როგორც იოგას პედაგოგი, ყოველთვის ვეძებ უსაფრთხო და ეფექტურ გზებს, რითაც ჩემს მოუქნელ სტუდენტებს გაწელვას გავუმარტივებ. სწორედ ამ ძიებისას წავაწყდი ტერმინ კონტორსიას (არტ-წარმოდგენა, რომელსაც უკიდურესად მოქნილი ადამიანები ასრულებენ). ამ სპორტით დაკავებულ ადამიანებს წარმოუდგენელი მოხერხებულობის გამო ხშირად ადარებენ  რეზინებს, რაც სულაც არაა გასაკვირი - ჩვენ ყველას გვინახავს ცირკის სცენაზე მათ მიერ შესრულებული შთამბეჭდავი წარმოდგენები. თუმცა, ამავდროულად ჩნდება კითხვა – რამდენად არის სხეულის ასე დაგრეხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო? სოციალური მედიის საშუალებით ყოველდღიურად უამრავ პატარა ფერიას, ქალსა და კაცს ვხედავთ, რომელთაც იოგებს უწოდებენ გასაოცარი მოქნილობის გამო. მაგრამ არიან კი ისინი იოგები? ან რასაც ისინი აკეთებენ, არის კი ისევ იოგა? – აი, ასეთი კითხვები გამიჩნდა მე! ამიტომ ვფიქრობ, ჯერ უნდა გავარკვიოთ კონტორსიის მნიშვნელობა, სანამ მათ შორის საზღვარს გავავლებთ.

ცირკის სცენაზე გამოსული ამ ადამიანების უმრავლესობა ბუნებრივი მოქნილობითაა დაჯილდოებული, რასაც მცირე ასაკიდან ვარჯიში კიდევ უფრო აუმჯობესებს. მათ აქვთ უნარი სხეულით ურთულესი რკალები გააკეთონ, რის გამოც ხშირად იხსენიებენ მეტსახელებით: გველი და ადამიანი რეზინა.

მათ აღსაწერად, ვისაც სხეულის წინა მიმართულებით დახრის ნიჭი აქვს, შეიქმნა ტერმინი – Frontbender (front-წინ, bend-დახრა), ელასტიკური ზურგით გამორჩეულებს კი Backbender-ებად (back-უკან, bend-დახრა) მოიხსენიებენ. რომელ კატეგორიაში მოხვდება ადამიანი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით არის მისი ხერხემალი უფრო მოქნილი. ძალიან იშვიათია, ვინმეს ორივე ერთნაირად შეეძლოს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ტიპი, რომელიც მარტივად შეიძლება მოთავსდეს პატარა ყუთში ან ჩემოდანში გადაჯვარედინებულ ფეხებს შორის მოქცეული თავით და მათ ენტეროლოგებს უწოდებენ.

პოტენციური რისკები

კონტორსია ხელოვნებაცაა და სპორტიც, რომლით დაკავებაც ყველას არ შეუძლია; ის შემსრულებისგან უკიდურეს მოქნილობას მოითხოვს, რაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავ ვარჯიშს გულისხმობს. მაშინ როცა ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია და იოგა ადამიანს იმ ბუნებრივი ელასტიკურობის შენარჩუნებასა თუ აღდგენაში ეხმარება, რაც სხეულს მივიწყებული აქვს. როცა საქმე კონტორსიას ეხება სიგრძეში უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ კუნთები, არამედ მყესები, დამაკავშირებელი ქსოვილები და ორგანოებიც კი.

უშუალოდ რისკებთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვან ნიკაპზე დგომას - ამ დროს თუ  წონა არასწორად განაწილდა და მთლიანად გულმკერდს დააწვა, შეიძლება, გატეხილი ნეკნი ან მკერდის ძვლის მცირე დაბოლოების დაზიანება მივიღოთ.

კონტორსიაში ვარჯიში სავსებით უსაფრთხოა 20 წლამდე კარგი ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ. გარკვეულ ასაკში საჭიროა ვარჯიშის შეწყვეტა, რათა სხეული ნაბიჯ-ნაბიჯ დაუბრუნდეს ელასტიკურობის ნორმალურ დონეს (ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს) და თავიდან ავირიდოთ ხანგრძლივ ვარჯიშთან დაკავშირებული ტრავმები - სახსრების ცვეთა და სხვა სერიოზული  გართულებები (ხერხემლის დისკების დაზიანება).

