დღეს აქტუალური საკითხია, როგორ ვმართოთ სტრესი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მრავალფეროვან კურსებს გვთავაზობენ, რომელთაგანაც ზოგიერთი კონკრეტულ სავარჯიშოს მოიცავს, ზოგიერთი კი მხოლოდ ახსნითა და საუბრით შემოიფარგლება. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრით შესაძლოა ფიზიკური პრობლემების გადაჭრაც. ამის საპირისპიროდ, ამერიკელი ექიმი, რობერტ ფრიდი, რომელიც სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენებაში ფსიქო-ფიზიკური დაავადებათა სამკურნალოდ გამოცდილი სპეციალისტია, ამტკიცებს, რომ სუნთქვა არის ყველაფრის წამალი, მათ შორის ფსიქოლოგიური პრობლემების, სტრესის და პანიკური შეტევებისაც კი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სტრესი არ გახლავთ მხოლოდ ფსიქოლოგიური მოვლენა. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე, ნერვულ და კუნთურ სისტემაზე თვალსაჩინოა.  შესაბამისად, სტრესის ასალაგმად საჭიროა გარკვეული ძალისხმევა და უბრალოდ „ღილაკზე თითის დაჭერა“ საკმარისი არ არის, საჭიროა ორგანიზმში იმ ადგილების მოშვება, რაზეც ჩვენი ემოციები ზეგავლენას ახდენენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტრესისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებად სუნთქვითი ვარჯიშები განიხილება, რაც, როგორც ვიცით, ზეგავლენას ახდენს სხეულის მდგომარეობაზე და მის  გრავიტაციასთან მიმართებაზე. გრავიტაციასთან მიმართება ერთ-ერთი ფაქტორია, თუ რამდენად სწორად ვანაწილებთ ენერგიას და ამაში სუნთქვის კუნთებს დიდი როლი აქვთ. სხეულის არასწორი მდგომარეობა თრგუნავს სუნთქვის პროცესს და ახშობს მას, ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი, ჩახშული სუნთქვა ჩახშული ემოციების ნიშანია და პირიქით. აგრეთვე, არასწორად შესრულებული მოქმედება, ვარჯიში თუ ფიზიკური სამუშაო ერთ-ერთი სტრესის განმაპირობებელი ფაქტორია. ან შეიძლება პირიქითაც ვთქვათ, როგორც ცნობილი წიგნის „ზურგის ტკივილების მოხსნა“ ავტორი, ჯონ სარნო ამბობს, როდესაც ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს განვიცდით, საბოლოო ჯამში, ეს კუნთების ძლიერ დაძაბულობასაც იწვევს და შედეგად ჩნდება ტკივილები სხეულის ამა თუ იმ არეში. მისი თეორიის თანახმად, ზურგის ტკივილების (ან ზოგადად კუნთური ქრონიკული ტკივილების) მოხსნა შესაძლებელია დაძაბულობის მიზეზის გაცნობიერებით.

რომელ თეორიასაც არ უნდა მივყვეთ, მთავარი ის გახლავთ, რომ დათრგუნული ემოციებისგან გათავისუფლების პროცესი არ გახლავთ მხოლოდ აბსტრაქტული პროცესი, არამედ ეს ისეთი პროცესია, რომელიც სხეულის დაძაბულობის სახით ვლინდება. სხვა საკითხია, რომელს მივიჩნევთ პირველადად და გამომწვევად: ფსიქიკას, ორგანიზმს, სუნთქვას თუ ყველაფერს ერთად.

 რა გახლავთ სტატისტიკურად ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალება სტრესის ანუ დაძაბულობის მოსახსნელად, თუნდაც ეს დაძაბულობა ტკივილის შეგრძნებაში იყოს გადასული. ეს გახლავთ იოგა! გამოკითხულთა უმრავლესობა ასახელებს იოგას, იოგა სტატისტიკურად ყოველთვის პირველ ადგილზეა ქრონიკული ტკივილების მოხსნაშიც კი. მასთან ახლოსაც ვერ მოდის ვერც ფიზიკური თერაპია, პილატესი, სპორტ-დარბაზში სიარული, სიმძიმის აწევა, გაწელვები და ა.შ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პილატესი რაღაცით წააგავს იოგას, ხოლო სამკურნალო ფიზკულტურის შემთხვევაში საქმე გვაქვს სამედიცინო განათლების მქონე ადამიანთან, მაგრამ ეს მაინც არ გახლავთ საკმარისი, რომ ისეთივე შედეგები მივიღოთ, რასაც იოგა იძლევა. მაშ, რა არის იოგაში განსაკუთრებული? როგორც ამბობს ლესლი კამინოფი, ავტორი წიგნისა „იოგა-ანატომია“, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ იოგას დროს გონება, სუნთქვა და სხეული ერთი და იგივე მოქმედებას ასრულებს ერთი და იგივე დროს. მთავარია ამ კომპონენტების ინტეგრაცია მოხდეს და შესრულების პროცესი გაცნობიერებული იყოს. ამის კარგი მაგალითია „მზის მისალმება“ (სურია ნამასკარა), ვარჯიში სადაც სუნთქვა კონცენტრაცია და მოძრაობა ერთიანია. იძულებული ხარ სუნთქვა რიტმში მოაქციო, ცნობიერების დონეც მაღლდება და ადვილად ხვდები, თუ სად არის სტრესი ლოკალიზებული. იოგას პოზები გვაიძულებენ, რომ მოვეშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ ვერ შევასრულებთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პრობლემა სხეულის მოქმედების კონტროლშია, რომ ცნობიერად დავძაბოთ და მოვადუნოთ კუნთები. თავად ეს დაძაბულობაც და ძალისხმევაც, რაც იოგას ვარჯიშებს თან ახლავს, განსაზღვრავს მოდუნებას, რადგან მოდუნების აზრი სწორედაც რომ დაძაბულობის გაცნობიერებით გაიგება და ამიტომ მოდუნების სწავლაში დაჭიმვაც შეიძლება დაგვეხმაროს. ამიტომ არის შავასანა (გვამის პოზა) ასანების შემდეგ ეფექტიანი, რადგან ის კონტრასტს ქმნის. 

რომ შევაჯამოთ, სტრესის მართვისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ცალმხრივი მიდგომა (მხოლოდ ახსნა, სუნთქვითი ვარჯიშები ან სხვა ტექნიკები), არამედ მთლიანობითი მიდგომაა საჭირო. ამიტომ იოგას გაკვეთილის ფორმატი, თანმიმდევრობა და პროცესი, როდესაც ფიზიკური და სულიერი ერთიანობა მიიღწევა, გახლავთ მაქსიმალური შედეგის მომტანი. ყოველივე ეს კი გვეხმარება, რომ ემოციური ბლოკებისგან გავთავისუფლდეთ, რაც ასე გვამძიმებს და ტკივილებსაც კი იწვევს.