თარგმანი — გიორგი ბერძენიშვილი
ც ო დ ნ ა
თავი V
შფოთვა და წუხილი გულს მიღრღნიდა. განთიადს ვწყევლიდი, რომელიც მიხმობდა ცხოვრებისკენ, რომლის დანიშნულებასა და ჭეშმარიტებაში უკვე ეჭვი მეპარებოდა. ძილს სიზმრები მიფრთხობდნენ და მოსვენებას არ მაძლევდნენ. ამაოდ ვეძებდი გამონათებას, რომელიც ამ ეჭვის წყვდიადიდან მიხსნიდა. ვეძებდი და ამავდროულად ეჭვის ამ ლაბირინთში სულ უფრო მეტად ვიხლართებოდი.
ერთხელაც, ღამის პირველი საათისთვის, ჩემ წინ რაღაც უცნაური სული გამომეცხადა და სიტყვით მომმართა:
„საბრალო მოკვდავო — მომესმა ხმა — შეცდომებს შეცდომებზე ახვავებ და თავი ბრძენი გგონია. იმ საშინელი სახის წინაშე თრთი, რომელიც თავად შენი გარჯით შეგიქმნია. მოიკრიბე გამბედაობა, რათა ჭეშმარიტ სიბრძნეს ეზიარო. არავითარი ახალი გამოცხადება არ მომაქვს. ის, რაც შემიძლია გადმოგცე, ისედაც დიდი ხანია იცი და მხოლოდ მისი გახსენებაღა გმართებს. შენი მოტყუება არ ძალმიძს, რადგან ისედაც ყველაფერში დამეთანხმები და თუკი ვინმეს მიერ იქნები მოტყუებული, ეს თავად შენი თავი იქნება. ახლა კი ყურადღებით მომისმინე და ჩემს შეკითხვებს უპასუხე“.
ამ სიტყვებმა გამბედაობა შემმატა. იგი ჭკუისკენ მიხმობდა — მეც ჭკუის კარნახს უნდა დავეყრდნო. იგი ვერაფრის მიღებას მაიძულებს; რაზეც არ უნდა ვიფიქრო, ჩემი საკუთარი ფიქრი იქნება; ყოველგვარი ღირსსარწმუნობა, რომლის მიღებაც მომიწევს, თავად უნდა დავბადო.
- ისაუბრე, საოცარო სულო, — შევძახე — ვინც არ უნდა იყო, შენი მოსმენა მსურს. მკითხე და გიპასუხებ.
სული. — შენ ხომ აღიარებ, რომ ეს საგანები, რომლებსაც შენ ირგვლივ ხედავ, შენგან დამოუკიდებლად მართლა არსებობენ?
მე. — დიახ, უეჭველად ვაღიარებ.
სული. — საიდან იცი, რომ ისინი არსებობენ?
მე. — მე მათ ვხედავ, შემიძლია შევეხო, შემიძლია მათი ხმა გავიგონო, ისინი თავიანთ არსებობას ჩემი საკუთარი გრძნობებით მიდასტურებენ.
სული. — მართლაც! ალაბთ შემდგომ შენი ამ მტკიცების, რომ მათ ხედავ, ეხები და მათი გესმის, უკან წაღება მოგიწევს. მაგრამ ჯერჯერობით მეც ისე მოვიხსენიებ მათ, როგორც შენ გგონია, რომ თითქოს მართლაც აღიქვამ ამ საგნებს მხედველობის, შეხების, სმენის და ა. შ. მეშვეობით და მხოლოდ მათი მეშვეობით აღიქვამ ამ საქნების რეალურ არსებობას. ასე არ არის? იქნებ, შესაძლოა, სხვა გზითაც აღიქვამ გარდა გრძნობებისა და შენთვის სხვა საგნებიც არსებობს გარდა იმათი, რომლებსაც ხედავ, ეხები, გესმის და ა. შ.?
მე. — არასგზით.
სული. — მაშასადამე, საგნები, რომლის აღქმაც შეგიძლია, შენთვის მხოლოდ შენი გრძნობების განსაკუთრებული თვისების წყალობით არსებობენ, შენ მათ შესახებ მხოლოდ საკუთარი გრძნობების თვისებების ცოდნის საფუძველზე იცი ანუ მხედველობის, შეხების და ა. შ. თვისებების საფუძველზე. შენი მტკიცება, რომ შენ გარეთ საგნები არსებობენ, იმას ეყრდნობა, რომ მათ ხედავ, ეხები და მათი გესმის?
მე. — დიახ, ასე ვფიქრობ.
სული. — მაგრამ საიდან იცი, რომ მათ ხედავ, ეხები ან მათი გესმის?
მე. — ვერ ვხვდები, რას გულისხმობ. ეს შეკითხვა უცნაურადაც კი მეჩვენება.
სული. — ამ შეკითხვის გაგებას გაგიმარტივებ. შენს მხედველობას ხედავ? შენს შეხებას ეხები? თუ რაიმე ისეთი განსაკუთრებული უმაღლესი გრძნობა გაგაჩნია, რომლის მეშვეობითაც საკუთარ გარე გრძნობებს და მათს თვისებებს აღიქვამ?
მე. — სულაც არა. იმის შესახებ, რომ ვხედავ და ვეხები, აგრეთვე, რას ვხედავ და რას ვეხები, უშუალოდ ვიცი, ეს თავისთავად ცხადია. როდესაც ეს ხდება, მე ვიცი ამის შესახებ მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ეს არის, მაგრამ გაშუალების და რომელიმე სხვა გრძნობის გარეშე. სწორედ ამიტომ შენი შეკითხვა უცნაურად მეჩვენა, რადგან ეს კითხვა ეჭვქვეშ აყენებს ცნობიერების უშუალობას.
სული. — შეკითხვის მიზანი ეს არ ყოფილა. მისი მიზანი ის იყო, რომ ეს უშუალობა შენთვის კარგად გამოგერკვია. მაშასადამე, შენი მხედველობისა და შეხების უშუალო ცნობიერება გაქვს?
მე. — დიახ.
სული. — შენ აცნობიერებ იმას, რომ ხედავ, ეხები, გესმის და ა. შ. და ამგვარად საგნის აღქმასაც სწვდები. ხო არ შეძლებდი ამ ცნობიერების გარეშე აღგექვა ეს? ხომ ვერ შეძლებდი საგნების არსებობის აღქმას, რომ არ იცოდე, რომ მათ ხედავ და ეხები?
მე. — რა თქმა უნდა, არა.
სული. — შესაბამისად, საკუთარი თავის და საკუთარი მდგომარეობის უშუალო ცნობიერება აუცილებელი პირობაა ყოველგვარი სხვის გაცნობიერებისა და შენ რამე იცი მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იცი, რომ ეს იცი. სხვის გაცნობიერებაში არაფერია ისეთი, რაც საკუთარი თავის გაცნობიერებაში არ იყოს.
მე. — დიახ, მეც ასე მგონია.
სული. — მაშასადამე, ის, რომ საგნები არსებობენ, მხოლოდ იმის წყალობით იცი, რომ მათ ხედავ, ეხები და ა. შ., ხოლო იმის შესახებ, რომ შენ მათ ხედავ ან ეხები, მხოლოდ იმის წყალობით იცი, რომ ამას უშუალოდ აცნობიერებ. რასაც უშუალოდ არ აღიქვამ, იმას საერთოდ ვერ აღიქვამ?
