მედიტაციას ხშირად განმარტავენ როგორც აზრების გაჩერებას, ან მათზე დაკვირვებას, მაგრამ იმისთვის, რომ გავარჩიოთ, რისი გაჩერება და კონტროლია შესაძლებელი და რისი - არა, როდის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მედიტაცია გამოგვივიდა, საჭიროა გონების სტრუქტურა განვიხილოთ. 

 

 უმაღლესი გონებრივი უნარი არის დასკვნის უნარი, რასაც წინ უძღვის მსჯელობა, ხოლო იმისთვის, რომ რამეზე ვიმსჯელოთ, ჯერ წარმოდგენები უნდა შევიქმნათ. ყველაფერი კი გრძნობებით და მჭვრეტელობით იწყება. 

 

ბავშვისთვის შემეცნება გრძნობებთან და მჭვრეტელობასთან არის დაკავშირებული, სანამ წარმოდგენები ჩამოყალიბდება, ამიტომ ის აწმყოში ცხოვრობს, რადგან გრძნობა ყოველთვის აწმყოა, ჩვენ მას ვჭვრეტთ აქ და ახლა და ეს პირველი რეალობაა. გრძნობები მიუთითებენ, რომ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი რეალობა, რაც ჩვენზე მოქმედებს. გრძნობაც აზროვნებაა, ოღონდ ჩვენგან დამოუკიდებელი, ჩვენ არ ვწყვეტთ, სიცხე ან სიცივე შევიგრძნოთ თუ არა, უბრალოდ ჩვენ მას ყურადღებას ვაქცევთ, ყურადღება კი მჭვრეტელობის მომენტია. როდესაც მხოლოდ მჭვრეტელობაში ვართ და ვაკვირდებით იმას, რაც არის, ამას Mindfulness უწოდებენ, რაც შეიძლება ყურადღებიანობად ან გულისყურით ყოფნას გულისხმობს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ცნობიერებაში მიმდინარე პროცესების შინაარსის ფიქსაციასაც არ ვახდენთ. ამოცანა ის გახლავთ, რომ გავთავისუფლდეთ საკუთარი წარმოდგენებისგან, რასაც წლების განმავლობაში ვაგროვებთ.

 

რამდენად შესაძლებელია, საკუთარი წარმოდგენებისგან გავთავისუფლდეთ? რა არის წარმოდგენა? ეს არის მჭვრეტელობა, რომელიც ჩვენში აღიბეჭდა და როდესაც რამე მჭვრეტელობასთან გვაქვს საქმე, გვახსენდება, მაგალითად, როდესაც რაღაც ნივთს დავინახავთ, გვახსენდება ის ადამიანი, რომელმაც ეს გვაჩუქა ანუ ყურადღება გადადის წარსულზე. წარმოდგენის მომენტია უნებლიე გახსენება, ეს პროცესი არაცნობიერია, ისევე, როგორც შესაძლებელია საკუთარი ნებით წარმოვისახოთ რამე ან მეხსიერებას მივმართოთ. შესაბამისად, ამ მედიტაციაში შეგვიძლია შევაჩეროთ ის პროცესები, რომლებიც ნებელობითია: წარმოსახვა, მეხსიერების აქტიური გამოყენება, და უმაღლესი უნარები მსჯელობისა და დასკვნის უნარები, ხოლო ის, რაც თავისთავად მიმდინარეობს, გრძნობები და მჭვრეტელობა, ასევე წარმოდგენების უნებლიე ამოტივტივება, ესენი დარჩება და ხდება მათი დაკვირვება, მათ არ უნდა ავყვეთ. თავად იოგასუტრაშიც წერია, რომ რჩება მხოლოდ არაცნობიერი სამსკარები (ცნობიერების არაცნობიერი ფაქტორები). თუ ცნობიერად ვართ, გონება ცარიელი ვერასდროს იქნება და არც არის საჭირო, რადგან ეს თავად გონების ავტომატური მექანიზმია. და აქ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ კონტროლს მივაღწიეთ.

 

მაშასადამე, ნებელობითი პროცესები კონტროლს ექვემდებარება და როცა გვსურს შევაჩერებთ, ან, პირიქით, მივმართავთ აქტიურად.

 

წარმოდგენები ჩვენი ინტერპრეტაციებია და ამახინჯებენ რეალობას - ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. სინამდვილეში ბუდისტებს მიაჩნდათ, რომ Mindfulness მედიტაცია პასიური დაკვირვება კი არ არის, არამედ სამყაროს გარკვეული პოზიციიდან ხედვაა.

 

Mindfulness (მომდინარეობს სიტყვიდან სატი (პალი) ან სმრტი (სანსკ)) არის ბუდიზმის მეშვიდე საფეხური, თუმცა, ითარგმნება, როგორც  მოგონება. რა იგულისხმება მოგონებაში, ეს ახსნას საჭიროებს.

