მცდარობა ჭეშმარიტების საპირისპირო გახლავთ, რომელსაც, როდესაც ის ჭეშმარიტებად არის მიღებული, შეცდომა ეწოდება. შესაბამისად, მცდარი მსჯელობა — ვინაიდან შეცდომა, ისევე როგორც ჭეშმარიტება, მხოლოდ მსჯელობაში არსებობს — ისეთი მსჯელობაა, რომელიც ჭეშმარიტების მოჩვენებას თავად ჭეშმარიტებაში ურევს.
თუ როგორ არის ჭეშმარიტება შესაძლებელი, ამის გაგება ადვილია, რადგან აქ განსჯა თავისი ძირითადი კანონებით მოქმედებს.
მაგრამ თუ როგორ არის შესაძლებელი შეცდომა ამ სიტყვის ფორმალური თვალსაზრისით ანუ როგორ არის შესაძლებელი განსჯის საპირისპირო აზროვნების ფორმა — ამის გაგება ძნელია, ისევე, როგორც გაუგებარია, როგორ არის შესაძლებელი, რომ რომელიმე უნარმა თავისი საკუთარი კანონებიდან გადაუხვიოს. შესაბამისად, შეცდომების მიზეზების ძებნა თავად განსჯაში და მის ძირითად კანონებში არ შეგვიძლია, ისევე როგორც არ შეგვიძლია განსჯის ფარგლებში, რომელშიც, მართალია, შესაძლებელია უმეცრების მიზეზი მდგომარეობდეს, მაგრამ არა შეცდომის. განსჯის გარდა რომ შემეცნების სხვა წყარო არ გვქონოდა, მაშინ არასდროს არც შევცდებოდით. მაგრამ განსჯის გარდა, ჩვენ ცოდნის სხვა აუცილებელი წყაროც გვაქვს. ეს მგრძნობელობა გახლავთ, რომელიც აზროვნებისთვის მატერიას გვაძლევს და რომელიც სხვა კანონებით მოქმედებს, ვიდრე განსჯა. მაგრამ მგრძნობელობისგან, თუ მას თავისთავად განვიხილავთ, შეცდომა აგრეთვე არ შეიძლება გამომდინარეობდეს, ვინაიდან გრძნობები არ მსჯელობენ.
ამიტომ ყოველი შეცდომის მიზეზი ერთადერთი და მხოლოდ მგრძნობელობის შეუმჩნეველ ზემოქმედებაში უნდა ვეძებოთ განსჯის უნარზე ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მსჯელობაზე. ამ ზეგავლენას მივყავართ იქით, რომ მსჯელობის პროცესში სუბიექტური საფუძვლები ობიექტურში გვერევა და, შესაბამისად, ჭეშმარიტებას მხოლოდ მის მოჩვენებას ვურევთ. რადგან სწორედ ამაში მდგომარეობს მოჩვენების საზრისი და ამ უკანასკნელის მიჩნევა გვიწევს მცდარი ცოდნის ჭეშმარიტებად მიღების მიზეზად.
მაშასადამე, მოჩვენება შეცდომას შესაძლებელად ხდის, მისი წყალობით მსჯელობაში მარტოოდენ სუბიექტური შეერევა ობიექტურს.
გარკვეული თვალსაზრისით, შეცდომის მიზეზად განსჯაც შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ის ამ მგრძნობელობის გავლენისადმი სწორედაც საჭირო ყურადღების ნაკლებობის გამო წარმოქმნილ მოჩვენებას საშუალებას აძლევს მიემხროს იმას, რომ მხოლოდ მსჯელობის სუბიექტური საფუძველი ობიექტურად მიიღოს ანუ ჭეშმრიტი მგრძნობელობის კანონების თვალსაზრისით მიიღოს ჭეშმარიტად თავისი კანონების თვალსაზრისით.
ამიტომ განსჯის უნარის შეზღუდულობა მხოლოდ უმეცრებაშია დამნაშავე; შეცდომის მიზეზი კი თავად ჩვენს თავს უნდა მივაწეროთ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ ბევრ ცოდნაზე უარი გვითხრა და ბევრი თვალსაზრისით გარდაუვლად უმეცრად დაგვტოვა, შეცდომას ის მაინც არ წარმოქმნის. ამ უკანასკნელს ჩვენი საკუთარი მიდრეკილება წარმოქმნის. ეს არის მიდრეკილება, რომ ვიმსჯელოთ და დავასკვნათ იქაც კი, სადაც მსჯელობის და დასკვნის შესაძლებლობას მოკლებული ვართ.
იმანუელ კანტი, ლოგიკა 1800