ბოლო ათწლეულის განმავლობაში იოგას მიმართ ინტერესი ინტენსიურად გაიზარდა, როგორც პრაქტიკის, ისე კვლევების თვალსაზრისით. კვლევებში ჩართულები არიან ლინგვისტები, ეთნოგრაფები, არქეოლოგები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და, რა თქმა უნდა, პრაქტიკოსები. ისტორიული სურათი ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მკაფიო ხდება, ზოგიერთი წარმოდგენა იშლება და გარწყლდება. ეს ერთგვარი ისტორიული კრისტალიზაციის პროცესია, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს  ჩვენს ხელთ არსებულ წყაროების შესწავლას და მათ ანალიზს/სინთეზს. თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ ტექსტუალური მასალის მოცულობას და იმ დროს, რაც ამ ყველაფრის დამუშავებას სჭირდება, წარმოვიდგენთ, თუ რა შრომატევადია ეს პროცესი, თუმცა გარკვეული ასპექტები ძირითადი მიმართულებით უკვე გამოკვეთილია და შეისაძლოა რეზიუმეს სახით ჩამოვაყალიბოთ. მაშ ასე, რა ვიცით იოგას შესახებ დღეს:

  • იოგა ფსიქო-სომატური დისციპლინის სისტემაა, რომელიც დაახლოებიც 2 500 წელს ითვლის.
  • მისი პრაქტიკა ექსტრა-ვედურ, ასკეტურ მოძრაობაში ჩამოყალიბდა რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიას მდ. განგის სანაპიროს მოიცავს.
  • სანსკრიტული სიტყვა იოგა აღნიშნავს სულიერი პრაქტიკის შედეგად გათავისუფლებას და/ან იმ პრაქტიკას, რაც ამ მიზნის მიღწევისთვის არის განკუთვნილი.
  • იოგას ტექსტები, სწავლებები და მეთოდებია ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან, რამდენადაც მათი მიმდევრები იყვნენ განსხვავებული კატეგორიის ადამიანები, რომლებიც მის ადაპრაციას და ინოვაციას ეწეოდნენ.
  • პრე-თანამედროვე ინდოეთში იოგას პრაქტიკას იყენებდნენ ბუდისტები, ჯაინისტები, ბრაჰმანები, მატერიალისტები, შაივები, ვაიშნავები, კაპალიკები (ტანტრული მიმდინარეობა), მუსლიმები (სუფიები), სიქჰები და მოგვიანებით, ქრისტიანებიც კი.
  • იოგას მიმდევრები ძირითადად იყვნენ მამაკაცი განდეგილი ასკეტები, თუმცა ეს ვითარება ჰათჰაიოგასა და ტანტრის განვითარებასთან შეიცვალა და გაჩნდა პრაქტიკები მეოჯახეებისთვისაც და ქალებისთვისაც.
  • იოგა გამოიყენებოდა ორივე მიმართულებით, როგორც სულიერი, ისე მატერიალური მიზნების მისაღწევად. ეს მიზნები შემდეგია: ზებუნებრივი ძალების გავითარება, პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლის გზა, რაც მეფეების ჩამოგდებაშიც გამოიხატებოდა, სხეულის გაძლიერება და გაკაჟება, სხვისი სხეულის მართვა, სხეულის გაწმენდა ტოქსინებისგან, ცოდვების გამოსყიდვა, უკვდავების მიღწევა, ღვთაებასთან ერთიანობა ან განმღრთობა, იზოლაცია ან წმინდა ცნობიერება, ყოველგვარი კარმული ტანჯვისგან გათავისუფლება, „ქვისებრი“, ზეგონებრივი მდგომარეობა — სამადჰი, და/ან სიცოცხლეშივე გათავისუფლება (ჯივამუკტა).