ჩაკრები და კუნდალინი-იოგა დღესაც სპეკულაციის თემაა, რადგან სპეკულაცია ყველაფერი ის არის, რასაც ცდისეული გამოცდილება ვერ ადასტურებს. რა თქმა უნდა, ის, რაც ცდაში არ მოგვეცემა, ვერანაირად ვერ იქნება გამორიცხული ან უმნიშვნელო, მაგრამ ასეთი ვითარება გასაქანს აძლევს ყოველგვარ თვითნებობას, უაზრო ფანტაზიებს, სარგებლის მიღების მიზნით ან გულუბრყვილობით შეთხზულ „სისტემებს“, როდესაც არის მცდელობა ეს ძველინდური წარმოდგენები ჩაკრებზე და კუნდალინზე თანამედროვე ადამიანის მიზნებს დაუკავშირო (მაგალითად, ბიზნესში წარმატებას ჰპირდებოდე).

ამიტომ, კითხვების დასმა არასდროს არის ზედმეტი, მით უფრო, რომ ასეთი „გურუები“ ცხოვრების შეცვლას გვთავაზოვენ. რა თქმა უნდა, როდესაც მოსწავლეს ცვლილება სურს, ეს სურვილი თავისთავად გამოიწვევს რამეს, თუნდაც ყოველივე ეს სისულელე იყოს, თანაც ცვლილება ისედაც მუდმივად ხდება და საქმე იმაშია, თუ როგორ შეფასებას მისცემ ამ ცვლილებებს ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რას მივაწერთ ამ ცვლილებებს.

სამხრეთ ინდოეთში ტრადიციულად არსებობდა უამრავი მოსაზრება ჩაკრების შესახებ, ზოგი ამბობდა, რომ არსებობს 4 ჩაკრა, ზოგს მათი რაოდენობა 11 მიაჩნდა, დღეს კი გავრცელებული მოსაზრებით არსებობს 7 ჩაკრა. მაშ, რამ განაპირობა მათი ეს რაოდენობა? რადგან პოპულარული შეხედულებაა, ამის გამო უნდა დავიჯეროთ?

გარდა ამისა, ჩაკრები იყო კავშირში ინდურ რელიგიურ წარმოდგენებთან, კუნდალინი არის ქალღმერთი, ხოლო ამა თუ იმ ჩაკრას ესა თუ ის ღვთაება მფარველობდა. ყოველივე ეს განუყოფელი იყო რელიგიურობისგან და ამ ღვთაებათა რწმენისგან. დღეს კი რას ვხედავთ უმეტესად, რომ ამ ჩაკრებს განიხილავენ მხოლოდ როგორც ენერგეტიკულ ცენტრებს და არაფერს საუბროენ ღვთაებებზე რწმენასა და რიტუალებზე. რატომ? ვინაიდან დასავლეთში, სადაც ასეთი იდეები უნდა გაიყიდოს, არ სწამთ ამ ღვთაებების და ამ სწავლებას რაფინირებულად სთავაზობენ. კლიენტი ამბობს, მე მინდა გამიმართლოს ურთიერთობებში, მივიზიდო სასურველი სქესი, მინდა წარმატება ბიზნესში და ა.შ. მაგრამ ბოდიში, მაგრამ ეგ ინდური ღვთაებები საერთოდ არ მწამს. არადა ეს ჩაკრები წარმოადგენდა ერთგვარ ტახტს ღვთებებისთვის, ვინაიდან ეს წარმოდგენა უპირატესად ტანტრულ ტრადიციებში გაჩნდა, რომლის მიზანსაც ღვთებასთან ერთიანობა წარმოადგენდა. 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამით არაფერს გამოვრიცხავ, ეს უნდა მოვიაზროთ კითხვებად, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს, თუ გვსურს, რომ რაციონალური არსებები ვიყოთ, ნაცვლად იმისა, რომ თავი მოვიტყუოთ.

ქვემოთ გთავაზობთ თარგმანს ჯეიმს მალინსონის წიგნიდან „იოგას ფესვები“, სადაც ჩანს თუ როგორი წარმოდგენა არსებობდა ჩაკრებზე სხვადასხვა წყაროებში.

