პირველი, რაც ამ კითხვისას შეიძლება გაგვახსენდეს, არისტოტელეს ფრაზაა, რომ ფილოსოფია გაოცებით იწყება. მაგრამ ყველა გაოცება ფილოსოფიის დასაწყისია, თუ მხოლოდ გარკვეული სახის? რა არის გაოცება თავისთავად? არის თუ არა ეს კავშირში იმასთან, რომ რაღაც ჩვენთვის უცნობი აღმოჩნდება, რასთანაც ჩვენ შეგუებული არ ვართ, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი არ არის?
 
კანტი ამბობს:
 
„სულს ორი რამ აღავსებს ყოველთვის ახალი და სულ უფრო ძლიერი განცვიფრებითა და მოწიწებით, რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად ვფიქრობთ მათზე, — ეს გახლავთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს თავზე და მორალური კანონი ჩემში.“
 
რასაც შემდგომ თავადვე განმარტავს:
 
„პირველი შეხედულება სამყაროთა უსასრულო სიმრავლეზე თითქოსდა ანადგურებს ჩემს მნიშვნელობას როგორც ცოცხალი ქმნილებისა, რომელმაც კვლავ უნდა მისცეს პლანეტას (წერტილს სამყაროში) ის მატერია, რომლისგანაც იგი წარმოიშვა, იმის შემდეგ, რაც ეს მატერია მცირე ხნით უცნობია რა გზით დაჯილდოებულ იქნა სასიცოცხლო ძალით“.
 
ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბუნების შეუცნობლობა, საკუთარი სხეულის ჩათვლით, მის მიმართ გაუცხოვება, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება დავახასიათოთ როგორც სასოწარკვეთილება. ამ სახის გაოცება იგივე სასოწარკვეთილებაა, თუმცა, იგი საუბრობს მორალურ კანონზეც, რომელიც ჩვენშია და ასევე აღგვაფრთოვანებს:
 
„მორალური კი, პირიქით, უსასრულოდ ამაღლებს ჩემს მნიშვნელობას როგორც მოაზროვნე არსებისა, ჩემი პიროვნების მეშვეობით, რომელშიც მორალური კანონი გზას მიხსნის სიცოცხლისკენ, დამოუკიდებელს ცხოველური ბუნებისგან და სრულიად გრძნობებით აღქმადი სამყაროსგანაც კი, სულ მცირე რამდენადაც ამის დანახვა ამ კანონის მეშვეობით ჩემი არსებობის იმ მიზანშეწონილი დანიშნულებიდანაა შესაძლებელი, რომელიც ამ ცხოვრების პირობებითა და საზღვრებით შეუზღუდავია.“
 
მორალური კანონი კარგის და ცუდის გარჩევის უნარია. ჰეგელის სისტემის მიხედვით, ეს არის პირველ რიგში სიკეთის ცნება, შემდგომ ეს გულისხმობს მსჯელობის უნარს, რაც გადადის დასკვნაში, ხოლო ეს მდგომარეობა გადადის ქმედებაში ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს შეხედულება მორალზე, თავისი მორალის მიხედვით ფიქრობს მოქმედებას, რაც იგივე პრაქტიკული გონებაა. ერთად აღებული ჰეგელის ეს კატეგორიები ლოგიკური იდეის ნაწილებია. იდეა, თავის მხრივ, როგორც კი ბუნებას ეხება საკუთარი თავის განამდვილებას იწყებს, თუმცა განამდვილებისთვის ადამიანს ბუნების შემეცნება სჭირდება.
 
ქრონოლოგიურად, სანამ ადამიანი ფილოსოფიურ აზროვნებამდე მივა და ჩვეულებრივად აზროვნებს, შეხება აქვს ბუნების გრძნობად მრავალფეროვნებასთან. სწავლობს ბუნებას არა როგორც ერთიანს, არამედ მის ცალკეულ ელემენტებს, ეს ხდება მანამ, სანამ ბუნების კანონების დედუცირებას მოახდენს. ამიტომ ადამიანი ბუნების მიმართ გაუცხოებულია, მის წინაშე თავს უსასრულოდ უსუსურად გრძნობს, რადგან ბუნების არსს, მის კანონებს ჯერ არ იცნობს.
 
