ძენის ცნებას რაც შეიძლება მატივად გადმოვცემ. პირველ რიგში, ეს მათთვის უნდა გაკეთდეს, ვისაც მის ცნებაზე წარმოდგენა არ აქვს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც პირველად ეცნობა ძენს, მასზე სწორი წარმოდგენა შეიქმნას. ყველაზე ხშირად თავად ტერმინი ძენი „აბსოლუტის“ ან „უმაღლესი რეალობის“ აღსანიშნავად გამოიყენება, რაც „სიტყვებს მიღმაა“.
ცნობილი ჩინური (ძენი=ჩანი=დჰიანა) გამონათქვამია: „სიტყვა ჭორია, დუმილი — ტყუილი. გამოსავალი დუმილისა და სიტყვების მიღმაა “. სწორედ ეს გამოსავალი არის ძენი — აბსოლუტურის მიღწევა. ძენს ასევე „კოსმოსური გამოცდილების“ მდგომარეობასაც უწოდებენ, რომელიც ცნობილია როგორც გამოღვიძება (სატორი). უნდა გვახსოვდეს, რომ ძენი არც რელიგია და არც სექტაა. უმაღლესი რეალობის მიღწევის პრაქტიკა თითქმის ყველა რელიგიაშია ცნობილი როგორც: ღმერთთან დაბრუნება, ბუდას მდგომარეობის მიღწევა, ნირვანა და ა. შ.
ქოანი (გუნანი) — მოკლე ისტორიაა, რომელიც გარკვეულ (ხშირად გაურკვეველ) კითხვას ან გასხივოსნების მდგომარეობის (არ აგვერიოს გამოღვიძებაში) აღწერას მოიცავენ. გუნანის გაგება ან/და მათზე პასუხის გაცემა თავისთავად შეუძლებელია მარტივი ლოგიკური მსჯელობით. ძენში მხოლოდ ლინძზი ქოანები ემსახურებოდნენ გასხივოსნების მიღწევას. ქოანების შესწავლით თქვენ ნახავთ, თუ როგორ ხდება მასწავლებლის შეკითხვა მოსწავლის ნაწილი და ქოანების უკვე აღარ განსჯით, მოსწავლე პასუხს საკუთარ თავში, კოსმოსში, ნებისმიერ ადგილას პოულობს, იმიტომ, რომ მისთვის განსხვავება აღარ არსებობს. ამის გაგება საკმაოდ ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია დავადგენთ გზას და მას აღარ გადავუხვიოთ.
1. ფინჯანი ჩაი
ნან-ინი, იაპონელი ძენის ოსტატი, რომელიც მეიძის ეპოაში ცხოვრობდა (1868-1912 წწ.), უნივერსიტეტის პროფესორს მასპინძლობდა, რომელიც იმისთვის ესტუმრა, რომ გაეგო, რა არის ძენი. ნან-ინმა ჩაი შესთავაზა. ფინჯანში ჩაი დაუსხა, ფინჯანი აივსო, თუმცა მან ჩაის დასხმა არ შეწყვიტა.
პროფესორმა, რომელიც უყურებდა, თუ როგორ იღვრებოდა ჩაი, ვეღარ მოითმინა და მიმართა: — ის ხომ სავსეა, მეტი ხომ აღარ ჩავა!
— ამ სასმისის მსგავსად — უთხრა ნან-ინმა — თქვენც სავსე ხართ საკუთარი მოსაზრებებით და შეხედულებებით. როგორღა გიჩვენოთ ძენი, თუ თქვენი ფინჯანი ცარიელი არ იქნება?
2. ტალახიან გზაზე ბრილიანტის პოვნა
გუდუ თავისი დროის იმპერატორის მასწავლებელი იყო. მიუხედავად ამისა, იგი ხშირად მოგზაურობდა მარტო როგორც მოწყალების მთხოვნელი მაწანწალა. ერთხელ, როდესაც იგი ედოში, სეგუნატის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრში მიდიოდა, ერთ პატარა სოფელს მიუახლოვდა, რომელსაც ტაკენაკა ერქვა. საღამოვდებოდა. თავსხმა წვიმა იყო. გუდუ მთლიანად დასველდა, მისი ჩალის სანდლები დაიშალა. ახლოს მდგომი სახლის ფანჯარაში ოთხი-ხუთი წყვილი სანდალი შეამჩნია და მშრალი წყვილის შეძენა გადაწყვიტა. ქალმა, რომელმაც სანდლები გამოუტანა, დაინახა, რომ იგი სრულიად სველი იყო და სახლში ღამის გათევა შესთავაზა. გუდუმ შეთავაზება მიიღო და მადლობა გადაუხადა. იგი შევიდა და ოჯახის სამედიტაციო კუთხეში სუტრა წარმოთქვა. შემდგომ ქალის დედას და ბავშვებს წარუდგა. ნახა, რომ მთელი ოჯახი მწუხარებას მოეცვა. გუდუმ ჰკითხა, თუ რა მოხდა.