გიორგი ბერძენშვილი

 

ჩაკრები, საყრდენები და კვანძები: მდებარეობა იოგის სხეულში

ჩაკრები („ბორბალი“), რომლებიც, ასევე, ცნობილია, როგორც პადმები („ლოტოსები“), არის მედიტაციისთვის სპეციფიკური ფოკუსი, რომელიც განლაგებულია სხეულის ცენტრალური არხის გასწვრივ. ქრისტესშობის მეთორმეტე საუკუნიდან მოყოლებული იოგას ტრადიციებში არსებობს ფართოდ გავრცელებული კონსენსუსი, რომ არსებობს ექვსი ჩაკრა, თუმცა, ასევე, ცნობილია სხვა რიცხობრივი ვარიანტებიც. გასული საუკუნის განმავლობაში ჩაკრები გახდა იოგას თემაზე არსებული გლობალური დისკუსიის მთავარი საგანი, თუმცა, ხანდახან რადიკალურად სახეშეცვლილია მათი ახალი ჰერმენევტიკული გარემოს შესაბამისად (როგორიცაა ახალი ერის (new age) რელიგიურობა და იუნგის ფსიქოლოგია). თუმცა, როგორც ვნახავთ, ჩაკრები ყოველთვის არ წარმოადგენდა იოგას ტრადიციის ამგვარ საყოველთაო თვისებას და გავრცელებულია ალტერნატიული ან დამხმარე სქემები, როგორიცაა მედიტაციის საყრდენები (ადჰარები, რომელთაგან თექვსმეტი ჩამოთვლილია სიდჰასიდჰანთაპადჰათიში 2.10-25 (5.3.10)) და კვანძები, რომელთა გახვრეტაც უნდა მოხდეს (გრანთები, როგორც წესი, სამი, მაგალითად, იოგაბიჯა 97-8 (5.4.4) და გორაკშასათაკა 74-86 (5.4.3), მაგრამ სხვა სქემები არის ნაპოვნი, როგორიცაა ნეთრატანტრას 7.10-25 კვანძების თორმეტსაფეხრიანი სია).

  როგორც სანდერსონი აცხადებს, იკვლევს რა სხვადასხვა ტანტრულ ტრადიციაში იოგური სხეულის მოპყრობებს: „არსებობს ექვსი „სეზონი“, ხუთი „კვანძი“, ხუთი „სიცარიელე“ (ვიომები), ცხრა ბორბალი, თერთმეტი ბორბალი, თორმეტი კვანძი, თექვსმეტი ლოტოსის მინიმუმ სამი წყება, თექვსმეტი კვანძი, ოცდარვა სასიცოცხლო წერტილი (მარმანები), ა.შ. (1986: 164). ერთ ტრადიციაშიც კი, როგორიცაა ნეთრატანტრას სწავლება (5.3.1), იოგურ სხეულში მდებარეობების მრავალფეროვნება შესაძლოა, ძალიან კომპლექსური იყოს. უფრო მეტიც, ჩაკრებისგან განსხვავებით, ზოგიერთი ამ წერტილთაგანი (როგორიცაა მარმანები და ადჰარები) არ მდებარეობს სხეულის ცენტრალურ ღერძზე (მაგალითად, ვიმანარჩანაკალპა 97 (5.1.6), სიდჰასიდჰანთაპადჰატი 2.11 (5.3.10)) და ჩაკრებიც შესაძლოა, განლაგებული იყოს ფიზიკური სხეულის გარეთ (მაგალითად, დვადასანტა, რომელზეც იხილეთ ქვემოთ გვერდები 178, 301). ეს, კიდევ ერთხელ, არის იმიტომ, რომ იოგური ფიზიოლოგიის კონკრეტული ელემენტები, განსაკუთრებით, ჩაკრები და ადჰარები,  არ წარმოადგენენ იოგის ემპირიული დაკვირვების შედეგს, არამედ, წარმოადგენენ ტრადიციისთვის დამახასიათებელი მეტაფიზიკისა და რიტუალური სქემის ვიზუალურ ინსტალაციას სხუელზე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, აღინიშნოს, რომ შათსაჰასრასამბითაში (165-76) ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია შიდა მედიტაცია (ხუთ) ჩაკრებზე, შეუძლია, მის ნაცვლად განახორციელოს გარეგანი პუჯა (თაყვანისცემის რიტუალი) (ჰეილიგიერს-სილენი 1994: 32), ალტერნატივა, რომელიც, შესაძლოა გულისხმობდეს, რომ მინიმუმ, სისტემაში, ჩაკრების რეალური ფიზიკური მდებარეობა შედარებით უმნიშვნელოა. იოგურ სხეულში ადგილების სქემის სხვადასხვა ვარიაცია შესაძლოა, შემაცბუნებლად მოგეჩვენოთ და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ტანრტული ტექსტის რედაქტორს თავად არ ქონდა საგნის საფუძვლიანი, სპეციალიზებული ცოდნა, რაც ქმნის ჩვენს დაბნეულობას. ჩვენ მიერ განხილულია სხვადასხვა წყაროები, რომლებიც განსხვავებული რაოდენობა და აღწერაა მოცემული: მაგალითად, თერთმეტი-ჩაკრის სისტემა მოცემულია დაახლოებით მეათე საუკუნის კაულაჯნანანირნაიაში (5.3.5); ოთხი-ჩაკრის სისტემა მოცემულია მეათე საუკუნის ბუდისტურ ჰევაჯრატანტრაში (5.3.6); და ცხრა-ჩაკრის სისტემა მოცემულია დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნის სიდჰასიდჰანტაპადჰათიში (5.3.9). თუმცა, აქ შემოვიფარგლებით ჩაკრების იმ მოდელის განვითარების ზოგადი აღწერით, რომელიც გავრცელებული გახდა გვიანდელი პერიოდის იოგას პრაქტიკის ტრადიციებში.