ჰეგელი ბუნების ფილოსოფიაში ამბობს:
 
ბუნება ჩვენ წინ გარკვეული გამოცანისა და პრობლემის სახით დგას და ჩვენ იმდენადვე ვგრძნობთ ბუნების გამოცანის ამოხსნის მოთხოვნილებას, რამდენადაც მისგან განვიზიდებით. ბუნება თავისკენ გვიზიდავს, რამეთუ გონის საკუთარ სუფევას გრძნობს მასში; ის ჩვენ განგვიზიდავს როგორც რაღაც უცხოს, რომელშიც ჩვენი გონი საკუთარ თავს ვერ პოულობს. ამიტომ ამბობს არისტოტელე, რომ ფილოსოფია გაოცებით იწყება.
 
ჩვენ გრძნობადი აღქმიდან ვიწყებთ, ბუნების მრავალფეროვანი ფორმებისა და კანონების შესახებ ცნობებს ვაგროვებთ. ვღებულობთ დაწვრილებითობის უსასრულო სიმრავლეს; ეს თვითკმარი ფაქტობრივი ცნობები ყოველი მიმართულებით წვრილმანდებიან და სწორედ იმიტომ, რომ მათ ბოლო არ უჩანთ, შემეცნების ეს საშუალება არ გვაკმაყოფილებს“.
 
ფაქტობრივად ჰეგელიც იგივეს იმეორებს, რასაც კანტი: ეს არის დაუკმაყოფილებლობა ჩვეულებრივი შემეცნებით, იმედგაცრუება და სასოწარკვეთილება. სწორედ ეს აჩენს სხვაგვარი შემეცნების მოთხოვნილებას.
 
ჰეგელი:
და ყოველგვარი ამ შეგროვილი ცნობების სიმდიდრეში ჩაფლულებს, კვლავ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა ან, უფრო სწორედ, შეიძლება პირველად გაგვიჩნდეს კითხვა: რა არის ბუნება?
 
იგი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. როდესაც მის პროცესებს, მის გარდასახვებს ვაკვირდებით, სურვილი გვიჩნდება, რომ მის მარტივ არსებას ვწვდეთ, ვაიძულოთ ეს პროტეუსი, რომ შეწყვიტოს ეს გარდასახვები და გამოგვეცხადოს, გაგვიმხილოს თავი ისე, რომ მხოლოდ მრავალფეროვნება, სულ ახალ-ახალი ფორმები კი არ გვიჩვენოს, არამედ უფრო მარტივად გაგვიმხილოს, ადამიანურ ენაზე და ნება მოგვცეს ნათლად გავაცნობიეროთ, თუ რას წარმოადგენს იგი.
 
ადამიანურ ენაზე ბუნების გაცნობიერება ბუნების იდეის წვდომაა, მანამდე ყოველთვის გვექნება დაუკმაყოფილებლების გრძნობა. ნებისმიერ რამეზე წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ტელეფონზე. თუ ტელეფონის იდეა არ გვესმის მუდმივად შეიძლება მისმა მრავალფეროვნებამ გაგვაკვირვოს, რადგან ეს გარკვირვება იმაზე მიგვანიშნებს, რომ მთავარი სხვა რამეა.
მაშასადამე, ეს გარკვირვება ბუნების მიმართ მოთხოვნილებას აჩენს, რომ მასში რაღაც იდეა ანუ რაღაც ლოგიკა დავინახო, ეს არის ფილოსოფიის დასაწყისი, მაგრამ როდესაც ჯერი ბუნების იდეის წვდომამდე მივა, ბუნებრივია რიგითობის მხრივ დადგება საკითხი, რა არის თავად იდეის იდეა — ეს კი თავად ლოგიკის მეცნიერებაა.
 
ჰეგელი ამბობს:
 
ფილოსოფიური იდეის სფეროში თავიდანვე შეგვეძლო წამოგვეჭრა საკითხი და გვეთქვა, რომ ბუნების ფილოსოფიამ ბუნების იდეა უნდა მოგვცეს. მაგრამ ასეთი განსაზღვრებით რომ დაგვეწყო, ამას შესაძლოა გაუგებრობები გამოეწვია. რამეთუ თავად საგნის იდეა როგორც რაღაც კონკრეტული უნდა გვესმოდეს, მისი სხვადასხვა განსაზღვრებები თანმიმდევრულად უნდა შევისწავლოთ და შემდგომ თავი ერთად უნდა მოვუყაროთ. ამიტომ, ბუნების იდეის მისაღებად, მთელი რიგი განსაზღვრებები უნდა გავიაროთ, მხოლოდ რომლის წყალობითაც იდეა ჩვენთვის პირველად წარმოიქმდება“.
 
