ბუდიზმში არის პრინციპი, რომლის თანახმადაც არარა და არყოფნა არის საბოლოო და უმაღლესი. მხოლოდ არარა არის ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ხოლო ყოველგვარი სხვა სინამდვილე, ყოველგვარი სხვა განსაკუთრებული არადამოუკიდებელია. არარადა წარმოიშვა ყოველივე და ყოველივე არარას უბრუნდება. არარა არის ერთიანი საწყისიც და დასასრულიც ყოველივესი. რამდენადაც განსხვავებულნი არ უნდა იყვნენ ადამიანები და ნივთები, მათი პრინციპი ერთიანობაა, არარა, რომლისგანაც ისინი წარმოიშობიან და მხოლოდ ფორმა წარმოქმნის თვისებებს და განსხვავებებს.
 
ერთი შეხედვით ასე ჩანს, რომ აქ ადამიანი ღმერთს იაზრებს, როგორც არარას და ამას დიდი გაუგებრობა მოჰყვება ხოლმე. თუ კარგად ჩავუღრავდებით ამ განსაზღვრებას, მაშინ გავიგებთ თუ რას ნიშნავს ის: ღმერთი არის უბრალოდ ის, რაც არანაიარად არ არის განსაზღვრული, განუსაზღვრელი; არ არსებობს რამე განსაზღვრება, რომელიც მიესადაგებოდა ღმერთს. როდესაც ვამბობთ, რომ იგი უსასრულოა, ეს იგივეა, რაც ვთქვათ, რომ ის არის ყოველივე განსაკუთრებულობის უარყოფა.
 
თუ იმ ფორმებს განვიხილავთ, რაც ჩვენს დროში ხშირად ისმის, რაც ყველას პირზე აკერია: ღმერთი არის უსასრულო, არსება, წმინდა, მარტივი არსი, არსთა არსი, — მაშინ მივხვდებით, რომ ეს სრულიად ან თითქმის იგივეა, რომ ვთქვათ: ღმერთი არის არარა. და როდესაც ამბობენ, რომ ღმერთის შემეცნება შეუძლებელიაო, მაშინ ღმერთი ჩვენთვის განუსაზღვრელი და ცარიელია.
 
ასე რომ, ჩვენი თანამედროვე წარმოდგენა ღმერთზე უბრალოდ ფაქიზი გამოხატულებაა იმისა, რომ ღმერთი არარაა. ამასთანავე, ეს საფეხური, რომელზეც ღმერთი განუსაზღვრელია და თავად განუსაზღვრელობაა, რომელშიც მოხსნილია უშუალო ყოფიერი და მისი ილუზორული დამოუკიდებლობა, არის აუცილებელი და განსაზღვრული საფეხურები.
 
რელიგ. ფილ. 519