საყოველთაოდ გავრცელებულ ექსვი-ჩაკრას სისტემას რამდენიმე წინამორბედი აქვს. მაჰაბჰარატა (12.187.51) ახსენებს კვანძს (გრანთი) გულთან, რომლის გახსნასაც მოაქვს ბედნიერება. ჭიპის ჩაკრა და გულის ლოტოსი (პუნდარიკა) ნახსენებია პარანჯალაიოგაშასტრაში (1.36, 3.1, 3.29, 3.34) როგორც მედიტაციის ფოკუსი და ზოგიერთი ადრეული ტანტრაც ახსენებს ჩაკრებს ან ლოტოსებს გულთან და ჭიპთან (ვინასიქჰატანტრა 141, 364, სვაქჰანდატანტრა 7.20, სარდჰათრისატიკალოტარა 8.32, 10.18, 11.15, 11.17). სვაქჰანდატანტრა (7.8) აღწერს არხების (ნადები) კავშირს აგებულს, „როგორც ბორბალი [ჩხირები]“ (ჩაქრავატ), რომელსაც მეთერთმეტე საუკუნის ქაშმირელი კომენტატორი ქშემარაჯა ათავსებს ჭიპში და, როგორც ზემოთ არის ნახსენები, სარდჰათრისატიკალოტარას მეათე თავი, ასევე, აღწერს ათი ძირითადი არხის ბორბალს ჭიპში.

სხეულის ცენტრალური ღერძის გასწვრივ ლოკაციების ადრეული სისტემატიზაცია ისწავლება მეშვიდედან მერვე საუკუნის ბრაჰმაიამალაში (5.3.2). ეს ცხრა ლოკაცია, რომლებიც ციტირებულ ამონარიდში ნახსენებია, როგორც ლოტოსები (პადმები) და ზოგიერთი მათგან ტექსტის სხვა ნაწილებში წოდებულია ჩაკრებად, მანტრული-ღვთაებების ინსტალაციის ადგილებია. ნეთრატანტრა, რომელიც თარიღდება ქრისტესშობიდან 800-850 წლებით, არის ყველაზე ადრეული ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ასწავლის ჩაკრად (5.3.1) წოდებული ექვსი წერტილის სისტემას, რომლებიც მედიტაციის განმახორციელებელმა იოგმა უნდა გახვრიტოს „ცოდნის შუბით“. არა-ტანტრული ნამუშევარი, დაახლოებით ქრისტესშობიდან 900 წლის ბჰაგავატპურანა ასწავლის ბრძენს, რომ გაზარდოს მისი სუნთქვა ექვსი სთჰანას ან “ლოკაციების“ (5.3.3) გავლით. ეს ლოკაციები ძალიან გავს ექვს ჩაკრას, რომელთა შესახებ მითითებულია დაახლოებით მეათე საუკუნის კუბჯიკამატანტრაში (5.3.4), რომელიც წარმოადგენს პირველ ტექსტს ჩაკრების სისტემის შესახებ, რომელიც გახდა ყველაზე გავრცელებული ტექსტი იოგური სხეულის აგებულებაზე: (მულ)ადჰარა პერინიუმზე, სვადჰიშტჰარა გენიტალებთან, მანიპურა(კა) ჭიპთან, ანაჰათა გულთან, ვიშუდჰი ყელის არეში და აჯნა თვალებს შორის.

