ინდოეთიც, ჩინეთივით, ისტორიის ძველი და ამჟამადაც არსებული ფიგურაა, რომელიც სტატიკურად და მყარად დარჩა და რომელიც განსრულებულია თავისი უნაკლულო შინაგანი ჩამოყალიბების მხრივ. ეს ქვეყანა ყოველთვის ლტოლვისა და ნატვრის საგანი იყო და დღესაც საკვირველებათა სამეფოდ, მოჯადოებულ სამყაროდ გვესახება. ჩინური სახელმწიფოსგან განსხვავებით, რომელიც ყველა თავის დაწესებულებაში პროზული განსჯითაა გამსჭვალული, ინდოეთი ფანტაზიისა და გრძნობის ქვეყანაა. პრინციპის მხრივ წინსვლის მომენტი აქ, ზოგადად რომ ვთქვათ, შემდეგია: ჩინეთში პატრიარქალური პრინციპი გაბატონებულია არასრულუფლებიანებზე (არამოწიფულებზე), რომელთა მორალური გადაწყვეტილების მაგიერობასაც ეწევა მარეგულირებელი კანონი და მორალური მეთვალყურეობა მეფის მხრიდან. გონის ინტერესი ამჯერად აქ ესაა: რომ განსაზღვრულობა, რომელიც მოცემული გვაქვს როგორც გარეგანი განსაზღვრულობა, შინაგან განსაზღვრულობად იყოს - რომ ბუნების სამყაროც და გონის სამყაროც განსაზღვრული იყოს როგორც შინაგანი და ჩვენი ინტელიგენციისადმი (ჩვენი ინტელექტუალობისადმი, ჩვენი გონიერებისადმი) კუთვნილი, რითაც აღიარებულ იქნება სუბიექტურობისა (სუბიექტური საწყისისა) და ყოფიერების ერთიანობა, ანუ დგინდება აქარსობის (არსებულის) იდეალიზმი (ის, რომ არსებულის საფუძველია იდეა. მთარგმნ. შენ.) საერთოდ. ეს იდეალიზმი ინდოეთში სახეზეა, მაგრამ მხოლოდ როგორც უცნებო იდეალიზმი წარმოსახვისა, რომელიც, მართალია, თავის დასაბამსა და მასალას აქარსისაგან (არსებულისაგან) იღებს, მაგრამ ყოველივეს მარტოოდენ წარმოსახულად აქცევს. რადგან, თუმცა წარმოსახულიც, თითქოს, ცნებისაგან გამსჭვალულად წარმოგვიდგება და ასე ჩანს, თითქოს მასში აზრი იჭრებოდეს, იგი მაინც ამ ორის (აზრისა და აქარსის) მხოლოდ შემთხვევითი შეერთების ნაყოფი გახლავთ. მაგრამ რამდენადაც ამ ზმანებებში მაინც შედის თვითონ აბსტრაქტული და აბსოლუტური აზრი, როგორც შინაარსი, ამდენად შეგვიძლია ვთქვათ: აქ ჩვენ წარმოდგენილს ვხედავთ თვით ღმერთს მის ზმანებათა რეტში, რადგან ეს როდი გახლავთ რომელიმე ემპირიული სუბიექტის ზმანებები, რომელსაც თავისი განსაზღვრული პიროვნულობა აქვს და რომლის ზმანებებიც, არსებითად, მხოლოდ ამ პიროვნების გახსნაა! არა, ეს თვით შემოუზღუდავი გონის ზმანება გახლავთ.
არსებობს ქალთა თავისებური მშვენიერება, როცა მათი პირისახის წმინდა კანს ოდნავი და საამო შეფაკლულობა გადაჰკრავს. ეს არ გახლავთ მხოლოდ სიჯანსაღისა და სიცოცხლის სივარდისფერე, არამედ უფრო სათუთი ფერია, თითქოს შიგნიდან მომდინარე, გონის ფაქიზი მისუნთქებით გამოწვეული. ამასთან, სახის ნაკვთების, თვალების გამომეტყველება და პირის მოხაზულობა ნაზი, მორბილებული და დაუძაბავი ჩანს. ამ თითქმის არამიწიერ მშვენებას ვხედავთ ხოლმე ახალ მოლოგინებულ ქალებში, როცა, მძიმე ტვირთისაგან განთავისუფლებულნი და მშობიარობის შრომისაგან თავდახსნილნი, სულით ხარობენ, რომ საყვარელი ყრმა მოენიჭათ. ასეთივე ელფერის მშვენიერებას ვხედავთ ხოლმე იმ ქალებშიც, რომლებიც მაგიურ, სომნამბულურ (მთვარეულ) ძილში იმყოფებიან და მით უფრო მშვენიერ სამყაროს ეხებიან. ერთმა დიდმა მხატვარმა (შორელმა) იგივე ფერი მომაკვდავ მარიამსაც მისცა, რომლის სულიც უკვე ნეტარი სივრცეებისკენ მაღლდება და მის მომაკვდავ პირსახეს კიდევ ერთხელ აცოცხლებს, თითქოს გამოსათხოვარ ამბორს ლამობდეს. ასეთსავე მშვენებას, მისი უმიმზიდველესი სახით, ვხედავთ ინდურ სამყაროშიც - ეს გახლავთ მშვენება ნერვული სისტემისა, რომელშიც ყოველივე უსწორმასწორო, გაქვავებული და ურთიერთმოპირისპირე თითქოს გახსნილა, გაზავებულა და ჩვენს თვალწინ მხოლოდ შემგრძნობ-განმცდელი (Empfinded) სულიღა ჩანს, მაგრამ სული, რომელშიც შეგვიძლია თავისუფალი და თავისთავში დაფუძნებული გონის კვდომა შევიცნოთ. რადგან, თუ უფრო დაკვირვებით შევაჩერებთ თვალს ამ ყვავილისებრი სიცოცხლის ფანტაზიითა და გონით აღსავსე მიმზიდველობაზე, რომლის მთელი გარემოცვა და ყველა მიმართულებებიც სულისმიერი ვარდისფერი სურნელებითაა გაჟღენთილი და რომელიც სამყაროს, თითქოს, სიყვარულის ბაღნარად გარდასახავს, და თუ ამ სამყაროს ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების ცნებებმომარჯვებულნი მივადგებით, მაშინ, რაც უნდ მოხიბლული ვიყოთ მისით (ამ სამყაროთი), მასში უფრო და უფრო მეტსა და ყოველმხრივს განწირულობას (Verworfenheit) დავინახავთ.
მ ო ზ მ ა ნ ე გონის ხასიათი, როგორც ინდური ბუნების ზოგადი პრინციპი, უფრო დაზუსტებით უნდა განისაზღვროს. ზმანებაში ინდივიდს ეკარგება თავისთავის, როგორც ა მ ი ს, საგანთა მიმართ გამომრიცხველის, ცოდნა. ღვიძილში მე ჩემთვის-მყოფი ვარ, ყოველივე სხვა ჩემთვის გარეგანია და მყარია ჩემს მიმართ, ისევე როგორც მე - მის მიმართ. ვითარცა გარეგანი, ეს სხვა განივრცობა განსიჯასთვის-საწვდომ (Verstandig) კავშირად და მიმართებათა სისტემად, რომელშიც თვით ჩემი ერთეულობა ერთ-ერთი წევრია, ამ მთელთან დაკავშირებული ერთეულობაა. ეს განსჯის სფერო გახლავთ. სიზმარში, პირიქით, ეს დაცილება აღარ არსებობს: გონი აღარაა თავისთვის-მყოფი ყოველივე სხვის პირისპირ. ამგვარად, წყდება საერთოდ დაცილებულობა ერთის მხრივ გარეგანისა და ერთეულისა და მეორე მხრივ მისი (გონის) საკუთარი ზოგადობისა და არსებობისა. ამიტომ მოზმანე ინდო ყოველივეა, რასაც ჩვენ სასრულს და ერთეულს ვუწოდებთ და ამავე დროს, როგორც უსასრულოდ ზოგადი და შეუზღუდავი, იგი, თავისთავად, ღვთაებრივი. ინდური მსოფლმხედველობა სასვებით ჩვეულებრივი პანთეიზმია, სახელდობრ, წარმოსახვისეული პანთეიზმი და არა აზრისეული: არის ერთი სუბსტანცია, ყველა ინდივიდუალიზაციებს იგი უშუალოდ აცოცხლებს და ასულდგმულებს თავისებურ ძალებად. გრძნობადი მატერია და შინაარსი, ინდოს წარმოდგენით, მხოლოდ მიღებულია და ნედლად შეტანილია ზოგადსა და განუზომელში, და არა გონის თავისუფალი ძალის მიერ მშვენიერ სახე-ფიგურად (Gestalt) განთავისუფლებული და გონში იდეალიზებული ისე, რომ გრძნობდა მხოლოდ მომსახურედ იქცეს და მარტოოდენ მიკედლებული გამომეტყველება იყოს გონისათვის. პირიქით: იგი (გრძნობადი) აქ განუზომლად, უსაზღვროდ განვრცობილა და ღვთიური ამის გამო უცნაური, აღრეული და დონდლო რამ გამხდარა. ეს ზმანებები ცარიელი ზღაპრები როდია. ეს არ გახლავთ ფანტაზიის თამაში,რომელშიც გონი მხოლოდ ჯამბაზობს; იგი (გონი) ჩაკარგულია ამ ზმანებებში, ისინი მას, ვითარცა მისი რეალობა და მისი სერიოზულობა (მისთვის სერიოზული რამ), მას აქეთ-იქით მიისვრ-მოისვრიან, იგი იწირება ამ სასრულთ, როგორც თავის ბატონებსა და ღმერთებს, შორის. ამგვარად, იდნოსთვის ყველაფერი — მზე, მთვარე, ვარსკვლავები, განგი, ინდი, ცხოველები, ყვავილები — ღმერთია; და სწორედ იმიტომ, რომ ამ ღვთაებრიობაში ყოველივე სასრული თავის მდგმოობას და თავის სიმყარეს კარგავს, ქრება ყოველივე გონივრულობაც მასში, და პირუკუ: ღვთაებრივიც, იმის გამო, რომ იგი თვითონ ცვალებადი და არამდგრადია, ამ მცირე ფორმის მიერ სავსებით გაუწმინდურებული და, ამგვარად, აბსურდული აღმოჩენა. როცა ყოველივე სასრულს ასეთი საყოველთაო განღრმთობა და, ამგვარად, ღვთაებრივის დადაბლება ხდება, მაშინ განკაცების წარმოდგენა, ღვთის ხორცქმნა, ინკარნაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აზრი აღარაა. თუთიყუშიც, ძროხაც, მაიმუნიც და ა.შ. — სულ ღვთის ხორცქმნანი არიან, მაგრამ ამით არ არიან ამაღლებულნი თავიანთ არსებაზე. ღვთაებრივი აქ არ ინდივიდუალიზებულა სუბიექტურად, კონკრეტულ გონად, არამედ, პირიქით, იგი ჩვეულებრიობამდე და უსაზრისობამდე დადაბლებულა.
ასეთი გახლავთ, ზოგადად რომ მოგახსენოთ, ინდური მსოფლმხედველობის ვითარება. ნივთები მასში ისევე მოკლებულნი არიან გონივრულობას, მიზეზ-შედეგის სასრულსა და შეკავშირებულ მდგმოობას, როგორც ადამიანია მოკლებული თავისუფალი თავისთვის-მყოფის სიმტკიცეს, პიროვნულობასა და თავისუფლებას.
ინდოეთს მრავალმხრივი გარეგნული მსოფლიო-ისტორიული კავშირ-მიმართებები გააჩნია. ახალ დროში მეცნიერებამ აღმოაჩინა, რომ სანსკრიტი საფუძვლად სდებია ევროპულ ენათა ყოველსავე შემდგომ განვითარებას, მაგალითად, ბერძნულს, ლათინურს, გერმანულს. გარდა ამისა, ინდოეთი გამოსავალი წერტილია მთელი დასავლელი მსოფლიოსათვის. მაგრამ ეს გარეგანი მსოფლიო-ისტორიული კავშირი, უფრო, მარტოოდენ ბუნებითი გავრცელებაა ხალხების ამ მიწა-წყლიდან დასავლეთისკენ. თუნდაც ინდოეთში მოიძებნებოდეს შემდგომი განვითარების ელემენტები და თუნდაც იმის კვალი გვქონდეს ხელთ, რომ ამ ელემენტებს დასავლეთისაკენ გაუღწევიათ, ეს გადასახლება მაინც იმდენად აბსტრაქტულია, რომ ის, რაც შემდგომ ხალხებში ჩვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს, უკვე ის აღარაა, რაც მათ ინდოეთიდან მიიღეს, არამედ, პირუკუ, იგი ის კონკრეტულია, რომელიც მათ თავად შექმნეს და რის შემუშავებისასაც ისინი ძალიან კარგად მოიქცნენ, როცა ინდური ელემენტები დავიწყებას მისცეს. ინდური ენის გავრცელება ისტორიამდელია, რადგან ისტორია მხოლოდ ის არის, რას არსებით საფეხურს ქმნის გონის განვითარებაში. ინდოეთის გასვლა თავისი ფარგლებიდან, ზოგადად რომ ვთქვათ, მხოლოდ უტყვი და უღვაწლო ანუ პოლიტიკურ მოქმედებას მოკლებული განვრცობაა. ინდოელებს გარეგანი დაპყრობები არ მოუხდენიათ, არამედ თვითონ მუდამ დაპყრობის საგანი ხდებოდნენ, და როგორც ჩრდილო ინდოეთი მუნჯად წარმოადგენდა გამოსავალს ბუნებით განვრცობისათვის, ისე ინდოეთი საერთოდ, ვითარცა სხვათათვის ს ა ძ ი ე ბ ე ლ ი ქვეყანა და მისწრაფების საგანი, არსებითი მომენტია მთელი ისტორისაა. უძველესი დროიდანვე ყველა ხალხის სურვილი და ნდობა იქითკენ იყო მიმართული, რომ გზა ეპოვა სასწაულებრივი ქვეყნის განძებისაკენ, რომლებიც დედამიწის უძვირფასეს სიმდიდრედ იყო მიჩნეული — ბუნების განძისკენ, მარგალიტებისაკენ, ბრილიანტებისკენ, ნელსურნელი ნივთიერებებისკენ, ვარდის ზეთებისკენ, სპილოებისკენ, ლომებისკენ და ა.შ. ისევე, როგორც სიბრძნის განძისკენ გზა, რომლითაც ეს განძეულობა დასავლეთისკენ მიემართებოდა, ყველა ეპოქაში მსოფლიო-ისტორიული გარემოება გახლდათ, უმჭიდროესად გადაჯაჭვული ერთა ბედთან. და მართლაც, ზოგმა ერმა შესძლო ამ საოცნებო ქვეყნისკენ გზის გაკაფვა. თითქმის არ დარჩა დიდი ერი აღმოსავლეთში ან ევროპულ დასავლეთში, რომელსაც ინდოეთში დიდი ან მცირე ადგილი არ დაესაკუთრებინოს. ძველ მსოფლიოში ალექსანდრე დიდმა მოახერხა ხმელეთით ინდოეთამდე მისვლა, მაგრამ მანაც ამ ქვეყნის მარტოოდენ შეხება შეძლო, ახალი დროის ევროპელებმა მხოლოდ იმის წყალობით შეძლეს პირდაპირი კავშირის დამყარება ამ სასწაულთა ქვეყანასთან, რომ მას უკანიდან მოუარეს, სახელდობრ ზღვიდან მიადგნენ. ზღვა, როგორც უკვე ითქვა, საერთოდ შემაკავშირებელი სტიქიაა. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები ინგლისელები არიან, უფრო ზუსტად- ოსტინდოეთის კომპანია, რადგან აზიურ იმპერიათა გარდაუვალი წერაა, რომ ევროპელებს დაექვემდებარონ, და ჩინეთსაც მოუხდება ამ ბედს დაემორჩილოს. მაცხოვრებელთა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს. ამათში 100-დან 112-მდე უშუალოდ ემორჩილება ინგლისელებს. იმ მთავრებს, რომლებიც ინგლისელთა პირდაპირ დაქვემდებარებაში არ იმყოფებიან, თავიანთ კარზე ინგლისელი აგენტები ჰყავთ, მათ ჯამაგირში დგანან ინგლისელი ნაწილები. მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა მარატთა ქვეყანა დაიმორჩილეს, ვერაფერი დაუდგება დამოუკიდებლად მათ ძლიერებას. მათ უკვე ბირმის სამეფოში ფეხი მოიკიდეს და გადალახეს ბრამაპუტრა, რომელიც ინდოეთს აღმოსავლეთიდან საზღვრავს.