მე. — ასე ვფიქრობ.
სული. — ყოველ აღქმაში, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ცნობიერებას აღიქვამ და ის, რაც ამ აღქმაში არ არის, ის საერთოდ არ აღიქმება?
მე. — შენ იგივეს იმეორე, რაზეც პასუხი უკვე გაგეცი.
სული. — იქამდე გავიმეორებ სხვადასხვა ფორმით, სანამ არ დავინახავ, რომ გაიაზრე, რაც გითხარი და სამუდამოდ არ ჩაიბეჭდე თავში. შეგიძლია თქვა: მე გარე საგნების ცნობიერება ვარ?
მე. — არავითარ შემთხვევაში, თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, მხედველობა, შეხება და ა. შ., რომლის მეშვეობითაც საგნებს აღვიქვამ, არ არის თავად ცნობიერება, არამედ მხოლოდ ის არის, რასაც უპირველეს ყოვლისა და უშუალოდ ვაცნობიერებ. მხოლოდ შემდეგი შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა: მე ვაცნობიერებ იმას, რომ საგნებს ვხედავ ან ვეხები.
სული. — მაშ, დაიმახსოვრე ის, რაც ახლა ნათლად დაინახე. ყოველ აღქმაში მხოლოდ საკუთარ მდგომარეობას აღიქვამ. თუმცა, საუბარს მაინც შენი ენით გავაგრძელებ, რამეთუ ამ ენას შეჩვეული ხარ. შენ ამბობ, რომ ხედავ, ეხები და გესმის საგნების. მაშ, საგნებს როგორი და რა თვისებებით ხედავ ან ეხები?
მე. — ერთ საგანს წითლად ვხედავ, მეორეს — ლურჯად; თუ მათ ვეხები, ზოგს გლუვი ზედაპირი აქვს, ზოგს — ხორკლიანი, ზოგი ცივია, ზოგი — ცხელი.
სული. — მაშასადამე, იცი ეს რას ნიშნავს: წითელი, ლურჯი, გლუვი, ხორკლიანი, ცივი, ცხელი?
მე. — უეჭველია, ვიცი.
სული. — ხომ ვერ აღმიწერდი?
მე. — ეს აღწერას არ ექვემდებარება. აი, ყურადღება ამ საგანს მიაქციე. ის, რასაც მხედველობით აღიქვამ, მისი ყურებისას, მე წითელს ვუწოდებ. მეორე საგნის ზედაპირს შეეხე; ის, რასაც მისი შეხებისას შეიგრძნობ, მე გლუვს ვუწოდებ. ეს ცოდნა ამ საშუალებით მივიღე და მის მისაღწევად სხვა გზა არ არსებობს.
სული. — მაგრამ ხომ არ შეიძლება, სულ მცირე, რამდენიმე უშუალოდ ნაგრძნობი თვისებებიდან გამომდინარე, რომელთაც უკვე ვიცნობთ, სხვა რამის შესახებ დავასკვნათ, რაც ამათგან განსხვავებულია. მაგალითად, თუ ვინმემ ნახა წითელი, ყვითელი, მწვანე ფერი, მაგრამ არ უნახავს ლურჯი; იცის მჟავე, ტკბილი, მლაშე გემო, მაგრამ არ იცის მწარე, შეუძლია თუ არა მას მხოლოდ ფიქრისა და შედარების მეშვეობით გაიგოს, რა არის ლურჯი ან მწარე, თუ მსგავსი არაფერი არც უნახავს და არც გაუსინჯავს?
მე. — არასგზით. ის, რაც შეგრძნებებს ეკუთვნის, მხოლოდ შეგრძნებითვე აღიქმება და არა აზროვნებით: ეს არ არის რამე დადგენილი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უშუალოა.
სული. — უცნაურია: შენ ცოდნით ხარ განთქმული, იმის ახსნა კი არ შეგიძლია, თუ როგორ მიხვედი მაგ ცოდნამდე. აბა დაფიქრდი: შენ ამტკიცებ, რომ საგანში ერთს ხედავ, მეორეს ეხები, მესამეს კი ისმენ. შესაბამისად, იმის უნარიც უნდა გქონდეს, რომ მხედველობა შეხებისგან განასხვავო და ეს ორი განასხვავო სმენისგან. ასე არ არის?
მე. — უეჭველად.
სული. — განვაგრძოთ: შენ ამტკიებ, რომ ამ საგანს წითლად ხედავ, იმას ლურჯად; ერთს გლუვად აღიქვამ, მეორეს — ხორკლიანად. მაშასადამე, იმის უნარიც გაქვს, რომ წითელი და ლურჯი ერთმანეთისგან განასხვავო, ისევე, როგორც გლუვი და ხორკლიანი?
მე. — უეჭველად.
სული. — და ეს განსხვავებები, როგორც ამტკიცებ, არ აღმოგიჩენია არც ფიქრითა და არც შენი საკუთარი გრძნობების შედარებით. მაგრამ, იქნებ, საკუთარი თავის გარეთ საგნების შედარებით იმას შეიცნობ, რასაც საკუთარ თავში წითლის ან ლურჯის, გლუვის ან ხორკლიანის სახით შეიცნობ?
მე. — ეს შეუძლებელია, რადგან საგნების აღქმა ჩემი საკუთარი მდგომარეობების აღქმიდან მომდინარეობს, მისით არის განპირობებული და არა პირიქით. მე საგნებს მხოლოდ იმიტომ განვასხვავებ, რომ საკუთარ მდგომარეობებს განვასხვავებ ერთმანეთისგან. მე შემიძლია ვისწავლო, რომ ეს შეგრძნებები იმ თვითნებურ ნიშნებთან დავაკავშირო, რომელთაც წითელს, ლურჯს, გლუვს, ხორკლიანს ვუწოდებ. ისინი რომ განსხვავებულნი არიან, მხოლოდ იქიდან ვიცი, რომ საკუთარი თავის შესახებ ვიცი, რომ მე საკუთარ თავს შევიგრძნობ ამ ორივე შემთხვევაში თავს განსხვავებულად ვგრძნობ. რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამას ვერ აღვწერ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ისევე განსხვავდებიან, როგორც ორივე შემთხვევაში ჩემი შეგრძნებები განსხვავდებიან და რომ ამ შეგრძნებების განსხვავება უშუალოა და არავითარ შემთხვევაში შემეცნების გზით მიღებული ან დადგენილი განსხვავება.
სული. — და შეგიძლია ყოველგვარი თავისთავად ნივთების ცოდნისგან დამოუკიდებლად განასხვავო ეს?
მე. — მე ისინი უნდა განვასხვავო, რამეთუ ჩემი ცოდნა თავისთავად ნივთების შესახებ ამ განსხვავებებზეა დაფუძნებული.
სული. — ცოდნა, რომელიც მოგეცა უშუალოდ, საკუთარი მდგომარეობების გაცნობიერებით?
მე. — სხვაგვარად შეუძლებელია.
სული. — მაგრამ მაშინ მხოლოდ ასეთი მტიკებულებით უნდა შემოფარგლულიყავი: „თავს აფიცირებულად ვგრძნობ იმასთან, რასაც წითელს, ლურჯს, გლუვს, ხორკლიანს ვუწოდებ; მაშინ ეს შეგრძნებები საკუთარ თავზე უნდა გაგევრცელებინა და სრულიადაც არ უნდა გადაგეტანა, შენ გარეთ არსებულ საგნებზე, თუ ეს შეგრძნებები მხოლოდ შენი მოდიფიკაციებია. ან იქნებ მითხრა: როდესაც ნივთებს წითელს, ლურჯს და ა.შ. უწოდებ, მეტს არაფერს გულისხმობ, გარდა იმისა, რომ გარკვეული სახით აფიცირებული ხარ მათთან?