ინტერვიუ კეტი ბრაიერთან

მეტი ინფორმაციის გაგების უდიდესმა სურვილმა ულამაზეს, დაუჯერებლად მოქნილ და ძლიერ ქალბატონთან შემახვედრა, რის გამოც ძალიან მომინდა, როგორც იოგს, მისთვის რამდენიმე თხვა დამესვა. კეიტი 20 წლის განმავლობაში პროფესიონალურად იყო დაკავებული კონტორსიით, ახლა კი სან ფრანცისკოში ცხოვრობს და როგორც ყოფილი სპორტსმენი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა როგორც ჯგუფებში, ისე ონლაინ რეჟიმში.

 

თუ შეგიძლია დაახასიათო საკუთარი თავი და პროფესია? რას ნიშნავს მონღოლური კონტორსია?

ბავშვობიდან ვცეკვავდი, თუმცა კონტორსიით 11 წლიდან ვარ დაკავებული. 16 წლისა სან ფრანცისკოში გადმოვედი საცხოვრებლად ოცნება რომ რეალობად მექცია და  ნამდვილი კონტორსიონისტი გავმხდარიყავი; საბედნიეროდ, ასეც მოხდა. მრავალი წლის განმავლობაში ვიდექი სცენაზე, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიური კარიერა დავთმე და მთელი ყურადღება ოჯახსა და სწავლებაზე გადავიტანე.

მონღოლურ კონტორსიას იმიტომ ვასწავლი, რომ საუკეთესოა.  როცა  სან ფრანცისკოში გადმოვედი, ჩინელ მწვრთნელთან დავიწყე ვარჯიში, მალევე მივხვდი, რომ მოზრდილი სხეულისთვის ჩინური მეთოდი ზედმეტად მკაცრი იყო. ვარჯიში  ახალი დაწყებული მქონდა, ზურგი სერიოზულად დამიზიანდა, რასაც დიდი ყურადღება არ მივაქციე. ვცდილობდი ძალიან არ დამეტვირთა, მაგრამ  მარტივი უკანზნექების გაკეთებისასაც კი ტკივილს ვგრძნობდი. გარკვეული დროის შემდეგ ვარჯიში მონღოლ კონტორსიონისტთან (Serchmaa Byamba) განვაგრძე, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მან მასწავლა, თუ როგორ გავხურებულიყავი სწორად და უამრავი კარგი ვარჯიში ზურგის მოქნილობისთვის, რომელთა მიზანია ცალ-ცალკე დაამუშაოს: თეძოები, ზურგის ქვედა, შუა და ზედა ნაწილები და მხრები. სანამ მივხვდებოდი, რა არის მონღოლური მეთოდი, არ მესმოდა, რომ საქმე უბრალოდ ზურგთან კი არ მქონდა, არამედ თითოეული ადგილი თავისებურ გაწელვასა და დამუშავებას საჭიროებდა.

ვინაიდან მოცეკვავე ვარ და კონტორსიაშიც დიდი გამოცდილება მაქვს,  ჩემი საკუთარი სწავლების მეთოდი შევიმუშავე, რომელიც ყველა იმ ვარჯიშსა თუ ტექნიკას აერთიანებს, რაც ჩემთვის ეფექტური და სასარგებლო აღმოჩნდა. უკანზნექის მნიშვნელობის უნივერსალური გააზრებისა და მიდგომების გამო ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მონღოლური მეთოდით ვასწავლო. თუმცა მისგან განსხვავებით, მე ყურადღებას ვამახვილებ ფეხების ელასტიკურობაზე (განსაკუთრებით კი აქტიური ფეხის), რაც დიდ დახმარებას უწევს მთელი სხეულის გაძლიერებას. თუ მოსწავლეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ მეთოდით ვავარჯიშებ, ფეხებზე გაწეული შრომის წყალობით შპაგატის თავდაყირა მდგომარეობაში გაკეთება პირველივე ცდაზე გამოსდის (ხელებზე ან მაჯებზე დგომისას).

მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ყოველ დღე ვდგები და სამსახურში მივდივარ, რომ ადამიანებს თავიანთი მიზნის მიღწევაში, მოქნილობის გაუმჯობესებაში დავეხმარო. ზოგჯერ ვუხსნი, როგორ მოხარონ თეძო შპაგატის შესრულებისას, ხან კი როგორ შეახონ საჯდომი თავს. მნიშვნელობა არა აქვს, რა სურს მოსწავლეს, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მათ თავიანთი მიზნების უსაფრთხო გზით მიღწევაში ვეხმარები. ყველა ინდივიდუალურია, ყველას თავისებური მოტივაცია და მიდგომა სჭირდება. ჩემთვის ეს ნამდვილად საინტერესო გამოწვევაა.

რატომ დაკავდი კონტორსიით და რა გიყვარს მასში ყველაზე მეტად?

11 წლისა ბანაკში ვისვენებდი, ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა – „შეხედე რისი გაკეთება შემიძლია“ – და მკერდზე დგომი გააკეთა. ამ დროს მე ინტერნეტთანაც არ მქონდა წვდომა, ხოლო ინსტაგრამი საერთოდ არ არსებობდა. ამაზე მაგარი რამ ცხოვრებაში არ მენახა, ამიტომ გადავწვიტე, რომ თავადაც უნდა გამეკეთებინა იგივე და ეს ჩემი ბედისწერა იყო.

როდესაც საღამოს სასტუმროში დავბრუნდი, სახლის პატრონ ქალს ცირკის ძველი ჩანაწერები აღმოაჩნდა. ერთ-ერთ ვიდეოში 4 კონტორსიონისტი გოგონა  უნაკლოდ დადგმულ წარმოდგენას ასრულებდა. ამ მომენტში შემიყვარდა კონტორსია. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ეს გოგონები მოქნილობითა და აღნაგობით ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რამაც გამათამამა - მეც მეცადა მსგავსი ილეთების შესრულება, თუმცა იმასაც მივხვდი, რომ საკმარისად მოქნილი არ ვიყავი. საბოლოოდ, რეალურად დავიწყე სხეულებს შორის განსხვავების შემჩნევა (11 წლის გოგონასთვის ამის გააზრება შოკისმომგვრელი იყო). ზოგიერთს კარგად გამოსდის ესა თუ ის ილეთი, ზოგს კი არა, ხოლო საჯდომით საკუთარ თავზე ჩამოჯდომა, ყველას არ ეხერხება. ვიდეოს ძალიან ბევრჯერ ვუყურე, ის ჩემი მამოძრავებელი ძალა იყო, ვცდილობდი ამ 4 გოგოსგან შეძლებისდაგვარად ბევრი მესწავლა. მათ ულამაზეს ქორეოგრაფიასთან ერთად ჩემი მთელი სამომავლო კარიერა შთამაგონეს. ამ დროს უკვე მოცეკვავე ვიყავი და ვაფასებდი მოძრაობას, მის დახვეწილობას და ქორეოგრაფიას. ამ ყველაფრის კონტორსიასთან შერწყმის და სრულიად ახალი რამის შექმნის იდეამ შემიპყრო. რაც კონტორსიაში ყველაზე მეტად მიყვარს ისაა, რომ სხეულით ნებისმიერი რამის გამოხატვა შეგიძლია.

რომელი ილეთი გიყვარს ყველაზე მეტად? შენი გამოცდილებით, რომელი ილეთის სწავლა უადვილდებათ დამწყებებს?

 

რთული კითხვაა, არ ვიცი საიდან დავიწყო. სიმართლე გითხრათ, ილეთების გარდა კონტორსიაში ბევრი რამ მიყვარს. მაგალითად, გულახდილობის ის მომენტები, როდესაც მაყურებელთან კავშირის დამყარება შეგიძლია და სცენაზე ორად მოკეცილი მშვიდი გამომეტყვლებით აკვირდები მათ. რაც შეეხება ილეთებს, ხელებზე დგომი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოძრაობა ჩემთვის საყვარელი და საინტერესოა.

დამწყებებისთვის ყველაფერი მათ თანდაყოლილ მოქნილობასა და აღნაგობაზეა დამოკიდებული; ის, რაც ერთისთვის მარტივი ასათვისებელია, სხვისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მაგალითად, მე მოკლე ფეხები მაქვს, რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს, კიდურების სიმოკლე ბევრი უმარტივესი მოძრაობის შესრულებას ართულებს. ისე კი, ყველაზე მარტივი ალბათ წრეა, რომელსაც ხშირად დონატს ან ნახევარ მთას უწოდებენ (გვერდზე გაწოლილს ორივე ფეხი, ხელებით გიჭირავს ისე რომ წრე შეიქმნას).