საკუთრივ ინდოეთი ის ქვეყანაა, რომელსაც ინგლისელები ორ დიდ ნაწილად ყოფენ: დიდ ნახევარკუნძულ დ ე კ ა ნ ა დ, რომელსაც აღმოსავლეთიდან ბენგალის უბე აკრავს, ხოლო დასავლეთით ინდოეთის ზღვა, და ჰ ი ნ დ ო ს ტ ა ნ ა დ, რომელსაც ქმნის განგის ველი და რომელიც სპარსეთსიკენ მიემართება. ჩრდილო აღმოსავლეთისკენ ჰინდოსტანს ჰიმალაია ესაზღვრება, რომელიც ევროპელთა მიერ მსოფლიოს უმაღლეს მთიანეთადაა აღიარებული, რადგან მისი მწვერვალები ზღვის დონიდან 26 000-მდე ფუტს აღწევენ. ამ მთიანეთის გადაღმა მიწა-წყალი ისევე დაბლდება. ჩინელთა სამფლობელო აქამდე მოდის და როდესაც ინგლისელებს უნდოდათ ლჰასაში და დალაილამასთან მისვლა, ისინი ჩინელებმა დააკავეს. დასავლეთ მხარეს ინდოეთში ინდი ჩაედინება. მასში თავს იყრის ხუთი მდინარე, პენჯაბად წოდებული. ალექსანდრე დიდმა აქამდე მოაღწია. ინგლისელთა მფლობელობა ინდამდე ვერ ვრცელდება. იქ იმყოფება სიქჰთა სექტა, რომელთა წყობაც სავსებით დემოკრატიულია და რომლებსაც ზურგი უქცევიათ როგორ ინდური, ისე მაჰმადიანური რელიგიისათვის. მათ საშუალო პოზიცია უჭირავთ ამათ შორის და მხოლოდ უმაღლეს არსებას აღიარებენ. ისინი ძლიერი ხალხი არიან და დამორჩილებული ჰყავთ ქაბული და ქაშმირი. ამათ გარდა ინდის გაყოლებით ნამდვილი ინდო ტომები სახლობენ, რომელნიც მეომართა კასტას ეკუთვნიან. ინდსა და მის ტყუპის ცალს, განგს შორის დიდი დაბლობებია გაშლილი და განგიც, თავის მხრივ, თავის გარშემო დიდ სამეფოებს ქმნის, რომლებშიც მეცნიერებებს ისეთი მაღალი განვითარებისთვის მიუღწევიათ, რომ განგის გარშემო მდებარე ქვეყნებს კიდევ უფრო დიდი სახელი აქვთ, ვიდრე ინდის გარშემო მდებარეებს. განსაკუთრებით აყვავებულია ბენგალის სამეფო. ნერბუდა გამყოფი საზღვარია დეკანსა და ჰინდოსტანს შორის. დეკანის ნახევარკუნძლი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჰინდოსტანი. მისი მდინარეები თითქმის ისევეა წმინდად მიჩნეული, როგორც ინდი და განგი, რომელიც ინდოეთში სავსებით ზოგად სახელად ქცეულა ყველა მდინარისათვის, როგორც მდინარ κατ εξοχην (უპირატესად, საკუთრივ). ამ დიდი ქვეყნის მაცხოვრებლებს, რომელიც ახლა უნდა განვიხილოთ, მდინარე ინდის სახელისდა მიხედვით, ინდოეთს ვუწოდებთ (ინგლისელები მათ ჰინდუს უწოდებენ). თვით ამ ქვეყნის მაცხოვრებელეთ ამ ქვეყნისთვის არასოდეს ერთი სახელი არ უწოდებიათ, რადგან იგი არასოდეს ერთი სახელმწიფო არ ყოფილა. რაც შეეხება ინდოთა პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ცხოვრებას, მათი წინწასულობა ამ მიმართულებით, უპირატესად, ჩინეთთან შედარებით უნდა განვიხილოთ. ჩინეთში გაბატონებული იყო ყველა ინდივიდთა თანასწორობა და ამიტომ განმგებლობა თავმოყრილი იყო თავის ცენტრში — იმპერატორში. ასე რომ კერძო ადამიანი აქ თავისთავადობამდე და სუბიექტურ თავისუფლებამდე ვერ მიდიოდა. ამ ერთიანობიდან უპირველესი პროგრესია ის, რომ წარმოჩნდება განსხვავებულობა და თავისს კერძოობაში იგი ყალიბდება როგორც თვითმყოფი, ყოველივე მობატონე ერთიანობა. ორგანულ სიცოცხლეს ეკუთვნის, ერთის მხრივ, ერთი სულის ქონა, მეორეს მხრივ, მას ეკუთვნის განსხვავებულად დაშლილობა, რომლებიც ნაწევრდებიან და თავის კერძოობაში მთელ სისტემად ყალიბდებიან, მაგრამ იმგვარად, რომ მათი ქმედება იმ ერთიანი სულის რეკონსტრუირებას ახდენს. ჩინეთში არა გვაქვს გამოკერძოების ეს თავისუფლება, რადგან ნაკლი სწორედ ისაა, რომ განსხვავებულობებს (იმას, რაც განსხვავებულია. მთარგმნ. შენ.) თვითმყოფობამდე ვერ მიუღწევიათ. ამ თვალსაზრისით ინდოებში ვხედავთ არსებით წინსვლას, სახელდობრ, იმას, რომ დესპოტის ერთობიდან აქ სხვადასხვა წევრები (Glieder, ასონი) წარმოიშობიან. მაგრამ ეს განსხვავებულობანი ჯერ კიდევ ბუნებას ეკუთვნიან. იმის ნაცვლად, რომ, როგორც ეს ორგანულ ბუნებაში ხდება, სულის, როგორც ერთის, ამოქმედება-რეალიზაცია მოახდინონ და იგი წარმოშვან როგორც თავისუფალი, ეს განსხვავებულნი გაქვავებულან და გაყინულან და თავისი ამ სიმყარე-უმოძრაობათ ინდო ხალხი ყველაზე სამარცხვინო სულიერი მონობისათვის განუწირავთ. ეს განსხვავებულნი არიან კ ა ს ტ ე ბ ი. ყოველ გონებისშესაბამის სახელმწიფოში არსებობს განსხვავებები, რომლებიც გარდაუვლად უნდა წარმოჩნდნენ: ინდივიდები გარდაუვალად უნდა მივიდნენ სუბიექტურ თავისუფლებამდე და ეს განსხვავებულობები მათ, გარდაუვალად, საკუთარი თავიდან ამოსვლით უნდა დაადგინონ. მაგრამ ინდოეთში ჯერ არაა ლაპარაკი თავისუფლებასა და შინაგან ზნეობრიობაზე: განსხვავებულობანი, რომელნიც აქ ჩნდებიან, მხოლოდ საქმიანობის, წოდების განსხვავებებია. ეს უკანასკნელნი თავისუფალ სახელმწიფოშიც ქმნიან კერძო წრეებს, რომლებიც თავიანთ ამოქმედება-რეალიზაციაში იმგვარად ერთიანდებიან, რომ ინდივიდები მათში თავიანთ კერძო თავისუფლებას ინარჩუნებენ. რაც შეეხება ინდოეთს, აქ საქმე ეხება მხოლოდ მასების განსხვავებულობას, მაგრამ ეს განსხვავებულობა აქ სუბსტანციალობის იმავე საწყის საფეხურზე რჩება, რაც ერთიანობა ჩინეთში, სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, იგივე ინდივიდთა თავისუფალი სუბიექტურობიდან არ შობილა.
თუ ახლა კითხვას (ინდოეთის შესახებ) დავსვამთ სახელმწიფოს ცნებისა და სახელმწიფოს სხვადასხვა საქმიანობებისდა მიხედვით, უნდა ვთქვათ, რომ პირველი არსებითი საქმიანობა აქ ისაა, რასაც ადამიანი იცნობიერებს პირველ ყოვლისა რელიგიაში, შემდეგ მეცნიერებაში. ღმერთი, ღვთაებრივი, — აი, რა არის ლიტონად ზოგადი (საყოველთაო). ამიტომაც პირველი წოდება ისაა, რომელიც ღვთაებრივს აწარმოებს და აამოქმედებს — ბ რ ა ჰ მ ა ნ თ ა წოდება. მეორე მომენტი, ანუ მეორე წოდება სუბიექტური ძალისა და სიმამაცის წარმომადგენელი იქნება. მან თავისთავი უნდა დაამტკიცოს და განახორციელოს, სახელდობრ, განახორციელოს იმისათვის, რომ მთელმა შეძლოს მდგრადობა სხვა მთელთა ანუ სხვა სახელმწიფოთა პირისპირ. ეს წოდებაა მეომართა და მმართველთა წოდება — ქ შ ა ტ რ ი ა ს წოდება, თუმც ხშირად ბრაჰმანებიც არიან ხოლმე მმართველებად. მესამე წოდებას თავის საქმედ აქვს სიცოცხლის კერძოობა — მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და იგი მოიცავს მიწათმოქმედებას, ხელობებსა და ვაჭრობას. ესაა ვ ა ი შ ი ა თ ა კლასი. და ბოლოს მეოთხე მომენტია მომსახურების, საშუალების წოდება, რომლის საქმეც ისაა, რომ სხვებს ემსახუროს გასამრჯელოსათვის, რომელიც მცირეოდენ სარჩოს მისცემს. ესაა შ უ დ რ ა თ ა (სუდრათა) წოდება. (ეს მომსახურე კლასი, სწორედ რომ ითქვას, ვერ შექმნის განსაკუთრებულ ორგანულ კლასს სახელმწიფოში, რადგანაც იგი მხოლოდ ერთეულ პირებს ემსახურება, მაშასადამე, მისი საქმეები გაფანტული ერთეული საქმეებია, რომლებიც ასეთსავე ერთეულ საქმეებს ემატება ზედ). ამგვარი წოდებების წინააღმდეგ ახალ დროში აზრი ღელავს, მიიჩნევს რა, რომ სახელმწიფო მხოლოდ აბსტრაქტულად სამართლებრივი მხრით უნდა იქნეს განხილული, და აქედან ასკვნის: წოდებათა განსხვავებულობა არ უნდა არსებობდეს. მაგრამ თანასწორობა სახელმწიფო ცხოვრებაში სრულებით შეუძლებელი რამ არის, რადგან ყოველ წამს საქმეში იჭრება ბუნებრივი უთანასწორობა სქესისა და ასაკის, და თვით იმის თქმაც კი, ყველა მოქალაქეს თანასწორი წილი უნდა ედოს მართვაშიო, იმას ნიშნავს, რომ უგულებელვყოფთ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც გამორიცხულნი გვრჩებიან. არც სიღარიბისა და სიმდიდრის განსხვავების, უნარიანობისა და ნიჭისთვის დამახასიათებელი ზემოქმედების უგულებელყოფა შეიძლება და ამ განსხვავების არსებობაც იმთავითვე უარყოფს ყოველსავე ზემოხსენებულ აბსტრაქტულ მტკიცებას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ პრინციპიდან გამომდინარე საქმიანობათა და ამ საქმიანობების მატარებელ წოდებათა განსხვავებულობას მოვიწონებთ, აქ, ინდოეთში მაინც წავაწყდებით იმ თავისებურებას, რომ ინდივიდი ამა თუ იმ წოდებას მიეკუთვნება, არსებითად, დ ა ბ ა დ ე ბ ი თ და სამუდამოდ ამ წოდებაზე მიჯაჭვული რჩება. სწორედ ამით კვლავ კვდება ის კონკრეტული სიცოცხლე, რომლის შობაც ჩვენ ინდოეთში დავინახეთ, და ბორკილი ხელფეხს უკრავს სიცოცხლეს, რომელიც ის იყო უნდა შობილიყო. ამით სრულებით ქარწყლდება ის ილუზია, თითქოს ამ განსხვავებულობებში თავისუფლების რეალიზაცია ხდებოდეს. რაც დაბადებამ განასხვავა, იმას თვითმნებებლობა ნუღა გააერთიანებსო. და ამიტომაცაა, რომ კასტებს ურთიერთშერევა და ერთმანეთში ქორწინება არ ეკუთვნით. მაგრამ არიანი (Arrian, Indica, II) უკვე შვიდ კასტას ითვლის, ახალ დროში კი მათი რიცხვი ოცდაათამდე გაზარდეს, რაც სხვადასხვა წოდებათა ურთიერთშერევის შედეგად მოხდა. მრავალცოლიანობას ეს გარდაუვალად მოსდევს. მაგალითად, ბრაჰმანს უფლება აქვს იყოლიოს სამი ცოლი სამი სხვა კასტიდან, თუკი მას მანამდე მიყვანილი ჰყავს ერთი ცოლი თავისივე კასტიდან. ამგვარი შერევისაგან წარმოშობილი შვილები თავდაპირველად არც ერთ კასტას არ ეკუთვნოდნენ, მაგრამ ერთმა მეფემ ძებნა დაუწყო საშუალებას, რათა ამ უკასტოთა დაყოფა მოეხდინა რანგებისდა მიხედვით, და იპოვა კიდეც ასეთი საშუალება, რომელიც ამასთანავე ხელობათა და მანუფაქტურათა საწყისად იქცა. ასეთი შვილები სხვადასხვა ხელობებთან იქნენ მიშვებულნი: ერთი ნაწილი ფეიქარი გახდა, მეორეს რკინის სამუშაოები დაეთმო და ა.შ., ამგვარად, სხვადასხვა საქმიანობებისგან სხვადასხვა წოდებები წარმოიშვა. ამ ნარევ კასტებს შორის ყველაზე წარჩინებული ისაა, რომელსაც ბრაჰმანისა და მეომართა კლასიდან წარმომდგარი ქალის კავშირი წარმოშობს. ყველაზე დაბალია ჩანდალთა კასტა, რომლებსაც ავალიათ გვამთა გადათრევა, დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა, საერთოდ ყოველგვარი უსუფთაო საქმე. ეს კასტა გამორიყულია და საძულველი, მან ცალკე უნდა იცხოვროს და შორს უნდა იყოს სხვათა საზოგადოებისგან. ეს ჩანდალნი მოვალენი არიან, უფრო მაღალი კასტის წევრს გზა დაუთმონ, და ყველა ბრაჰმანს უფლება აქვს, დააგდოს ამ კასტის ის წარმომადგენელი, რომელმაც ხსენებული მოვალეობა უგულებელყო. თუ რომელიმე ჩანდალამ საგუბრიდან წყალი შესვა, ეს უკანასკნელი შებილწულად ითვლება და ახალი კურთხევა სჭირდება.
ახლა ამ კასტათა ურთიერთმიმართების განხილვა გვმართებს. თუ მათი წარმოშობა გვაინტერესებს, უნდა მოვიხსენიოთ ამ ამბის ის გადმოცემა, რომელსაც მითოსი იძლევა. ეს უკანასკნელი გვამცნობს, რომ ბრაჰმანთა კასტა ბრაჰმას პირისაგან წარმოშობილა, მეომართა კასტა - მკლავებისაგან, მოსაქმეთა კასტა - თავისაგან, მომსახურეთა კასტა - ფეხისაგან (ტერფისგან).
