აღმოსავლური მოძღვრებების, მაგალითად, ჰინდუიზმისა და ბუდიზმის თანახმად ცხოვრება ტანჯვაა (დუკჰა - სანსკ. - ტანჯვა, ტკივილი, უბედურება, უსიამოვნება). როდესაც ამაზე საუბრობენ, მაგალითად მოჰყავთ სიბერის, ავადმყოფობისა და სიკვდილის არსებობა. აქედან გამომდინარე საქმე ეხება მიწიერ ცოვრებას და არა სულიერ ცხოვრებას, რომ „ცხოვრება ტანჯვაა“, ეხება  ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებას. ახლა ის უნდა გაირკვეს, თუ რატომ არის ტანჯვა. ლოგიკური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ცხოვრებაში ორივეა, როგორც სუკჰა, ისე - დუკჰა (როგორც სიამოვნება, ისე - ტანჯვა) და ცოცხალი ორგანიზმის  ცხოვრება სავსებით სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ორის ერთიანობად განგვეხილა. თუმცა, ამის გასარკვევად საჭიროა ცოცხალი ორგანიზმის იდეას ან ცნებას ჩავუღრმავდეთ. მაშასადამე, ცოცხალი ორგანიზმი, გარდა იმისა, რომ არსებობს, ცდილობს თავისი არსებობაც შეინარჩუნოს. სიცოცხლის ერთ-ერთი განსზღვრება თვითმოქმედებაა, რადგან ის, რაც მხოლოდ გარე ძალებით მოძრაობს, მექანიკური არსებობაა და არა - ცოცხალი. ცოცხალი ორგანიზმი, რამდენადაც იგი თვითმოძრავია, თავის თავში მოიცავს ამ მოძრაობის იმპულსს. რა არის ეს იმპულსი? ეს, პირველ რიგში, არის ინსტიქტი და მოთხოვნილება, რომ გაექცეს უსიამოვნებას და მიისწრაფვის სიამოვნებისკენ. ახლა დავსვათ შეკითხვა, რა არის ტანჯვა ან ტკივილი? ის, რაც არსების ჩვეულებრივ მდგომარეობას ეწინააღმდეგება, ეს არის ტკივილი. მაგალითად, გაჩნდა ცოცხალი არსება და მას არ აქვს არც შიმშილის, არ წყურვილის და არც სხვა გამღიზიანებლიდან გამოწვეული რამე დისკომფორტი. მაშ, რა აიძულებდა მას, რომ ემოქმედა? ბავშვი ეძებს საკვებს და ამ პროცესში ვითარდება. შიმშილი - იგივე ტკივილია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ამ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს? იგი უბრუნდება თავის ჩვეულებრივ მდგომარეობას, სადაც კვლავ საკუთარ თავს უდრის (არარას?). მაშასადამე, ტკივილი არის საკუთარი თავის ორად გაპობა: ერთი ის, რაც ვარ და მეორე, ის რაც უნდა ვიყო ანუ მშია და ეს შიმშილი აღარ უნდა არსებობდეს. მიხედავად იმისა, რომ საკვების მიღების დროს ქიმიური და მექანიკური ცვლილებები ხდება და ეს პროცესი გვსიამოვნებს, მაინც ეს სხვა არაფერია თუ არა საკუთარი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის პროცესი. მაშასადამე, სიამოვნება სხვა არაფერია, თუ არა ტკივილის მოხსნის პროცესი. ჭამის პროცსი თავისთავად სასიამოვნო რომ იყოს, მაშინ შიმშილთან კავშირი არ ექნებოდა, თუმცა, სწორედ შიმშილის მომენტშია ეს სასიამოვნო. რას ვიღებთ, როდესაც ტკივილს ვიყუჩებთ? არც არაფერს (სიამოვნების გარდა)! ეს კვლავ გაქრობაა ამ ორად გახლეჩის. აღარ არსებობს გახლეჩა იმას შორის, რაც ვარ და რაც უნდა ვიყო (თუნდაც არაცნობიერად), იმ მომენტამდე, სანამ კვლავ არ მოგვშივდება და ასე უსასრულოდ. ეს არის ტავტოლოგიური უსასრულობა. მაშასადამე, ტკივილი განსაზღვრავს ცხოველურ ცხოვრებას და, როგორც ჩანს ინდუსებსაც შენიშნეს ეს (არამხოლოდ მათ). 

თუმცა, რამდენად იგივეს თქმა შეიძლება სულიერ ცხოვრებაზე, ეს სხვა საკითხია, რამდენადაც სულიერი (გონიერი) ცხოვრების იდეა ის გახლავთ, რომ გარდა თვითმოძრაობისა, რაც ტკივილის მოხსნაზეა ორიენტირებული, გონიერ არსებას აქვს უნარი თავად დაუდგინოს საკუთარ თავს კანონი და იყოს ამ კანონში თავისუფალი.

გიორგი ბერძენიშვილი