— ჩემი ქმარი მოთამაშე და ლოთია, როგორც კი ღვინოს იშოვნის, მაშინვე თვრება და ჩხუბობს. ხანდახან, როდესაც ძალიან მთვრალია, სახლში საერთოდ არ მოდის. რა ვქნა, რა ვიღონო?
— მინდა დაგეხმარო, — უთხრა გუდუმ — აი, შენ ცოტაოდენი ფული. ერთი ბოთლი კარგი ღვინო მიყიდე და რაიმე საჭმელი. ამის შემდეგ შეგიძლია დამტოვო. მე ვიმედიტირებ.
როდესაც შუაღამეს ქმარი სრულიად მთვრალი დაბრუნდა, აყვირდა:
— ქალო, სახლში ვარ! არის რაიმე საჭმელი?
— მე მაქვს, — უთხრა გუდუმ — გზაში წვიმამ მომისწრო, შენმა ცოლმა შემიბრალა და აქ ღამის გათევა შემომთავაზა. მადლიერების ნიშნად ღვინო და თევზი ვიყიდე, ასე რომ, შეგიძლია აიღო.
ქმარს ძლიერ გაუხარდა. მან მაშინვე მთლიანად დალია ღვინო და იატაკზე წამოწვა. გუდუ მას მიუჯდა და მედიტირება დაიწყო. როდესაც კაცმა გაიღვიძა, აღარაფერი ახსოვდა, რაც წინა ღამეს მოხდა.
— ვინ ხარ? საიდან გაჩნდი? — ჰკითხა მან გუდუს, რომელიც ჯერ კიდევ მედიტირებდა.
— მე ვარ გუდუ კიოტოდან, ედოში მივდივარ, — უპასუხა ძენის მასწავლებელმა.
მამაკაცს ძლიერ შერცხვა. თავად იმპერატორის მასწავლებლის მიმართ მობოდიშება დაიწყო. გუდუს გაეღიმა:
— შენს ცხოვრებაში ყველაფერი ცვალებადია — უთხრა მან. — ცხოვრება ხანმოკლეა. თუ მას თამაშსა და სიმთვრალეში გაატარებ, ვერაფერს მიაღწევ და შენს ოჯახსაც დატანჯავ.
მამაკაცი თითქოს ძილისგან გამოფხიზლდა.
— მართალი ხარ, — უთხრა მან. — შევძლებ თუ არა ოდესმე ამ ამ დარიგების გამო, სამაგირო გადაგიხადო? ნება მომეცი გაგაცილო და შენი ნივთები წაგაღებინი.
— თუ გსურს, დამეხმარე, — უთხრა გუდუმ.
ორნი გზას დაადგნენ. ხუთი კილომეტრის გავლის შემდეგ, გუდუმ დაბრუნება შესთავაზა.
— ნება მომეცი კიდევ 7 კილომეტრი გამოგყვე. — უთხრა მამაკაცმა. მათ გზა განაგრძეს.
— ახლა შეგიძლია დაბრუნდე. — უთხრა გუდუმ.
— კიდევ 12 კილომეტრი, უთხრა მამაკაცმა.
— ახლა დაბრუნდი, — უთხრა გუდუმ, რომდესაც მათ 12 კილომეტრიც გაიარეს.
— მთელი ცხოვრება გამოგყვები — უთხრა მამაკაცმა.
თანამედროვე იაპონელმა მასწავლებლებმა ეს ამბავი ძენის ცნობილი მასწავლებლისგან მიიღეს, რომელიც გუდუს მოსწავლე იყო. მას ერქვა მუ-ნანი — ადამიანი, რომელიც არასდროს დაბრუნებულა.
3.ასეა ეს?
მეზობლები ძენის ოსტატ ჰაკუინს იცნობდნენ, როგორც პატიოსანი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს. მის მეზობლად ცხოვრობდა ლამაზი იაპონელი ახალგაზრდა ქალი, რომლის მშობლებიც საკვები პროდუქტების დახლს ფლობდნენ. მოულოდნელად მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ იგი ორსულად იყო. მშობლები განრისხდნენ. იგი არ ასახელებდა, თუ ვინ იყო ბავშვის მამა, მაგრამ დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, მან ჰაკუინი დაასახელა. გაბრაზებული მშობლები ოსტატთან მივიდნენ.
— ასეა ეს? — ოსტატმა მათ მხოლოდ ეს ჰკითხა.