მე. — მე აღვიქვამ, რომ მართლა არ ვიცი იმაზე მეტი, რაც შენ თქვი და ჩემს გარეთ გავრცელება იმისა, რასაც მე ვგრძნობ, ძალზედ უცნაურია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იმისგან, რაც ჩემს გარეთაა განყენებასაც ვერ ვახდენ. ჩემი შეგრძნებები ჩემშია და არა საგანში, რამეთუ მე ჩემი თავი ვარ და არა საგანი. მე მხოლოდ საკუთარ მდგომარეობას ვაცნობიერებ და არა გარე საგნების და კიდეც რომ არსებობდეს საგნის გაცნობიერების შესაძლებლობა, ეს ვერც გრძნობა და ვერც აღქმა ვერ იქნებოდა. ეს ცხადია.
სული. — ძალიან ნაჩქარებად ასკვნი. მოდი, ყოველმხრივ განვიხილოთ ეს საკითხი, რომ დავრწმუნდე, რომ არასდროს იტყვი უარს იმაზე, რაც შენივე ნებით აღიარე. არსებობს თუ არა საგანში, როგორც შენ მას ჩვეულებრივ მოიაზრებ, კიდევ რამე სხვა, გარდა მისი წითელი ფერისა, მისი გლუვი ზედაპირისა და ა.შ., მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს თუ არა კიდევ რამე, გარდა იმ ნიშნებისა, რასაც უშუალო შეგრძნებებში ვიღებთ?
მე. — მე მგონია, რომ არსებობს: გარდა ამ თვისებებისა არის ნივთი, რომელშიც ეს თვისებები თავმოყრილია, ის ამ თვისებების მატარებელია.
სული. — რა გრძნობით აღიქვამ თვისებების ამ მატარებელ ნივთს? ხედავ მას? ეხები მას? გესმის მისი? თუ მისთვის რამე განსაკუთრებული გრძნობა გაქვს?
მე. — არა, მე ვფიქრობ, რომ მას ვხედავ და ვეხები.
სული. — მართლაც! გამოვიკვლიოთ ეს მყოფი (არსი). აცნობიერებ თუ არა როდესმე საკუთარ მხედველობას, თუ ყოველთვის განსაზღვრულ მხედველობას აცნობიერებ?
მე. — მე მხოლოდ განსაზღვრული მხედველობითი აღქმა მაქვს.
სული. — და როგორი იყო ეს განსაზღვრული ხედვა აი, იმ საგნის მიმართ?
მე. — ეს იყო წითელი ფერის შეგრძნება.
სული. — და ეს წითელი რამე დადებითია, მარტივი შეგრძნება, შენი საკუთარი არსის განსაზღვრული მდგომარეობაა?
მე. — ასე მესმის.
სული. — მაშასადამე, წითელი როგორც მხოლოდ რაღაც მარტივი ისე უნდა დაგენახა და არა სხვაგვარად. მაგრამ ეს წითელი ხომ რაღაც ზედაპირზეა განფენილი და ამ ზედაპირს ხომ ვერ ხედავ?
მე. — მე მგონია, რომ ამის ახსნა შემიძლია, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ზედაპირს მართლაც ვერ ვხედავ, მაგრამ როდესაც შევეხები და ხელს გადავუსვამ მის ზედაპირს, მაშინვე ვიგრძნობ, ხოლო ჩემი მხედველობის გრძნობა ამ მოქმედების დროს იგივე დარჩება და წითელ ფერს მთელ იმ ზედაპირზე ვავრცელებ, რომელსაც იმ მომენტში ვეხები.
სული. — ეს მართლაც ასე იქნებოდა, მხოლოდ ზედაპირი რომ შეგეგრძნო. მაგრამ ვნახოთ, შესაძლებელია კი ეს? შეხების შეგრძნება აბსოლუტური არ არის; ანუ შენ ყოველთვის აცნობიერებ იმას, რომ რაღაცას ეხები?
მე. — უეჭველად. შეგრძნება ყოველთვის განსაზღვრულია; ჩვენ უობიექტოდ არასდროს ვხედავთ, ან გვესმის, ან ვეხებით, არამედ ყოველთვის ვხედავთ ფერს: წითელი, მწვანე, ლურჯი და ა.შ.; ვგრძნობთ სითბოს, სიცივეს, სიგლუვეს, უხეშ ზედაპირს და ა.შ.; გვესმის ადამიანის, ვიოლინოს და ა.შ. ხმები. ამაზე ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ.
სული. — სიამოვნებით. და იმას, რასაც ზედაპირის შეგრძნებას უწოდებ, მხოლოდ უშუალოდ გრძნობ — ზედაპირის რომელიმე კონკრეტულ შეგრძნებას: სიგლუვეს ან ხორკლიანობას და არაფერს ამის გარდა?
მე. — უეჭველად.
სული. — ეს სიგლუვე ან სიუხეშე წითელ ფერს ჰგავს: სრულიად მარტივ შეგრძნებას; ახლა ამაზე მიპასუხე: რატომ ავრცელებ ამ მარტივ შეგრძნებას მთელს ზედაპირზე ისეთივე წესით, როგორც ამას მხედველობის შემთხვევაში აკეთებდი?
მე. — ეს გლუვი ზედაპირი არ არის თანაბრად გლუვი ყველა წერტილში, არამედ ხარისხობრივად განსხვავებულია, უბრალოდ ენა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს განსხვავებები გამოვთქვა. მათ, თითქოსდა, გაუცნობიერებლად განვასხვავებ და ერთმანეთის გვერდიგვერდ მოვიაზრებ. ეს მოსაზრება ასე მიყალიბდება.
სული. — მაგრამ შეიძლება თუ არა, საპირისპირო შეგრძნებები გქონდეს ერთი და იგივე მომენტში, რომ ერთდაიმავე დროს სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდე?
მე. — არასგზით.
სული. — სიგლუვის ეს სხვადასხვა ხარისხი, რომელზეც შენ მიანიშნებ, ცდილობ, რომ განმარტო ის, რაც განმარტებას არ ექვემდებარება, მიუხედავად ამისა, მრავალფეროვანი და მიმდევრობითი შეგრძნებებია?
მე. — ამას ვერ უარვყოფ.
სული. — შესაბამისად, ეს შეგრძნებები ისე უნდა აღწერო, როგორც სინამდვილეში გრძნობ, რომ ისინი დროში ერთმანეთის მიმდევრობით არსებობენ და არ არსებობენ ერთდროულად სივრცეში.
მე. — ამას ვხვდები და როგორც ჩანს ჩემი მოსაზრებით ვერაფერს გადმოვცემ. მაგრამ ჩემი ხელი, რომლითაც საგანს ვეხები და მას ვფარავ კიდეც, თავადაც ზედაპირია და მისი მეშვეობით სხვა ზედაპირს აღვიქვამ, რომელიც უფრო ფართოა, რადგან შემიძლია, რომ ხელი გადავუსვა.
