მასწავლებელი კითხვებით თავისი მოსწავლის გონებას მიმართავს, რომ ამ გზით მიიყვანოს ცოდნამდე და როდესაც მოსწავლეს პასუხი არ აქვს, მასწავლებელი მინიშნებებს აძლევს (მისი გონებით ხელმძღვანელობს).
1. მასწავლებელი. რა არის შენი ყველაზე დიდი სანუკვარი მისწრაფება ცხოვრებაში?
მოსწავლე. (დუმს).
2. მასწავლებელი. რომ ყველაფერი და ყოველთვის შენი ნება-სურვილის მიხედვით იყოს.
მოსწავლე. (დუმს).
მასწავლებელი. ასეთ მდგომარეობას ბედნიერება ეწოდება (მუდმივი წარმატება, სასიამოვნო ცხოვრება, სრული კმაყოფილება საკუთარი მდგომარეობით).
3. მასწავლებელი. ყოველგვარი ბედნიერებისთვის რომ მიგეღწია (რაც კი ამქვეყნად შესაძლებელია), შენთვის შეინახავდი თუ ახლობლებსაც გაუნაწილებდი?
მოსწავლე. გავუნაწილებდი, რომ სხვებიც ბედნიერები და კმაყოფილები გამეხადა.
4. მასწავლებელი. ეს იმის მაჩვენებელია, რომ საკმაოდ კეთილი გული გაქვს, მაგრამ მიჩვენე, ასევე სწორია თუ არა შენი განსჯაც. — მისცემდი თუ არა ზარმაცს რბილ ბალიშებს, რომ მას ცხოვრება ტკბილ უსაქმურობაში გაეტარებინა, ან ლოთს ღვინით და სხვა თრობის საშუალებებით უზრუნველყოფდი, ან მატყუარას სასიამოვნო იერითა და მანერებით შეამკობდი, რომ ასე უფრო იოლად გაეცურებინა სხვები, ან მოძალადეს სიმამაცეს და ძალას შეჰმატებდი, რომ სხვები დაეჩაგრა?
მოსწავლე. არა, ამას არ ვიზამდი.
5. მასწავლებელი. მაშ, შენ ხედავ, რომ ყველანაირი ბედნიერება რომ გქონოდა და ამასთანავე უკეთილესი ნებაც, მაინც განსჯის გარეშე არ დაასაჩუქრებდი ყველას, ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდიდა, არამედ ჯერ გამოიკვლევდი, რამდენად იმსახურებს თითოეული ბედნიერებას. — თუმცა, რაც გეხება თავად შენ, როგორც ჩანს, აქ შენ ყოველგვარი მერყეობის გარეშე მიანიჭებდი შენს თავს ყველაფერ იმას, რასაც შენს ბედნიერებას მიაკუთვნებ.
მოსწავლე. დიახ.
მასწავლებელი. მაგრამ შენი თავის მიმართ კითხვა არ გაგიჩნდება: ღირსი ხარ თუ არა ბედნიერების?
მოსწავლე. რა თქმა უნდა.
მასწავლებელი. ის, რაც შენში ბედნიერებისკენ მიისწრაფვის, მიდრეკილებაა, ხოლო ის, რაც ზღუდავს შენს მიდრეკილებას იმ პირობით, რომ ხარ თუ არა ღირსი ბედნიერების, — ეს არის გონება. ხოლო ის, რომ შენ შენი გონებით შეგიძლია შეზღუდო და დაძლიო შენი მიდრეკილება, — ამას შენი ნების თავისუფლება ეწოდება.
6. მასწავლებელი. წესები და მითითებები, როგორ მოიქცე, რომ ბედნიერება გერგოს და ამავდროულად მისი ღირსიც იყო, მხოლოდ შენს გონებაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდილებიდან ან სხვისი დარიგებებიდან ასეთი წესების შემეცნების აუცილებლობა არ გაქვს; შენი საკუთარი გონება გასწავლის და გიბრძანებს სწორედ იმას, როგორც უნდა მოიქცე. მაგალითად, რას გირჩევდა შენი გონება იმ შემთხვევაში, როდესაც კარგად მოფიქრებული ტყუილის მეშვეობით შეგიძლია დიდი ხეირი ნახო შენთვის ან შენი მეგობრებისთვის და ამასთანავე სხვას არავის ზიანიც არ მიაყენო?
