ავტორი აქ იმ არსებების მიმართ ვალდებულებებზე საუბრობს, რომლებიც განვითარებით ჩვენზე დაბლა იმყოფებიან. ვინაიდან ცხოველები არსებობენ მხოლოდ როგორც საშუალება, საკუთარი თვითობის გაუცნობიერებლად, ხოლო ადამიანი მიზანს წარმოადგენს, რომელსაც უკვე ვეღარ ვკითხავ: „რატომ არსებობს ადამიანი?“, რაც შესაძლებელია ცხოველთა მიმართ, რადგან მათ მიმართ უშუალოდ ვალდებულებები არ გვაქვს; ეს ვალდებულებები ირიბია ადამიანთა მიმართ. ვინაიდან ცხოველთა სამყარო — კაცობრიობის ანალოგია, მაშინ ჩვენ მიერ კაცობრიობის წინაშე ვალდებულებების შესრულება, მისი ანალოგის მიმართ განხორციელებაა. სწორედ ამით ჩვენ ადამიანების მხრიდან კაცობრიობის მიმართ ვალდებულებათა ფორმირებას ხელს ვუწყობთ. როდესაც, მაგალითად, ძაღლი ძალიან დიდხანს ემსახურებოდა მის პატრონს, მაშინ ამ შემთხვევაში ადამიანთა დამსახურებათა ანალოგიაზეა საუბარი და ამიტომ ვალდებული ვარ დავასაჩუქრო იგი იმით, რომ, როდესაც მას უკვე აღარ შეეძლება მე მემსახუროს, მე უნდა ვარჩინო იგი სიცოცხლის ბოლომდე. სწორედ ამით მე ხელს ვუწყობ საკუთარი ვალდებულების აღსრულებას კაცობრიობის წინაშე, რომლის მიმართაც ვალდებული ვარ ასე მოვიქცე. თუ ცხოველთა ქმედებები იგივე პრინციპიდან გამომდინარეობს, რაც ადამიანთა ქმედებები და ცხოველთა ქმედებები ადამიანთა ქმედებების ანალოგიურია, მაშინ ჩვენ ცხოველთა მიმართ ვალდებულებები გვაქვს, რადგან სწორედ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ თავად კაცობრიობის წინაშე ვალის მოხდას. თუ ვინმე საკუთარ ძაღლს კლავს იმიტომ, რომ ის ვეღარ გამოიმუშავებს თავის ლუკმას, მაშინ ამით იგი არ მოქმედებს მისი ვალდებულების წინააღმდეგ ძაღლის მიმართ, რადგან მას მსჯელობის უნარი არ გააჩნია, არამედ ამით ჰუმანურობის პრინციპს არღვევს თავის თავში, რომლის თანახმადაც უნდა იმოქმედოს. იმისთვის, რომ კაცობრიობა არ გაანადგუროს, ადამიანმა გულკეთილობა უკვე ცხოველთა მიმართ უნდა გამოიჩინოს, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც სასტიკად ეპყრობა ცხოველებს, ასეთივე აღმოჩნდება ადამიანთა მიმართაც. ცხოველებთან ურთიერთობის მაგალითზე წინასწარ შესაძლებელია გაგება, როგორი გული აქვს ადამიანს. ჰოუგართი თავის გრავიურებზე სისასტიკის ერთ-ერთ საწყისზე მიუთითებს. ეს ბავშვების მხრიდან ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში გამოიხატება, მაგალითად როცა ისინი კატას ან ძაღლს კუდს მოუყოლებენ. სხვა გრავიურაზე იგი აჩვენებს სისასტიკის პროგრესს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგივე ადამიანი ეტლით ბავშვს გადაუვლის, ხოლო სისასტიკის აპოგეის სახით იგი გამოსახავს მკვლელობას როგორც საბოლოოს — საშინელ შირისძიებას სისასტიკის გამო. ყოველივე ეს კარგი ჭკუის სასწავლებელია ბავშვებისთვის. რაც უფრო მეტად აკვირდება ადამიანი ცხოველებს და მათ ქცევებს, მით უფრო უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით, როცა ხედავს, როდესაც ისინი საკუთარ ნაშიერებზე ზრუნავენ. მაშინ იგი მგლის მიმართაც კი არ იქნება სასტიკი. ლაიბნიცმა მატლი ფოთოლთან ერთად ხეზე დააბრუნა, რადგან მის გამო არ გაწვალებულიყო. ადამიანს ეცოდება ასეთი არსების განადგურება ყოველგვარი აზრის გარეშე. ასეთი კეთილი მოპყრობა შედეგად ადამიანებზე ვრცელდება. ინგლისში 12 ნაფიც მსაჯულთა შორის არ უნდა იყოს არც ყასაბი, არც მედიკოსი, რადგან ისინი სიკვდილის მიმართ გულგრილები გახდნენ. როდესაც ანატომისტები ცოცხალ ცხოველებს ცდებისთვის იყენებენ, ეს მაინც სისასტიკეა, თუნდაც რომ კარგი მიზნებისთვის გამოიყენებოდეს. ცხოველთა გამოყენება ადამიანთა საშუალებად კიდევ როგორღაც ასატანია, მაგრამ როგორც სათამაშო საგანი — მიუღებელია. როდესაც ადამიანი ვირს ან ძაღლს იმიტომ გააგდებს, რომ ისინი უკვე ვეღარ ფარავენ ხარჯებს თავიანთი კვებისთვის, მაშინ ეს ყოველთვის პატრონის ძალზედ ძუნწი სულის ნიშანია. მაშასადამე, ჩვენი ვალდებულებები ცხოველთა მიმართ ირიბად კაცობრიობის წინაშე ვალდებულებებია.
(ლექცია ეთიკაში)
თარგმანი — გიორგი ბერძენიშვილი