ზოგმა ისტორიკოსმა ჰიპოთეზა წამოაყენა, ბრაჰმანები ცალკე ხალხს, ქურუმთა ხალხს შეადგენენო. ეს შენათხზი, უპირატესად, თვით ბრაჰმანებისაგან მომდინარეობს. უეჭველია, რომ მხოლოდ ქურუმებისაგან შემდგარი ხალხის არსებობა უდიდესი აბსურდია, რადგან აპრიორულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წოდებათა განსხვავებულობას მხოლოდ ამა თუ იმ ხალხის შიგნით შეიძლება ჰქონდეს ადგილი - ყოველ ხალხში უსათუოდ უნდა არსებობდნენ სხვადასხვა საქმიანობანი, რადგან ესენი გონის ობიექტურობას ეკუთვნიან, და არსებითი გახლავთ, რომ ე რ თ ი წოდება მეორეს გულისხმობს და რომ კასტების წარმოქმნა საერთოდ მხოლოდ ერთობლივი ცხოვრების შედეგია. ქურუმთა ხალხი ვერ იარსებებს მიწისმოქმედთა და მეომართა გარეშე. წოდებები არ შეიძლება ერთიმეორესთან შეკავშირდნენ და ერთმანეთი მონახონ გარედან, ისინი მხოლოდ შინაგანი დანაწევრების შედეგად გაჩნდნენ. ამგვარად, მათი გაჩენის გზაა შიგნიდან გარეთკენ და არა გარედან შიგნითკენ. მაგრამ ეს განსხვავებულობანი რომ აქ ბუნებას ეკუთვნიან და ექვემდებარებიან, ეს გამომდინარეობს თვით აღმოსავლეთის ცნებიდან საერთოდ. რადგან თუმცა სუბიექტურობა, არსებითად რომ ვთქვათ, უფლებამოსილია თავისი საქმიანობა თვითონ აირჩიოს, აღმოსავლეთში შინაგანი სუბიექტურობა საერთოდ არაა ჯერ აღიარებული, როგორც თავისთავადი რამ: და თუ აქ განსხვავებულობები გამოჩნდება, ამას ის აზრი ახლავს ხოლმე თან, რომ მათ ინდივიდი კი არ ირჩევს თავისთავიდან გამომდინარე, არამედ იგი მათ ბუნებისაგან იღებს. ჩინეთში ხალხი წოდებათა განსხვავების გარეშეა დამოკიდებული კანონებზე და ხელმწიფის მორალურ ნებაზე, მაშასადამე, იგი მაინც რომელიღაც ადამიანურ ნებაზეა დამოკიდებული. პლატონი თავის სახელმწიფოში მმართველებს აკისრებს ადამიანთა შერჩევას სხვადასხვა საქმიანობებზე დასადგომად. ამგვარად, აქაც განმსაზღვრელია ზნეობრივი, გონითი რამ, ინდოეთში ასეთ მმართველს თვით ბუნება წარმოადგენს. მაგრამ სრულებითაც არ იყო აუცილებელი, რომ ბუნების განსაზღვრულობას ასეთი ღირსებააყრა-დამდაბლება მოეტანა თან, რომლის დროსაც განსხვავებულობა შემოფარგლულია მიწიერ საქმეებთან, ობიექტური გონის სხვადასხვა წარმონაქმნებთან დამოკიდებულების ქონით. შუა საუკუნეთა ფეოდალურ ყოფაშიც ინდივიდები დაკავშირებულნი იყვნენ გარკვეულ წოდებასთან, მაგრამ ყველასთვის არსებობდა ამ ვითარებაზე უფრო მაღალი რამ და ყველას ჰქონდა სასულიერო წოდებაში გადასვლის თავისუფლება. ეს ამაღლებული (განსხვავება ფეოდალიზმისა კასტურობისგან. მთარმ. შენ.) ის გახლავთ, რომ რელიგია ყველასათვის ერთი და იგივეა და თუმცა ხელოსნის შვილი ხელოსანი ხდება, ხოლო მიწის მუშისა — მუშა, და თუმცა თავისუფალი არჩევანი, ამგვარად, სხვადასხვა მაიძულებელ გარემოებაზეა დამოკიდებული, რელიგიური მომენტი მაინც ერთსა და იმავე მიმართებაშია ყველასთან და რელიგიის წყალობით ყველა ადამიანს აბსოლუტური ღირებულობა აქვს. ინდოეთში ამისი პირდაპირ საწინააღმდეგო ვითარებაა. კიდევ ერთი განსხვავება ქრისტიანული სამყაროს წოდებებსა და ინდოეთის წოდებებს შორის, რა თქმა უნდა, გახლავთ ის ზნეობრივი ღირსეულობა, რომელიც ჩვენში ყოველ წოდებაში არსებობს და იმას შეადგენს, რაც ადამიანს თავის შიგნით და თავის მიერ უნდა ჰქონდეს. მაღლა მდგომნი ამაში დაბლა მდგომთა თანასწორნი არიან. და თუ, მაგალითად, რელიგია (ჩვენში) იმ უმაღლეს სფეროს წარმოადგენს, რომელშიც ყველანი მზეს ეფიცხებიან, ამასთანავე ყველა წოდებას მოპოვებული აქვს კანონის წინაშე თანასწორობაც, პიროვნების უფლება და საკუთრების უფლება. ინდოეთში, რაკი აქ, როგორ უკვე ითქვა, განსხვავებები მხოლოდ გონის ობიექტურობას (ობიექტური გონის ელემენტებს. მთარგმ. შენ.) კი არ ეხება, არამედ მის აბსოლუტურ შინაგანობაზეც ვრცელდება და ამით გონის ყველა მიმართებებს ამოწურავს, არ არსებობს არც ზნეობრიობა, არც სამართლიანობა, არ რელიგიურობა.
ყოველ კასტას თავისი უფლება-მოვალეობები გააჩნია. ამგვარად, უფლება-მოვალეობები არსებობს არა ადამიანისა საერთოდ, არამედ ამა თუ იმ გარკვეული კასტისა. თუ ჩვენში ვიტყვით, სიმამაცე ქველობააო, ინდოეთში ადამიანობა საერთოდ, ადამიანური მოვალეობა და ადამიანური გრძნობა უცხო ხილია, აქ არსებობს მხოლოდ კერძო კასტების მოვალეობები. ყოველივე გაქვავებულია ზემოხსენებულ განსხვავებულობებად და ამ გაქვავებულობაზე თვითნებობა ბატონობს. ზნეობრიობა და ადამიანური ღირსება უცნობია, მათ ბოროტი ვნებათაღელვა სძლევს. გონი დაბორიალობს ზმანების სამყაროში და ყველაფერზე უფრო მაღლა მოსპობა დგას.
თუ გვინდა უფრო კარგად გავიგოთ, რანი არიან ბ რ ა ჰ მ ა ნ ე ბ ი და როგორ ფასობენ ისინი, რელიგიას და მის წარმომადგენლებს უნდა მივმართოთ, რომელთაც აქვე კიდევ მივუბრუნდები, რადგანაც ერთმანეთის მიმართ კასტების უფლებათა მდგომარეობას საფუძვლად რელიგიური მიმართებები უდევს. ბრაჰმანი (ეს საშუალო სქესის არსებითი სახელი გახლავთ) უმაღლესია ინდოთა რელიგიაში. მაგრამ გარდა ამისა არიან კიდევ უმთავრესი ღვთაებანი ბ რ ა ჰ მ ა (ეს მამრობითი სქესის არსებითი სახელია), ვ ი შ ნ უ ანუ კ რ ი შ ნ ა აურაცხელი სხვადასხვა სახით და შ ი ვ ა. ეს სამება ერთიმეორეში დაკავშირებულია. ბრაჰმა უმაღლესია, მაგრამ ვიშნუ ანუ კრიშნა, ისევე როგორც მზე, ჰაერი და ა.შ., აგრეთვე ბრაჰმანი არიან, სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - სუბსტანციური ერთობა არიან. თვით ბრაჰმას მსხვერპლს არ სწირავენ, მას თაყვანს არ სცემენ, მაგრამ ყველა სხვა კერპთა მიმართ ლოცულობენ. თვით ბაჰრმანი ყოველივე სუბსტანციალური ერთობაა. ადამიანის უმაღლესი რელიგიური საქმე ისაა, რომ იგი ბრაჰმანთან ამაღლდეს. თუ ბრაჰმანს (კასტის წარმომადგენელს. მთარგმნ) ჰკითხავთ, რა არის ბრაჰმანი, (ზემოხსენებული უმაღლესი. მთარგმნ), იგი გიპასუხებთ: ჩემს თავში რომ ჩავღრმავდები და ყველა გარეგან შეგრძნებებს დავხშავ, და ჩემში რომ ომი (Om) ამეტყველდება, ესაა ბრაჰმანი. ეს აბსტრაქტული ერთიანობა ღმერთთან მიიღწევა ადამიანის ამ აბსტრაჰირების (ამ განყენების. მთარგმნ.) საშუალებით. აბსტრაჰირებამ (ინდივიდისგან. მთარგმნ.) შეიძლება ყოველივე უცვლელად დატოვოს, ისე როგორც ეს ხდება, მაგალითად, როცა ადამიანს წამით ღვთაებრივი მოწიწება (Andacht) მოიცავს. ინდოებში კი ეს (აბსტრაჰირება) ნეგატიურადაა მიმართული ყოველივე კონკრეტულის წინააღმდეგ და მათთვის უმაღლესია ეს ამაღლება, რომლითაც ინდო თავისთავს ღვთაებად ხდის. ბრაჰმანები თვით თავიანთი შობითვე ღვთაებრივის მფლობელნი არიან. ამგვარად, კასტური განსხვავება შეიცავს განსხვავებასაც აქ-და-აწმყო ღმერთებსა და ბოლოვად ადამიანებს შორის. მართალია, სხვა კასტებსაც შეიძლება წილად ჰხვდეთ კვლავშობა, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ დაუსრულებელი ხელისაღება, ტანჯვა და თვითგვემა. ამ უკანასკნელებში ძირითადი მახასიათებელია ზიზღი სიცოცხლისადმი და ცოცხალი ადამიანისადმი. არაბრაჰმანთა მოზრდილი ნაწილი კვლავშობის მაძიებელია. მათ იოგებს უწოდოებენ. ერთი ინგლისელი, რომელსაც ტიბეტში მგზავრობისას, დალაი-ლამასთან რომ მიდიოდა, ერთი ასეთი იოგი შეჰხვდა, მოგვითხრობს შემდეგს: ეს იოგი უკვე იმ გზის მეორე საფეხურზე იმყოფებოდა, რომელსაც იგი ბრაჰმანებისებრს ძალამდე უნდა მიეყვანა. პირველი საფეხური მან იმით განვლო, რომ თორმეტი წელი ფეხზე გაატარა, დაუჯდომლად და დაუწოლელად. თავდაპირველად მან თავი თოკით მიიბა ხეზე და ამგვარად შეეჩვია ზეზე ძილს. მეორე საფეხური იმით განვლო, რომ თორმეტი წლის მანძილზე ხელები მუდამ თავს ზემოთ ჰქონდა ჩაკიდებული, ასე რომ ფრჩხილები ლამის ხელებში შეჰზრდოდა. მესამე საფეხურს ყოველთვის ერთი და იმავე წესით არ გადიან ხოლმე. ჩვეულებრივ, იოგი ერთ დღეს ხუთ ცეცხლს შორის ატარებს ხოლმე, რაც ნიშნავს — ცის ოთხივე მხარის ოთხ ცეცხლსა და მზეს შორის. ამას მოსდევს ცეცხლზე ქანაობა, რაც სამსა და სამ მეოთხედ საათს გრძელდება. ამგვარი აქტის დამსწრე ინგლისელები მოგვითხრობენ, რომ ნახევარ საათში ინდივიდს სხეულის ყველა ასოდან სისხლი წასკდა. იგი გამოიყვანეს და მცირე ხნის შემდეგ იგი მოკვდა. მაგრამ თუ ვინმემ ეს გამოცდაც გაიარა, მას ბოლოს ცოცხალს მარხავენ, ანუ დამდგარს ჩაუშვებენ მიწაში და მთლიანად მიწით დაფარავენ. სამი და სამი მეოთხედი საათის შემდეგ იგი ამოჰყავთ და, ამგვარად, ბოლოს, თუ კიდევ ცოცხალია, იგი ბრაჰმანის შინაგან ძალას აღწევს.
ამგვარად მხოლოდ საკუთარი არსებობის ამგვარი უარყოფით აღწევენ ბრაჰმანის ძალას. მაგრამ ეს ნეგაცია თავის უმაღლეს საფეხურზე მდგომარეობს იმ ბუნდოვან ცნობიერებაში, რომ მიაღწიეთ სრულ უმოძრაობას, ყოველივე შეგრძნებისა და ნების მოსპობას, იმ მდგომარეობას რომელიც იმ ბუდისტებში უმაღლესად ითვლება, რამდენადაც ინდონი მხდალნი და სუსტნი არიან სხვა მხრივ იმდენადვე უადვილდებათ მათ თავისთავის მსხვერპლად შეწირვა უმაღლესისთვის, მოსპობისათვის, მაგალითად, მათში მიღებული წესი, რომ ცოლები ქმრის სიკვდილის შემდეგ თავს იწვავენ, ამ შეხედულებასთანაა დაკავშირებული. თუ რომელიმე ქალი თავს აარიდებს ამ ჩვეულებას, მას გარიყავენ ყოველივე საზოგადოებიდან, და მარტოობაში სასიკვდილოდ გაწირავენ. ერთი ინგლისელი მოგვითხრობს, რომ ნახა როგორ დაიწვა თავი ქალმა, რადგან შვილი დაჰღუპვოდა, მან ყველაფერი იღონა, რაც კი შესაძლებელი იყო, რომ ქალისთვის მის განზრახვაზე ხელი აეღებინებინა, ბოლოს იქვე მდგომ ქმარსაც მიმართა, მაგრამ ამ უკანასკნელმა სრული გულგრილობა გამოიჩინა და თქვა, რომ შინ კიდევ ჰყავდა ცოლები, ასე ხდება რომ ზოგჯერ იმის მოწმენი ვხდებით, ოცი ქალი რომ ერთად ვარდება განგში, ჰიმალაის მთებში ერთმა ინგლისელმა სამი ქალი ნახა, განგის სათავის მაძებარი, რათა თავიანთი სიცოცხლე ამ წმიდა მდინარეში დაესრულებინათ, იეგარნაუტის განთქმულ ტაძარში ღვთისმსახურების დროს, ორისფაში, ბენგალის ყურის ნაპირას, სადაც მილიონობით ინდონი მოდიან, ეტლით დაატარებენ ღმერთ ვიშნუს გამოსახულებას, ეტლს ხუთასიოდე კაცი ატარებს და მრავალნი უვარდებიან მას ბორბლებში, რათა თავი გააჭყლეტინონ. მთელი სანაპირო უკვე დაფარულია ასეთნაირად თავშეწირულთა ძვლებით,ბავშვების კვლაც ინდოეთში იშვიათი არ გახლავთ დედები შვილებს ყრიან განგში ან მზის გულზე სასიკვდილოდ ტოვებენ, ის მორალური საწყისი რომელიც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემაში ძევს ინდოეთში არ არის, ცხოვრების ამგვარი წესი რომელიც თავის მოსპობისკენაა მიმართული, ინდოეთში უამრავი სხვადასხვა სახით გვხვდება, ამ რიგს განეკუთვნებიან მაგალითად გიმნოსოფისტები, როგორც მათ ბერძნები უწოდებენ, შიშველი ფაკირები რაიმე საქმიანობის გარეშე დაეხეტებიან აქეთ იქით, კათოლიკე ბერების მსგავსად,სხვათა ძღვენით ცხოვრობენ და მიზნად აქვთ მიაღწიონ აბსტრაქციის (ყოველივესგან განყენების. მთარგმნ) სიმაღლეს, ცნობიერების სრულ დაბინდვას, რომლისგანაც ფიზიკურ სიკვდილში გადასვლა დიდ ცვლილებას არ წარმოადგენს.
ამ სიმაღლეს, რომელიც სხვათათვის ესოდენი შრომით შესაძენია მხოლოდ ბრაჰმანები ფლობენ. როგორც უკვე ითქვა, იგი მათ დაბადებით აქვთ. ამიტომ სხვა კასტის ინდომ ბრაჰმანს თაყვანი უნდა სცეს როგორც ღმერთს, მის წინაშე მიწად უნდა გაერთხას და შეჰღაღადოს შენ ღმერთი ხარ. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, რომ ღირსეულობა ზნეობრივ საქმეებში მდგომარეობდეს.