რა საფრთხეები არსებობს კონტორსიაში? ჯანმრთელობისთვის რამდენად სასიკეთოა? ყველას ურჩევდი ამ სფეროთი დაკავებას? რა ასაკში ჯობს ვარჯიშის დაწყება?

მართლაც რომ დატვირთული შეკითხვაა. ჩემი აზრით, საკუთარ მოქნილობაზე მუშაობა ყველასთვის კარგია. თუმცა, კონტორსიისგან სრულიად განსხვავდება. ჩემი აზრით, კონტორსია უკიდურესი მოქნილობაა, რომელიც სხვადასხვა ილეთების კეთებას ეფუძნება და შემსრულებლისგან ვარჯიშის ადრეულ ასაკში დაწყებას, ან თანდაყოლილ უნარებს მოითხოვს. მაშინ როცა ვარჯიშით ელასტიკურობას ნებისმიერი განივითარებს, თუმცა ესეც შედარებითია. ადამიანებს, რომლებსაც მთელი დღე სამუშაო მაგიდასთან ჯდომა, ფეხზე დგომა, ან გადარბენზე ყოფნა უწევთ, მოქნილი სხეული ტკივილის დაძლევაში ეხმარება. მაგრამ მე კონტორსიაში ვარჯიშს და ელასტიკურობაზე მუშაობას ერთმანეთისგან ვასხვავებ და ვფიქრობ, სხვებმაც ასე უნდა დაინახონ. თუ გინდა უბრალოდ ელასტიკური გახდე, ამის მისაღწევად ვარჯიშის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება, შემდეგ კი თუ სათანადო უნარები აღმოგაჩნდება და სხეული ზედმეტად არ დაისტრესება, კონტორსიაში განაგრძო ვარჯიში, ამიტომაც ასაკი დიდად მნიშნვნელოვანი არ არის.

შენს საიტზე წავიკითხე, რომ კლიენტებს ინდივიდუალურ და უსაფრთხო ტექნიკას სთავაზობ, შეგიძლია გვითხრა, რა განასხვავებს მას სხვა მეთოდებისგან?

კონტორსიის სწავლების უამრავი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მეთოდით მოსწავლეს მისი ბუნებრივი უნარების გაუთვალისწინებლად აკეთებინებენ მკერდზე დგომს და ამას კონტორსიას ეძახიან, რაც ძალიან საშიშია. ჩემი მიდგომა სრულიად საპირისპიროა, სანამ უშუალოდ ილეთების შესრულებაზე გადავიდოდეთ, ვრწმუნდები, რომ მოსწავლეს ამა თუ იმ პოზიციაში დგომის და საწყის მდგომარეობაში უვნებლად დაბრუნების სათანადო ძალა და მოქნილობა გააჩნია. კიდევ ერთი სტილის მიხედვით, რომლითაც ძირითადად ცირკში გაზრდილი ადამიანები ასწავლიან, ტკივილი კარგია, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ბავშვს შესაძლოა, გაწელვასთან და კუნთის მუშაობასთან დაკავშირებული შეგრძნებები ტკივილში აერიოს. მცირე ასაკში პირველი ვარჯიშით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება კუნთებში ხშირად ტკივილთან ასოცირდება, ანუ ისინი შეგრძნებებს სწორ სახელს ვერ არქმევენ, რაც ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ვერიდები 14 წელზე უმცროსებთან მუშაობას. შეიძლება ითქვას, სწავლებას ჰოლისტიკურად  ვუდგები. ადამიანებს არ ვაიძულებ იმის კეთებას, რაც შეუძლებელია, ვამხნევებ, რომ  ისეთი რამეების გაკეთება შეძლონ, რაც მიუღწეველი და საშიში ეჩვენებათ, თუ თავად უსაფრთხოდ მივიჩნევ. თუმცა, როდესაც ვინმეს ესა თუ ის მოძრაობა არ გამოსდის, ვიკვლევ, რა უშლის ხელს და ყურადღება ამ ადგილის მოქნილობასა და გაძლიერებაზე გადამაქვს. კონტორსია ნამდვილად უსაფრთხოა, თუ გიჟური ილეთების  ნაცვლად, საკუთარ თავსა  და შესაძლებლობებზე მოახდენ კონცენტრაციას.

