თარგმანი - გიორგი ბერძენიშვილი (Roots of Yoga)
კუნდალინი (აგრეთვე კუნდალი), რაც „დახვეულს“ ნიშნავს, წარმოადგენს ღვთაებრივ ქალურ (შაქტი) ძალას, რომელიც იოგის სხეულშია მოთავსებული, რომლის სტიმულაციაც შესაძლებელია იოგას პრაქტიკების მეშვეობით იმ მიზნით, რომ სულიერი პოტენციალის აქტუალიზაცია მოხდეს. ქალღმერთი კუნდალინი ხშირად წარმოდგენილია როგორც დახვეული, მძინარე გველი ხერხემლის ფუძეში, რომელიც თავით კეტავს ცენტრალური არხის სარქველს. იოგას პრაქტიკების მეშვეობით, როგორებიცაა ვიზუალიზაცია, სუნთქვის შეკავება, ჰათჰაიოგას ნიშნები, მანტრები და ა.შ., სასიცოცხლო აირი (პრანა), გამოიდევნება მისი ჩვეული ადგილსამყოფელიდან, მეორეხარისხოვანი არხებიდან (იდა და პინგალა) და ცენტრალურ არხში შედის. როდესაც ეს ხდება, კუნდალინი — რომელიც ცენტრალური არხის (სუშუმნა) შესასვლელთან იმყოფება, რომელიც გვიანდელ წყაროებში ხერხემლის ფუძეშია მოთავსებული, ხოლო ადრეულ წყაროებში ხანდახან ნათქვამია, რომ იგი გულის ან ჭიპის ჩაკრაშია მოთავსებული, ან კანდაში, ბურთულაში, რომელიც ჭიპის ოდნავ ქვემოთ მდებარეობს — იღვიძებს, სწორდება და ამოდის სხეულის ცენტრალური ღერძის მიმართულებით, გაივლის სხვადასხვა ჩაკრებს ან განჭოლავს „კვანძებს“ (გრანთჰებს), რომლებიც ამ გზაზე მდებარეობენ. ეს პროცესი აღვიძებს სპეციფიკურ ძალებს (სიდდჰებს) და ბოლოს, როდესაც კუნდალინი ღვთაების ადგილსამყოფელს აღწევს თავში, ან 12 თითის სიმაღლეზე თავის ზემოთ (დვადასანტა), გათავისუფლება (მოკშა) ან უკვდავება მიიღწევა. გათავისუფლება მისი შივასთან შერწყმით (ლაია) მიიღწევა ცენრალური არხის ბოლოში, ხოლო უკვდავება — ნექტარის შთანთქმით, რომელიც თავშია და სხეულში იღვრება, როდესაც იგი კვლავ ცენტრალური არხის ფუძეს უბრუნდება.
კუნდალინი პატანჯალის იოგაშასტრაში ნახსენები არ არის. იგი პირველად ტანტრული შივაიზმის ტექსტებშია ნახსენები. სავარაუდოდ, ყველაზე ადრეულია სარდჰატრისატიკალოტტარატანტრა, რომელშიც ნახსენებია „დასაბამისეულ ხვია“ (ადია კუნდალინი), რომელიც გულშია მოთავსებული. ერთ-ერთი პირველ ტექსტთაგანი, რომელშიც კუნდალინი შაქტი იოგურ კონტექსტშია ნახსენები, არის მერვე საუკუნის ტანტრასადბჰავა, რომელიც შესაძლოა პირველი იყოს იმ მხრივაც, რომელიც ამ ძალას გველს ადარებს. კუნდალინი იოგური სისტემის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს პასჩიმამნაიას კუბჯიკამატანტრაში ანუ დასავლური გადმოცემის კაულა შივაიზმი, რომელშიც იგი კუბჯიკასთან არის გათანაბრებული, რომელიც დასავლური გადმოცემის უმთავრესი ქალღმერთია. მსგავსად ჩაკრების სისტემისა, რომელშიც კუნდალინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კუბჯიკამატანტრაში სწავლებამ კუნდალინის შესახებ დიდი გავლენა იქონია იოგური სხეულის ფორმირებაში, როგორც ეს ჰათჰაიოგაში მოიაზრება.
მრავალ შივაურ ტრადიციაში კუნდალინი აგრეთვე შემოქმედი ქალღმერთია, უზენაესი ენერგია, რომელიც ავლენს ელემენტების პრინციპებს (ტატტვები) და ბგერის წარმოქმნას განაპირობებს. მისი განსხვავებული ფუნქციები განაპირობებენ იმას, რომ იგი სხვადასხვა სახით არის გააანალიზებული: აბჰინავაგუპტა საუბრობს პრანაკუნდალინზე, შაქტიკუნდალინზე და პარაკუნდალინზე, შესაბამისად: სასიცოცხლო ძალა, შექმნის ძალა და უზენაესი ქალღმერთი. მცირე რაოდენობის ტექსტები კუნდალინის ზემოთაღნიშნულ სამმაგ კოსმოგონიას ეხმაურებიან და იოგურ სხეულში სამ კუნდალინს ათავსებენ; ქვემოთ, შუაში და ზემოთ. ყველაზე გავრცელებული ფორმულირებით, კუნდალინის აღმასვლა ალაგმავს თავის კოსმოგონიურ როლს. როდესაც იგი ჩაკრებს გაივლის, რომლებიც უფრო მეტად ნატიფ ელემენტებთან არიან დაკავშირებულნი, შექმნილი შთაინთქმება მანამ, სანამ იგი სრულად არ გაქრება (ლაია) შივასთან, უზენაეს ელემენტთან შერწყმით.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური არხის გზით აღმასვლა საერთო საშუალებაა იოგას ტრადიციებისთვის, არსებობს კონცეფციათა სხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ის, რაც ადის: „სული ან მეობა“ — ჯივად წოდებული („სიცოცხლის ესენცია“) თუ ჰამსა („the gander“) — სასიცოცხლო აირი (პრანა), თესლი თუ თესლის ესენცია (ბინდუ), მანტრული რეზონანსი, კუნდალინი, თუ, — როგორც ეს ტანტრულ ბუდისტურ იოგას სისტემებშია, — ცეცხლოვანი ენერგია, რომელსაც ჩანდალი ეწოდება. ჩვ. წ. მეათე საუკუნეშის პადმასამჰიტაში კუნდალინი არ არის წარმოდგენილი როგორც დინამიკური, გამჭოლავი ძალა, არამედ დახვეული წინაღობაა, რომელიც სიცხით უნდა გადაილახოს, რათა მისცეს სუნთქვას საშუალება ცენტრალური არხით ავიდეს (ნეტრატანტრაში ნახსენებია ბლოკი სახელწოდებით კუნდალა).