იგი, უფრო მდგომარეობს წეს-ჩვეულებათა გროვაში, რომლებიც თვით ყველაზე უმნიშვნელო და გარეგანი ქცევისთვისაც კი განსაზღვრავენ, რა საქმნელია და რა — არა. მიჩნეულია, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება განუწყვეტელი ღვთისმსახურება უნდა იყოს, რამდენად ფუტურო შეიძლება იყოს ამგვარი ზოგადი დებულებები, ამას ვხედავთ როგორც კი თვალს მივაპყრობთ იმ კონკრეტულ განსახიერებებს, რომლებსაც ისინი ხანდახან ღებულობენ თუ გვინდა, რომ ამ დებულებებს რაღაცა საზრისი ექნეთ ამისათვის მათ კიდევ სულ სხვა შემდგომი განსაზღვრა დასჭირდებათ, ბრაჰმანები აქ-და-აწმყო ღმერთი არიან მაგრამ მათი გონითობა (გონით მხარე, მთარგმ) ჯერ კიდევ არაა თავისთავში რეფლექტირებული ბუნებითობის (ბუნებითი მხარის. მთარგმ) საპირისპიროდ და ამიტომაც იმას, რაც სულ ერთი უნდა იყოს, აბსოლუტური მნიშვნელობა ენიჭება. ბრაჰმანთა საქმიანობა უპირატესად ვედების კითხვაში გამოიხატება, თუ შუდრამ ვედა წაიკითხა ან მისი კითხვა მოისმინა, მას სასტიკი სასჯელი ეკუთვნის და ყურში მდუღარე ზეთი უნდა ჩაესხას, ბრაჰმანებს უამრავი რამის გარეგნული დაცვა ჰმართებთ და მანუს კანონები ამაზე ლაპარაკობენ, როგორც სამართლის უარსებითეს ნაწილზე, ბრაჰმანი ერთი განსაზღვრული ფეხით უნდა ადგეს, შემდეგ მდინარეში განიბანოს, თმა და ფრჩხილები მრგვლად უნდა ჰქონდეს შეჭრილი, მთელი სხეული განწმენდილი უნდა ჰქონდეს, სამოსელი თეთრი, ხელში განსაზღვრული ჯოხი უნდა ეჭიროს, ყურებში ოქროს საკიდარი უნდა ეკიდოს, თუ უფრო დაბალი კასტის კაცი შემოხვდა ბრაჰმანი უნდა დაბრუნდეს და კვლავ უნდა განიწმინდოს, შემდეგ ვედები უნდა იკითხოს ამასთან სხვადასხვა წესით ყოველი სიტყვა მარტივად თითო სიტყვის გამოტოვებით — ორ-ორჯერ ან უკუღმა. არც მზის ამოსვლისას უნდა შეხედოს მზეს, არც ჩასვლისას, არც მაშინ, როცა ღრუბელი ეფარება, და არც მის ანარეკლს წყალში, მას ეკრძალება გადაბიჯება თოკზე, რომლითაც ხბო აბია, ან წვიმაში გარეთ გამოსვლა, აკრძალული აქვს ცოლის შეხედვა, როცა ეს უკანასკნელი ჭამს, აღებინებს, ამთქნარებს ან არხეინად ზის, სადილობისას მხოლოდ ერთი სამოსელი უნდა ეცვას ბანაობისას არა აქვს უფლება სულ გაშიშვლდეს. თუ რამდენად შორს მიდის ამგვარი წესები, ეს განსაკუთრებით იმ სავალდებულო მოქმედებებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომლებიც ბრაჰმანებს მოეთხოვებათ ბუნებრივი საჭიროების მოსტუმრებისას, მათ არა აქვთ უფლება მოისაქმონ დიდ გზაზე, ნაცარზე, ხნულში მთაზე, თეთრი ჭიანჭველების ბუდეზე, შეშაზე, თხრილზე სიარულში და დგომაში მდინარის პირას და ა.შ ამ დროს მათ ეკრძალებათ მზისთვის, წყლისა და ცხოველებისთვის შეხედვა. დღე პირი საერთოდ ჩრდილოეთისკენ უნდა ჰქონდეთ მიქცეული ღამე — სამხრეთისაკენ მხოლოდ ჩრდილში შეიძლება იქეთ მიბრუნდნენ, საითაც ჰსურთ. ყველას, ვისაც დღეგრძელობა ჰსურთ ეკრძალებათ ღორღზე ბამბის თესლებზე, ნაცარზე მარცვლის ნაჩენჩზე ან კიდევ საკუთარ შარდზე დაბიჯება, მაჰაბჰარატაში ნალას ეპიზოდში მოთხრობილია, როგორ ირჩევნს ქალწული ოცდამეერთე წლის ასაკში, როცა ქალიშვილს უფლება აქვს თავისი საქმროს არჩევის ერთ-ერთს თავის მთხოვნელთა შორის მთხოვნელნი ხუთნი არიან. მაგრამ ქალიშვილს შეუნიშნავს, რომ ოთხნი ვერ დგანან მაგრად ფეხზე, და ასკვნის, რომ ესენი ღმერთები არიან. ამრიგად, იგი ირჩევს მეხუთეს, რომელიც ნამდვილი ადამიანია, მაგრამ იმ ოთხი ღმერთის გარდა არის ორი ბოროტი ღმერთიც, რომლებიც არჩევას ვერ შეესწრნენ და ამის გამო შურისძიება სწადიათ, ესენი თავის სატრფოს მეუღლეს ყოველ ნაბიჯზე და და ყოველ მოქმედებაზე უდარაჯებენ, რათა ავნონ, თუკი მას რამე შეეშალა. მაგრამ ეს უკანასკნელი არაფერს სჩადის ისეთს, რაც ტვირთად ექცევა, სანამ ბოლოს გაუფრთხილებლობით საკუთარ შარდს არ დააბიჯებს, ახლა კი გენიას (ავ სულს. მთარგმ) მასში შთასვლის უფლება ეძლევა. იგი მას თავის თამაშის ვნებით გვემს და ამრიგად უფსკრულში გადაჩეხავს.
ბრაჰმანები რომ ამგვარად განსაზღვრასა და ამგვარ განაწესებს ექვემდებარებიან სამაგიეროდ მათი ცხოვრება წმიდადაა მიჩნეული, დანაშაულზე პასუხისმგებელნი არ არიან, ასევე მათ ქონებას ყადაღა ვერ დაედება, ყველაფერი, რითაც კი მთავარს მათი დასჯა შეუძლია გაძევებაზე დაიყვანება. ინგლისელებმა მოინდომეს ინდოეთში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, რომელიც სანახევროდ ინგლისელთაგან, სანახევროდ ინდოთაგან იქნებოდა შემდგარი, და ინდოებს ვისი თანხმობაც საამისოდ სჭირდებოდათ, მსაჯულთათვის მისანიჭებელი უფლებების დაუსახელეს. ინდოებმა უამრავი პირობა წამოუყენეს და უამრავი გამონაკლისი მოითხოვეს. სხვათა შორის, ესეც თქვეს, ვერ ვიგუებთ ბრაჰმანთათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანასო, აღარაფერი რომ ვთქვათ სხვა შემოპასუხებაზე, როგორიცაა, მაგალითად, გვამის ნახვის და გასინჯვის უფლება არ გვაქვსო. თუ გადასახადის ზომად მეომრისთვის დაშვებულია სამი პროცენტი, ვაიშიასათივს ოთხი პროცენტი, შუდრასათვის ხუთი პროცენტი, ბრაჰმანისათვის იგი არასდროს ორ პროცენტს არ აღემატება. ბრაჰმანს ისეთი ძალა აქვს რომ მის ან მის ქონების ხელის შემხებ მეფეს ზეციური ელვა განგმირავდა, რადგან უმცირესი ბრაჰმანიც კი იმდენად მაღლა დგას მეფეზე, რომ იგი თავს პატივაყრილად ჩათვლიდა, მის ქალიშვილს რომ თავის საქმროდ ვინმე მთავარი აერჩია. მანუს კანონთა წიგნში ნათქვამია: “თუ ვინმემ მოიწადინა ბრაჰმანის დამოძღვრა მისი მოვალეობის თაობაზე, დაე მეფემ ბრძანოს, რომ დამმოძღვრავს ყურებსა და პირში ცხელი ზეთი ჩაესხას თუ მხოლოდ ერთგზის შობილი ორგზის შობილს კიცხვას დაუწყებს, მას პირში ათი გოჯის სიგრძის გავარვარებული რკინის შანთი ჩაეცეს“. საპირისპიროდ ამისა, შუდრას გავარვარებულ რკინას უკანა ტანში ჩასცემენ, თუ იგი ბრაჰმანის სკამზე დაჯდა, და ხელს ან ფეხს ჰკვეთენ, თუ ბრაჰმანს ხელი ან ფეხი ჰკრა. სასამართლოს წინაშე ცრუ ფიციცა და სიცრუეც კი დაშვებულია, თუკი ამით ბრაჰმანი განაჩენს გადარჩება.
ისევე, როგორც ბრაჰმანებს აქვთ უპირატესობები დანარჩენი კასტების წინაშე, დანარჩენი კასტებიც თითო ნაბიჯით წინ არიან თავის მომდევნოებზე. თუ შუდრას პარია გააუწმინდურებდა შეხებით, შუდრას მისი ადგილზე მოკვლის უფლება ჰქონდა. კაცთმოყვარეობა უფრო მაღალი კასტის მხრიდან უფრო დაბლის მიმართ აკრძალულია და ბრაჰმანს არასოდეს მოუვა აზრად უფრო დაბალი კასტის წევრის შველა, თუნდაც ეს უკანასკნელი ხიფათში იყოს. დანარჩენ კასტებს დიდ პატივად მიაჩნიათ თუ ბრაჰმანი მათ ქალიშვილს თავის ცოლთა რიცხვს შეუერთებს, რისი უფლებაც ამ უკანასკნელს, როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ უკვე ჰყავს ცოლი საკუთარი კასტიდან. აქედან წარმოდგება ბრაჰმანის თავისუფლება ცოლთა შერთვისა. დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს ისინი ხალხში გადიან და ცოლებს ირჩევენ, ვინც კი მოეწონებათ. მაგრამ ისევ უშვებენ მათ როგორც კი მოეხასიათებათ.
თუ ბრაჰმანმა ან სხვა რომელიმე კასტის წევრმა დაარღვია ზემოთ ნახსენები კანონები და წესები, იგი უკვე გამორიცხულია თავისი კასტიდან და მასში დასაბრუნებლად მას ჰმართებს თავის დუნდულში კაუჭი გაარჭობინოს და თავი მრავალჯერ ჰაერში გააქანებინოს. არსებობს კასტაში კვლავ დაშვების სხვა ფორმებიც. ერთმა რაჯამ რომელსაც თავისთავი ერთი ინგლისელი მოხელისაგან უფლებაშელახულად მიაჩნდა ორი ბრაჰმანი გაგზავნა ინგლისში, რათა მისი საჩივარი წარედგინათ და განემარტათ, მაგრამ ინდოებს ეკრძალებათ ზღვის გადალახვა, ამიტომ ეს მოციქულები ინდოეთში რომ დაბრუნდნენ, ისინი კასტიდან გააძევეს და დაუდგინეს რომ მასში დასაბრუნებლად მათ ჰმართებდათ კიდევ ერთხელ ოქროს ძროხისგან შობა. ეს დავალება, როგორც მთელი, მათ იმდენად აპატიეს, რამდენადაც დაუშვეს რომ ძროხის მხოლოდ ის ნაწილები ყოფილიყო ოქროსი საიდანაც გამოძვრებოდნენ, დანარჩენი ხის. ამ მრავალსახა ადათებმა და რელიგიურმა ჩვეულებებმა, რომლებსაც ყოველი კასტა ექვემდებარება, დიდი საზრუნავი გაუჩინა ინგლისელებს, სახელდობრ, მაშინ, როცა ჯარისკაცების აყვანა დასჭირდათ. თავდაპირველად ჯარისკაცები შუდრათა კასტიდან აჰყავდათ, რომელიც ამდენად დანაწესებით დატვირთული არაა, მაგრამ ესენი ვერაფერში გამოადგნენ, ამიტომ ქშატრიათა კასტას მიჰმართეს, მაგრამ ამ უკანასკნელს უამრავი პირობა და საკუთარი საზრუნავი ჰქონდათ: მას უფლება არა აქვს ხორცის ჭამის, არ ეკარება გვამს, წყალს არ სვამს საგუბარიდან, რომლიდანაც საქონელმა ან ევროპელმა სვა, სხვის მომზადებულ კერძს არ ჭამს და ა.შ. ყოველი ინდო მხოლოდ რაღაც გარკვეულ საქმეს ასრულებს და ამიტომ საჭირო ხდება უამრავი მომსახურის ყოლა. ლეიტენანტს ასეთი ოცდაათი სჭირდება, მაიორს — სამოცი. ყოველ კასტას თავისი მოვალეობები გააჩნია. რაც უფრო დაბალია კასტა, მით უფრო ნაკლები წესების დაცვა უხდება მას, და თუ ყოველ ინდივიდს დაბადებით აქვს მიჩენილი მისი ადგილი, ამით ყოველივე სხვა, რაც ამ მყარად განსაზღვრულის ფარგლებიდან გადის თვითნებობად და ძალადობის აქტად იქცევა. მანუს კანონთა წიგნში სასჯელები მით უფრო მეტი,ა რაც უფრო დაბალია კასტა და ამ უკანასკნელთა განსხვავება სხვა მხრივაც იჩენს თავს. თუ უფრო მაღალი კასტის კაცმა უსაბუთოდ ბრალი დასდო უფრო დაბლისას, იგი არ ისჯება, თუ პირიქით მოხდა, ბრალის დამდები ძალიან მკაცრად ისჯება. გამონაკლისს ადგილი აქვს მხოლოდ ქურდობის შემთხვევაში: აქ უფრო მაღალი კასტა უფრო მძიმედ ისჯება.
საკუთრების მხრივ ბრაჰმანები დიდ მოგებაში არიან, რადგანაც გადასახადებს არ იხდიან. დანარჩენი ქვეყნისაგან მთავარს შემოსავლის ნახევარი ეკუთვნის, მეორე ნახევარი ჰხმარდება მეურნეობის ხარჯებს და გლეხების რჩენას. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა გახლავთ, ინდოეთში დასამუშავებელი მიწა სულაც დამმუშავებლის საკუთრებაა თუ ე.წ საკარგავის პატრონს ეკუთვნის, და ინგლისელებს ძალიან გაუჭირდათ ამ პუნქტის გარკვევა. ბენგალია რომ დაიპყრეს, ისინი ძალიან დაინტერესებული იყვნენ იმაში, რომ განესაზღვრათ საკუთრებაზე გადასახადის სახეობა. მათ სჭირდებოდათ იმის გაგება, თუ ვინ დაებეგრათ ამ გადასახადით — გლეხები თუ ბატონები. მათ მეორე გზა აირჩიეს. მაგრამ მაშინ პატრონებმა თავისთავს უდიდესი თვითნებობის ნება მისცეს. მათ დაიწყეს გლეხების აყრა იმ საბაბით, რომ ამდენი და ამდენი მიწა დაუმუშავებელი აქვთ, რის გამოც ითხოვეს გადასახადის მოკლება, გაძევებულ გლეხებს ისინი ისევ იღებდნენ სამუშაოდ მცირე ფასად. როგორც უკვე ითქვა თითოეული სოფლის მთელი მოსავალი ორ ნაწილად იყოფა, რომელთაგანაც ერთი რაჯას ეკუთვნის, მეორე კი გლეხებს. გარდა ამისა სათანადო წილი ეძლევა ადგილობრივ ხელისუფალს, მოსამართლეს წყლის მეთვალყურეს, ბრაჰმანს ღვთის მსახურებისთვის, ასტროლოგს (რომელიც აგრეთვე ბრაჰმანია და იღბლიანი და უიღბლო დღეების მითითება ავალია), მჭედელს, დურგალს, მექოთნეს, მრეცხავს, დალაქს, ექიმს, მოცეკვავე ქალებს, მუსიკოსს, პოეტს. ეს წესი მყარი და უცვლელი გახლავთ და არავითარ თვითნებობას არ ექვემდებარება, ამიტომაცაა, რომ ყველა პოლიტიკური რევოლუცია შეუმჩნევლად ჩაუვლის ხოლმე გვერდზე რიგით ინდოს, მისი ხვედრი ამით არანაირად არ იცვლება.
