ბედნიერება დროსტარებასა და გართობაში არ მდგომარეობს, ის სათნოების თანახმად მოქმედებაშია.
თუ ბედნიერება მდგომარეობს სათნო მოქმედებაში, მაშინ გონივრული იქნება თუ ვიტყვით, რომ ბედნიერება დაკავშირებულია უმაღლეს სათნოებასთან, ხოლო უმაღლესი სათნოება საუკეთესოა. ეს კი არის ან გონება, ან სხვა რამ, რაც გვხელმძღვანელობს და წარგვმართავს ჩვენი ბუნების შესაბამისად, რაც გვაძლევს ცოდნას ღვთაებრივსა და მშვენიერზე. ის ან რაღაც ღვთაებრივია, ანდა ჩვენში არსებული ღვთაებრივი, რომელიც გვამოქმედებს ჩვენთვის დამახასიათებელი სათნოების შესაბამისად. სწორედ ეს უნდა იყოს სრული ბედნიერება. უკვე ვთქვით, რომ ეს ჭვრეტითი მოღვაწეობაა და
ვფიქრობთ, ეს თვალსაზრისი ეთანხმება როგორც ზემოთქმულს, ისე ჭეშმარიტებას. ეს მოღვაწეობა არის უმაღლესი ხასიათისა, რადგან ასეთივეა როგორც ჩვენი გონება, ასევე ის, რასაც გონება შეიცნობს. გარდა ამისა, ის ყველაზე უწყვეტი მოქმედებაა, რადგან განუწყვეტლივ შეგვიძლია ვაწარმოოთ ჭვრეტა, ვიდრე სხვა რომელიმე მოქმედება.
ვფიქრობთ, სიამოვნება შევუერთოთ ბედნიერებას, რადგან სათნო მოქმედებათაგან ყველაზე მეტად სასიამოვნოა ის, რაც თანხმობაშია სიბრძნესთან. ჩანს, რომ ფილოსოფია შეიცავს საოცარ სიამოვნებებს, ყველაზე მყარსა და ყველაზე სუფთას. ცხადია, უფრო სასიამოვნოა მცოდნეს ცხოვრება, ვიდრე ცოდნის მაძიებლისა, ხოლო ზემოთქმული კმაყოფილება უფრო ჭვრეტით ცხოვრებაში უნდა იყოს. ცხოვრებისათვის აუცილებელი საგნები სჭირდებათ როგორც ბრძენს, ისე სამართლიანსა და სხვას. თუ ისინი იქნებიან საკმარისად უზრუნველყოფილნი, მაშინ სამართლიან კაცს იმისათვის, რომ განახორციელოს სამართლიანობა, დასჭირდება იმდენი, რაც ამისათვის იქნება საკმარისი. ასევე, გონიერ, მამაც და სხვა ადამიანებს, ბრძენს კი შეუძლია დამოუკიდებლადაც აწარმოოს ჭვრეტითი მოღვაწეობა და მით უფრო მეტად, რაც უფრო ბრძენია ის. უკეთესი იქნებოდა, თუ მას თანამოაზრენი ეყოლებოდა, მაგრამ უამისოდაც შეუძლია მოქმედება.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ ჭვრეტითი საქმიანობაა თავისთავად ღირებული, ის მხოლოდ თავად მის გამო შეიძლება გვიყვარდეს: მისი შედეგი თავად ეს ჭვრეტითი (თეორიული) მოქმედებაა, მაშინ, როცა პრაქტიკულ მოქმედებაში ჩვენ სხვა სარგებელს ვეძებთ, გარდა თავად ამ მოქმედებისა.
იქნებ ბედნიერება დასვენებაშია, რადგან ვმოქმედებთ იმიტომ, რომ დავისვენოთ და ვომობთ იმიტომ, რომ მშვიდობა მოვიპოვოთ. პრაქტიკული სათნოების აქტივობა წარმოებს ან პოლიტიკაში ან საომარ მოქმედებაში. იმათ, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან, არ აქვთ თავისუფალი დრო, განსაკუთრებით კი იმათ, ვინც საომარ მოქმედებას ეწევა. არავის სურს ომი ომის მიზნით, არც ომის დაწყება სურთ ამ მიზნით. სისხლის მსმელად მოჩანს ის, ვინც მეგობრებს საომრად ამზადებს.