როდესაც ბავშვი დაიბადა, ჰაკუინთან წაიყვანეს. ამ დროს მას უკვე დაკარგული ჰქონდა კარგი რეპუტაცია, რაც მას არ აღელვებდა, თუმცა ბავშვზე ზრუნვას გულმოდგინეთ შეუდგა. მეზობლებისგან რძეს და სხვა ყველაფერს ყიდულობდა, რაც მას სჭიდებოდა. ერთი წლის შემდეგ ბავშვის დედამ ვეღარ მოითმინა და მშობლებს სიმათლე უთხრა, რომ ბავშვის ნამდვილი მამა ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც თევზის ბაზარში მუშაობდა.
ახალგაზრდა ქალის დედა და მამა პატიების სათხოვნელად და ბოდიშის მოსახდელად მივიდნენ ჰაკუინთან, აგრეთვე იმისთვის, რომ ბავშვი წამოეყვანათ. ჰაკუინმა ისინი ჩვეულებრივ მიიღო. როდესაც ბავშვი მიუყვანა, მხოლოდ ეს ჰკითხა:
— ასეა ეს?
4. მორჩილება
ძენის მასწავლებლის, ბანკეის, საუბრები არა მხოლოდ ძენის მოსწავლეებს იზიდავდა, არამედ სხვადასხვა სექტისა და რანგის ადამიანებსაც. მას არასდროს მოჰყავდა ციტატები სუტრებიდან და არც სქოლასტიკურ მსჯელობებს მისდევდა. მისი სიტყვები გულიდან მოდიოდა და მსმენელების გულებამდე აღწევდა. მისი აუდიტორიის მრავალრიცხოვნობამ ნიჩირენის სექტის მღვდელმსახურის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მიმდევრები ტოვებდნენ სექტას იმისთვის, რომ ძენის შესახებ ესმინათ. პატივმოყვარე ნიჩირენის მღვდელმსახური ტაძარში მივიდა, მას ბანკეისთან კამათი ჰქონდა გადაწყვეტილი.
— ჰეი, ძენის მასწავლებელო! — დაუძახა მან. — ერთი წუთი დაიცადე. ყოველი, ვინც პატივს გცემს, შენს სიტყვებს ემორჩილება, მაგრამ მე შენს სიტყვებს პატივს არ ვცემ. შეგიძლია თუ არა, რომ დამორჩილება მაიძულო?
— მომიახლოვდი და გიჩვენებ. — უთხრა ბანკეიმ.
მვდელმსახური მედიდურად დაიძრა, ხალხში გაიარა, ახლოს რომ მისულიყო. ბანკეიმ გაიღიმა.
— მარცხნიდან ამომიდექი.
მვდელმსახური დაემორჩილა.
5. თუ გიყვარს, ღიად გიყვარდეს
ოცი ბერი და ერთი მონაზონი სახელად ენსიუნი რომელიღაც ძენის მასწავლებელთან მედიტირებდნენ. მოუხედავად იმისა, რომ ენსიუნს თავი გადაპარსული ჰქონდა და სადა ტანსაცმელი ემოსა, იერით მაინც ძალიან საყვარელი იყო. რამდენიმე ბერს მისი სიყვარული გულში ჩაუვარდა. ერთ-ერთმა მათგანმა სასიყვარულო წერილი მისწერა, რომელშიც შეხვედრას სთხოვდა. ენსიუნმა არ უპასუხა. მეორე დღეს, როდესაც მასწავლებელი ჯგუფთან გაკვეთილს ატარებდა, ენსიუნი წამოდგა გაკვეთილის დასრულებისთანავე და მას მიმართა, ვინც წერილი მისწერა: „თუ მართლა გიყვარვარ, მოდი და ჩამეხუტე.“
9. მთვარის მოპარვა შეუძლებელია
რიოკანი, ძენის ოსტატი, მთაზე ერთ პატარა ქოხში მოკრძალებულად ცხოვრობდა. ერთ საღამოს, ქოხს ქურდი ესტუმრა. როდესაც დარწმუნდა, რომ მოსაპარი არაფერი იყო, გადაწყვიტა იქაურობას გასცლოდა.
დაბრუნებულმა რიოკინმა ქურდს წაასწრო და შეაჩერა: „ჩემს სანახავად დიდი გზა გამოიარე,“ — უთხრა მაწანწალას, — „ხელცარიელი უკან არ უნდა დაბრუნდე. გთხოვ, საჩუქრად ჩემი ტანისამოსი მიიღო.“
შეცბუნებულმა ქურდმა ტანისამოსი გმოართვა და წავიდა.