სული. — შენი ხელი ზედაპირია! საიდან იცი ეს? საერთოდ, როგორ მიაღწიე შენი ხელის გაცნობიერებას? არის კიდევ რამე სხვა საშუალება, გარდა იმისა, რომლის მეშვეობითაც სხვა საგანს ვგრძნობთ ან შეიძლება ეს გამოყენებულ იქნას ინსტრუმენტად ან საშუალებად, თუ მას იმით შეიგრძნობ, რომ სხეულის სხვა ნაწილს ეხები?
მე. — არა. სხვა გზა არ არსებობს. ჩემი ხელით სხვა საგანს ვგრძნობ ან ხელს თავისთავად იმით ვგრძნობ, რომ მისით სხეულის სხვა ნაწილს ვეხები. მე არ მაქვს უშუალო და აბსოლუტური ცნობიერება ჩემი ხელისა ისევე, როგორც შეხებისა და მხედველობის გრძნობა საერთოდ.
სული. — მოდი, ის შემთხვევა განვიხილოთ, როდესაც შენი ხელი ინსტრუმენტია, რამეთუ ეს გადაჭრის მეორე შემთხვევის საკითხსაც. მის უშუალო აღქმაში, შეიძლება მოგვეცეს, სხვა არაფერი, თუ არა ის, რაც ზოგადად შეხებას და შეგრძნებას ეხება; ამას მიყავხარ იმის გაცნობიერებამდე, რომ თავად ცნობიერი არსება ხარ. თუ შენი შეგრძნებაც იგივე სახისაა, ამ შემხვევაში, რა მიზეზით ავრცელებ ამ შეგრძნებას ზედაპირზე და არ მოიაზრებ მას მხოლოდ როგორც წერტილს; ან თუ ეს შეგრძნებები მრავალფეროვანია, რატომ არ უშვებ იმას, რომ ერთი და იგივე წერტილშიც ერთმანეთის მიმდევრად მოიაზრო. ის, რომ შენი ხელიც ზედაპირად წარმოგიდგება, ეს ისეთივე აუხსნელი იდეაა, როგორც თავად ზედაპირის იდეა. ამიტომ, არ გამოიყენო ის, რაც თავად აუხსნელია სხვის ასახსნელად. მეორე შემთხვევა, რომელშიც შენი ხელი ან სხეულის სხვა წევრი, თავად შეგრძნების საგანია, პირველიდან გამომდინარე ადვილად გასაგებია. შენ მას სხვა ნაწილის საშუალებით აღიქვამ, რომელიც ამ დროს მგრძნობელი ხდება. იგივე შეკითხვას ამ შემთხვევაშიც დაგისვამ და ვერც აქ გამცემ პასუხს. ეს ნებისმიერ ზედაპირს ეხება. შესაძლოა, რომ შენ გარეთ განფენილობის ცნობიერება შენი საკუთარი მატერიალური სხეულის განფენილობიდან მომდინარეობდეს და მასზე იყოს დამოკიდებული; მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ შენი სხეულის მატერიალური განფენილობა იქნას განმარტებული.
მე. — საკმარისია. ახლა ნათელია, რომ სხეულების ზედაპირულ განფენილობას ვერც ვხედავ და ვერც ვგრძნობ; მე ვხედავ, რომ მხოლოდ მუდმივი პრაქტიკით მოვიაზრებ ზედაპირზე განფენილად იმას, რაც გრძნობაში მხოლოდ და მხოლოდ წერტილია და ერთდროულად არსებულად წარმოვიდგინო ის, რაც მხოლოდ და მხოლოდ მიმდევრობითია. აღმოვაჩინე, რომ, ფაქტობრივად, გეომეტრივით ვმოქმედებ, რომლიც ფიგურების კონსტრუირებას ახდენს: წერტილებს წრფეებამდე აფართოვებს, ხოლო წრფეებს — სიბრტყეებამდე. უცნაურია, მაგრამ მეც ასე ვიქცევი.
სული. — კიდევ უფრო უცნაურადაც იქცევი. ეს გარე ზედაპირი, ეს განფენილობა, შენი მხედველობისა და შეხებისთვის მიუწვდომელია, ვერც სხვა რომელიმე გრძნობით აღიქვამ, მაგრამ იმის თქმა მაინც შეგიძლია, რომ მასში წითელს ხედავ ან იმის თქმა, რომ ის სიგლუვის შემცველია. მაგრამ რატომ განავრცობ ამ ზედაპირს სოლიდურ (სივრცულ) ფიგურად და რატომ გულისხმობ ამ ზედაპირის ქვეშ სხეულს? ხედავ მას, ეხები მას? თუ რომელიმე გრძნობით აღიქვამ მის არსებობას?
მე. — არასგზით. ზედაპირის ქვეშ სივრცე ჩემი გრძნობებისთვის შეუღწეველია.
სული. — და მიუხედავად ამისა, მაინც გულისხმობ შინაგანს, რომელსაც გრძნობებით ვერ აღიქვამ?
მე. — ამას ვაღიარებ და ჩემი გაოცებაც მატულობს.
სული. — მაშ, რა არის რაღაც ამ ზედაპირის ქვეშ?
მე. — მე მას მოვიაზრებ როგორც ზედაპირთან იგივურს, რაღაც მატერიალურს.
სული. — ეს უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ. შეგიძლია თუ არა იმ მასის დაყოფა, რომლისგანაც სხეული შედგება?
მე. — შემიძლია. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ხელსაწყოებით დაყოფას, მაგრამ წარმოსახვით უსასრულოდ შემიძლია სხეულის დაყოფა. ვერ იქნება ისეთი ნაწილაკი, რომელიც კვლავ არ დაიყოფა.
სული. — და ამ დაყოფაში მიაღწევ ისეთ წერტილს, სადაც ეს ნაწილაკები აღარ იქნებიან აღქმადი თავისთავად? მე ვთქვი თავისთავად, რაც ნიშნავს, რომ თუნდაც შენი გრძნობებისთვის მიუწვდომელი იყოს.
მე. — არ მგონია, მივაღწიო.
სული. — ნივთი საერთოდ შეგრძნებადი და აღქმადია? თუ მხოლოდ გარკვეული თვისებებით [მოიაზრება]: ფერით ზედაპირით და ა. შ.?
მე. — უეჭველად მხოლოდ გარკვეული თვისებებით. აბსოლუტურად არაფრის შეგრძნება ან აღქმა შეიძლება, რომელიმე თვისების აღქმის გარეშე.
სული. — მაშასადამე, შენ მთელ მასაზე იმ აღქმებს ავრცელებ, რაც შენ გეკუთვნის, რაც შენთვის ნაცნობია ფერის, ზედაპირის ფაქტურის და ა.შ. სახით. მაგრამ ეს ნივთები მხოლოდ შენი გრძნობათა ორგანოების განცდებია. შენ სხვაგვარად ხომ არ ფიქრობ?
მე. — არასგზით. ეს აუცილებლად გამომდინარეობს იქიდან, რაც მე უკვე ვაღიარე.
სული. — და შენ რეალურად მხოლოდ ზედაპირს აღიქვამ, არა?
მე. — მისი დამსხვრევით სინაგანსაც აღვიქვამდი.
სული. — მაშასადამე, რამდენი რამ გცოდნია წინასწარ. და ეს უსასრულო დაყოფადობა — რომელშიც შენ ამტკიცებ, რომ ვერ მიაღწევ ისეთ წერტილს, რომელშიც ატომები აბსოლუტურად აღუქმელი იქნებიან, —ამ დაყოფადობას ცდით მიაღწიე ან შეგიძლია მიაღწიო?