კასტების ურთერთობაზე საუბარს უშუალოდ რელიგიის განხილვასთან მივყავართ. რადგან, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, კასტების ბორკილები მხოლოდ საერო კი არაა, არამედ რელიგიურიც და ბრაჰმანები თავიანთ აღმატებულობაში თვით არიან ხორციელად აქ-და-აწმყო ღმერთები. მანუს კანონებში ნათქვამია; დაე, მეფემ, რაც უნდა განსაცდელში იყოს, ბრაჰმანები არ აიმხედროს, რადგან ამ უკანასკნელთ ძალუძთ თავისი ძლიერებით იგი დაამხონ — მათ, რომელნიც ცეცხლს, მზესა და მთვარეს წარმოშობენ და ა.შ. ისინი არ არიან მსახურნი არც ღმერთისა, არც მისი ამალისა, არამედ დანარჩენი კასტებისათვის თვით არიან ღმერთი, და სწორედ ეს მიმართება ქმნის ინდური გონის უკუღმართობას. ის სიზმარეული ერთიანობა გონისა და ბუნებისა, რომელსაც თან მოაქვს განუზომელი თრობა და უმდგრადობა ყველა თავის წარმონაქმნსა და ყველა დამოკიდებულებაში, ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ როგორც ინდური გონის პრინციპი, ამიტომაც ინდური მითოლოგია მხოლოდ ველური აბორგებაა დაუოკებელი ფანტაზიისა, რომელშიც ვერაფერი აღწევს მყარად ჩამოყალიბებას და რომელიც წამდაუწუმ გადაიჭრება ხოლმე უმცირესიდან უმაღლესისაკენ, ამაღლებულიდან საზიზღრისაკენ და ტრივიალურისკენ. ამიტომაც ძნელი გასარკვევია, რას გულისხმობენ ინდონი ბრაჰმანში. ჩვენ თან მოგვაქვს ხოლმე ჩვენი წარმოდგენა უზენაესი ღვთისა, როგორც ერთისა, ცისა და ქვეყნის შემოქმედისა, და ამ ჩვენს აზრებს ვავრცელებთ ინდოთა ბრაჰმანზე. ბრაჰმანისგან განსხვავდება მხოლოდ ბრაჰმა, რომელიც ერთ-ერთი პირია (პერსონაა) ვიშნუსა და შივას პირისპირ, ამიტომაც ამათ ზემოთ მდგომ უმაღლეს არსებას ზოგნი პარაბრაჰმას უწოდებენ. ინგლისელებმა ბევრი შრომა შეალიეს იმის გარკვევას, თუ რა არის, ბოლოსდაბოლოს, ბრაჰმანი. უილფორდი ამტკიცებდა, ინდოთა წარმოდგენაში ორი ცა არსებობსო. პირველი ცა ქვეყნიური სამოთხეა, მეორე კი ცაა გონითი აზრით. ამათ მისაღწევად ორგვარი კულტი არსებობსო. ერთი სახეობა კულტისა მოიცავს გარეგან წეს-ჩვეულებებს, კერპთმსახურებას, მეორე კი მოითხოვს უმაღლესი არსების თაყვანისცემას გონში. აქ მსხვერპლშეწირვა, განბანა და ღარიბობა (სამლოცველო მოგზაურობა) აღარაა საჭიროო. ცოტააო ისეთი ინდო, ვინც მზადაა ამ მეორე გზას დაადგეს, რადგან ისინი ვერ მიმხვდარან, რაში მდგომარეობს მეორე ცის ნეტარება. თუ ინდოს ჰკითხავთ, კერპებს სცემს თუ არა თაყვანს, ყველა კაცი ასე გიპასუხებთო: არა. თუ კითხავს განაგრძობთ: მაშ რაღას შვრებით, მაშ რაღას ნიშნავს ის მდუმარე მედიტაცია, რომელსაც ზოგი მეცნიერი ახსენებს? — მაშინ იგი ასე გიპასუხებთო: თუ რომელიმე ღმერთის პატივსაცემად ვლოცულობ, ძირს ვჯდები ფეხმორთხმით, ცას შევყურებ და მშვიდად აღვავლენ მისკენ ჩემს ფიქრებს ხელებდაკრებილიო. მაშინ ვამბობ: „მე ვარ ბრაჰმანი, უმაღლესი არსება“. მაიას (ქვეყნიური ილუზიის) გამო ჩვენ არ გვაქვს იმის ცნობიერება, რომ ბრაჰმანი ვართო. მის მიმართ ლოცვა და მისთვის მსხვერპლის წირვა აკრძალულია, რადგან ეს თვით ჩვენი თავის მიმართ ლოცვა იქნებოდაო. ამიტომაც ჩვენ მხოლოდ ბრაჰმანის ემანაციებს შეგვიძლია ვევედროთო. ამგვარად, ამ რწმენის თანახმად, ბრაჰმანი არის აზრის წმინდა ერთიანობა თავისთავში, თავისთავში მარტივი ღმერთი. მას ტაძრები არ აქვს მიძღვნილი და მას არ ეკუთვნის კულტი. ასევე, კათოლიკურ რელიგიაში ეკლესიები ღვთის სახელზე კი არ იგება, არამედ წმინდანთა სახელზე. სხვა ინგლისელები ვინც ბრაჰმანის იდეის კვლევა სცადა, ამ აზრისანი იყვნენ, ბრაჰმანი არაფრის მთქმელი ეპითეტიაო, რომელიც ყველა ღმერთებს მიეყენება. ვიშნუ იტყვისო: „მე ვარ ბრაჰმანი“. მზესაც, ჰაერსაც, ზღვასაც ბრაჰმანი ეწოდებაო. ამგვარად, ბრაჰმანი მარტივი სუბსტანციააო, რომელიც, არსებისეულად, დაუოკებელ მრავალგვარობად იმსხვრევა, რადგან ეს აბსტრაქცია, ეს წმინდა ერთიანობა ისაა, რაც ყოველივეს საფუძვლად უდევს, იგი ყოველივე განსაზღვრულობის საფუძველია. ამ ერთიანობის ცოდნისას ქარწყლდება ყოველივე საგნობრიობა, რადგან წმინდად აბსტრაქტული იგივეა, რაც თვით ცოდნა თავის უკიდურეს სიცარიელეში. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სიცოცხლის ამ კვდომას თვით სიცოცხლეშივე, რომ მოვახდინოთ ეს აბსტრაქცია (განყენება. მთარგმნ. შენ.), საჭიროა ყოველივე ზნეობრივი ქმნისა და ნებების გაქრობა, ისევე როგორც ცოდნისა, როგორც ამას ადგილი აქვს ფოს რელიგიაში და სწორედ ამისთვისაა საჭირო ის თვითგვემანი, რომლებზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი.
ბრაჰმანის ამ აბსტრაქციის განხილვის შემდეგ უნდა განვიხილოთ კონკრეტული შინაარსი, რადგან ინდური რელიგიის პრინციპი განსხვავებულობათა წარმოჩენა გახლავთ. მაგრამ ეს განსხვავებულობები ზემოხსენებული აზრისეული ერთიანობის გარეთ ძევს. როგორც ამ ერთიანობისგან განსხვავებული რამ, ესენი გრძნობადი განსხვავებულობებია, ანუ ისეთი აზრისეული განსხვავებულობებია, რომლებიც გრძნობად ფორმაშია წარმოდგენილი. ამნაირად ხდება, რომ კონკრეტული შინაარსი უგონოდ და უწესრიგოდ მიბნეულ-მობნეულია და ბრაჰმის წმინდა იდეალურობას არ უბრუნდება. ამგვარად, დანარჩენი ღმერთები გრძნობადი საგნები არიან: მთები, მდინარეები, ცხოველები, მზე, მთვარე, განგი.
ეს დაუოკებელი მრავალგვარობა შემდეგ კვლავ სუბსტანციალურ განსხვავებულობებად ჯამდება და ღვთაებრივ სუბიექტებად გაიგება. ამგვარად, ვიშნუ, შივა, მაჰადევა განსხვავდებიან ბრაჰმანისაგან. ვიშნუ ინკარნაციებად გვევლინება, როცა ღმერთი ადამიანის სახეს იღებს, და ეს განკაცებანი მუდამ ისტორიული პიროვნებები არიან, რომლებმაც ცვლილებები გამოიწვიეს და ახალი ეპოქები შექმნეს. ჩასახვის ძალაც სუბსტანციალური ფიგურაა. ინდოეთის ამონათხარ მასალებში, გამოქვაბულებსა და პაგოდებში წამდაუწუმ ვაწყდებით ლინგამს, როგორც მამაკაცური წარმომშობი ძალის, და ლოტოსს, როგორც დედაკაცური წარმომშობი ძალის განსახიერებას.
ამ ორობას — აბსტრაქტულ ერთიანობას და აბსტრაქტულ გრძნობად კერძოობას — შეესაბამება გაორებული კ უ ლ ტ ი ც, რომელშიც მყარდება ადამიანის თვითობის მიმართება ღმერთთან. ამ კულტის ერთი მხარე მდგომარეობს წმინდა თვითგაუქმების აბსტრაქციაში (იმ აბსტრაქციებში, რასაც თვითგაუქმება წარმოადგენს. მთარგმნ. შენ.), რეალური თვითცნობიერების მოსპობაში, და ეს უარმყოფლობა გამოხატულებას ჰპოვებს ერთის მხრივ ჩლუნგ უცნობიერობაში, მეორე მხრივ თვითმკვლელობაში და ცხოვლობის ჩაკვლაში საკუთარი ნებით თავს ნადები წამების გზით. ამ კულტის მეორე მხარე კი მდგომარეობს აღვირახსნილ ველურ თრობაში, ცნობიერების მიერ თავისი თვითობის დათმობაში საკუთარს ბუნებითობაში ჩაფვლის გზით, თვითობის მიერ ამ ბუნებითობასთან თავისთვის გაიგივების გზით, როცა ცნობიერება ხელს იღებს ყოველსავე განსხვავებულობაზე ამ ბუნებითობისაგან. ამიტომაც ყოველ პაგოდასთან ინახავენ მეძავებს და მოცეკვავე ქალებს, რომელთან ბრაჰმანები დიდის რუდუნებით წვრთნიან ცეკვასა, ლამაზი პოზების მიღებასა და მიხვრა-მოხვრაში და რომლებიც მოვალენი არიან რაღაც გარკვეულ ფასად თავიანთი თავი ყოველ მსურველს დაუთმონ. რაიმე მოძღვრებაზე, რელიგიის რაიმე მიმართებაზე ზნეობასთან აქ ლაპარაკიც ზედმეტია. ერთის მხრივ, ინდოს წარმოსახვას წარმოდგენილი აქვს ზეცა, სიყვარული, ყოველივე გონითი. მაგრამ მეორეს მხრივ ეს მოაზრებული შინაარსი მისთვის გრძნობადად მოცემულია და იგი თავის გაბრუების გზით მზადაა ამ ბუნებითის წიაღში გადაეშვას. ამგვარად, რელიგიურ საგნებს მისთვის წარმოადგენენ ან ხელოვნების მიერ შექმნილი უწმაწური ფიგურები, ან ბუნებრივი საგნები. ყოველი ფრინველი, ყოველი მაიმუნი მისთვის აქ-და-აწმყო ღმერთია, სავსებით ზოგადი არსება. ინდონი მოკლებულნი არიან უნარს, რომ რომელიმე საგანი განსჯისეული განსაზღვრებების საშუალებით ცნობიერებაში შეინახონ, რადგანაც ამას უკვე რეფლექსია სჭირდება. ზოგადს რომ გრძნობად საგნობრიობად გარდაქმნიან და ჩამოაქვეითებენ ხოლმე, ამათ ინდოებს ეს უკანასკნელიც მისი გარკვეულობის ფარგლებიდან გამოჰყავთ და გააზოგადებენ მას, რის გამოც ეს გრძნობადი უსაზომოდ ფართოვდება.
თუ ახლა ვიკითხავთ, რამდენად ვლინდება ინდოთა რელიგიაში მათი ზ ნ ე ო ბ რ ი ო ბ ა, ამ კითხვას ასეთი პასუხი უნდა გაეცეს: რელიგია ისევე შორსაა ზნეობისგან, როგორც ბრაჰმანი — თავისი კონკრეტული შინაარსისაგან. ჩვენთვის რელიგია არის ცოდნა არსებისა, რომელიც, საკუთრივ რომ ვთქვათ, თვით ჩვენივე არსებაა და ამიტომაც სუბსტანციაა ჩვენი ცოდნისა და ნებისა, რომელიც (ამით) იმ დანიშნულებას ღებულობს, რომ ჩვენი ამ ფუძე-სუბსტანციის სარკედ იყოს. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ თვით ეს არსება ღვთიური მიზნების მატარებელი სუბიექტი იყოს, რომლებიც (ეს მიზნები) ადამიანური მოქმედების შინაარსად შეიძლება იქცნენ. მაგრამ ასეთი ცნება ღვთის არსების, ვითარცა ადამიანური მოქმედების ზოგადი სუბსტანციის, (ჩვენდამი) მიმართებისა და ამგვარი ზნეობრიობა ინდოთა შორის შეუძლებელია, რადგან მათ თავიანთი ცნობიერების შინაარსად გონითი ელემენტი არა აქვთ. ერთის მხრივ, მათი ქველობა მდგომარეობს განყენებაში ყოველივე მოქმედებისაგან ბრაჰმანად ყოფნის პროცესში. მეორეს მხრივ, ყოველი ქმედება მათთვის უკვე წინასწარვე მითითებული გარეგნული წესია და არა თავისუფალი საკუთარი შინაგანი თვითობისმიერი ქმედება, და ამიტომაცაა, რომ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ინდოთა ზნეობრივი მდგომარეობა უაღრესად გახრწნილად წარმოგვიდგება. ამაში ყველა ინგლისელი თანახმაა. მართალია, ადვილი შესაძლებელია, რომ ინდოთა მორალურობაზე მსჯელობისას შეცდომაში შეგვიყვანოს მათი ლმობიერების, სინაზის, მათი მშვენიერი და მგრძნობიარობით აღსავსე ფანტაზიის აღწერამ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე გაფუჭებულ ერებშიც მოიპოვება ასეთი მხარეები, რომლებსაც შეგვიძლია სინაზისა და კეთილშობილების გამოხატულებები ვუწოდოთ, არსებობს ჩინური ლექსები, სადაც უნაზესი ტრფობაა გამოხატული, სადაც ღრმა განცდის, სიმდაბლის, კდემისა და მორიდებულობის სურათებს ვხედავთ და რომლებიც ამით შეგვიძლია ევროპული ლიტერატურის საუკეთესო ქმნილებებს გვერდით დავუყენოთ, იმასვე ვხედავთ მრავალ ინდურ პოეტურ ნაწარმოებში. მაგრამ ზნეობრიობის, მორალურობის, გონის თავისუფლების, საკუთარი უფლების ნიშან-წყალს აქ ვერ იპოვით. გონითი და ფიზიკური არსებობის მოსპობა არაფერს კონკრეტულს არ შეიცავს და აბსტრაქტულ ზოგადობაში ჩაძირვა არანაირ კავშირში არაა სინამდვილესთან. ინდოს ხასიათის ძირეული თვისებებია ცბიერება და ეშმაკობა. მოტყუება, მოპარვა, ძარცვა, მკვლელობა მის ზნე-ჩვეულებათა რიგში შედის. გამარჯვებულისა და ბატონის წინაშე იგი მუცელზე მხოხავია და თავს მდაბლად აჩვენებს, მაგრამ ძლეულისა და ხელქვეითის მიმართ იგი სასტიკი და დაუნდობელია. ინდოს ადამიანობის დამახასიათებელი ესაა, რომ იგი ცხოველს არ კლავს, ქმნის მდიდრულ თავშესაფრებს ცხოველებისთვის, განსაკუთრებით — დაბერებული ძროხებისა და მაიმუნებისთვის, მაგრამ მთელს მის ქვეყანაში არ მოიპოვება არც ერთი დაწესებულება დაუძლურებული და ბერი ადამიანების შესანახად. ინდონი ჭიანჭველას ფეხს არ დააბიჯებენ, მაგრამ ღატაკ მოგზაურთა შიმშილით სიკვდილს გულგრილად შეჰყურებენ. განსაკუთრებით უზნეონი არიან ბრაჰმანები. ინგლისელები მოგვითხრობენ, რომ მათი ერთადერთი საქმეა ჭამა და ძილი. თუ რაღაცა აკრძალული არა აქვთ თავიანთ ზნე-ჩვეულებათა მიერ, სავსებით აყოლილნი არიან საკუთარ ნდომა-სწრაფვებს, სადაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერევიან, იქ სიხარბეს, უპატიოსნობას და ავხორცობას ავლენენ. იმათ ექცევიან თავმდაბლად, ვინც მათთვის საშიშია, და ამის სამაგიეროს თავიანთ ქვეშევრდომებს აზღვევინებენ. ერთი ინგლისელი მოგვითხრობს, მათ შორის პატიოსანი კაცი არ შემხვედრიაო. შვილებს მშობლების რიდი არა აქვთ. ვაჟი ავად ეპყრობა დედას.
