ამ უკიდურეს პოზაში, წინზნექი მოქმედება წინა ფეხისა და მის მხარეს მენჯის ეწინააღმდეგება უკანზნექით მოქმედებას უკანა ფეხსა და მის მხარეს მენჯში. ხერხემალმა ამ ორ საპირისპირო მოქმედებას შორის ბალანსი უნდა იპოვოს.

ისეთ სიმეტრიულ წინზნექში, როგორიცაა პასჩიმოტტანასანა, წინზნექის მოძრაობა ნაწილობრივ ხერხემალში და ნაწილობრივ ქვედა კიდურებში მიმდინარეობს. მსგავსად ამისა, დჰანურასანას უკანზნექში მოძრაობა ნაწილობრივ ხერხემლის და ნაწილობრივ ქვედა კიდურების ხარჯზე ხდება. ჰანუმანასანაში კი ის ფაქტი, რომ ორივე ფეხი საპირისპირო მოქმედებას ასრულებს, იმას ნიშნავს, რომ წინზნექიც და უკანზნექიც მხოლოდ ფეხებში სრულდება, რაც ორივე ასპექტს უფრო ინტენსიურს ხდის.

ვინაიდან, როგორც წესი, მენჯ-ბარძაყს მოქმედების დიაპაზონი მოხრაში უფრო დიდი აქვს, ვიდრე გაშლაში, ამიტომ წინა ფეხი უფრო სრაფად იხრება და უკანა ფეხი ხერხემალს აიძულებს, რომ გაიშალოს. სწორედ ამიტომ არის, რომ მოქმედებისას უფრო მეტად წინა ფეხის ექსტენსორები იტვირთება, ვიდრე უკანა ფეხის მომხრელი კუნთები. თითოეული ფეხის მოქმედება მეორე ფეხით არის შეზღუდული და ამით ეს პოზა ერთიანად შეკრული ხდება. ეს შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ ძალა არ იფანტება და მიემართება პოტენციურად მოწყვლადი წერტილებისკენ (ასეთია ჰემსთრინგის მიმაგრები ადგილი, რაც ზემობილიზაციის გამო რისკის ქვეშ არის). რაც უფრო პასიურად (ექცენტრიკის) სრულდება პოზა, მით უფრო მძაფრდება ეს პრობლემა.

გრავიტაციის არსებობა იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭიროება კუნთების კონცენტრულად შეკუმშვისა იმისთვის, რომ ამ პოზაში უფრო ღრმად ჩავიდეთ;  ნაცვლად ამისა, თავად სხეულის წონამ უნდა გააღრმავოს მოქმედება. პოზის უსაფრთხოდ შესრულებისთვის, არ არის საკმარისი, რომ გრავიტაციას დავყვეთ პასიურად.

თუკი ჰანუმანასანა უფრო აქტიურად სრულდება და ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ დაგრძელებაზე მომუშავე კუნთების ექსცენტრული მოქმედება მოხდეს, მაშინ პოზის მობილიზაცია შეიძლება გადანაწილებულ იქნას რამდენიმე სახსარზე; მცირე მოქმედებას მრავალ ადგილზე შეუძლია ძალიან კარგად გადაანაწილოს დატვირთვა. ეს მოითხოვს გაცნობიერებას იმ ტენდენციებისა, თუ რომელ ადგილებს უნდა დავატანოთ მეტი ძალა და რომელი უნდა მოვუშვათ ანუ საჭიროა მობილური წერტილების სტაბილიზაცია და ფიქსირებული ზონების მობილიზაცია.

ბოლო შენიშვნა ფეხების ნეიტრალურ როტაციასთან დაკავშირებით:  მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ფეხების პოზიცია არც შიდა არც გარე როტაციას არ აკეთებს, სინამდვილეში ამ ნეიტრალურობის შესანარჩუნებლად აქტიური შიდა როტაციაა საჭირო. სახსრის ნეიტრალური პოზიცია ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ამას კუნთური ძალისხმევა არ სჭირდება, ვინაიდან ეს გრავიტაციის მოქმედებასა და სხვა კიდურებზეა დამოკიდებული. ხანდახან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება ძალიან დიდ კუნთურ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ პოზაში ბევრი ადამიანი უკანა ფეხის გარე როტაციას აკეთებს იმისთვის, რომ ბარძაყი მთლიანად დაბლა დადოს. თუ უკანა ფეხს გარეთ შეტრიალების საშუალებას მივცემთ, მაშინ ეს ლუმბარულ ხერხემალს და უკანა ფეხის გავა-თეძოს სახსარს დატვირთავს, რომ აღარაფერი ვთქვათ უკანა მუხლის ძალით შებრუნებაზე. ეს აგრეთვე მეტად დატვირთავს უკანა ფეხის მომზიდველ კუნთებს (ნაზი კუნთი – m. gracilis, გრძელი მომზიდველი კუნთი – m. adductor longus, მოკლე მომზიდველი კუნთი – m. adductor brevis, მცირე მომზიდველი კუნთი – m. pectineus) ბარძაყის სწორი კუნთის, სუკის დიდი კუნთის და თეძოს კუნთის ექსცენტრული საყრდენის გარეშე. შედეგად შესაძლებელია საზარდულის ზემობილიზაცია და, როგორც წესი, ბარძაყის სწორი კუნთი ვერ აკეთებს ისეთ მოქმედებას, რისი შესრულებაც სხვაგვარად შეეძლო. საჭიროა სხვა სახის დისციპლინა იმისთვის, რომ შევეწინააღმდეგოთ რაც შეიძლება ქვემოთ ჩასვლის იმპულსს და საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ დამხმარე საშუალებები (აგურები და პირსახოცები), რომ პოზის ინტეგრაცია შევინარჩუნოთ.