მე. — რა თქმა უნდა, არა.
სული. — მაშასადამე, იმ გრძნობებს, რომლებიც გაქვს დაუმატე სხვები, რომლებიც არ გაქვს და ვერც გექნება?
მე. — მე მხოლოდ ზედაპირს ვგრძნობ. ვერ ვგრძნობ იმას, რაც მის ქვეშ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მოვიაზრებ მას როგორც არსებულს. ეს უნდა ვაღიარო.
სული. —ექსპერიმენტის გზით ნამდვილი გრძნობები უნდა შეესაბამებოდეს წინასწარ მოსაზრებას?
მე. — ზუსტადაც. სხეულის ზედაპირი რომ დავშალო, მის ქვეში რაღაც აღქმადს აღმოვაჩენ, როგორც უკვე ვამბობდი.
სული. — მაგრამ შენ აგრეთვე საუბრობდი ისეთ რამეზე, რაც გრძნობების მიღმაა და გრძნობებით არ აღიქმება.
მე. — მე ვამბობდი, რომ სხეულებრივი მასის უსასრულოდ დაყოფისას, ვერასდროს მივალ იქამდე, რაც თავისთავად აღქმადი არ არის, თუმცა ამ დაყოფის განხორციელება არ შემიძლია.
სული. — მაშასადამე, საგნისგან აღარაფერი რჩება, გარდა იმისა, რაც აღიქმება — გრძნობის აღმძრავი თვისების გარდა. ამ აღქმულს შეკრულ მასაზე განავრცობ, რომელიც უსასრულოდ დაყოფადია, შესაბამისად, საბოლოო ჯამში თვისებების ნამდვილი მატარებელი, რომელსაც შენ ეძებდი, სხვა არაფერია, თუ არა ის სივრცე, რომელსაც ეს საგანი იკავებს?
მე. — მიუხედავად ამისა, ეს მე არ მაკმაყოფილებს, რადგან საგანში რაღაც უფრო მეტს მოვიაზრებ, ვიდრე აღქმად თვისებებს და სივრცეს, რომელსაც ის იკავებს, ამიტომ უნდა ვაღიარო, რომ ვერ ავხსნი, რა არის ეს.
სული. — ყოველთვის აღიარე ის, რაც მოცემულ მომენტში ჭეშმარიტებად წარმოგიდგება. ის, რაც წყვდიადით არის მოცული, მას ნათელი მოეფინება და უცნობი შეცნობილი გახდება. თავისთავად სივრცე ვერ აღიქმება და შენ ვერ ახსნი, თუ რატომ უნდა იქნას ეს აღქმები სივრცეზე გავრცელებული. ისიც ნაკლებ გასაგებია, თუ რა გზით მივედით გარე აღქმების იდეამდე, რადგან სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ გრძნობებს აცნობიერებ, არა როგორც საგნის თვისებას, არამედ როგორც შენი საკუთარი არსის ცალკეულ განცდას.
მე. — ჩემთვის ნათელია, რომ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ყოფნის მდგომარეობას აღვიქვამ და არა საგნებისა თავისთავად. საგნებს თავისთავად ვერც ვხედავ და ვერც ვეხები, მათი მოსმენაც შეუძლებელია; ამის საპირისპიროდ, ზუსტად იქ, სადაც საგანი უნდა იყოს, მხედველობა, შეხება და ა.შ. მთავრდება. გრძნობები, როგორ ჩემი განცდები, მარტივია და განფენილობა არ აქვს; ისინი სივრცეში ერთმანეთის მომიჯნავენი არ არიან, არამედ ერთმანეთს მოსდევენ დროში. მიუხედავად ამისა, სივრცეში მათ მაინც მომიჯნავედ აღვიქვამ და ვხედავ მას სწორედ ამ ადგილას, ეს განფენილობა და გადაქცევაა იმისა, რაც მხოლოდ ჩემი საკუთარი აღქმაა, იმად, რაც ჩემ გარეშე აღიქმება, რომ საგნების გაცნობიერება ჩემგან წარმოიქმნება.
სული. — შენს მოსაზრებას დადასტურება სჭირდება; პირდაპირ (უშუალოდ) რომ დაგვეჯერებინა, მის სრულ წვდომას მაინც ვერ მივაღწევდით, რადგნ უმთავრესი შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩებოდა — რატომ განავრცობ შენს შეგრძნებებს სივრცეში? ნება მომეცი, კითხვა ჩამოვაყალიბო. ამისთვის მიზეზიც მაქვს, რომ უფრო განზოგადებული ფორმა მივცე. როგორ ხდება რომ შენი ცნობიერებიდან, რაც სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მდგომარეობის ცნობიერება, გარეთ გადადიხარ იმისთვის, რომ იმ აღქმას, რომელსაც აცნობიერებ, მიუმატო რაღაც სხვა აღქმადი, რომელსაც შენ ვერ აცნობიერებ?
თავი VI
მე. — ტკბილი თუ მწარე, გლუვი თუ უხეში, ცივი თუ ცხელი, სასიამოვნო თუ უსუამოვნო სურნელი, მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რასაც ესა თუ ის გრძნობა ჩემში აღძრავს; იგივე ეხება ბგერასაც. ჩემთან მიმართება ყოველთვის შეინიშნება და არასდროს მომეცემა ისინი, როგორც ტკბილი თუ მწარე, სასიამოვნო თუ უსიამოვნო სურნელი თავისთავად იმყოფებიან. ეს შეგრძნებები ჩემშია და მხოლოდ საგნის თანდასწრებით აღიძვრება. ისე ჩანს, თითქოს მხედველობის გრძნობის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, — ფერთა აღქმა შესაძლოა არ იყოს წმინდა შეგრძნება, არამედ რაღაც შუალედური იყოს; თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, წითელი, ლურჯი, და ა.შ., სხვას არაფერს ნიშნავს გარდა იმისა, რასაც გარკვეული მხედველობის გრძნობა წარმოქმნის. ამან ჩამაფიქრა იმაზე, თუ როგორ შევძლებ იმ ცოდნას ვწვდე, რაც ჩემ გარეთაა. განცდები ჩემზე განსაზღვრული წესით ზემოქმედებენ — ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ; ჩემს განცდებს მიზეზი უნდა ჰქონდეთ, რაც არ არის ჩემში, არამედ ჩემ გარეთ უნდა არსებობდეს. მაშინვე და ძალაუნებურად ასე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი თავად საგანში უნდა იყოს. ჩემი შეგრძნებები სწორედაც ამ მიზეზით უნდა აიხსნას; ჩემზე მოქმედებს რაღაც გარკვეულობა, რასაც ტკბილ გემოს ვუწოდებ და საგანი უნდა იყოს ის, რაც აღძრავს ამ გემოს ან როგორც ჩვეულებრივ ვამბობთ ხოლმე, საგანი თავად ტკბილი უნდა იყოს. საგანს სწორედ ასე გავარჩევ.