შიშველი რიოკანი დაჯდა და მთვარეს უცქერდა. „საბრალო ჭაბუკი,“ - ჩაფიქრებულმა თქვა, — „ნეტავ შემეძლოს მისთვის ამ მშვენიერი მთვარის ჩუქება.“
12. ბედნიერი ჩინელი
თუკი ამერიკაში ჩინურ დასახლებებში გაგივლიათ, შესაძლებელია, შენიშნეთ მსუქანი ბიჭის ქანდაკება, რომელსაც ტილოს ჩანთა აქვს მოკიდებული. ჩინელი ვაჭრები მას ბედნიერ ჩინელს ან მომღიმარ ბუდას ეძახიან.
ეს ახალგაზრდა, ჰოტეი, ტენგის დინასტიის დროს ცხოვრობდა. მას არ ჰქონია სურვილი საკუთარი თავისთვის ძენის ოსტატი ეწოდებინა ან მოწაფეები შეეგროვებინა. ამის ნაცვლად, იგი ქუჩებში დიდი ტომრით დადიოდა, სადაც ტკბილეული, ხილი ან ფუნთუშები ელაგა. ჩანთაში ჩალაგებულ ნობათს იგი ბავშვებს ურიგებდა ხოლმე, რომლებიც მის გარშემო თამაშისას მოგროვდებოდნენ. ასე ჩაუყარა საფუძველი ქუჩის საბავშვო ბაღს.
როდესაც ჰოტეი ქუჩაში ისეთ ადამიანს შეხვდებოდა, რომელიც თავს ძენს უძღვნიდა, ხელს გაუწვდიდა და მოწყალებას სთხოვდა. თუკი ვინმე ეტყოდა, რომ მონასტერში დაბრუნებულიყო და სხვებისთვის ძენი ესწავლებინა, იგი კვლავ გაუმეორებდა: „მომეცი ხურდა ფული.“
ერთხელაც, როდესაც იგი თავისი „საქმე-თამაშით“ იყო დაკავებული, იქვე სხვა ძენის ოსტატი აღმოჩნდა, რომელმაც ჰკითხა: „რა არის ძენის არსი ?“
ჰოტეიმ მდუმარე პასუხში ტომარა დაუყოვნებლივ ძირს დააგდო.
„მაშინ, — შეეკითხა სხვამ, — რა არის ძენის განხორციელება?“
ბედნიერმა ჩინელმა მყისვე ტომარას ხელი დაავლო, მხარზე გადაიკიდა და გზა განაგრძო.
18. იგავი
ერთ-ერთ სუტრაში მოთხრობილია ბუდას იგავი:
კაცს მოგზაურობისას, მინდვრად ვეფხვი შემოხვდა. მან თავის დაღწევა სცადა და გაიქცა, ცხოველი უკან დაედევნა. იგი მალე ხრამთან აღმოჩნდა, ქვემოთ ჩაძვრა და ველური ვაზის ფესვებს ჩაებღაუჭა. ვეფხვი მის ზემოთ მძვინვარებდა. შიშისაგან აცახცახებულმა კაცმა ქვემოთ ჩაიხედა და იქვე შორი ახლოს სხვა ვეფხვი დაინახა, რომელიც თავის მსხვერპლს ელოდებოდა. კაცს მხოლოდ ვაზიღა უნარჩუნებდა სიცოცხლეს.
ორმა თაგვმა (ერთმა შავმა და ერთმაც თეთრმა) დაიწყეს ვაზის ღრღნა. კაცმა იქვე არომატული მარწყვი შენიშნა. ერთი ხელით ვაზზე ჩაჭიდებულმა, მეორე ხელი მარწყვს წაავლო. ო, როგორი ტკბილი გემო ჰქონდა!
21. ცალი ხელით დაკრული ტაში
მოკურაი (მდუმარე ქუხილი) კენინის ტაძრის ოსტატი იყო. მას პატარა პროტეჟე ჰყავდა, სახელად ტოიო, რომელიც მხოლოდ 12 წლისა იყო. ტოიო ხედავდა, თუ როგორ სტუმრობდნენ, ყოველ დილა-საღამოს, მასზე უფროსი მოწაფეები ოსტატის ოთახს სან—ძენის ინსტრუქციის ან პირადი რჩევის მისაღებად, რათა ესწავლათ გონების დამშვიდება.
ტოიოსაც გაუჩნდა ამის სურვილი.
„ცოტა მოიცადე,„ — უთხრა მოკურაიმ, — „ჯერ ძალიან პატარა ხარ.„
მაგრამ ბავშვმა ისე დაიჟინა, საბოლოოდ ოსტატი მაინც დაითანხმა.
საღამოს, ბიჭი მოკურაის სან—ძენის ოთახის ზღურბლზე შედგა და გონგს შემოკრა, რათა ეცნობებინა მისი გამოჩენა. შემდეგ, პატივისცემით სამჯერ ქედი მოიხარა, ოთახში შევიდა და მოწიწებით ოსტატს წინ დაუჯდა.