არც პოლიტიკურ მოღვაწეს აქვს თავისუფალი დრო, რადგან ის იცავს თავის ძალაუფლებას, პატივსა და როგორც საკუთარ, ისე თანამოქალაქეთა ბედნიერებას. მაგრამ ბედნიერება არაა პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ის ბედნიერება, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, განსხვავდება პოლიტიკური მოღვაწეობისაგან.
სათნო მოქმედებათა შორის მშვენიერებითა და სიდიდით გამოირჩევა პოლიტიკური და საომარი მოქმედებები. ისინი არ იძლევიან თავისუფალ დროს და მიისწრაფვიან რაღაც მიზნისაკენ, რაც თავისთავად არაა სასურველი: გონებრივი მოღვაწეობა კი გამოირჩევა ჭვრეტითი ხასიათით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკუთარი თავის გარდა, სხვა მიზანი არა აქვს. მას თან სდევს მისთვის სპციფიკური სიამოვნება, რაც ზრდის მის ენერგიას. ის ანიჭებს ადამიანს კმაყოფილებას, თავისუფალ დროს, დაუღალავი მოქმედების უნარს და ყოველივე სხვას, რაც ბედნიერებას ახასიათებს და რაც ამ ენერგიიდან წარმოიშობა. ეს უნდა იყოს ადამიანის სრული ბედნიერება, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან ბედნიერების არც ერთი ნაწილი არ არის დასრულებული.
ასეთი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე ადამიანებისათვის დამახასიათებელი ცხოვრება, და ასე ცხოვრობს ის არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც რაღაც ღვთაებრივის მატარებელი საკუთარ თავში. და რამდენადაც ეს თვისება განსხვავდება ადამიანის მთლიანი ბუნებისაგან, ამდენადვე ასეთი მოქმედება განსხვავდება სხვა სათნოებათაგან. და თუ გონება ადამიანთან შედარებით ღვთაებრივია, ასევეა გონებრივი ცხოვრება ადამიანურთან შედარებით.
არაა საჭირო, ადამიანი დაარწმუნო, რომ ის ადამიანია, არც ის, რომ მოკვდავი ადამიანი დაარწმუნო, რომ ის მოკვდავია, იგი, რამდენადაც შესაძლებელია უნდა დაარწმუნო, რომ უკვდავი გახდეს და ყოველივე გააკეთოს იმისათვის, რომ იცხოვროს იმისდა მიხედვით, რაც ყველაზე უფრო მაღალია მასში. ის მოცულობით პატარაა, სამაგიეროდ უნარითა და ღირსებით ყველაფერს ჭარბობს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ყოველი ადამიანი წარმოადგენს სწორედ იმას, რაც მასში არის ძირითადი და საუკეთესო, რითაც ის ყველას სჯობს, ამიტომ უაზრობა იქნებოდა, თუ ადამიანი აირჩევდა არა მისი ცხოვრების სპეციფიკურ სახეს, არამედ რაღაც სხვას. ზემოთქმული სავსებით ეთანხმება იმას, რასაც ახლა ვამბობთ. ის, რაც ბუნებრივად დამახასიათებელია თითოეულისათვის, ის არის მისთვის უმთავრესი და ყველაზე უფრო სასიამოვნო. ადამიანისათვის სპეციფიკურია გონებრივი (ინტელექტუალური) ცხოვრება, რადგან სწორედ ესაა, პირველ ყოვლისა, ადამიანი. ამიტომ ასეთი ცხოვრება იქნება უბედნიერესი.
მეორე მხრივ, მორალური სათნოების მიხედვით ცხოვრება ბედნიერია, ოღონდ მეორეხარისხოვნად.