ინდოთა ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს ა და მ ე ც ნ ი ე რ ე ბ ი ს განხილვა შორს წაგვიყვანდა. მაგრამ ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ თუ დაწვრილებით ვიცნობთ ამათ ღირებულებას, მაშინ გავრცელებულ ლაპარაკს ინდური სიბრძნის შესახებ კარგა მნიშვნელოვანი წონა აკლდება. ჩვენ ვხედავთ, რომ წმინდა უთვითობო იდეალურობისა და განსხვავებულობის ინდური პრინციპის მიხედვით — განსხვავებულობისა, რომელიც ამდენადვე გრძნობადი, — მხოლოდ აბსტრაქტული აზროვნებისა და ფანტაზიის განვითარებაა შესაძლებელი. ასე, მაგალითად, ინდოეთში გრამატიკამ დიდ სიმყარეს მიაღწია. მაგრამ თუ მეცნიერებებში ან ხელოვნების ნაწარმოებებში საქმე სუბსტანციალურ მასალაზე მიდგება, ამგვარ მასალას მათში ვერ ჰპოვებთ. მას შემდეგ, რაც ინგლისელები ამ ქვეყნის ბატონ-პატრონნი გახდნენ, დაიწყო ინდური განათლების კვლავ აღმოჩენა. უილიამ ჯონსმა პირველმა იპოვა ოქროს ხანის პოეზია. ინგლისელებმა კალკუტაში თეატრალური სპექტაკლები შემოიღეს. აქ ბრაჰმანები დრამებსაც დგამდნენ, მაგალითად, კალიდასას ს ა კ უ ნ ტ ა ლ ა ს და ა.შ. ამ აღმოჩენის სიხარულს აყოლილებმა, ევროპელებმა მეტისმეტად მაღალი შეფასება მისცეს ინდოთა განათლებას და, — როგორც ჩვეულებრივ ხდება, ახალი და უცხო საუნჯის აღმოჩენისას რომ საკუთარს ათვალწუნებით გადმოვხედავთ ხოლმე, — გადაწყვიტეს, რომ ინდური პოეზია და ფილოსოფია ბერძნულს ბევრად აღემატება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ინდოთა უძველესი და ფუძე-წიგნები, განსაკუთრებით ვ ე დ ე ბ ი. ესენი შეიცავენ რამდენიმე ნაწილს, ამათში მეოთხე უფრო გვიანი წარმოშობისაა. მათი შინაარსი შედგება ნაწილობრივ რელიგიური ლოცვებისგან, ნაწილობრივ დანაწესებისაგან, თუ რისი ქმნა ჰმართებთ ადამიანებს. ამ ვედების რამდენიმე ხელნაწერმა ევროპაში შემოაღწია, მაგრამ მათი სრული კრებული უაღრესად იშვიათი რამ გახლავთ. ნაწერი ნემსით ამოკაწრულია პალმის ფურცლებზე. ვედები ძალიან ძნელი გასაგებია, ვინაიდან მათი გადაწერა უძველესი დროიდან ხდება და მათი ენა ძალიან ძველი სანსკრიტია. მხოლოდ კ ო ლ ბ რ უ კ ს აქვს მათი ერთი ნაწილის თარგმანი, მაგრამ ეს ნაწილი, შესაძლოა, თვით იყოს აღებული რომელიმე კომენტარიდან, რომლებიც მრავლად არსებობს. ევროპაში შემოაღწია ორმა დიდმა ეპიკურმა გალექსილმა თხზულებამაც: რ ა მ ა ი ა ნ ა მ და მ ა ჰ ა ბ ა რ ა ტ ა მ. პირველი დაიბეჭდა სამ ტომად. ამათში მეორე ტომი იშვიათობას წარმოადგენს. ამ თხზულებათა გარდა პ უ რ ა ნ ე ბ ი ც უნდა ვახსენოთ. ესენი შეიცავენ ერთი ღმერთის ან ერთი ტაძრის ისტორიას. ეს თხზულებები სავსებით ფანტასტიკურია. შემდეგ, ინდოთა ფუძემდებელი წიგნია მ ა ნ უ ს კანონთა კრებული. ეს ინდო კანონმდებელი შეუდარებიათ კრეტელი მინოსისათვის, რომლის სახელიც ეგვიპტეშიც გვხდება. უეჭველია, საგულისხმოა და არც თუ შემთხვევითი, რომ ეს სახელი ამგვარად მოარულია. მანუს ზნეთა წიგნი (გამოიცა კალკუტაში სერ.უ.ჯონსის ინგლისურ თარგმანში) ინდური კანონმდებლობის საფუძველია. იგი იწყება თეოგონიით, რომელიც განსხვავდება არა მარტო სხვა ხალხთა მითოლოგიისაგან, რაც ბუნებრივია, არამედ თვით ინდოთა ტრადიციისაგანაც, რადგან ამ ტრადიციებშიც მხოლოდ რამდენიმე ხაზია საყოველთაოდ განმეორებადი, დანარჩენი კი ყოველი ცალკეული კაცის თვითნებობასა და მოხასიათებაზეა დამოკიდებული, რის გამოც სულ სხვადასხვა ტრადიციებს, სხვადასხვა ფიგურებსა და სახელებს ვაწყდებით. მანუს კანონთა წიგნის დაწერის დროც სავსებით გაურკვეველი და განუსაზღვრელია. ტრადიცია აღწევს ორ-სამ საუკუნეს ქრისტეს შობამდე. ლაპარაკია მზის ძეთა დინასტიაზე, რომელსაც მთავრის ძეთა დინასტია მოჰყვა. მაგრამ ეს კი უეჭველი გახლავთ, რომ წიგნი უძველესია და მისი ცნობა ინგლისელებისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის, რამდენადაც მათი ცოდნა (აქაური) სამართლის შესახებ მასზეა დამოკიდებული.
რაკიღა ინდური პრინციპი უკვე დავახასიათეთ მისი კასტურ განსხვავებებში, რელიგიასა და ლიტერატურაში გამოვლენის მხრივ, ახლა უნდა შევჩერდეთ პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი ყოფის რაგვარობაზეც, ანუ ინდური ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს საფუძვლებს უნდა შევეხოთ. სახელმწიფო ის გონითი სინამდვილე გახლავთ, როცა გონის თვითცნობიერი ყოფიერება, ნების თავისუფლება ნამდვილდება ვითარცა კანონი. ეს შეუვალად გულისხმობს თავის წინამძღვრად თავისუფალი ნების ცნობიერებას საერთოდ. ჩინურ სახელმწიფოში კანონს წარმოადგენს იმპერატორის მორალური ნება, მაგრამ წარმოადგენს იმგვარად, რომ სუბიექტური, შინაგანი თავისუფლება დათრგუნული რჩება და თავისუფლების კანონი განმგებლობს მხოლოდ როგორც ინდივიდთა გარეთ მყოფი რამ. ინდოეთში უკვე არსებობს ერთგვარი პირველდაწყებითი წარმოსახვისმიერი შინაგანობა, არსებობს ერთიანობა ბუნებითისა და გონითისა, მაგრამ ამ ერთიანობაში არც ბუნებაა მოცემული, როგორც განსჯისთვის გასაგები სამყარო, არც გონითია მოცემული, როგორც ბუნებისადმი თავისთავის დამაპირისპირებელი თვითცნობიერება. აქ გვაკლია დაპირისპირება პრინციპში. გვაკლია თავისუფლება, როგორც თავისთავად-მყოფი ნება, და თავისუფლება, როგორც სუბიექტური თავისუფლება. ამგვარად, აქ სრულებით არ გვაქვს სახელმწიფოს სპეციფიკური ნიადაგი — თავისუფლების პრინციპი. მაშასადამე, ინდოეთში შეუძლებელია სახელმწიფოს არსებობა ამ სიტყვის საკუთრივი აზრით. ეს გახლავთ პირველი, რაც ამ ქვეყნის შესახებ უნდა ვთქვათ. თუ ჩინეთი მთლად სახელმწიფო იყო, ინდოთა პოლიტიკური არსება მარტოოდენ ხალხს წარმოადგენს და არა სახელმწიფოს. მეორეც, თუ ჩინეთში მორალური დესპოტიზმი ვნახეთ, სამაგიეროდ ის, რასაც ინდოეთში კიდევ გაჭირვებით შეგვიძლია პოლიტიკური ცხოვრება ვუწოდოთ, ყოველგვარ მაფუძნებელ საწყისს, ზნეობრიობისა და რელიგიურობის ყოველგვარ წესს მოკლებული დესპოტიზმია. რადგან ზნეობრიობასა და რელიგიას, რამდენადაც ეს უკანასკნელი ადამიანის ქცევას ეხება, თავის მიუცილებელ პირობად და საფუძვლიანად ნების თავისუფლება აქვთ. ამიტომაც ინდოეთში გაბატონებულია ყველაზე უფრო თვითნებური, ყველაზე უვარგისი, ადამიანისთვის პატივის ამყრელი დესპოტიზმი. ჩინეთი, სპარსეთი, თურქეთი, საერთოდ აზია — ესენი სულ დესპოტიზმის ნიადაგი გახლავან და, თუ ამ უკანასკნელმა ავი ხასიათი მიიღო, ტირანიისაც. მაგრამ ეს უკანასკნელი (ტირანია) ამ ქვეყნებში ისეთ რადმე ითვლება, რასაც მოვლენათა მიმდინარეობის საერთო წესი არ გულისხმობს და რასაც ამტყუნებს რელიგია და ინდივიდთა მორალური ცნობიერება. ამ ქვეყნებში ტირანია ინდივიდებს აშფოთებს, ისინი მას სიძულვილით ეკიდებიან და დაჩაგვრად განიცდიან. ამიტომაც იგი შემთხვევითია და, როგორც ვთქვით, მოვლენათა საერთო წესის გარეთ ძევს. იგი ჯერ-არს, რომ არ იყოს. ინდოეთში, პირიქით, იგი მოვლენათა განვითარების საერთო წესის ნაწილია, რადგან აქ არ არსებობს ის თვითობის გრძნობა, რომელსაც შეუდარებდნენ ტირანიას და ამ შედარების შედეგად ადამიანის შიდაწიაღი იმ ტირანიას აღუშფოთდებოდა. ტირანიის წინააღმდეგ ნეგატიური განცდის აღძვრა აქ მხოლოდ სხეულებრივ ტკივილს, უპირველესი საჭიროების მოთხოვნილებათა დათრგუნვას და ვნების დაკმაყოფილების მოკლებასღა ძალუძს.
ამგვარ ხალხში არ უნდა ვეძებოთ ის, რასაც ზემოთ ვუწოდეთ ისტორია ამ სიტყვის ორგვარი აზრით, და სწორედ ამაში ჩანს ყველაზე მკვეთრად განსხვავებაა ჩინეთსა და ინდოეთს შორის. ჩინელებს მოეპოვებათ თავიანთი ქვეყნის ვითარებათა უაღრესად დეტალური თხრობა. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რა ზომებს მიჰმართავენ ისინი, რათა ყოველივე ზუსტად იქნეს აღრიცხული მათს საისტორიო წიგნებში. ინდოეთში სწორედ ამის საპირისპირო ვითარება სუფევს. თუ ჩვენს ახალ დროში, როდესაც ინდური ლიტერატურის საუნჯეებს გავეცანით, აღმოჩნდა, რომ მათ დიდი სახელი მოუპოვებიათ გეომეტრიაში, ალგებრასა და ასტრონომიაში, რომ ფილოსოფიაშიც კარგა შორს წასულან და გრამატიკის შესწავლა ისე ჰქონიათ დაყენებული, რომ თავისი განვითარება-ჩამოყალიბებულობით ვერც ერთი ენა სანსკრიტს ვერ ედრება, სამაგიეროდ ისტორიას მათში სრულებით უგულებელყოფილს ვხედავთ, უფრო ზუსტად, იგი იქ არც არსებობს. რადგან ისტორიკოსობა მოითხოვს იმის განსჯის უნარს და იმის ძალას, რომ საგანი მის ნებაზე, თავისუფლად მიუშვათ და იგი მის განსჯითსაწვდომ მთლიანობაში გაიგოთ. ამიტომაც ისტორიის შექმნის, ისევე როგორც საერთოდ პროზის შექმნის უნარი მხოლოდ იმ ხალხებს აქვთ, რომლებიც იმის გაგებამდე მისულან, რომ ინდივიდები თავისთავს აღიქვამენ როგორც თავისთვისმყოფებს, აღიქვამენ თვითცნობიერებით, და ამ გაგებიდან ამოდიან.
ჩინელები იმის მიხედვით ფასობენ, რადაც თავი შეუქმნიათ სახელმწიფოს — ამ ერთი დიდი მთლიანობის ჩარჩოში. რაკიღა ამ გზით მისულან თავიანთ თავისთავში-მყოფობასთან, ისინი საგნებსაც თავისუფლებას ანიჭებენ და მათ ისე აღიქვამენ, როგორც ეს საგნები თვით არიან თავიანთ გარკვეულობასა და თავიანთ ურთიერთკავშირში. წინააღმდეგ ამისა, ინდონი დაბადებითვე ეკუთვნიან რომელიღაცა სუბსტანციურ განსაზღვრულობას და ამავე დროს მათი გონი იდეალურობამდეა ამაღლებული, ასე რომ ისინი წინააღმდეგობას წარმოადგენენ, რაკიღა, ერთის მხრივ, მყარ განსჯითსაწვდომ გარკვეულობას თავიანთ იდეალურობაში ხსნიან და აუქმებენ, ხოლო მეორე მხრივ იგი (თავისი ეს იდეალურობა, თავისი ცნობიერების იდეალური შინაარსი. მთარგმნ. შენ.) გრძნობად განსხვავებულობამდე ჩამოჰყავთ. ეს მათ ისტორიკოსობის უნარმოკლებულს ხდის; ყოველივე, რაც კი მოხდება, რაკი მათ ხელში მოხვდება, აღრეულ ზმანებებად იქცევა ხოლმე; რასაც ჩვენ ისტორიულ ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, ამბავთა გონივრულსა და საზრისიან აღქმასა და გადმოცემის სიზუსტეს ვეძახით ხოლმე, ყოველივე ამას ძებნა ინდოთა შორის ფუჭი საქმიანობაა. ერთის მხრივ, მათ აღგზნება და ნერვების სისუსტე არ აძლევს საშუალებას, რომ აქარსობის რომელიმე სახე აიტანონ და მყარი გარკვეულობით აღიქვამენ, მათ მიერ ამ უკანასკნელის აღქმა მათს მგრძნობიარობასა და ფანტაზიას სიცხიანის ზმანებად უქცევია. მეორე მხრივ, სიმართლე მათი ბუნების საწინააღმდეგოა, ისინი შეგნებულად და წინასწარგანზრახულად ტყუიან მაშინაც კი, როცა ჭეშმარიტება იციან. როგორც ინდური გონი თვითაა მოზმანება და განქარვება, თვითობას მოკლებული გახსნა-გათქვეფა, ისევე ქარვდება ინდოს თვალში საგნები ნამდვილობას მოკლებულ ხატებად და რაღაცა უზომოდ. ეს ინდოთათვის აბსოლუტურად დამახასიათებელი შტრიხი გახლავთ და მხოლოდ იგიც კმარა, რომ მისგან ამოსვლით გავიგოთ ინდური გონი მისს გარკვეულობაში და მისგან ამოსვლითვე შევძლოთ ყოველივე იმის გამოყვანა, რაც აქამდე ვთქვით.
მაგრამ ისტორიას ხალხისთვის მუდამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მისით მიდის ეს ხალხი თავისი გონის, როგორც მთელის, გაცნობიერებამდე, რომელიც (ეს მთელი) კანონებში, ზნე-ჩვეულებებსა და მოქმედებაში გამოიხატება. კანონები, როგორც ზნენი და დაწესებულებანი, საერთოდ ის არიან, რაც მდგრადია. მაგრამ ისტორია ამა თუ იმ ხალხს მის თავს რაღაც გარკვეულ მდგომარეობაში უხატავს, რომელიც (ეს მდგომარეობა) მისთვის ამ გზით ობიექტური რამ ხდება. ისტორია თუ არა აქვს, მაშინ ხალხის დროითი აქარსობა ბრმაა და იგი მხოლოდ თვითნებობის განმეორებადი თამაშია მრავალგვარ ფორმებში. ისტორია აფიქსირებს ამ შემთხვევითობას, მას მდგრადს ხდის, მას ზოგადობის ფორმას ანიჭებს და სწორედ ამით იგი წესებს ადგენს, მის (ამ შემთხვევითობის) სასარგებლოდ ან მის საწინააღმდეგოდ მიმართულს. იგი არსებითი მნიშვნელობის მქონე შუამავალი წევრია წყობის (კონსტიტუციის) განვითარებასა და განსაზღვრაში, სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, გონივრული პოლიტიკური მდგომარეობის გამომუშავებაში; რადგან იგი (ისტორია) ემპირიული გზა გახლავთ ზოგადის წარმოქმნისა, რაკიღა იგი ჩვენს წარმოდგენას მდგრად რასმე დაუყენებს ხოლმე თვალწინ. ვინაიდან ინდოელებს არ მოეპოვებათ ისტორია როგორც ჟამთააღმწერლობა (Historie), მათ არ მოეპოვებათ არც ისტორია, როგორც საქმეთა თანმიმდევრობა (Res gestae), ანუ არ მოეპოვებათ განვითარება-ჩამოყალიბებულობა ჭეშმარიტად პოლიტიკურ მდგომარეობამდე.
ინდურ წერილობით ძეგლებში ხშირად იხსენიება ეპოქები და ისეთი დიდი რიცხვები, რომლებსაც ასტრონომიული მნიშვნელობა აქვთ, უფრო ხშირად კი სრულებით ნებისმიერადაა განსაზღვრული. ასე, მაგალითად, მეფეების შესახებ ნათქვამია ხოლმე, რომ სამოცდაათ ათას წელს ან კიდევ უფრო დიდხანს უმეფიათ. ბრაჰმას — კოსმოგონიის ამ პირველ ფიგურას, რომელმაც თავისთავი შექმნა, — ოცი ათასი მილიონი წელი უცხოვრიაო და ა.შ. მოყვანილია მეფეთა აურაცხელი სახელები, მათ შორის, ვიშნუს ინკარნაციებსაც. სასაცილო იქნებოდა, ასეთი რამ რომ ისტორიულად ჩაგვეთვალა. ლექსებში გათქვეფილან ზღაპრებში, მაგალითად მოთხრობილია, რომ ისინი განუდგებიან ხოლმე ქვეყანას და კვლავ გამოჩნდებიან ხოლმე მას შემდეგ, რაც ათი ათას წელს მარტოობაში გაატარებენ. მაშასადამე, რიცხვებს არა აქვს ამ ტექსტებში ის მნიშვნელობა და გასაგები აზრი, რაც მათ ჩვენში გააჩნიათ.