 

ძალიან მომწონს შენი #NOTYOGA. შეგიძლია გვითხრა, როგორ მოიფიქრე?

კონტორსიისა და იოგას გაიგივება საკმაოდ გავრცელებული და პოტენციურად საშიში გაუგებრობაა და ვფიქრობ, იოგას მიმდევრები მოხარული იქნებიან შენი პასუხით.

სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ეს ჰეშთეგი მე შევქმენი. სინამდვილეში კი უბრალოდ გადმოვიღე, რადგან დანახვისთანავე იმოქმედა ჩემზე. როდესაც შემსრულებელი ვიყავი, საკუთარი თავი იოგებზე უკეთესად მიმაჩნდა. რალურად, არც კი მესმოდა მათ შორის განსხვავება, უბრალოდ მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ხალხს ისინი ერთი და იგივე ეგონა.

რაც მასწავლებლობა და სხეულის მუშაობის მექანიზმის შესწავლა დავიწყე,  მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე უკეთესია. მე როგორც კონტორსიონისტი, შევეცდები მაქსიმალურად კარგად ავხსნა ეს განსხვავება.

პირველ რიგში, იოგა სულიერებასთანაა დაკავშირებული, კონტორსია კი – არა. ამ ორი სახეობით დაკავებულ ადამიანებს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება და განწყობა აქვთ. კონტორსიაში პირველობისთვის იბრძვი, ამიტომ, შესაძლოა, ბევრი რამ სულაც არ იყოს სასიამოვნო გასაკეთებელი. შენ ისე უნდა ივარჯიშო, როგორც სპორტსმენმა და ამავდროულად სცენაზე საოცარი ელეგანტურობითა და დახვეწილობით წარდგე – ერთდროულად სპორტსმენიც ხარ და ხელოვანიც. იოგას ვარჯიშის დროს ადამიანს  საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობა სურს, აქცენტები კი სულიერებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეა გადატანილი.

დღევადელი სოციალური მედია  (კერძოდ, ინსტაგრამი) გარემოცულია ამ არც თუ ისე უსაფრთხო აზრით. მართალია, ძალიან ბევრ იოგს კონტორსიის დონის ელასტიკურობა აქვს, შესაძლოა, მათ ამის მიღწევაში იოგამ შეუწყო ხელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე მოხდება სხვების შემთხვევაშიც. უკიდურესი მოქნილობის გამომუშავება იმ საშუალებით, რაც კონკრეტულად ამისთვის არაა შექმნილი, არც ისე უსაფრთხოა. ვფიქრობ, საჭირო არაა იმის თქმა, რომ იოგას პედაგოგების უმრავლესობას მხოლოდ ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსები აქვს გავლილი. საიდან უნდა იცოდნენ, როგორ მუშაობს სხეული, და სხვებს ასწავლონ კონტორსიის დონის მოქნილობა, როდესაც თავად არ არიან ასეთი ელასტიკურები. უსამართლოდ რომ არ გამომივიდეს, იგივეს თქმა შეიძლება კონტორსიის ინსტრუქტორებზეც, რომლებიც თავად არასდროს ყოფილან ამით დაკავებული, ან ახლა იწყებენ ვარჯიშს. ჩემი აზრით, რასაც არ უნდა ისახავდე მიზნად, ყოველთვის  პროფესიონალ ინსტრუქტორს უნდა მიმართო, რომელსაც ვარჯიშის პირადი გამოცდილება აქვს და კარგად ერკვევა სხეულის ფუნქციებსა და ანატომიაში.

რატომ ფიქრობ, რომ მოზრდილებისთვის ელასტიკურობის გარკვეული დონის შენარჩუნება ან შეძენა მნიშვნელოვანია?

იმიტომ, რომ ის ტკივილებს ხსნის. ჩვენ დროში ადამიანები დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან ტელეფონში ჩამძვრალები ატარებენ. გაწელვა და ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ამიტომაც მოხარული ვარ, რომ იოგა დღეს ასეთი პოპულარულია. ის სასარგებლოა და საშუალებას გაძლევს, ივარჯიშო და გაიწელო, მოდუნდე და უბრალოდ დროებით მოწყდე საკუთარ ტელეფონს.

ოდესმე თუ გიცდია იოგა და რატომ დარჩი უკმაყოფილო?

