რა ეტაპები აქვს ინტერვალურ კვებას?
 
ინტერვალური კვება წარმოადგენს კვების პატერნებს, რომლებიც შედგება კვებისა და შიმშილის ციკლებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერვალური კვების რამდენიმე ფორმა არსებობს, უმეტესობა კვებისგან 16-24 საათის განმავლობაში თავის შეკავებას მოიაზრებს.
ინტერვალური კვების პრაქტიკის დროს, ორგანიზმი გადადის „სწრაფი დანაყრების“ ციკლში, რომელსაც მეტაბოლიზმთან დაკავშირებული და ჰორმონალური ცვლილებები ახასიათებს.
ინტერვალური კვების ციკლს მეტაბოლური ცვლილებების გარდა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა თვისებებსაც მიაწერენ.
ეს სტატია სიღრმისებულად მიმოიხილავს ინტერვალური კვების სხვადასხვა ეტაპებს.
 
1.დანაყრების ეტაპი
დანაყრების ეტაპი დგება კვებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც შენი ორგანიზმი გადაამუშავებს და შეითავსებს საკვებ ნივთიერებებს.
ამ პერიოდში, შენს სისხლში შაქრის დონე იმატებს და ინსულინის დიდი რაოდენობა გამოიყოფა. ინსულინი სისხლიდან უჯრედებში შაქრის გადატანაზე პასუხისმგებელი ჰორმონია.
გამოყოფილი ინსულინის რაოდენობა საკვების შემადგენლობაზე, მიღებული ნახშირწყლების მოცულობასა და ინდივიდუალური ორგანიზმის ინსულინისადმი მგრძნობელობაზეა დამოკიდებული.
ზედმეტი გლუკოზა (შაქარი) ღვიძლსა და კუნთებში ინახება გლიკოგენის ფორმით. გლიკოგენი ორგანიზმის მიერ გადანახული ნახშირწყლების ძირითადი ფორმაა და საჭიროების შემთხვევაში უბრუნდება შაქრის, როგორც ენერგიის წყაროს ფორმას.
ამ პერიოდში სხვა ჰორმონთა, მათ შორის ლეპტინისა და გრელინის დონეებიც იცვლება.
გრელინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც შიმშილის სტიმულაციას ახდენს და მისი დონე საკვების მიღებისას ეცემა; ხოლო ლეპტინი მადის დამთრგუნველი ეფექტის მქონე ჰორმონია და მისი დონე საკვების მიღების შემდეგ იმატებს.
გაითვალისწინეთ, რომ სწრაფი დანაყრების ციკლი დანაყრების ფაზას შიმშილის პერიოდში საკვების მიღებისთანავე უბრუნდება.
ასევე, საკვების მოცულობა და შემადგენლობა განაპირობებს იმას, თუ რამდენ ხანს დარჩება ორგანიზმი დანაყრების ფაზაში.
 
შეჯამება
 
დანაყრების ფაზა საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დგება. ამ ფაზაში იზრდება სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეები, ხოლო სხვა ჰორმონთა, მათ შორის ლეპტინისა და გრელინის დონეები ეცემა.
 
2.შიმშილის ადრეული მდგომარეობა
 
საკვების მიღებიდან დაახლოებით 3-4 საათში, ორგანიზმი შიმშილის ადრეულ მდგომარეობაში გადადის, რომელიც ბოლო კვებიდან დაახლოებით 18 საათის განმავლობაში გრძელდება.
ამ ფაზაში სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეები ეცემა, რაც აიძულებს ორგანიზმს გლიკოგენი გლუკოზად გარდაქმნას და ენერგიის წყაროდ გამოიყენოს.
ამ ფაზის ბოლოს, ორგანიზმი თანდათანობით ამოწურავს ღვიძლში გლიკოგენის მარაგებს და ენერგიის ახალი წყაროს ძიებას იწყებს.
ეს ააქტიურებს ლიპოლიზს, ანუ პროცესს რომელშიც ცხიმოვანი უჯრედების ტრიგლიცერიდები უფრო მცირე ზომის მოლეკულებად იშლება და „საწვავის“ ალტერნატიულ წყაროდ გარდაიქმნება.
ორგანიზმი ენერგიად გარდაქმნის ამინომჟავებსაც, რომლებიც ცილის საშენ მასალას წარმოადგენენ.
ინტერვალური კვების ბევრი გავრცელებული მეთოდი, მაგალითად 16/8 მეთოდი შედგება დანაყრებისა და შიმშილის ადრეული მდგომარეობის ურთიერთჩანაცვლების ციკლისგან.
 
შეჯამება
 
საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ორგანიზმი შიმშილის ადრეულ მდგომარეობაში გადადის, რომელიც მაშინ დგება, როცა გლიკოგენი, ამინომჟავები და ცხიმოვანი მჟავები ენერგიად გარდაიქმნება.
 