მოსწავლე. არ უნდა მოვიტყუო, რაც არ უნდა დიდი იყოს სარგებელი ჩემთვის ან ჩემი მეგობრებისთვის. ტყუილი ფლიდობაა, ტყული ადამიანს ბედნიერების უღირსად ხდის. ამაშია მბრძანებელი (ამკრძალავი) გონების იძულება, რომელსაც უნდა დავემორჩილო: ამ კარნახის (ან აკრძალვის) წინაში ყველა ჩემი მისწრაფება უნდა დადუმდეს.
მასწავლებელი. რა ჰქვია ამ აუცილებლობას, რომელსაც ადამიანს გონება უშუალოდ ადებს, რომ გონების კანონის მიხედვით მოიქცეს?
მოსწავლე. ამას ვალდებულება ეწოდება.
მასწავლებელი. შესაბამისად, ადამიანისთვის თავისი მოვალეობის დაცვა — ეს არის საყოველთაო და ერთადერთი პირობა ბედნიერების ღირსად ყოფნისა, ხოლო ეს ღირსობა იგივეა, რაც მოვალეობის დაცვა.
7. მასწავლებელი. როდსაც ასეთ კეთილ და ქმედით ნებას ვაცნობიერებთ, რომლის მიხედვითაც საკუთარ თავს ბედნიერების ღირსად (ან უღირსად) მივიჩნევთ, შეიძლება თუ არა ამაზე მყარი იმედი დავაფუძნოთ, რომ ბედნიერებაში წილი გვექნება?
მოსწავლე. არა! მხოლოდ ამაზე, ვერა; რადგან ყოველთვის ჩვენს შესაძლებლობებში არ არის საკუთარ თავს ბედნიერება მივანიჭოთ და საგანთა ბუნებრივი მსვლელობა თავისთავად არ მოისაზრება დამსახურებასთან, ცხოვრებაში ბედნიერება (და საერთოდ ჩვენი კეთილდღეობა) ისეთ ვითარებებზეა დამოკიდებული, რომელთა დიდი ნაწილიც სულაც არ არის ადამიანის გამგებლობის ქვეშ. ასე რომ, ბედნიერება ყოველთვის მხოლოდ ჩვენს იმედად რჩება, რომელიც რაღაც გარე ძალის ჩარევის გარეშე ვერ იქნება საიმედო.
8. მასწავლებელი. აქვს თუ არა გონებას თავისთავად საფუძველი, რომ ასეთი ძალის არსებობა დაუშვას, რომელიც ადამიანთა შორის ბედნიერებას დამსახურებათა მიხედვით ანაწილებს, რომელიც მთელს ბუნებაზე ბატონობს და უდიდესი სიბრძნით განაგებს სამყაროს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქვს თუ არა გონებას საფუძველი, რომ ღმერთის სწამდეს?
მოსწავლე. დაიხ; რადგან ბუნების ქმნილებათა შორის, რომელთა შესახებაც შეიძლება მსჯელობა შეგვეძლოს, უჩვეულოდ ღრმა სიბრძნეს ვხედავთ, რომლის ახსნაც ჩვენთვის სხვა არასგით შეგვიძლია, თუ არა სამყაროს შემოქმედის განუზომლად დიად ხელოვნებად, რომლისგანაც ყველა საფუძველი გვაქვს მორალურ მოწყობასაც მოველოდოთ, საკუთრივ რომელშიც სამყაროს მშვენება მდგომარეობს, არანაკლებ ბრძნულად არის მართული, სახელდობრ იმ თვალსაზრისით, რომ თუ ჩვენ თვითონ არ გავხდით საკუთარ თავს ბედნიერების უღირსად, მაშინ შეიძლება ასევე ვიმედოვნოთ, რომ ეს ბედნიერება ჩვენც გვერგება.