დიახ, ერთხელ ვცადე და ძალიან გამიჭირდა, რომ კონტორსიისგან განსხვავებულად, ნაკლები დატვირთვით მევარჯიშა. იმდენად ვიყავი მიჩვეული ცირკის წვრთნას, საერთოდ ვერ შევძელი იოგას სულიერი მხარის შეცნობა. ამის გამო ინსტრუქტორსაც არ ვეხატებოდი გულზე და დიდად სასიამოვნო გამოცდიელება არ ყოფილა.

შეგიძლია იოგას დამწყებებს 3 რჩევა მისცე, რომ უფრო უკეთ და უსაფრთხოდ შეძლონ გაწელვა?

სანამ კითხვას ვუპასუხებ, მინდა განვმარტო, რომ ეს იმის საპირისპიროა, რასაც იოგაში ასწავლიან. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კონტორსია და იოგა სხვადასხვა რამაა. ესეც ჩემგან სამი, უფრო სწორად ოთხი უსაფრთხო და ეფექტური ხერხი ელასტიკურობის დასახვეწად:

  1. დაჭიმეთ საჯდომი! უკანზნექების შესრულებისას ძალიან მნიშვნელოვანია საჯდომის ქვედა ნაწილი, რომელიც ამავდროულად ბარძაყის გაგრძელებაა, დაჭიმული იყოს, რათა ზურგი, განსაკუთრებით მისი ქვედა ნაწილი არ დაზიანდეს.
  2. შეწყვიტე უკანზნექის შესრულება შეერთებული ფეხებით! ეს რჩევა კვლავ ზურგის დაცვას ემსახურება. უმრავლესობას თეძოებში არა აქვს საკმარისი ძალა, რომ ბიძგის გაკეთება შეერთებული ფეხებით შეძლოს. ამიტომ მთელი დატვირთვა ქვედაწელზე გადადის (მე პირადად არაერთ იოგთან მიმუშავია, რომელსაც ზურგის პრობლემები აწუხებდა უკანზნექების შეერთებული ფეხებით კეთების გამო).
  3. გამართეთ ფეხები წინდახრების კეთებისას (გამოიყენეთ ოთხთავა კუნთი ფეხების გასასწორებლად) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვარჯიში არ იქნება საკმარისად ეფექტური, რომ მალევე მიაღწიოთ სასურველს და გაწელოთ ბარძაყები.
  4. (3 საკმარისი არ არის ამიტომ მე-4-საც ვამატებ) გაამაგრეთ მუცელი უკანზენექის დროს. ბევრისგან გამიგია, რომ ამ პოზიციაში სხეული უნდა მოადუნო, ამის გამო ბევრ ჩემს მოსწავლეს სტკივა ზურგის ქვედა მხარე. ასე რომ, პრესი აქტიური უნდა დარჩეს, თუმცა არა სუნთქვისშეკვრამდე, უბრალოდ დაჭიმეთ, ისე რომ   ზურგის კუნთებს საქმე შეუმსუბუქოთ. 

დიდი მადლობა კეტი, ამ შესანიშნავი ინტერვიუსთვის, რომლის წაკითხვამაც ძალიან მასიამოვნა. სიყვარულით, ლოს ანჟელესიდან.

                                            

რა არის შენი მიზანი?

ჩვენ, იოგას პრაქტიკოსებს გვინდა გავიგოთ, რომელია სწორი გზა. სულიერებითა და ელასტიკურობის ზომიერების ფარგლებში გაუმჯობესებით თუ ხარ დაინტერესებული, იოგა სწორედ ისაა, რაც გჭირდება. თუ მეტი გინდა, ვიდრე უბრალოდ ელასტიკურობა, საკითხის სიღრმისეულად გარკვევა - საკუთარი სხეულის შესწავლა, ასაკის გათვალისწინება (რაც ზოგისთვის უსიამოვნოა, თუმცა საჭირო) და სავარაუდოდ, ფიზიოთერაპევტთან სტუმრობაც კი მოგიწევს. რაც უფრო დიდ ასაკში დაიწყებ ვარჯიშს,  შედარებით მეტი დრო დაგჭირდება რთული ილეთების ასათვისებლად. უკუჩვენება შესაძლოა ახლდეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, ხერხემლის დისკის თიაქარი და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები აქვს.

 

www.catiebriercontortion.com

www.instagram.com/catie.brier.contortion