კუბჯიკამატატანტრა არის კაულა შაივიზმის დასავლური ტრანსმისიის (პასჩიმამნაია) ტექსტია, რომელიც ქალღმერთი კუბჯიკას შაქთას კულტთან არის დაკავშირებული. შემდგომში მისი ექვსი-ჩაკრას სისტემა აღმოჩენილია კაულა შაივიზმის სამხრეთის ტრანსმისიის (დაკშინამნაია) ტექსტებში, რომლებიც ქალღმერთი ტრიპურასუნდარის კულტთან არის დაკავშირებული, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც შრივიდია. შრივიდია შივასამჰითაში მოცემულია ლოტოსების ძალიან გრძელი და დეტალური აღწერა, რომელთაგან პირველი, ფუძის ლოტოსი (ადჰარა) მოცემულია ამ თავში (5.3.8). ამ კავშირებმა უზრუნველყვეს კუბჯიკამატატანტრას სისტემის შემდგომი პოპულარიზაცია, რადგან ინდოეთის ორმა ყველაზე ცნობილმა ასკეტურმა იოგურმა ხაზმა, ნათჰების და სამნიასების, მემკვიდრეობით მიიღო დასავლური და სამხრეთის ტრანსმისიების იოგური ტრადიციები, შესაბამისად. კუბჯიკამატატანტრას ექვსი-ჩაკრას სისტემის პოპულარულობა მოგვიანებით გააძლიერა მისმა საყოველთაოობამ ტრანტრული და იოგური ეზოთერული ანატომიის თანამედროვე აღწერებში, რაც, ალბათ, იწყება შათჩაკრანირუპანას („ექვსი ჩაკრას აღწერა“) ართურ ავალონის 1919 წლის ინგლისურენოვანი გამოცემით, კაულა შაივიზმის სამხრეთის ტრანსმისიის ტრადიციისთვის დამახასიათებელი ტექსტით (ავალონ 1919; ასევე, იხილეთ თეილორი 2001), საიდანაც ჩაკრების დეტალური აღწერები ძალიან ჰგავს შივასამჰითას.

ამ თავში მოცემულია მეცამეტე საუკუნის მუსიკათმცოდნეობის ტექსტის, სამგიტარატნაკარას, ამონარიდი სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩაკრების სხვადასხვა ფურცელში „მე“-ს მოთავსების შედეგია (2.120-45, (5.3.7)). მსგავსი (უფრო მარტივიც) აღწერა გავრცელებულია ჩაკრების პოპულარულ, თანამედროვე კონცეფციებში.

ზოგიერთ სისტემაში, როგორიცაა შივასამჰითა და ტირუმანდირამი, მაგრამ არა პასჩიმამნაიას და ნათჰის ტრადიციებში, მეშვიდე ჩაკრა, საჰასრარა („thousand-spoked“) ემატება კუბჯიკამატატანტრას მიერ პირველად აღწერილ ექვს ჩაკრას. ზოგჯერ, ნახსენებია, რომ შაჰასტარა განლაგებულია ბრაჰმარანდჰრასთან („ბრაჰმას/ბრაჰმანის დიაფრაგმა“), შადრევანთან თავის ქალის ზედა წერტილში, რომლის გავლითაც იოგის „მე“ ან სასიცოცხლო პრინციპი გადის სიკვდილის დროს. ეს ადგილი, ასევე, იწოდება დაშამადვარად ან „მეათე კარად“, და მიიჩნება სუშუმნას არხის ზედა წერტილად (მალინსონი 2007ა: 205 , 240). ხანდახან, ასევე, ნახენებია, რომ საჰასრარა მდებარეობს სხეულის მიღმა (მაგალითად, შივასამჰითა 5.191-2). ამის მსგავსად, შაივას რამდენიმე ტექსტი ახსენებს მდებარეობას სახელად დვადაშანთა („თორმეტის [თითის სიგანის] ბოლოს“), რომელიც წარმოადგენს მედიტაციის ფოკუსს ცხვირის კიდიდან თორმეტი თითის სიგანის დაშორებით ან ბრაჰმარანდჰრას ზემოთ.