„შენ შეგიძლია გაიგონო ორი ხელით დაკრული ტაშის ხმა," — უთხრა მოკურაიმ, — „ახლა კი მითხარი, რისი ხმა აქვს ცალი ხელით დაკრულ ტაშს.“
ტოიომ თავი დაუკრა და მოსაფიქრებლად თავის უთახში დაბრუნდა. ფანჯრებიდან მას გეიშების მუსიკის ხმა ესმოდა და პრობლემა გადაჭრილად მიიჩნია.
შემდეგ საღამოს, როდესაც მასწავლებელმა სთხოვა ეჩვენებინა ცალი ხელით დაკრული ტაში, ტოიომ გეიშების მუსიკის დაკვრა დაიწყო.
„არა, არა,“ — უთხრა მოკურაიმ, — „ასე არ გამოვა. ეს არ არის ცალი ხელით დაკრული ტაშის ხმა. საერთოდ ვერ მიმხვდარხარ.“
ტოიომ ჩათვალა რა, რომ გეიშების მუსიკა ხელს უშლიდა, უფრო მშვიდი ადგილსამყოფელი შეარჩია. მან კვლავ დაიწყო მედიტაცია. „რა შეიძლება იყოს, ცალი ხელით დაკრული ტაშის ხმა?“ — დაფიქრდა ბიჭი. მოულოდნელად მას წყლის ხმა შემოესმა, რომელიც იქვე წვეთავდა და ეგონა, რომ შეკითხვას პასუხი გასცა.
როდესაც იგი მასწავლებლის წინაშე წარდგა, აღნიშნული ხმის იმიტაცია გააკეთა.
„ეს რა არის?“ — შეეკითხა მოკურაი, „ეს ხომ წყლის წვეთვის ხმაა და არა ცალი ხელის. კიდევ მოსინჯე.“
უშედეგოდ ცდილობდა ტოიო გაეგო ცალი ხელით დაკრული ტაშის ხმა. მან ქარის ქროლვა მოესმა, თუმცა კვლავ შეცდა. მოგვიანებით, მას ბუს ხმა შემოესმა, მაგრამ ოსტატმა ესეც დაიწუნა.
ტოიო კიდევ ათჯერ მაინც მივიდა მოკურაისთან, სხვადასხვა ვერსიებით, მაგრამ ყველა არასწორი აღმოჩნდა. იგი, დაახლოებით ერთი წელი მაინც ცდილობა გაეგო, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ცალი ხელით დაკრული ტაშის ხმა.
საბოლოოდ, ტოიომ შეძლო ჭეშმარიტი მედიტაცია და ყველა ხმა გადალახა.
„მეტი ვეღარაფერი შევაგროვე,“ — მოგვიანებით განმარტა მან, — „და უხმო ბგერას (ხმას) მივაღწიე.“
… ასე გაიგო ტოიომ ცალი ხელით დაკრული ტაშის ხმა.
24. სუტრების კითხვა
ფერმერმა ტენდაის მღვდელს თავისი გარდაცვლილი ცოლისთვის სუტრების წაკითხვა სთხოვა. დასრულების შემდეგ, მან ჰკითხა: „ფიქრობ, რომ ეს ჩემს მეუღლეს რაიმეში წაადგება?“
„არა მხოლოდ შენი ცოლი, ყველა სულიერი მიიღებს სარგებელს სუტრების კითხვით.“ - უპასუხა მღვდელმა.
„ შენი თქმით, თუკი სარგებელს ყველა სულიერი მიიღებს,“ - უთხრა ფერმერმა, - „ჩემი ცოლის მდგომარეობით სხვები ისარგებლებენ და მას ნაკლები ერგება. გთხოვ, სუტრები მხოლოდ ჩემი მეუღლისათვის წარმოთქვი.“
მღვდელმა აუხსნა, რომ ასეთი იყო ბუდას სურვილი, რათა ყველა სულიერი არსება ბედნიერი ყოფილიყო და ყველასათვის სიკეთე ესურვებინა.