ამიტომაც ინდოეთის ისტორიის უძველესი და ყველაზე საიმედო წყაროებია ბერძენ ავტორთა ჩანაწერები, რომლებიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა ამ ქვეყნისაკენ გზა გაკაფა. ამ ჩანაწერებიდან ვტყობილობთ, რომ ყველა ინსტიტუტები მაშინაც იმგვარივე ყოფილა იქ, როგორც დღესაა. აქ ლაპარაკია სანტარაკოტუსზე როგორც ინდოეთის იმ ჩრდილო ნაწილის გამოჩენილ მმართველზე, სადამდისაც კი ბაქტრიის სამეფო ვრცელდებოდა. სხვა წყაროს წარმოადგენენ მაჰმადიან ისტორიკოსთა ნაწერები, რადგან მაჰმადიანთა თავდასხმები ამ ქვეყანაზე ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში დაიწყო. ღაზნევიდთა გვარის ფუძემდებელი თურქი მონა იყო. მისი ძე მაჰმუდი შეესია ინდოსტანს და თითქმის მთელი ქვეყანა დაიპყრო. მან თავისი რეზიდენცია ქაბულის დასავლეთით დააარსა. მის კარზე ცხოვრობდა პოეტი პირდოუსი. ღაზნევიდთა დინასტია პირწმინდად იქნა ამოწყვეტილი ჯერ ავღანთა, შემდეგ კი მონღოლთა მიერ. ახალ დროში თითქმის მთელი ინდოეთი ევროპელთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ამგვარად, ის, რაც ინდოეთის ისტორიის შესახებ ვიცით, უმეტეს შემთხვევაში უცხოელთა მონათხრობია, მათი საკუთარი ლიტერატურა კი მხოლოდ განუსაზღვრელ მონაცემებს იძლევა. ევროპელები ირწმუნებიან, შეუძლებელია ინდურ წყაროთა ჭაობში გზის გაგნებაო. უფრო გარკვეული ცნობების ამოკრება უნდა შეიძლებოდეს, თითქოს, დოკუმენტებიდან და წარწერებიდან, განსაკუთრებით პაგოდებისა და ღმერთებისათვის მიწის ნაჩუქრობის სიგელებიდან, მაგრამ აქაც სახელების გარდა სხვა ვერაფერს ვხედავთ. წყაროა ასტრონომიული ტექსტებიც, რომლებიც ძალიან ძველი გახლავთ. კოლბრუკმა დაწვრილებით შეისწავლა ეს ტექსტები, მაგრამ მათი ძველი ხელნაწერების მოპოვება ძალიან ჭირს იმის გამო, რომ ბრაჰმანები მათ საიდუმლოდ ინახავენ და, გარდა ამისა, ხელნაწერები აურაცხელი ინტერპოლაციებითაა შერყვნილი. ირკვევა, რომ ვარსკვლავთა განლაგების შესახებ მოცემული ცნობები ხშირად ერთიმეორეს ეწინააღმდეგება და რომ ბრაჰმანებს ამ ძველ ნაწარმოებებში თავიანთი თანამედროვე ვითარებები შეუტანიათ. მართალია, ინდოებს მათ მეფეთა ნუსხები და ნაგარიში მოეპოვებათ, მაგრამ ამათშიც უდიდესი თვითნებობა სუფევს. ეს ნათელი გახლავთ იმდენად, რამდენადაც ხშირად ერთი სია ოცი მეფით მეტს შეიცავს ხოლმე, ვიდრე მეორე. თვით იმ შემთხვევაშიც კი, ეს სიები რომ სარწმუნო ყოფილიყო, ისინი მაინც ისტორია არ იქნებოდნენ. რაც ამ წყაროთა სიმართლეს შეეხება, ამ მხრივ ბრაჰმანები სრულებით უსინდისონი არიან. კაპიტანმა უილფორდმა დიდი შრომისა და ხარჯის ფასად შეძლო, ყოველი მხრიდან ხელნაწერების მოპოვების საქმე მოეწყო. მან შემოიკრიბა რამდენიმე ბრაჰმანი და დაავალა მათ ამ ნაწარმოებიდან ადგილების ამოკრება და გამოკვლევა, თუ რა ცნობები არსებობდა იქ გარკვეული საყოველთაოდ განთქმული ამბების შესახებ: ადამ და ევაზე, წარღვნაზე და ა.შ. ბრაჰმანებმა თავიანთი ბატონის ამების მიზნით შეუკოწიწეს მას ისეთი ცნობები, რომლებიც თვით ხელნაწერებში არ მოიპოვებოდა. უილფორდმა მრავალი გამოკვლევა დაწერა მათი ასეთი მონაპოვრის საფუძველზე, მაგრამ ბოლოს მაინც შენიშნა სიყალბე და თავისი შრომა ფუჭად აღიარა. მიუხედავად თქმულისა, ინდოებს ერთი გარკვეული ერაც მოეპოვებათ: ისინი დროს ანგარიშობენ ვ ი კ რ ა მ ა დ ი ტ ი ა ს ხნიდან, რომლის ბრწყინვალე კარზედაც უმოღვაწია ს ა კ უ ნ ტ ა ლ ა ს შემქმნელს კ ა ლ ი დ ა ს ა ს. ამ დროს, საერთოდ, დიდებულ პოეტებს უცხოვრიათ. ბრაჰმანები ამბობენ, რომ ვიკრამადიტიას კარზე ცხრა ასეთი მარგალიტი ბრწყინავდა. მაგრამ ჯერ კიდევ საკვლევია, თუ როდის არსებობდა მთელი ეს ბრწყინვალება. ზოგი მონაცემის საფუძველზე ასეთ დროდ მიჩნეულია 1491 წელი ქრისტეს შობამდე, სხვა მონაცემები მიგვითითებენ 50 წელს ქრისტეს წინ და ჩვეულებრივად მიღებული თარიღიც სწორედ ეს გახლავთ. ბენტლის გამოკვლევების თანახმად, ვიკრამადიტიას უმეფია მეთორმეტე საუკუნეში ქრისტეს წინ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ინდოეთში ამ სახელის მატარებელი ხუთი მეფე ყოფილა, უფრო მეტიც - რვა ან ცხრა. ამიტომ ამ საკითხშიც ისევ სრულ გაურკვევლობაში ვართ.
ევროპელებმა რომ ინდოეთი გაიცნეს, იქ უამრავი წვრილი სამეფო იყო, რომლებსაც სათავეში მუსულმანი ან ინდუისტი მთავრები ედგნენ. მდგომარეობა ლამის მოსაკარგავეობის წესით იყო ორგანიზებული და სამეფოები იყოფოდა ოლქებად, რომელთაც მეთაურებად ერთგან მაჰმადიანები, მეორეგან — მეომართა კასტის წარმომადგენლები ჰყავდათ. ამ მეთაურთა საქმიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ გადასახადები ეკრიბათ და ომები ეწარმოებინათ. ამგვარად, ესენი შეადგენდნენ თავისებურ არისტოკრატიას, მთავართა საბჭოს. მაგრამ მთავრებს ძალაუფლება მხოლოდ იმდენად აქვთ, რამდენადაც ისინი შიშს თესენ, და ძალადობის გარეშე მათ არავინ არაფერს უსრულებს. სანამ ასეთ მთავარს ფული არ შემოჰკლებია, მას ჯარი ჰყავს და მეზობელი მთავრები, რომლებიც მას ძლიერებით ჩამორჩებიან, იძულებულნი არიან მას ხარკი უხადონ, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში სჩადიან, თუ მათ ძალა დაატანეს. ამგვარად, მთელი ვითარება თავის მთლიანობაში მშვიდობისა კი არაა, არამედ გამუდმებული ბრძოლისა, თუმცა, ამ ბრძოლის შედეგად არაფერი იქმნება და არაფერი ვითარდება. ესაა უფრო ენერგიული მთავრის ნების ბრძოლა უფრო უძლურის ნების წინააღმდეგ, მეტი არაფერი. ეს მბრძანებელთა დინასტიებისა და ამბოხებების ისტორიაა, ამასთან, არა ქვეშევრდომების ამბოხებებისა მთავართა წინააღმდეგ, არამედ ძის ამბოხებისა მამის წინააღმდეგ, ძმისა — ძმის წინააღმდეგ, ძმისწულისა — ბიძის წინააღმდეგ ან პირუკუ, მოხელეებისა — მბრძანებლის წინააღმდეგ. შეიძლებოდა გვეფიქრა, ეს მდგომარეობა, რომელიც ევროპელებს ინდოეთში დაჰხვდათ, ძველ, უკეთეს ორგანიზაციათა მოშლის შედეგი იყოო, სახელდობრ, დაგვეშვა, რომ მოგოლთა ბატონობის პერიოდში ინდოეთს ბედნიერების, ბრწყინვალებისა და პოლიტიკური მდგომარეობის ხანა ჰქონია, როცა ინდოეთი არ იყო გარედამპყრობთა მიერ დათრგუნული თავის რელიგიურსა და პოლიტიკურ ყოფიერებაში. მაგრამ რაც კი შემოგვრჩა ისტორიული კვალისა და ცალკეული შტრიხების სახით, ან კიდევ პოეტების მიერ დატოვებულ აღწერებში და გადმოცემებში, ის ამავე ვითარებას გვიჩვენებს, როცა ქვეყანა დაყოფილია ურთიერთმეომარ მხარეებად და პოლიტიკურ საქმეებში უაღრესი არამდგრადობა სუფევს. ის, რაც ამის საწინააღმდეგოზე მეტყველებს, ადვილად აიხსნება როგორც ოცნება და ცარიელი ფანტაზია. ეს მდგომარეობა გამომდინარეობს ინდური ცხოვრების იმ ცნებიდან, რომელიც ზემოთ იქნა მოცემული, და ამ უკანასკნელისეული აუცილებლობიდან. ომებმა სექტებს შორის, ბრაჰმანებსა და ბუდისტებს შორის, ვიშნუსა და შივას მიმდევრებს შორის, თავის მხრივ, თავისი წვლილი შეიტანა ამ აღრევაში. მართალია, ერთგვარი საერთო ხასიათი მთელს ინდოეთს აქვს. მაგრამ ამ საერთოს გვერდით არსებობს უდიდესი განსხვავება ინდოეთის სხვადასხვა შტატებს შორის. ასე რომ ინდოეთის ერთ შტატში შეიძლება უდიდესი ლმობიერების და სილბილის მოწმენი გავხდეთ, მეორეში კი უაღრესი ძალისა და სისასტიკის.
თუ ახლა, დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ შევადარებთ ერთიმეორეს ჩინეთსა და ინდოეთს, უნდა ვთქვათ, რომ ჩინეთში ჩვენ უაღრესად უფანტაზიო განსჯის მოწმენი ვართ, პროაზიული ცხოვრებისა მყარად განსაზღვრულ სინამდვილეში. ინდოეთის სამყაროში, თუ შეიძლება ასე ითქვას, არ არსებობს ისეთი საგანი, რომელიც ნამდვილი, მტკიცედ შემოსაზღვრული იყოს და რომელსაც ფანტაზია წამსვე ვერ აქცევდეს იმის საწინააღმდეგო რადმე, რაც იგი განმსჯელი ცნობიერებისათვის არის. ჩინეთში კანონთა შინაარსს მორალური საწყისი შეადგენს, იგი (ეს საწყისი) გარეგან მყარად განსაზღვრულ ურთიერთობადაა ჩამოყალიბებული და ყოველივეს თავს დასტრიალებს იმპერატორის პატრიარქალური მზრუნველობა, რომელიც, ვითარცა მამა, ყველა თავისი ქვეშევრდომისთვის თანაბრად გულშემატკივარია. ინდოებში, პირუკუ, სუბსტანციალურია არა ეს ერთიანობა, არამედ, განსხვავებულობა: რელიგია, ომი, ხელობები, ვაჭრობა, თვით უდარესი საქმიანობაც კი — ყველა ესენი აქ მკაცრ განმასხვავებლებად ქცეულან, რომლებიც იმ ერთეული ნების სუბსტანციას შეადგენენ, რომელიც მათ ქვეშაა სუბსუმირებული და ამ უკანასკნელთათვის ამომწურავი არიან. ამას უკავშირდება უზომო, გონებასმოკლებული ფანტაზია, რომელსაც ადამიანის ღირებულება და მისი ქცევა აურაცხელ უქონო და უსულგულო მოქმედებებთან დაუკავშირებია, უგულვებელყოფილია ყოველგვარი ანგარიშგაწევა ადამიანის კეთილდღეობისადმი და ამ უკანასკნელის უსასტიკესი და უაღრესად ულმობელი შელახვაც კი მოვალეობად გაუხდია. ასეთი მყარი განსხვავებულობის არსებობის პირობებში ერთიან სახელმწიფო ნებას სხვა არა რჩება რა გარდა წმინდა თვითნებობისა, რომლის ყოვლისშემძლეობასაც სხვა ვერა რა აღუდგება წინ გარდა კასტურ განსხვავებათა სუბსტანციალობისა, რომელიც რაღაცაში თავისას გაიტანს. ჩინელები, რომლებიც განსჯისუნარიანი პროზაული ადამიანები არიან, უმაღლესად აღიარებენ და ეთაყვანებიან მხოლოდ აბსტრაქტულ უზენაეს უფალს, ხოლო რაც შეეხება განსაზღვრულის სფეროს, აქ ისინი სამარცხვინო ცრუმორწმუნეობის ტყვეობაში იმყოფებიან. ინდოთათვის ამგვარი ცრუმორწმუნეობა იმდენადაა უცხო, რამდენადაც ეს უკანასკნელი განსჯისადმი დაპირისპირებულ რასმე წარმოადგენს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მთელი მათი ცხოვრება და ყველა მათი წარმოდგენა ერთი მთლიანი ცრუმორწმუნეობაა, რაკი მათში ყოველივე ზმანებაა და ამ ზმანებისადმი მონობა. ყოველივე გონების, მორალურობისა და სუბიექტურობის მოსპობა-უკუგდება მათ სხვა ვერანაირად ვერ მიიყვანს თავისი თავის პოზიტიურ გრძნობასა და ცნობიერებამდე, თუ არ იმ გზით, რომ, ყოველივე ზომას აცდენილი, შმაგ ფანტაზიაში გადაიჭრება, გახელებული სულივით მოსვენებას ვერ პოულობს და თავისი თავი ვერ დაუოკებია და ამაშიღა პოვებს ტკბობას — მსგავსად სულით და ხორცით სავსებით დაქვეითებული ადამიანისა, რომელსაც არსებობა დაჰხშობია და აუტანლად გაჰხდომია და რომელიც მხოლოდ ოპიუმით ეძებს სიზმრისეული სამყაროს და შეშლილობისეული ბედნიერების შექმნას.
ბუდიზმი
ახლა კი დროა, რომ თავი მივანებოთ ინდური გონის ამ ზმანებაში მცხოვრებ ფორმას, რომელიც, თავის თავდაუჭერელსა და დაუოკებელ წყვეტებაში ბუნებისა და გონის ხან რომელ წარმონაქმნს მიჰვარდება და ხან რომელს, თავისთავში უუხეშეს გრძნობადობასა და უღრმესი აზრების ბუნდოვან წინაგრძნობას მოიცავს და სწორედ ამის გამო უკიდურესსა და უსაშველო ყმობაში იმყოფება ყოველივე იმის მხრივ, რაც თავისუფალსა და გონებითს სინამდვილეს შეეხება — ყმობაში რომელშიც ის აბსტრაქტული სახეობები, რომლებადაც კონკრეტული ადამიანური ცხოვრება იყოფა და სხვავდება, გაქვავებულან, ასე რომ ადამიანთა უფლებები და განათლება მხოლოდ ამათ განსხვავებაზე დამოკიდებული გამხდარა. ამ მთვრალურად მობარბაცე სიზმრისებრ სიცოცხლეს, რომელიც სინამდვილის სფეროში ბორკილებდადებულია, ამჯერად, უნდა შევუპირისპიროთ ის გულუბრყვილო სიზმრისებრი ცხოვრება, რომელიც ერთის მხრივ, უფრო უხეშია და ცხოვრების წესთა ზემოხსენებულ განსხვავებამდე მოუსვლელი, მეორე მხრივ კი სწორედ ამის გამო, ამ ყმობას აცდენილი, რასაც ცხოვრების წესთა ეს განსხვავებულობა იწვევს. ეს მეორე სიზმარეული უფრო თავისუფლად წარმოგვიდგება და უფრო დამოუკიდებლადაა თავისთავში ფიქსირებული. ამიტომაც მისეულ წარმოდგენათა სამყარო უფრო მარტივ პუნქტებად შეგვიძლია შევამჭიდროოთ.