სული. — არის ამაში რაღაც სიმართლე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ჭეშმრიტება არ არის. რაც არის, ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ. რადგან გარდაუვალია, რომ მიზეზის იდეას გვერდი ავუაროთ, როგორც ამ, ისე სხვა შემთხვევებში, შევეცადოთ, ნათელი მოვფინოთ ამ საკითხს, თუ რას ვგულისმობთ მასში. ჩვენ უყოყმანოდ ვაღიარებთ იმ დებულებას, რასაც უნებლიედ ვუშვებთ, რომ მიზეზის ზეგავლენით, საგნის შესახებ ცოდნას ვიღებთ; — მაშ ის რა იყო, რასაც აღქმაში აცნობიერებდი?
მე. — ეს იყო გარკვეული განცდა.
სული. — მაგრამ თავად საგანს, რომელიც შენში განცდას იწვევდა, აღქმისას აცნობიერებდი?
მე. — არასგზით. ესეც ვაღიარე.
სული. — ამ მიზეზობრიობის იდეაზე დაყრდნობით, შეგიძლია თუ არა, იმ ცოდნას, რაც მოგეცემა, ის ცოდნაც დაუმატო, რაც არ გაქვს?
მე. — ეს უცნაურად ჟღერს!
სული. — შევეცდები ეს უცნაურობა გავფანტო: დაე ჩემმა განმარტებებმა ზუსტი ასახვა ჰპოვოს შენში. ჩემმა განმარტებებმა იგივე აზრთა ჯაჭვი უნდა აღძრან შენში, რასაც საკუთარ თავში აღვძრავ. როდესაც იდეას ოსტატურად დაეუფლები, მისი გადმოცემა სხვადასხვა გზით შეგიძლია, დარწმუნებული იყავი, რომ ამას ყოველთვის კარგად მოახერხებ. მაშ, შენზე ზეგავლენის შესახებ საიდან და რა გზით იცი?
მე. — არ ვიცი, როგორ აგიხსნა. რადგან ჩემი სუბიექტური ცნობიერება, რამდენადაც მე გონიერი არსება ვარ, განუყოფელია ამ ცოდნისგან. რადგან თავად ამ ზემოქმედების მიღმა ცნობიერი აღარ ვარ.
სული. — მაგრამ გაქვს ორგანო ან უნარი ცნობიერებისა, რომლის მეშვეობითაც ზემოქმედებას აღიქვამ?
მე. — დიახ, მაქვს.
სული. — მაგრამ გაქვს თუ არა ორგანო ან უნარი, რომლის მეშვეობითაც აღიქვამდი ნივთს-თავისთავად?
მე. — შენ თავად დამარწმუნე იმაში, რომ მე ვერც ვხედავ და ვერც ვეხები ნივთს-თავისთავად, მას ვერც სხვა გარე ორგანოთი ვწვდები. ამიტომ, იძულებული ვარ, რომ ვაღიარო — არ მაქვს.
სული. — კარგად დაფიქრდი, სანამ აღიარებ. რა არის გარე გრძნობა საერთოდ და როგორ შეიძლება ის გარეგანი იყოს, თუ ის გარე ნივთებს არ მიეკუთვნება, არამედ მხოლოდ შენი საკუთარი ყოფნის განცდები და მდგომარეობებია?
მე. — მე განვასხვავებ მწვანეს, ტკბილს, წითელს, გლუვს, მწარეს, უხეშს, ვიოლინოსა და ფლეიტის ხმებს. მათ შორის გარკვეულ მსავსებასაც ვხედავ და განსხვავებასაც; მიუხედავად იმისა, რომ მწვანე და წითელი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, საერთო ის აქვთ, რომ ორივე მხედველობის აღქმებია; გლუვი და უხეში კი — შეხების; ტკბილი და მწარე — გემოვნების. მხედველობა, გემოვნება და ა.შ. არ არიან აბსოლუტური შეგრძნებები, რამეთუ აბსოლუტურად არასდროს ვხედავ, არამედ, როგორც შენ აღნიშნე, ვხედავ გარკვეულ რაღაცას: მწვანეს ან წითელს, ვაგემოვნებ ტკბილს ან მწარეს და ა.შ. მხედველობა ან გემოვნება მხოლოდ კატეგორიას წარმოადგენს, რომლებსაც უშუალო შეგრძნებებს მივაკუთვნებ. მე მათში გარე გრძნობებს ვერ ხედავ, რამეთუ ისინი მხოლოდ მაშინ განირჩევიან, როდესაც შინაგან გრძნობებს მიეკუთვნებიან, რაც ჩემი ყოფნის განცდაა. როგორ მივედი იქამდე, რომ მათ გარე შეგრძნებებად განვიხილავ, ეს არის საკითხავი — მიუხედავად ამისა, ჩემს სიტყვები, რომ მე არ მაქვს ორგანო, რომ აღვიქვა ნივთი-თავისთავად, უკან არ მიმაქვს.
სული. — მიუხედავად ამისა, ნივთებზე მაინც ისე საუბრობ, თითქოს მათი არსებობის შესახებ რომელიმე ორგანოთი შეიტყვე.
მე. — დიახ, ასეა.
სული. — და ეს შენი იმ ცოდნის შედეგია, როგორც უკვე აღიარე, რომელსაც მართლა ფლობ და რომლისთვისაც ორგანო გაქვს, ანუ ამ ცოდნის გამო ხდება ეს?
მე. — დიახ, ასეა.
სული. — შენი ნამდვილი ცოდნა შენი შეგრძნებებისა და განცდების, შენთვის არასრულყოფილი ცოდნასავითაა, რაც მოითხოვს, რომ სხვა ცოდნით შევსებული იქნეს. ეს შენ მიერ აღწერილი სხვა ახალი სახის ცოდნა არის არა ის, რასაც ფლობ, არამედ ის, რაც უნდა გქონოდა, იმ შემთხვევაში ამისთვის შესაბამის ორგანოსაც რომ ფლობდე. შენ იტყოდი: „მე ნამდვილად არაფერი ვიცი იმ ნივთებზე, რომლებიც ჩემ გარეთ არსებობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც უნდა არსებობდნენ, თუნდაც მათ უშუალოდ ვერ ვპოულობდე“. ეს ურთიერთობა აზროვნებაში ხდება, ნაგულისხმები უნარის მეშვეობით, თუმცაღა ეს უნარი არ გაქვს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ცნობიერება ნივთებისა-თავისთავად არ გაქვს, არამედ მხოლოდ მიზეზობრიობის იდეის წყალობით იმის ცნობიერება გაქვს, რაც უნდა იყოს ნივთის ცნობიერება, რომელიც სინამდვილეში შენ არ გეკუთვნის. მაშასადამე, აღიარებ, რომ ცოდნას, რომელიც გაქვს, იმ ცოდნას დაუმატებ, რომელიც არ გაქვს?
მე. — არ შემიძლია, არ დავეთანხმო.
სული. — ამ ცოდნას, რომელსაც სხვა [უკვე არსებული] ცოდნის მეშვეობით ვღებულობთ, გაშუალებული ვუწოდოთ, ხოლო პირველს — უშუალო ცოდნა. იმ ხერხს, რომელიც ახლა აღვწერეთ და რა ფორმითაც აღვწერეთ, ერთ-ერთი სკოლა სინთეზს უწოდებს; ამასთანავე, უკვე არსებულ წევრთა შეერთება კი არ უნდა მოიაზრო, არამედ სრულიად ახლის შეერთება და მიმატება, მხოლოდ წარმოქმნილი წევრის შეერთება მეორესთან, მისგან დამოუკიდებლად არსებულთან. მაშასადამე, პირველ ცნობიერებას მზა სახით აღმოაჩენ, ისევე როგორც საკუთარ თავს აღმოაჩენ და მის გარეშე საკუთარ თავს ვერ იპოვი, ხოლო მეორე — მისგან არის დადგენილი.