„ეს ჩინებული სწავლებაა,“ - დაასკვნა ფერმერმა, - „მაგრამ პატარა გამონაკლისი დაუშვი. ერთი უხეში და ძუნწი მეზობელი მყავს, რომლისგანაც მხოლოდ უსიამოვნება მხვდება. გამოაკელი ის ამ ყველა სულიერი არსების ჩამონათვალს.“
27. ბედნიერების ხმა
ბენკეის გარდაცვალების შემდეგ, მოხუცმა, რომელიც ოსტატის ტაძართან ახლოს ცხოვრობდა, მეგობარს უთხრა:
„ჩემი სიბრმავის გამო, ადამიანების სახეს ვერ ვხედავ, ამიტომ მათი პიროვნების შესახებ მათივე ხმით ვმსჯელობ. ჩვეულებისამებრ, როდესაც მესმის თუ როგორ ულოცავს ერთი ადამიანი მეორეს ლხინსა თუ წარმატებას, შურის ფარული ტონიც იგრძნობა. მწუხარებისას, როცა თანაგრძნობას გამოხატავენ სხვათა უბედურების გამო, სიამოვნება და კმაყოფილება გამოერევა მათ ხმაში.
თუმცაღა, ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, ბენკეის ხმა ყოველთვის გულწრფელი იყო. როდესაც ის ბედნიერებას გამოხატავდა, სიხარულის გარდა არაფერი აღიქმებოდა, დარდის შემთხვევაში კი - ერთადერთი, რაც მესმოდა იყო მხოლოდ მისი წუხილი.“
30. სავიზიტო ბარათი
კეიჩუ მეიჯის ხანის დიდებული ძენის მასწავლებელი და კიოტოში, ტოფუკუს ტაძრის წინამძღოლი იყო. ერთ დღესაც, მისი პირველად მონახულება კიოტოს მმართველმა გადაწყვიტა და ესტუმრა.
მოსამსახურემ ძენის ოსტატს სტუმრის შესახებ ამცნო და მისი სავიზიტო ბარათი გადასცა, რომელზეც ეწერა: „კიტაგაკი, კიოკოს მმართველი.“
„ასეთ პიროვნებასთან არაფერი მესაქმება,“ - თქვა კეიჩუმ, - „უთხარი აქედან წავიდეს!“
მოსამსახურემ სტუმარს ბოდიში მოუხადა და სავიზიტო ბარათი დაუბრუნა.
„ჩემი ბრალია.“ - თქვა მმართველმა და ფანქრით ბარათზე სიტყვა „კიოკოს მმართველი“ გადაჩხაპნა.
„ისევ ჰკითხე შენს ოსტატს.“
„ოჰ, ეს ხომ კიტაგაკია?!“ - შესძახა მასწავლებელმა, როდესაც ბარათი დაინახა, - „უთხარი შემოვიდეს!“
33. მოკუზენის ხელი
მოკუზენ ჰიკი ტამბას პროვინციის ტაძარში ცხოვრობდა. მისი ერთ-ერთი მიმდევარი თავისი ცოლის სიძუნწის შესახებ გამუდმებით ჩიოდა.
მოკუზენი ამ ქალის სანახავად გაემართა და შეხვედრისას, მყისვე სახესთან მუჭი მიუტანა.
„ამით რის თქმას ცდილობ?“ — ჰკითხა გაოცებულმა ქალმა.
„დავუშვათ ჩემი ხელი სულ ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო, როგორ დაახასიათებდი?“ — შეეკითხა ჰიკი.
„როგორც დეფორმირებულს.“ — უპასუხა ქალმა.
შემდეგ მოკუზენმა მუჭი გახსნა, სახესთან გაშლილი ხელი გაუჩერა და ჰკითხა: „ვთქვათ, ყოველთვის ასეთი ყოფილიყო, მაშინ რაღას დაარქმევდი?“
„სხვა სახის დეფორმაციას“ — უთხრა ცოლმა.
„ამდენი თუ გესმის, მაშასადამე კარგი ცოლი ყოფილხარ.“ — დაასრულა მოკუზენმა და წავიდა.
მისი ვიზიტის შემდეგ, ქალი თავის ქმარს ყოველთვის ეხმარებოდა, როგორც ქონების დაგროვებაში, ასევე მის გაცემაშიც.
39. ძილი დღისით
ოსტატი სოიენ შაკუ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი ცხოვრებისეული მისიის შესრულებისას მან ბევრად უფრო ძვირფასი სწავლება დატოვა, ვიდრე ძენის სხვა მასწავლებელის უმეტესობამ.
როგორც წესი, შუა ზაფხულის პერიოდში, შაკუს მოწაფეებს დღის განმავლობაში ეძინათ ხოლმე. მათი შემხედვარე, თავად ერთ წუთსაც კი არ კარგავდა ხოლმე.
თურმე ბავშვობაში, როდესაც ოსტატი 12 წლისა იყო, უკვე სწავლობდა ტენდაის ფილოსოფიურ სპეკულაციებს. ზაფხულის ერთ დღესაც ისეთი პაპანაქება სიცხე იდგა, რომ პატარა სოიენმა ფეხები გაშხლართა და დაძინება გადაწყვიტა, სანამ მისი მასწავლებელი წასული იყო.