ამ უკანასკნელი ფორმის გონიც ინდური მსოფლმხედველობის იმავე ფუძეპრინციპში ძევს, რომელზედაც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი, მაგრამ იგი უფროა თავისთავში კონცენტრირებული. მისი რელიგია უფრო მარტივია, პოლიტიკური მდგომარეობა — უფრო მშვიდი და წონასწორი. მის სფეროში უაღრესად სხვადასხვაგვარი ხალხები და ქვეყნები შემოდის: ცეილონი, უკანა ინდოეთი ბირმის სამეფოითურთ, სიამი, ანამი, მათ ჩრდილოეთით — ტიბეტი, შემდეგ ჩინეთის მთიანეთი თავისი სხვადასხვა ხალხებითურთ როგორებიც არიან მონღოლები და თათრები. აქ ვერ განვიხილავთ ამ ხალხთა კერძო ინდივიდუალობებს არამედ მხოლოდ მოკლედ შევეხებით მათს რელიგიას, რომელიც დედამიწის ყველაზე გავრცელებული რელიგია გახლავთ. ჩინეთში ბუდას თაყვანსა სცემენ ვითარცა ფ ო ს, ცეილონელები — ვითარცა გ ა უ ტ ა მ ა ს, ტიბეთში და მონღოლეთში ამ რელიგიამ ლ ა მ ა ი ზ მ ი ს ელფერი მიიღო. ჩინეთში, სადაც ფოს რელიგიამ ადრევე ჰპოვა დიდი გავრცელება და თან მოიტანა სამონასტრო ცხოვრებაც, ამ რელიგიამ ჩინური პრინციპისთვის გამამთლიანებელი მომენტის მნიშვნელობა მიიღო. ისევე, როგორც, სუბსტანციური გონი ამ ქვეყანაში მხოლოდ ს ა ე რ ო სახელმწიფოებრივი ცხოვრების ერთიანობად ყალიბდება, რომელიც ინდივიდებს მუდმივი არადამოუკიდებულების პირობებში ტოვებს, რელიგიაც არადამოუკიდებულებაში რჩება. იგი მოკლებულია განთავისუფლების მომენტს, რადგან მისი საგანია ბუნებითი პრინციპი საერთოდ, ზეცა, ზოგადი (საყოველთაო) მატერია, მაგრამ გონის ამ თავისთავს-გარეთ-მყოფობის ჭეშმარიტებაა იდეალური ერთიანობა, ბუნების და, საერთოდ, აქარსობის სასრულობაზე ამაღლება, ცნობიერების შიგნით-შექცევა. ამ მომენტმა, რომელსაც ბუდიზმი შეიცავს, იმდენად ჰპოვა ჩინეთში გასავალი, რამდენადაც ჩინელებმა იმას მიაღწიეს, რომ თავიანთი მდგომარეობის გონსმოკლებულობა და თავიანთი ცნობიერების არათავისუფლება განიცადონ. ამ რელიგიაში, რომელსაც, საერთოდ, თავისში- მყოფობის რელიგია უნდა ეწოდოს გონსმოკლებულობის (უგონობის) ამაღლება შინაგანობამდე ორი სხვადასხვა წესით ხდება, რომელთაგანაც ერთი უფრო უარყოფითი ( ნეგატიური ) გახლავთ, მეორე კი უფრო ჰოყოფითი (აფირმატიული).
რაც შეეხება ნ ე გ ა ტ ი უ რ ამაღლებას, იგი არის გონის შემოკრება, უსასრულოსკენ მიმართული, და გარდაუვალია რომ იგი თავდაპირველად რელიგიური განსაზღვრულობებით გვხვდებოდეს. იგი (ეს ნეგატიური ამაღლება ) ძევს იმ ფუძემდებელ დოგმაში, რომ ყველა ნივთთა საწყისი არარაა, რომ ყოველივე არარასგანაა წარმოშობილი და მისკენ მიდის. სამყაროული განსხვავებულობები მხოლოდ მოდიფიკაციებია ამ წარმომდინარეობისა .
ვინმეს რომ ეცადა სხვადასხვა სახე-ფორმათა (Gestalten, ფიგურათა) დაშლა ამ უკანასკნელებს მათი რაგვარობა (ქვალიტეტი) დაეკარგებოდათ, რადგან, თავისთავად აღებულნი, ყველა ნივთები ერთი და იგივე არიან, განუყოფადი რამ, და ეს სუბსტანცია არის არარა. აქედან აიხსნება მეტემფსიქოზთან კავშირიც: ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ფორმის ცვალებადობაა, მეტი არაფერი. გონის უსასრულობა თავისში, მისი უსასრულო კონკრეტული თვითმდგომობა ამისაგან ძალიან შორს გახლავთ. აბსტრაქტული არარა სწორედ რომ სასრულობის მიღმეთია, რასაც ჩვენ უმაღლეს საწყისს ვუწოდებთ. ეს ჭეშმარიტი პრინციპი მარად უძრაობაშია და თავისთავში უცვლელიაო, ასე გვეუბნება ეს რელიგია. მისი არსება სწორედ ესააო, რომ მას ქმედება და ნება არ გააჩნია რადგან არარა ის გახლავთ, რაც აბსტრაქტულად თავისთავთან ერთია. ბედნიერებისთვის კაცი უნდა ეცადოს, რომ თავისთავზე გამუდმებულ გამარჯვებათა გზით ამ პრინციპს გაუიგივდეს და ამიტომ არაფერი ქნას, არაფერი ინებოს, არაფერი მოითხოვოს. ამ ბედნიერ მდგომარეობასთან ხელი არა აქვს მანკიერებას, არც ქველობას, აქ მათი ხსენება უაზროა, რადგან საკუთრივი ნეტარება არარასთან ერთობაა.
რაც უფრო მეტად მიუახლოვდება კაცი განსაზღვრულობათა უქონლობას, მით უფრო სრულუყვია მას თავისთავი, და ფოს თანასწორი იგი სწორედ ქმედების მოსპობაში, წმინდა პასიურობაში ხდება. ცარიელი ერთიანობა მხოლოდ მომავალი, მხოლოდ გონის მიღმეთი კი არაა, არამედ იგი დღევანდელიცაა ჭეშმარიტებაა, რომელიც ადამიანისთვის არის და მასში უნდა მიაღწიოს არსებობას. ცეილონზე და ბირმის სამეფოში, სადაც ამ ბუდისტურ რწმენას ფესვები აქვს გადგმული, ის შეხედულება ბატონობს, რომ კაცს ძალუძს მედიტაციის საშუალებით თავი დაიხსნას სნეულებისადმი, სიბერისადმი,სიკვდილისადმი დაქვემდებარებისაგან.
მაგრამ თუ ეს ნეგატიური წესი გახლავთ გონის ამაღლებისა თავისი გარემოდან და მისი თავისთავისკენ მობრუნებისა, ეს რელიგია, მეორეს მხრივ, ჰოყოფითის (აფირმატიულის) ცნობიერებამდეც მიდის. აბსოლუტური არის გონი. მაგრამ გონის წვდომა- გაგებაშიც საქმე ყოველთვის არსებითად იმ განსაზღვრულ ფორმას მიადგება ხოლმე, რომლითაც გონი წარმოიდგინება. თუ ვლაპარაკობთ გონზე როგორც ზოგადზე, მაშინ ვიცით, რომ იგი (გონი) ჩვენთვის მხოლოდ ჩვენს შინაგან წარმოდგენაშია, მაგრამ, ის, რომ გონს მხოლოდ (ჩვენი) აზროვნებისა და წარმოდგენის ამ შინაგანობაში ვფლობდეთ, განათლება — ჩამოყალიბების (Bildung) გრძელი გზის შედეგადღა მიიღწევა. ისტორიის ამ პუნქტში, რომლამდისაც ჩვენს განხილვაში ჯერჯერობით მოვსულვართ, გონის ფორმას ჯერ კიდევ უშუალობა წარმოადგენს: აქ ღმერთი ჩვენთვის საგნობრივია უშუალო ფორმაში, არა აზრის ფორმაში, მაგრამ ამ უშუალო ფორმას წარმოადგენს ადამიანური აღნაგობა. მზე, ვარსკვლავები — ესენი ჯერ კიდევ არ არიან გონი, მაგრამ ადამიანი კი არის — ადამიანი, რომელიც აქ საღვთო თაყვანების საგნად ხდება ბუდას, გაუტამას, ფოს სახით, როგორც გარდაცვლილი მოძღვარი, და ცოცხალი ფიგურის — უზენაესი ლამას სახით. აბსტრაქტული განსჯა, ჩვეულებრივ, უმხედრდება ხოლმე ღმერთკაცის ასეთ წარმოდგენას, რომლის ნაკლოვან მომენტსაც, მისი აზრით, ის წარმოადგენს, რომ გონის ფორმად აქ უშუალო რამ გამოდის სახელდობრ, ადამიანი როგორც ასეთი.
ამ რელიგიურ მიმართულებასთან აქ ერთი ხალხის, მთლიანადა აღებულის, ხასიათია დაკავშირებული. მონღოლები, რომელნიც მთელს ცენტრალურ აზიაში არიან გავრცელებულნი ვიდრე ციმბირამდე, სადაც ისინი რუსებს ექვემდებარებიან, თაყვანს სცემენ ლამას და ამ თაყვანისცემასთანაა დაკავშირებული მარტივი პოლიტიკური მდგომარეობა, პატრიარქალური ცხოვრება. რადგან ესენი, კაცმა რომ თქვას, ნომადები არიან. მხოლოდ დროდადრო იწყება მათში დუღილი, ისინი თავიანთ საზღვრებში ვეღარ ეტევიან ხოლმე და ხალხთა წყალდიდობისებრ ამოძრავების მიზეზნი ხდებიან. ლამა სულ სამია. ამათში ყველზე განთქმულია დალაი ლამა, რომელსაც საჯდომი ლჰასაში, ტიბეტის სამეფოში აქვს . მეორეა ტაში ლამა რომელსაც ტაში — ლომპოელ პანჩენ-რინპონჩეს ტიტულით იმყოფება თავის რეზიდენციაში. მესამე სამხრეთ ციმბირშია. ორი პირველი ლამა სათავეში უდგას ორ სხვადასხვა სექტას. ერთის მღვდელთმსახურებს ყვითელი ჩაჩები ახურავთ, მეორისას— წითელი. ყვითელჩაჩიანებს, რომელთაც სათავეში დალაი-ლამა უდგათ და რომელთაც ჩინეთის იმპერატორი აკუთვნებს თავს, სამღვდელო პირთათვის უქორწინობა აქვთ შემოღებული, წითელჩაჩიანებში კი მღვდელთმსახურთა ქორწინება დაშვებულია. ინგლისელებმა ნაცნობობა გაუბეს ტაში-ლამას და სათანადო აღწერილობაც მოგვცეს.
საერთოდ, ის ფორმა რომელიც ბუდიზმის ლამაისტურ განვითარებაში სულიერ ელემენტს (Das Geistige) აქვს მიღებული, აწმყო ადამიანის ფორმა გახლავთ, იმ დროს როცა თავდაპირველად ბუდიზმში მის ადგილას გარდაცვლილი ადამიანი იდგა. ორივესთვის საერთო ისაა, რომ ისინი ადამიანს უკავშირდებიან იმაში, რომ ადამიანს თაყვანს სცემენ როგორც ღმერთს, და, სახელდობრ, როგორც ცოცხალ ღმერთს, რაღაცა წინააღმდეგობრივი და აღმაშფოთებელი ძევს. მაგრამ ამგვარი მსჯავრის გამოტანისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ შემდეგი: გონის ცნებაში შედის ის, რომ თვით თავისთავში ზოგადი რამ იყოს. მისი ეს განსაზღვრულობა ხაზგასმული უნდა იქნეს და მის იმ ჭვრეტაში, რაც ხალხებს გააჩნიათ გარკვეულად უნდა გამოჩნდეს, რომ მათ თვალწინ სწორედ ეს ზოგადობა უდგათ. თაყვანისცემის საგანია არა მაინცადამაინც სუბიექტის ერთეულობა, არამედ ზოგადი მასში, რომელსაც ტიბეტელნი, ინდონი და საერთოდ აზიელები განიხილავენ როგორც ყოველივეს გამჭვალავს. გონის ეს სუბსტანციური ერთიანობა თვალსაჩინო ხდება ლამაში, რომელიც სხვა არა არის რა თუ არა ის ფიგურა, რომელშიც გონი მანიფესტირდება (ცხადდება), და ეს გონითობა მას აქვს არა როგორც თავისი კერძო კუთვნილება, არამედ როგორც ის, რაშიც იგი მხოლოდ თანამონაწილეობს, რათა იგი სხვებისთვის თვალსაჩინო გახადოს, რის შედეგადაც სხვანი გონითობის ჭვრეტას აღწევენ და ამ მხრივ კეთილმსახურებისა და ნეტარების გზა ეხსნებათ. ამგვარად, აქ ინდივიდუალურობა, როგორც ასეთი, — გამომრიცხავი ერთეულობა — საერთოდ დაქვემდებარებულია ზემოხსენებული სუბსტანციალობისადმი. მეორე, რაც ამ წარმოდგენაში არსებითად წარმოგვიდგება, ბუნებისაგან განსხვავება გახლავთ. ჩინელი იმპერატორი ბუნების ძალებზე აღმატებულ ძალაუფლებას წარმოადგენდა, იგი ბატონობდა ამ ძალებზე, აქ კი სულიერი ძალაუფლება, პირუკუ, განსხვავებულია ბუნებისეულისგან.
ლამას მსახურთ აზრად არ მოუვათ, ლამას მოსთხოვონ, რომ თავისი ბუნებაზე ბატონობა დაუმტკიცოს, რომ იჯადოსნოს და სასწაულები მოიმოქმედოს, რადგანაც იმისაგან, რასაც ღმერთს უწოდებენ ისინი სხვას არაფერს ითხოვენ გარდა სულიერი ქმედებისა და სულიერ სიკეთეთა მომადლებისა. ბუდასაც სულთა მაცხოვარი ქვია, ქველობის ზღვა, დიდი მოძღვარი. ვისაცა თაში-ლამა სცნობია, მას გვიხასიათებენ როგორც საუკეთესო, უმშვიდესსა და მედიტაციებისთვის უაღრესად გადაგებულ ადამიანს. ასევე უყურებენ მას ლამას მსახურნიც. მასში ისინი იმ კაცს ხედავენ, ვინც მუდმივ რელიგიაშია ჩაღრმავებული, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა თავის გულისყურს ადამიანთა საქმეებს მიაპყრობს, მხოლოდ იმისთვისაა მოწოდებული, რომ მათ ნუგეში და ამაღლება მიანიჭოს თავისი კურთხევით, ლმობიერებითა და მიმტევებლობით. ეს ლამები სავსებით იზოლირებულ ცხოვრებას ეწევიან და უფრო დედაკაცური აღზრდა აქვთ მიღებული, ვიდრე მამაკაცური. მშობელთა კალთას ადრე მოწყვეტილი ლამა, როგორც წესი, კარგად აღზრდილი და მშვენიერი ბავშვია ხოლმე. მას ზრდიან სრულ სიწყნარესა და სიმარტოვეში, როგორც საპატიმროში. კარგად კვებავენ. იგი მოკლებულია მოძრაობასა და ბავშვურ თამაშს. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მასში უპირატესობას იძენს წყნარი და მიმღები (Empfangend), დედაკაცური მიმართულება. დიდ ლამებს, ვითარცა დიდი საზოგადოებების წინამდგომებს ხელქვეითებად უფრო დაბალი ლამები ჰყავთ. ყოველი ტიბეტელი ლამა, რომელსაც ოთხი ვაჟი ჰყავს, ვალდებულია ერთი ამათგანი სამონასტრო ცხოვრებას დაუთმოს. მონღოლები, რომლებიც ძირითადად ლამაიზმს — ბუდიზმის ამ ნაირსახეობას — მისდევენ, დიდ პატივს სცემენ ყოველივე ცოცხალს. ისინი უპირატესად მცენარეული საკვებით საზრდოობენ და უფრთხიან ყოველი სულდგმულის მოკვლას, ტილისასაც კი. ლამების ამ მსახურებამ განდევნა შამანობა, ანუ ჯადოსნობის რელიგია. ამ რელიგიის ქურუმნი, შამანები, თავს იბრუებენ სასმლითა და ცეკვით, შემდეგ, გამოფიტულნი, ძირს ეცემიან და ამოიძახებენ ხოლმე სიტყვებს, რომელთაც მისნობა (ორაკულობა) მიეწერება. მას შემდეგ, რაც შამანური რელიგიის ადგილი ბუდიზმმა და ლამაიზმა დაიკავა. მონღოლთა ცხოვრება სადა, სუბსტანციური და პატრიარქალური იყო სადაც ისინი ისტორიის მსვლელობაში შეიჭრნენ, იქ მათ მხოლოდ ისტორიულად სტიქიური ბიძგები და შეხლა-შემოხლა გამოიწვიეს. ამიტომაც ლამების მიერ სახელმწიფოს პოლიტიკურ მართვაზე ბევრი არაფერია სათქმელი. რომელიმე ბრძენი ახორციელებს საერო განმგებლობას და ყოველივეზე ანგარიშს აბარებს ლამას. მმართველობა მარტივია და ლმობიერი. მონღოლთა თაყვანისცემა ლამასადმი ძირითადად იმაში ვლინდება რომ პოლიტიკურ საქმეებში მას რჩევას ეკითხებიან.
თარგმანი - ნოდარ ნათაძე