ბუდისტური კანონიკური ტექსტი
თავი I — წყვილი სტროფები
- ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენივე აზროვნების ნაყოფია: ჩვენს აზრებს ემყარება, ჩვენი აზრებით არის ნაწარმოები. თუ ადამიანი საუბრობს ან მოქმედებს ბოროტი განზრახვით, ამას ტანჯვა მოჰყვება, ისევე, როგორც უღელში შებმულ ხარებს ბორბლები ფეხდაფეხ მიჰყვება.
- ყველაფერი, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენივე აზროვნების ნაყოფია: ჩვენს აზრებს ემყარება, ჩვენი აზრებით არის ნაწარმოები. თუ ადამიანი საუბრობს ან მოქმედებს სათნო განზრახვით, მას ბედნიერება ჩრდილივით მიჰყვება.
- „მან შეურაცხმყო, მან მცემა, მან დამამარცხა, მან გამძარცვა“, — ის, ვინც ამგვარ აზრებს ინახავს, მას სიძულვილი არ სტოვებს.
- „მან შეურაცხმყო, მან მცემა, მან დამამარცხა, მან გამძარცვა“, — ის, ვინც ამგვარ აზრებს აღარ ინახავს, მასში სიძულვილი შეწყდა.
- რამეთუ სიძულვილს სიძულვილი ვერასდროს დაამარცხებს: სიძულვილს სიყვარული ამარცხებს, ეს მარადიული კანონია.
- დანარჩენებმა არ იციან, რომ აქ თავი უნდა შევიკავოთ. ვისაც ეს ესმის, მან სიმშვიდე მოიპოვა.
- ადამიანი, რომელიც სიამოვნებისთვის ცხოვრობს, ვინც გრძნობებში თავშეკავებული არ არის, ვინც საკვებში ზომიერება არ იცის, ვინც ზარმაცია და სუსტი ნებისყოფა აქვს, მარა (მაცდური) ისევე დაამარცხებს, როგორც ქარი სუსტ ხეს.
- ის, ვინც სიამოვნებისთვის არ ცხოვრობს, აკონტროლებს გრძნობებს, იგი ზომიერია საკვებში, რწმენით აღსავსეა და ძლიერი. მას მარა ნამდვილად ვერ დაამარცხებს, ისევე, როგორც სიო მთას ვერაფერს დააკლებს.
- ვინც ყვითელი ტანსაცმლით შეიმოსება [რელიგიური ტანსაცმელი] და ცოდვებისგან არ განიწმინდება, ვინც ზომიერებას და ჭეშმარიტებას უარყოფს, იგი ყვითელი ტანისამოსის ღირსი არ არის.
- მაგრამ ის, ვინ იწმინდება ცოდვათაგან, სათნოება მისი მყარი საფუძველია და აგრეთვე ზომიერებასაც მისდევს და ჭეშმარიტებასაც, მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად ყვითელი ტანისამოსის ღირსი.
- ისინი, ვინც ჭეშმარიტებას სიცრუეში ხედავენ, ხოლო სიცრუეს — ჭეშმარიტებაში, ვერასდროს მიაღწევენ ჭეშმარიტებას, მათი ზრახვები ამაოა.
- ისინი, ვინც ჭეშმარიტებაში ჭეშმარიტს ხედავენ, ხოლო სიცრუეში სიცრუეს, ჭეშმარიტებასთან მიდიან და ჭეშმარიტს ზრახვებს მიჰყვებიან.
- როგორც ცუდი გადახურვის შემთხვევაში სახლში წვიმა ჩამოდის, სწორედ ასევე განუვითარებელ გონებაში ვნებები აღწევს.
- როგორც კარგი გადახურვის შემთხვევაში სახლში წვიმა არ ჩამოდის, სწორედ ასევე განვითარებულ გონებაში ვნებები ვერ აღწევს.
- ვინც ბოროტებას სჩადის ამ ცხოვრებაშიც წუხს და შემდეგ ცხოვრებაშიც. იგი წუხს და დრტვინავს, როდესაც მისი ნამოქმედარი ბოროტება წინ ხვდება.
- ქველი ადამიანი ამ ცხოვრებაშიც ხარობს და შემდეგ ცხოვრებაშიც. იგი ხარობს და ტკბება, როდესაც საკუთარ კეთილ საქმეებს ხედავს.
- ვინც ბოროტებას სჩადის ამ ცხოვრებაშიც იტანჯება და შემდეგ ცხოვრებაშიც. იგი იტანჯება, როდესაც ბოროტებაზე ფიქრობს და კიდევ უფრო მეტად მაშინ, როდესაც ბოროტებას სჩადის.
- ქველი ადამიანი ამ ცხოვრებაშიც ტკბება და შემდეგ ცხოვრებაშიც. იგი ტკბება მაშინ, როდესაც თავის საქმეებზე ფიქრობს და კიდევ უფრო მეტად მაშინ, როდესაც სიკეთეს სჩადის.
- ადამიანი, რომელმაც ზეპირად იცის მთელი წმინდა წერილი, მაგრამ მის თანახმად არ იქცევა, დაუდევარი ადამიანია. მსგავსად იმისა, მწყემსი რომ სხვის ძროხებს ითვლის. იგი ბერობის თანაზიარი არ არის.
- ადამიანი, რომელიც დანაწესს მისდევს, მაგრამ თუნდაც ზეპირად არ იცოდეს წერილი, ვინც თავისუფალია ვნებების, სიძულვილისა და უგუნურებისგან, ნამდვილ ცოდნას და გონების სიმშვიდეს ფლობს, წუთისოფლის ამაოებას არ მისდევს არც ამ ცხოვრებისთვის და არც შემდეგისთვის, — იგინამდვილად ბერობის თანაზიარია.
თარგმანი - გიორგი ბერძენიშვილი