სამი საათის შემდეგ, მას მოულოდნელად გამოეღვიძა და მასწავლებლის შემოსვლის ხმა გაიგონა, თუმცა უკვე გვიანი იყო.
„დიდი ბოდიშით შეწუხებისთვის, პატიებას გთხოვთ!“ — წასჩურჩულა და ფრთხილად გადააბიჯა მასწავლებელმა კარებთან მწოლიარე ბიჭს ისე, თითქოს ვინმე გამორჩეული, საპატიო სტუმარი ყოფილიყო.
ამის შემდეგ, სოიენს, შუადღისით არასოდეს ჩასძინებია.
42.მკვდარი ადამიანის პასუხი
როდესაც მამიია, რომელიც შემდგომ სახელგანთქმული მქადაგებელი გახდა, პირადი მითითებების მისაღებად მასწავლებელთან მივიდა. მასწავლებელმა მას ცალი ხელით დაკრული ტაშის ხმის დემონსტრირება დაავალა.
მოწაფე ბევრს ფიქრობდა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ცალი ხელით დაკრული ტაშის ხმა.
“საკმარისად არ ირჯები,” — უთხრა ერთხელ მისმა მასწავლებელმა, — “საკვებზე, სიმდიდრეზე, სხვა რაღაცებზე ძალიან მიჯაჭვული ხარ; ასევე ამ ხმაზეც. უკეთესი იქნებოდა, რომ მომკვდარიყავი. ეს პრობლემას მოაგვარებდა.”
დავალების (ცალი ხელით დაკრული ტაშის) დემონსტრირების დროც მოვიდა. მამიია მასწავლებლის წინაშე წარსდგა. იგი მიწაზე დაეცა და თავი მოიმკვდარუნა.
“შენ რა, მოკვდი? კარგია, — დააკვირდა მასწაველბელი, — მაგრამ ხმა?”
“ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრე.” — უპასუხა მამიიამ და ოსტატს ახედა.
„მკვდარი ადამიანები არ ლაპარაკობენ!“ — უთხრა მასწავლებელმა, — „მოშორდი აქედან!“
45. სწორი და არასწორი
როდესაც ბანკეი მედიტაციაში განმარტოებით კვირებს ატარებდა, იაპონიის სხვადასხვა კუთხეებიდან დასასწრებად ადამიანები გროვდებოდნენ, რათა მისგან რამე ესწავლათ. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას, ერთ მოწაფეს ქურდობის დროს წაასწრეს. მომხდარის შესახებ ბანკეის აცნობეს და მისგან დამნაშავის დასჯა, კერძოდ კი გაგდება მოითხოვეს. ბანკეიმ მოთხოვნა უგულვებელყო.
მოგვიანებით, იგივე მოწაფე კვლავ შენიშნეს ქურდობის ფაქტზე, თუმცა ბანკეიმ კვლავ არაფრად ჩააგდო მომხდარი. სხვა მოსწავლეები ძალზედ გაბრაზდნენ და ოსტატს მოთხოვნა წაუყენეს- ან დამნაშავე დატოვებდა იქაურობას ან სრული შემადგენლობით თითოეული მათგანი.
როდესაც ბანკეიმ მათი მოთხოვნა წაიკითხა, ყველა მოწაფეს თავისთან უხმო.
“თქვენ ბრძენი ადამიანები ხართ, - უთხრა ოსტატმა, - იცით, თუ რა არის სწორი და რა არასწორი. თუკი გსურთ შეგიძლიათ სასწავლებლად სხვაგან წახვიდეთ, მაგრამ თქვენს ერთ საბრალო ძმას არ შეუძლია გაარჩიოს სწორი არასწორისაგან. მე თუ არა, აბა ვინ უნდა ასწავლოს მას? თუნდაც თქვენ ყველამ წასვლა გადაწყვიტოთ, ის მაინც აქ დარჩება!”
ქურდ მოწაფეს თვალებზე ღვარ-ღვარად ცრემლები წამოუვიდა. მოპარვის ყველა სურვილიც მომენტალურად გაქრა…
48. ზუსტი პროპორცია
სენ ნო რიკუს, ჩაის ოსტატს, სურდა, სვეტზე ყვავილების კალათა ჩამოეკიდა. მან დახმარება დურგალს სთხოვა. თვითონ მიმართულების კარნახი დაიწყო, სანამ ზუსტი ადგილი არ შეარჩიეს. „აი, მაქ!“ - საბოლოოდ უთხრა ოსტატმა.
დურგალმა მისი გამოცდა განიზრახა, ადგილი მონიშნა და თავი მოიკატუნა, თითქოს დაავიწყდა მითითებული ადგილი. „აქ მითხარით? მგონი აქ იყო, არა?“
ისეთი ზუსტი იყო ჩაის ოსტატის პროპორციის შეგრძნება, რომ სანამ დურგალმა წინა შერჩეული წერტილი არ უჩვენა, მანამდე არ დაეთანხმა.