მე. — ოღონდ არა პირველის შემდეგ, რადგან ნივთებს ვაცნობიერებ სწორედ იმ მომენტში, რომელშიც საკუთარ თავს ვაცნობიერებ.
სული. — დროში მიმდევრობას არ ვგულისხმობ; იმას ვგულისხმობდი, რომ როდესაც შენი თვითცნობიერების იმ საგნისგან განასხვავებაზე დაფიქრდები და მათს კავშირს განიხილავ, აღმოაჩენ, რომ შენი თვითცნობიერება აუცილებელი პირობა იყო საგნისთვის, რომელიც მთლიანად მასზე იყო დაყრდნობილი.
მე. — თუ სულ ეს არის, ეს უკვე ვაღიარე.
სული. — ვიმეორებ, ეს მეორე ცნობიერება, გონების ნამდვილი მოქმედებით არის ნაწარმოები, წარმოშობილი. შენ სხვაგვარად ხომ არ გგონია?
მე. — მართლაც, გრძნობად ცნობიერებას, რომელიც ჩემი თვითცნობიერების თანადროულია, სხვა ცნობიერებას ვუმატებ, რომელსაც ჩემში ვერ ვპოულობ; ამ გზით ჩემს ცნობიერებას ვაორმაგებ და ვავსებ, ყოველშემთხვევაში, ეს გონებრივი აქტია. თუმცაღა, მაქვს ცდუნება, უკან წავიღო ჩემი აღიარება ან სრული ვარაუდი. ჩემი გონის მოქმედებას სრულყოფილად ვაცნობიერებ, როდესაც საერთო ცნება გამომყავს და მრავალი საეჭვო შემთხვევიდან, რომლებიც ჩემ წინ არიან, ერთ-ერთს ვირჩევ. მაგრამ, გონის იმ აქტს, რომელითაც, როგორც შენ მიმტკიცებ, მე საგანს ჩემ გარეთ არსებულად წარმოვიდგენ, სრულიადაც ვერ ვაცნობიერებ.
სული. — არ შეცდე. შენ საკუთარი გონის ქმედებებს იმდენად აცნობიერებ, რამდენადაც გაურკვებლობასა და ყოყმანს აწყდები. შენ ამ გაურკვევლობასა და ყოყმანსაც აცნობიერებ და ესენი გონის ქმედებას აფერხებენ. ჩვენს შემთხვევაში ასეთ ყოყმანს ადგილი არ აქვს: გონს არ სჭირდება ფიქრი იმისთვის, თუ რომელი საგანი რომელ შეგრძნებას დაუკავშიროს; ეს თავისთავად ხდება. ფილოსოფიური ენა ამ განსხვავებას დაადგენს. გონის იმ ქმედებას, რომელსაც ჩვენ ვაცნობიერებთ, თავისუფლება ეწოდება, ხოლო ქმედების გაუცნობიერებელი აქტი თვითნებობაა. მიქაციე ყურადღება, მე არ ვამბობ, რომ შენ ამ აქტის გაცნობიერება აუცილებლად და უშუალოდ შეგიძლია, არამედ ქმედების შემდგომ მასზე დაფიქრებით დაადგენ, რომ ეს აქტი უნდა ყოფილიყო. შემდგომი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა უშლის ხელს, რომ ეს აქტი ყოყმანის მდგომარეობისა ჩვენამდე მოვიდეს, ან რა უშლის იმას, რომ ეს აქტი გაცნობიერებულ იქნას. ამ საკითხს ნათელი მოვფინოთ.
გონის ამ აქტს აზროვნება ჰქვია (ამ სიტყვის გამოყენება მიწევს). ამბობენ, რომ შეგრძნებებისგან განსხვავებით, აზროვნება სპონტანური (თვითნებული) აქტია. შეგრძნება მხოლოდ აღქმის პროცესია, რომელშიც გონება პასიურია. მაშ, როგორ ხდება, რომ შეგრძნებას, რაც უეჭველად გაქვს, შენს აზროვნებაში საგანს უმატებ, რომლის შესახებაც არაფერი იცი?
მე. — მე ვვაურაუდობ, რომ ჩემს შეგრძნებებს მიზეზი უნდა ჰქონდეს.
სული. — ხომ ვერ ამიხსნიდი, რა არის მიზეზი?
მე. — მე აღმოვაჩენ რაღაცას ამა თუ იმ სახით განსაზღვრულს. ეს რომ ასეა და მორჩა, ამ ცოდნით არ ვარ კმაყოფილი, მე ვვარაუდობ, რომ ეს ასეთი გახდა გარკვეული გზით და ასეთი ვერ გახდებოდა თავისით, არამედ რომელიღაც მის გარეთ არსებული ძალით განპირობებული იქნებოდა. ეს გარე ძალა, რამაც ის იმად აქცია, რასაც ის წარმოადგენს, მის მიზეზს შეიცავს. ანუ ჩემს შეგრძნებებს მიზეზი უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემ გარეთ არსებული ძალით უნდა იყვნენ განპირობებულნი.
სული. — ეს ძალა ან მიზეზი, რომელსაც შენს აზროვნებაში შეგრძნებას უმატებ უშუალოდ ცნობიერდება და ამგვარად შენში საგნის ცნება წარმოიქმნება. დაე ასე იყოს: მაგრამ ახლა გაითვალისწინე: თუ შენს შეგრძნებებს მიზეზი უნდა ჰქონდეთ, მაშინ მე ვაღიარებ შენს მოსაზრებას და მესმის, რა საფუძველი გაქვს, რომ ივარაუდო შენ გარეთ არსებული საგანი, რომლის შესახებაც არაფერი იცი. მაგრამ საიდან იცი და როგორ შეიძლება დამტკიცდეს, რომ შენს შეგრძნებებს მიზეზი უნდა ჰქონდეთ? ზოგადი ფორმით რომ ვთქვათ, რა ფორმითაც შენ მიზეზზე საუბრობდი, რატომ არ არის საკმარისი იმის ცოდნა, რომ რაღაც არის? რატომ ვარაუდობ მის მიზეზს, ან იმას, რომ ის ასეთი გახდა ან რამე გარე ძალით უნდა გამხდარიყო?
მე. — ასე მეფიქრება. თითქოს ეს უშუალოდ ვიცი.
სული. — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პასუხი, „თითქოს უშუალოდ ვიცი,“ ამას მაშინ დავინახავთ, როცა იძულებული ვიქნებით, ეს ერთადერთ შესაძლო გზად ვაღიაროთ. მაგრამ მანამდე სხვა გზები ვნახოთ, რომ დავრწმუნდეთ მიზეზის აუცილებლობაში. ეს უშუალო აღქმით იცი?
მე. — საიდან მეცოდინება? რადგან აღქმაში მხოლოდ იმას ვაცნობიერებ, რომ ჩემში რაღაც არის და მეტი არაფერს. ვერ ვაცნობიერებ, მის გამომწვევ მიზეზს და კიდევ უფრო ნაკლებად ვაცნობიერებ იმას, რომ ასეთი რაღაც აღქმისთვის გარე ძალის წყალობითაა შესაძლებელი.
