდ ჰათჰა-იოგას ან უბრალოდ იოგას უწოდებდნენ, ხოლო შემდგომ მოხდა მათი გაყოფა, რასაც ზოგჯერ რეალური საფუძველი ჰქონდა, ზოგჯერ კი მხოლოდ ბრენდირებას ემსახურებოდა. „ბრენდირებულ“ სახეობებს ახალი სახელი ეწოდათ, ხოლო ვისაც არ შეუმუშავებია რამე სპეციფიკური მეთოდი, ისინი ზოგადი გვარეობის ქოლგის ქვეშ დარჩნენ და კვლავ ჰათჰა-იოგა ეწოდებათ, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რამე განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც ცალკეა აღიარებული. ასე რომ, როდესაც რომელიმე ბრენდირებულ სახეობასთან გვაქვს საქმე, წინასწარ ვიცით, რა პროგრამასთან გვაქვს საქმე, ხოლო როდესაც ვხედავთ, რომ ჰათჰა-იოგა ისწავლება, იქ ვერ გვექნება წინასწარ მკაფიო წარმოდგენა, თუ კონკრეტულად რა პროგრამაა, რა თანმიმდევრობაა. ხშირად ჰათჰა-იოგას სახელწოდებით შეთავაზებულ სისტემებში დინამიკა ნაკლებია (ვინიასები), რაც სრულიად შემთხვევითობაა, რადგან გამორიცხულია „მზის მისალმება“ და სხვა დინამიკური ვარჯიშები, რომლებიც იოგას სამყაროში არსებობდა. ასეთ (უმეთოდო) სახეობაში მხოლოდ კონკრეტული მასწავლებლის გამოცდილების, შემოქმედების, წარმოდგენისა და ფანტაზიის იმედზე ვართ.