93. მთხრობელის ძენი
ენცო ცნობილი მთხრობელი იყო. მისი სასიყვარულო ამბები ყველას გულს იპყრობდა, ხოლო როდესაც იგი ომის ისტორიას ჰყვებოდა, მსმენელს თავს ამ ომის მონაწილედ აგრძნობინებდა.
ერთ დღეს, ენცო იამაოკა ტესუს შეხვდა, რომელიც ძენს თითქმის სრულყოფილად დაუფლებოდა. “ვიცი,” — უთხრა იამაოკამ, — “რომ ჩვენს მხარეში საუკეთესო მთხრობელი ხარ და შეგიძლია მსმენელი გაამხიარულო ან აატირო შენი მონათხრობით. მიამბე ჩემი საყვარელი ამბავი ატმის ბიჭუნას შესახებ. როცა პატარა ვიყავი, როგორც წესი, დედასთან ერთად მეძინა და ის ხშირად მიყვებოდა ხოლმე ამ ზღაპარს.”
ენცომ ცდა ვერ გაბედა, თუმცა ტესუს სთხოვა, ცოტა დრო მიეცა, რათა კარგად შეესწავლა ეს ამბავი. რამდენიმე თვის შემდეგ იგი იამაოკას ესტუმრა და უთხრა: “გთხოვთ, ნება მომცეთ მოგიყვეთ ზღაპარი.”
“სხვა დროს იყოს,” — უპასუხა იამაოკამ.
ენცო ძალზედ იმედგაცრუებული დარჩა. ამბის შესწავლა კვლავ გააგრძელა და კიდევ რამდენჯერმე სცადა მისთვის მოეყოლა. იამაოკამ უარი მას ბევრჯერ უთხრა. როდესაც ენცო ამბის მოყოლას დაიწყებდა, იამაოკა მას აჩერებდა და ეუბნებოდა: “არა, ჯერ შენ დედაჩემის მსგავსად არ გამოგდის.”
ხუთი წელი დასჭირდა ენცოს, რომ ატმის ბიჭუნას ლეგენდა ტესუსთვის ისე მოეყოლა, როგორც ამას დედამისი აკეთებდა. ასე გადასცა იამაოკამ ენცოს ძენი.
99. ტოსუის ძმარი
ტოსუი ძენის ოსტატი იყო. მან ტაძრების ფორმალიზმზე უარი თქვა და ხიდის ქვეშ მოწყალების მთხოვნელებთან ერთად დაიდო ბინა. მოხუცებულს რომ მოწყალება არ ეთხოვა, მეგობარი დაეხმარა. მან ტოსუის ასწავლა, როგორ უნდა შეეგროვებინა ბრინჯი და მისგან ძმარი გაეკეთებინა. ტოსუი სიკვდილამდე ამ საქმით ირჩენდა თავს. როდესაც ტოსუი ძმარს აკეთებდა ერთ-ერთმა მაწანწალამ ბუდას პორტრეტი აჩუქა. ტოსუიმ სურათი თავისი ქოხის კედელზე ჩამოკიდა და მის ქვეშ წარწერა გააკეთა.
წარწერა:
ბატონო ამიდა ბუდა, ეს ოთახი ძალიან ვიწროა. შემიძლია, ნება დაგრთოთ, რომ ცოტა ხნით დარჩეთ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ თქვენს სამოთხეში მოხვედრას გთხოვდეთ.“
101. ბუდას ძენი.
ბუდამ თქვა: „ჩემთვის მეფეთა და მმართველთა ძალაუფლება ფერფლია, ოქრო და ძვირფასი ქვები — კენჭები, აბრეშუმის ტანისამოსი — ძონძები, სამყაროს უთვალავი გალაქტიკა — მარცვლები, ხოლო ინდოეთის უდიდესი ტბა — ფეხზე დაცემული წვეთი. ამქვეყნიური ცოდნა ილუზიონისტთა ფოკუსებია. ჩემთვის გათავისუფლების უმაღლესი იდეა სიზმარში ნანახი ოქროს ფარჩაა, განათებული წმინდა გზა კი — თვალწინ დანახული ყვავილები. მედიტაცია მთის საყრდენია, ნირვანა — ღამით ნანახი სიზმარი დღისით [გახსენებული]. ტყუილ-მართლის განსჯა დრაკონის მაცდუნებელი ცეკვაა, ხოლო რწმენა-წარმოდგენათა წარმოშობა-გაუჩინარება — წელიწადის ოთხი დროის მიერ დანატოვარი კვალი“.