სული. — ან იქნებ, საყოველთაო პრინციპად აქციე ის დებულება, რომელიც გარე საგნებზე დაკვირვებით აწარმოე, რომელთა მიზეზსაც ყოველთვის მათსავე გარეთ პოულობ და განავრცე ეს დებულება საკუთარ თავზე და საკუთარ მდგომარეობებზე?
მე. — ბავშვივით მექცევი და აშკარა აბსურდს ამბობ. მიზეზის იდეის მეშვეობით მივედი ჩემ გარეთ არსებული ნივთების იდეამდე. მაშ, როგორ შემიძლია ამ ნივთებზე დაკვირვებით კვლავ მიზეზის იდეამდე მივიდე. განა შეიძლება დედამიწა სპილოს ეყრდნობოდეს, ხოლო სპილო, თავის მხრივ, — დედამიწას?
სული. — იქნებ ეს იდეა სხვა, უფრო დიდი ჭეშმარიტების შედეგია?
მე. — რაც კვლავ არ შეიძლება იყოს უშუალო აღქმაში, არც გარე საგნების დაკვირვებაში და რომელთა წარმოშობის დაკავშირებითაც შენ კვლავ კითხვებს სხვამ! შემეძლო მეთქვა, რომ ეს ფუნდამენტური ჭეშმარიტება უშუალო ცოდნით მივიღე. უმჯობესია ეს მიზეზის იდეაზე მეთქვა.
სული. — დაე, იყოს ასე; მაშასადამე, პირველი გრძნობებით მიღებული უშუალო ცოდნის გარდა, სხვა უშუალო ცოდნაც უნდა მივიღოთ, რაც საყოველთაო ჭეშმარიტებას გულისხმობს. ეს ცოდნა, რომ შენს შეგრძნებებს მიზეზი უნდა ჰქონდეთ, სრულიად დამოუკიდებელია თავისთავად ნივთების ცოდნისგან?
მე. — რა თქმა უნდა, რადგან ნივთთა შეცნობა მხოლოდ პირველის ცოდნითაა შესაძლებელი.
სული. — და ეს ცოდნა აბსოლუტურად შენშია?
მე. — აბსოლუტურად, რამეთუ მხოლოდ მისი მეშვეობით გამოვდივარ გარეთ.
სული. — მაშასადამე, შენგან და შენი უშუალო ცოდნით მიეწერება ყოფიერების კანონები და მათი ურთიერთმიმართება?
მე. — დაფიქრების შემდეგ ამის თქმა შემიძლია, რომ მხოლოდ ჩემს წარმოდგენებს მივაწერ ყოფიერების კანონებს და ურთიერთმიმართებას. ეს კანონები ჩემს გონში ყალიბდება.
სული. — დაე, ასე იყოს. აცნობიერებ თუ არა ამ კანონებს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მიხედვით მოქმედებ?
მე. — ჩემ მიერ მათი გაცნობიერება შეგრძნებით იწყება. ჩემი წარმოდგენა საგნისა მიზეზობრიობის კანონზე დაყრდნობით შეგრძნების თანადროულია. ორივე, ჩემი საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაც და წარმოდგენილი საგნიც, რომელსაც პირველი ქმნის, განუყრელად ერთიანია. მათ შორის არ არის სხვა ცნობიერება; — და შეუძლებელია, რომ ამ კანონს ვაცნობიერებდე მანამ, სანამ მის მიხედვით არ ვიმოქმედებ.
სული. — მაშასადამე, ამ კანონის მიხედვით არაცნობიერად და მყისიერად მოქმედებ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ამბობდი, რომ ამ კანონს აცნობიერებდი და იგი საყოველთაოდ გამოაცხადე. ამაზე რას იტყვი?
მე. — უეჭველად ასეა. ჩემს თავში აღმოვაჩენ, რომ ასე ვმოქმედებ და ამ მოსაზრებებს საყოველთაოდ ვაცხადებ.
სული. — მაშასადამე, ამ ქმედებებს ვერ აცნობიერებ?
მე. — უეჭველად. ვხვდები, რატომაც მეკითხები ამას. ეს არის ზემოთხსენებული მეორე სახის უშუალო ცნობიერება, ჩემი ქმედებების საფუძველი, მაშინ, როცა პირველი ცნობიერება შეგრძნებები და პასიური მდგომარეობაა.
სული. — სწორია! როგორც გითხარი, შეგიძლია ცნობიერი გახდე საკუთარი ქმედებების თავისუფალი დაკვირვებით და გააზრებით. მაშასადამე, უშუალოდ ვერ აცნობიერებ მას ქმედებისას?
მე. — ასეა, რადგან საგნის შესახებ საკუთარ წარმოდგენას და მის შეგრძნებას ერთდროულად ვაცნობიერებ. გამოსავალი ვიპოვე; საკუთარ ქმედებას ვაცნობიერებ არა როგორც საკუთარ ქმედებას, რამეთუ ის წარმომიდგება როგორც საგნის ცნობიერება. შედეგად, თავისუფალი გააზრებით ამას ვაცნობიერებ როგორც საკუთარი გონის ქმედებას. ჩემი უშუალო ცნობიერება ორმაგია. ის შედგება ტანჯვის მდგომარეობის გაცნობიერებისგან, რაც შეგრძნებაა და წარმოსახვითი ქმედებისგან, რომლითაც მიზეზობრიობის კანონზე დაყრდნობით საგანს წარმოვიდგენ, ეს უკანასკნელი ცნობიერება უშუალო კავშირშია პირველთან.
საგნის გაცნობიერება არის მასზე ჩემი საკუთარი წარმოდგენის გაცნობიერება, ოღონდ ეს აღიარებული არ არის. ამ შექმნილი წარმოდგენის შესახებ მე იქიდან ვიცი, რომ მისი შემქმნელი თავად ვარ. და, ამგვარად, ყოველი ცნობიერება მხოლოდ საკუთარი თავის ცნობიერებაა და მეტი არაფერი. ახლა ეს ცხადი ხდება. სწორად ვმსჯელობ?
სული. — სავსებით სწორია; მაგრამ საიდან მომდინარეობს საყოველთაობა და აუცილებლობა, მაგალითად, მიზეზის კანონისა, რომელიც შენ აღწერე?
მე. — იმ უშუალო შეგრძნებიდან, რომ სხვაგვარად არ ძალმიძს, რამდენადაც გონება მაქვს და ვერც სხვა გონიერი არსება იმოქმედებს სხვაგვარად. როდესაც მე ვამბობ, რომ ყველაფერს, რაც შემთხვევითია, როგორიცაა ჩემი შეგრძნებები, თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს, მე იმას ვგულისხმობ, რომ მიზეზი იყო, არის და იქნება ისევე მოაზრებული, როგორც ამას ნებისმიერი მოაზროვნე არსება მოიაზრებდა.
სული. — როგორც ჩანს, ყოველი შენი ცოდნა მხოლოდ საკუთარი თავის ცოდნაა, რომ შენი ცნობიერება არასდროს სცდება შენს თავს და ის, რასაც საგნების რეალური არსებობის ცნობიერებას უწოდებ, საგნის შესახებ მხოლოდ შენი საკუთარი წარმოდგენის ან ცნების ცნობიერებაა, რომელსაც აზროვნების შინაგანი კანონის მეშვეობით აწარმოებ და რაც აუცილებლად შეგრძნებასთან ერთად თანაარსებობს.