3.შიმშილის მდგომარეობა
 
შიმშილის მდგომარეობა 18 საათიდან ორ დღემდე გრძელდება.
ამ პერიოდში ღვიძლში არსებული გლიკოგენის მარაგები ამოწურულია და ორგანიზმი პროტეინისა და ცხიმის მარაგებს ენერგიად გარდაქმნის.
ეს იწვევს კეტონური სხეულების წარმოქმნას. კეტონური სხეულები წარმოადგენს ნაერთს, რომელიც ორგანიზმის მიერ ცხიმის ენერგიად გარდაქმნისას გამომუშავდება.
ეს ასევე იწვევს ორგანიზმის გადასვლას კეტოზის ფაზაში; ეს მეტაბოლური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ცხიმს ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს.
 
თუმცა, კეტოზის ფაზაში გადასვლა შიმშილის ეტაპზე გადასვლის შემდეგ მყისიერად არ ხდება, არამედ მოგვიანებით.
როგორც შიმშილის მდგომარეობის დროს, აქაც, დღის განმავლობაში მიღებული საკვებისა და ბოლო კვების მოცულობა და შემადგენლობა და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები განაპირობებს იმას, თუ რამდენად სწრაფად გადავა ორგანიზმი კეტოზის ფაზაში.
კეტოზის გავრცელებულ სიმპტომებს შორისაა მადის კლება, წონაში კლება, დაღლილობა, უსიამოვნო ან ხილის სუნი პირში და სისხლში, ამონასუნთქსა და შარდში კეტონური სხეულების დონეების ზრდა.
კეტოზი სხვა მეთოდებითაც მიიღწევა, მათ შორის კეტოგენური დიეტით, რომელიც ნახშირწყლების მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირებას მოიაზრებს.
გაითვალისწინეთ, რომ კეტოზი განსხვავდება კეტოაციდოზისგან, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც სისხლში მჟავიანობის მატებისას იჩენს თავს.
კეტოაციდოზი, როგორც წესი, ავადმყოფობის, ინფექციის და უმართავი დიაბეტის შემდეგ ჩნდება და კეტოზისგან განსხვავებით, გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
ამას გარდა, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვალური კვების ის ფორმები, რომლებსაც შიმშილის შედარებით მოკლე პერიოდი ახასიათებთ, დღეში 12-დან 18 საათამდე, ზოგჯერ ამ ფაზამდე ვერ აღწევს, ვინაიდან კეტოზი რთული მისაღწევია ისეთი შიმშილის პირობებში, რომელიც 24 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება. გამონაკლისს წარმოადგენს ძალიან მცირე მოცულობის ნახშირწყლების შემცველი დიეტები.
 
შეჯამება
 
შიმშილის მდგომარეობა 18 საათიდან 2 დღემდე გრძელდება. ამ მდგომარეობის გარკვეულ ეტაპზე ორგანიზმის კეტოზის რეჟიმში გადადის; კეტოზი მეტაბოლური მდგომარეობაა, რომელშიც ხდება ცხიმების დაშლა და ენერგიის წყაროდ გარდაქმნა.
 
4.ხანგრძლივი შიმშილის (შიმშილობის) მდგომარეობა
 
კვებისგან თავის შეკავების ხანგრძლივ პერიოდებში ორგანიზმი ხანგრძლივი შიმშილის მდგომარეობაში გადადის, რომელიც საკვების მიღებიდან 48 საათში დგება. ზოგჯერ ამ მდგომარეობას შიმშილობას უწოდებენ.
ხანგრძლივი შიმშილობის მდგომარეობაში ინსულინის დონე აგრძელებს ვარდნას და კეტონური სხეულის ერთ-ერთი ნაირსახეობა ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი (ბჰბ) სტაბილურად იზრდება.
 
ღვიძლი აგრძელებს შაქრის გამომუშავებას გლუკონეოგენეზის პროცესით, რომელიც ტვინის ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამ პერიოდში ტვინისთვის ენერგიას კეტონური სხეულები ქმნიან.
სამი ძირითადი ამინომჟავის, კერძოდ განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავების დაშლა ასევე მცირდება, რაც ორგანიზმს კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებაში ეხმარება.
გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივი შიმშილობა ადამიანთა უმეტესობისთვის რეკომენდებული არაა და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა დასაშვები.
 
შეჯამება
 
ხანგრძლივი შიმშილის ანუ შიმშილობის მდგომარეობა დაახლოებით 48 საათიანი შიმშილის პერიოდში დგება. ამ დროს იკლებს ინსულინის დონე, იზრდება კეტონური სხეულების დონე და მცირდება ცილების დაშლა კუნთოვანი ქსოვილის შესანარჩუნებლად.
 
დასკვნა
ინტერვალური კვებისას ორგანიზმი სწრაფი დანაყრების რამდენიმე ფაზაში გადაინაცვლებს, რაც დამოკიდებულია შიმშილის ხანგრძლივობაზე.
არსებობს ოთხი ფაზა, მათ შორის დანაყრების მდგომარეობა, შიმშილის ადრეული მდგომარეობა, შიმშილის მდგომარეობა და ხანგრძლივი შიმშილის (შიმშილობის) მდგომარეობა.
თითოეული ფაზა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რას იყენებს ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ და როგორ აისახება ეს მეტაბოლიზმსა და კონკრეტული ჰორმონების დონეზე.
თუ გაქვთ თანმხლები დაავადება და იღებთ მედიკამენტებს, ინტერვალური კვების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ამას გარდა, გაითვალისწინეთ რომ ხანგრძლივი შიმშილი დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.