ეს განსაზღვრებები „ლოგიკის მეცნიერებაში“ არის მოძღვრება არსი, არსების და ცნების შესახებ.
კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, სახელდობრ რა იწვევს გაკვირვებას ბუნების დაკვირვებისას. მოვიყვან ეპიზოდს პლატონის „ტეატეტუსიდან“, სადაც სოკრატე ესაუბრება ტეატეტუსს:
 
 
სოკრატე: პირველ რიგში, ვერაფერი გახდება უფრო დიდი, ან უფრო პატარა, ვერც რაოდენობით და ვერც მოცულობით, თუ საკუთარი თავის ტოლი რჩება.
 
მეორე, თუ რამეს არაფერი ემატება და არაფერი აკლდება, ის ვერც გადიდდება და ვერც შემცირდება ანუ მუდამ თავის თავის ტოლი რჩება.
 
მესამე, თუ რამე არ ყოფილა და მოგვიანებით აღმოვაჩენთ მის არსებობას, ისე ვერ იქნება, წარმოშობა და ქმნადობა რომ არ გაეარა.
 
ხომ მეთანხმები ამ საკითხებში?
 
ტეატეტუსი: დიახ.
 
სოკრატე: ეს სამი დაშვება გვხვდება ჩვენს სულში. მე, როგორც ზრდასრული ადამიანი, აღარ ვიზრდები სიმაღლეში. ერთ დროს შენზე მაღალიც ვიყავი, შემდეგ შენზე დაბალი გავხდი, თუმცა ჩემს სიმაღლეს არაფერი დაკლებია, უბრალოდ შენ გაიზარდე. გამოდის, რომ მე გავხდი ის, რაც ადრე არ ვიყავი, თანაც ცვლილება არ განმიცდია. სწორედ ასეა სხვა საგნების შემთხვევაშიც. ხომ გესმის, რაზეც ვსაუბრობ?
 
ტეატეტუსი: ღმერთებს გეფიცები, სოკრატე, განცვიფრებული ვარ. როდესაც ვცდილობ ამას ვწვდე, თავბრუ მეხვევა.
 
სოკრატე: სწორედ ფილოსოფოსისთვისაა დამახასიათებელი განცვიფრება, რადგან იგია ფილოსოფიის დასაწყისი“.
 
ამ დიალოგშიც აშკარაა განცვიფრების კავშირი ლოგიკასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ საგანი ისეთია, როგორც ჩვენ გვგონია, არა თვით ამ საგნის წყალობით, არამედ სხვა საგნების მეშვეობით. თითქოს ერთი საგანი მეორეში ირეკლება. უშუალოდ მყოფი არ არის თავისთავზე დაფუძნებული, თუ კარგად ჩავღრმავდებით მასში რეფლექსიას აღმოვაჩენთ, რომ ის აზრი, რაც უშუალოზე გვაქვს, სხვისი ანარეკლია და ეს ანარეკლი მისი არსებაა. ნივთებს-თავისთავად ჭეშმარიტება არ გააჩნიათ. ეს არის პირველი ფილოსოფიური გადასვლა ჩვეულებრივი ცნობიერებისა უფრო მაღალ საფეხურზე, როდესაც გაშუალებაა აღმოჩენილი.
 
გაკვირვება, გაოცება არის ის ბიძგი, რომელმაც შეიძლება გააჩინოს ინტერესი და მოთხოვნილება, რომ თვისობრივად სხვა სახის შემეცნება ვეძებოთ, რაც ლოგიკურად წვდომის მოთხოვნილებაა.
 
ჰეგელი:
სუბიექტურ გონებას განუსაზღვრელი უეჭველობა აქვს იმისა, რომ კვლავ პოვებს თავისთავს იმთავით უგონებობის ფორმით დამძიმებულ ობიექტში, ამდენად საგანი მას გაკვირვებასა და რიდს აღუძრავს. მაგრამ ფილოსოფიური აზროვნება გაკვირვებაზე მაღლა უნდა დადგეს.
 
გ. ბერძენიშვილი