თარგმნა ვანო ღონღაძემ
სურათი 1. ხარის ძიებისას
ვეებერთელა და უკაცრიელ შამბნარში მყოფი, დაუსრულებლად და გაუთავებლად მივარღვევ მაღალ-მაღალ ბალახებს და დავეძებ ხარს.
დავუყვები უსახელო მდინარეებს, ჩაკარგული, ლაბირინთის ტალანებივით ერთმანეთში გადახლართულ ბილიკებზე, შორეულ მთებს შორის, მეცლება ძალი და ილაჯი მელევა, მაინც ვერ მიპოვნია ხარი, ვერ მიმიგნია მისი ნაკვალევისათვის.

სურათი 2. ხარის ჩლიქთა ნაკვალევის მიგნება
მდინარის ნაპირსა და მაღალ ხეთა ჩრდილში მე ვაგნებ მის ნაკვალევს, ერთმანეთში უსურვაზივით გადახლართულ ბალახებს შორისაც ვარჩევ მის ჩლიქთა ნაკვალევს.
მიუვალი მწვერვალების კალთებზე ვპოულობ მე მათ.
ისინი ჩემს თვალთ ვეღარასოდეს დაემალებიან, როგორც ადამიანის ცხვირი, მიმართული ზეცისაკენ.

სურათი 3. ხარის შეცნობა ცხადად მესმის ღამეული სიმღერა, ტკბილი გალობა. მზე საამოდ აცხუნებს, ქარი სუსტია და ზომიერად მქროლი, ტირიფები ამწვანებულად მდინარის ნაპირთან, - ვერა ხარი ამ ადგილას დამალვას ვერ მოახერხებს!
რომელი ხელოვანი დახატავს მის მძლავრს ქედსა და თავს, მის ბრწყინვალე და ბასრ რქებს?!

სურათი 4. ხარის დაჭერა
გააფთრებით და შემაძრწუნებელი ჟინიანობით ვუდგები კვალში.
მისი დიდებული ნებისყოფა და ძალა დღემდის დაუძლეველია.
ხარი თავს აღირებს მაღალი ზეგანისაკენ და ესწრაფვის, შეერწყას ღრუბელთა ქულებს, მოსწყდეს ციცაბო ველს და შეერთოს ცას.

სურათი 5. ხარის გახედვნა
აუცილებელია, მქონდეს მათრახი და ბაწარი, თორემ ხარი დიდი ძალისხმევის გაუწევლადაც მომისვრის მტვრიან შარა-გზაზე.
კეთილად გახედვნის შემდეგ მას გრძნობა, გონება და სხეული უმშვიდდება, ბუნებრივად და ძალდაუტანებლად იძენს გაწონასწორებულობას.
შემდეგ შეუწინააღმდეგებლად მნებდება და მემორჩილება _ თავის ბატონს.

სურათი 6. ხარზე ამხედრება; გზად შინისაკენ
ხარზე შემომჯდარი ნელნელა მივემართები გზად შინისაკენ.
ჩემი ფლეიტის ხმა და მისი ბგერები თანაბრად ვრცელდება შეღამებისჟამინდელ ეთერში.
ვადარებ ამ ბგერათა სიხშირეს ჩემი მაჯისცემის დროით შუალედებს და ცხადად ვაცნობიერებ დაუსრულებელ ჰარმონიას ჩემ ირგვლივ არსებულ სამყაროსა და საკუთარს _ შინაგანს შორის.
ნებისმიერი, რომელიც ისმენს და მოისმენს ამ მელოდიათა ერთობას, შეძლებს, შემომიერთდეს მე.

სურათი 7. ხარის გადანაცვლება მიღმიერ სამყაროში (ხარის მოშინაურება)
ხარის ზურგიდან ჩამომხდარი, ვაღწევს ჩემს კარმიდამოს, განვიცდი აღუშფოთველობის ნეტარებას.
ხარსაც სწყურია, მოისვენოს.
ირიჟრაჟებს, ინათებს _ ამას მცირე დროღა სჭირია.
სიმშვიდის ამ მოწყვეტილ წამებში ვეღარც ვხვდები, როდის ვისხლეტ ხელთაგან მათრახს და ბაწარს.

სურათი 8. ხარისა და თვისი არსის ერთობლივი გადანაცვლება მიღმიერ სამყაროში
მათრახი, ბაწარი, პიროვნება და ხარი — ყოველივე ერთიანდება არარაში. ეს სამოთხე ასეთი უზარმაზარია, ვეებერთელა და თვალუწვდენელი.
არც ერთ გარე გზავნილს ძალუძს, დამირღვიოს მისმიერი ნეტარება.
როგორ შეეწყობა თოვლის ფიფქი და მოგუგუნე ცეცხლი ერთმანეთს? აქ იკვალთება და სახიერდება წინაპართა ნაკვალევი.

სურათი 9. წყაროსთან მისვლა
ძალიან დიდი მანძილის გავლა მიწევს წყაროსთან დაბრუნებამდე. უმჯობესი იქნებოდა, გაჩენის დღიდანვე უსინათლო და სმენის უუნარო ვყოფილიყავი! მებინადრა ვისიმე ჭეშმარიტ საცხოვრებელში, მწუხარებით ან მის გარეშე.
მდინარე კი მდორედ მიემართება შესართავისაკენ, ხოლო გარშემო ყვავილები გაშლილან, წითლადთავდამშვენებული გვირგვინებით.

სურათი 10. დაბრუნება ადამიანთა შორის
ფეხშიშველი და განმოსილი სხეულით ვუბრუნდები ერის შვილებს.
სამოსი ჩემი მთლად დაფლეთილა, დამტვრიანებულა და მწვირეს დაუფარავს, მაინც ვინარჩუნებ გონების სიმშვიდესა და აუმღვრეველობას.
მე არ ვიყენებ ჯადოსნობას, სიცოცხლის ჩემის გასახანგრძლივებლად;
ახლა კი, ჩემ თვალწინ, მკვდარი ხეები ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებიან.