მოგონება აქ არის, როცა მოვლენებს აღიქვამ როგორც წარმავალს და მოჩვენებითს, რასაც თავის თავში სიმყარე არ გააჩნია. ანუ როცა გახსოვს სამყაროს ნამდვილი ბუნება და არ აყვები ცდუნებას. ხოლო ცდუნება იგივე სურვილია, როგორც ეს სამხრეთ აზიურ კონტექსტში ესმით და ტანჯვის (დუკჰა) ძირითადი წყაროა, როგორც მუდმივი დაუკმაყოფილებლობა. ე.ი. Mindfulness არის, როცა მუდამ გახსოვს, რომ რასაც აღიქვამ არის წარმავალი არარა (შუნიატა). ეს სრულიად განსხვავდება Mindfulness თანამედროვე გაგებისგან, რომ მხოლოდ პასიურ დაკვირვებას მოიაზრებს ინტერპრეტაციის გარეშე.

 

ამ გაგებით პრობლემა თავად წარმოდგენაში კი არ არის, არამედ მის სწორ გამოყენებაში. მაგალითად, კეკლუცობა არის სხვაში ისეთი სურვილის ან მოლოდინის აღძვრა, რის დაკმაყოფილებასაც არ აპირებ. თუ ადამიანს არ აქვს ზედმეტი მოლოდინი და ნათლად ხედავს საქმის ვითარებას, მაშინ არც პრობლემაა. აქ წარმოდგენა შუალედური რგოლია გრძნობასა და წმინდა აზროვნებას შორის და ამ გაგებით მედიტაცია გულისხმობს არა წარმოდგენის არ ჰქონას, არამედ, პირიქით, სწორი წარმოდგენით აღქმას, რაც იმას გულისხმობს, რომ ნივთებმა თავისი ბუნება თვითონ უნდა გამოავლინონ და დავინახოთ ისინი არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა, არამედ ისე, როგორც ისინი არიან. როდესაც წამალი კვლევის გარკვეულ ეტაპს გადის, ატარებენ ცდას, რომ განასხვაონ წამლის თვისება პლაცებოს ეფექტისგან ანუ წამალი გარდა იმისა, რომ თავისთავად მოქმედებს, მის მოქმედებას აძლიერებს ჩვენი განწყობაც. შესაბამისად, თუ მედიტაციას პასიურ დაკვირვებას ვუწოდებთ, ამ გაგებით სწორი იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიაზრებთ, პირიქით, უფრო ღრმად ვიაზრებთ, უბრალოდ პასიურები ვართ იმ გაგებით, რომ ჩვენთვის სასურველს არ ვურევთ აზროვნებაში მაშინ, როცა გვინდა თავისთავად თვისებას ვწვდეთ. იოგებს ყველაზე დიდ პრობლემად უმეცრებაში ყოფნა მიაჩნდათ და არის სწორედ იქით მიმართული, რომ სასურველი არ გავასაღოთ სინამდვილეთ. ამ გაგებით მედიტაცია გულწრფელობაც არის და სამყაროც, როდესაც მისი ბუნება გამოცხადებულია ჩვენთვის, აღარ არის მტრული არამედ, თითქოს, სიყვარულით ავლენს თავის ბუნებას.

 

მაშასადამე, წარმოდგენებისგან გათავისუფლების ორი გზა არსებობს: 

  1) მათი დათრგუნვა, რაც ესმით როგორც ეგოს წინააღმდეგ გალაშქრება, საჭიროა პიროვნული ჩაქრობა - ნირვანა. საერთოდ, ინდური რელიგიები არაორგანიზებულია და არ არის ისეთი მონოლითური, როგორც, მაგალითად ისლამი, იუდაიზმი ან ქრისტიანობა. ამიტომ საერთოდ ძნელია მათ ერთი კონკრეტული რელიგია უწოდო. არის აზრთა და წარმოდგენათა სიჭრელე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც იკვეთება საერთო შეხედულება, რომ ვინაიდან ბრამანი (უმაღლესი რეალობა) მიღმაა და გონებისთვის მიუწვდომელია, ამიტომ საკუთარი თავი უნდა უარვყო, როგორც ეგო. აქ მეც არარა უნდა გავხდე, ისევე, როგორც უმაღლესი რეალობა (მისი მსგავსი უნდა გავხდე).

 

 

2) წარმოდგენებისგან გათავისუფლების მეორე გზა არის მათი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოდგენები სუბიექტურია, მათში მაინც არის ჭეშმარიტების მარცვალი. ეს გზა გულისხმობს მათს შეხლა-შემოხლას, დაპირისპირებას, ეჭვს, სკეპტიციზმს, კრიტიკას, მეცნიერულ და ფილოსოფიურ აზროვნებას.

 

მაგალითად, როგორ ვასწავლით ბავშვს მათემატიკას? ვაძლევთ მას მჭვრეტელობას ანუ თვალწინ ვულაგებთ ვაშლებს და ამ ვაშლებს ვუსადაგებთ წარმოდგენებს 1,2,3 და ა.შ. ბავშვს ექმნება წარმოდგენა მათემატიკაზე, ოღონდ ეს წარმოდგენა ვაშლებთან არის დაკავშირებული. შემდგომ, საჭიროა იმის დანახვა, რომ ეს წარმოდგენა აღარ არის საჭირო, სრულიად ზედმეტია, ასე ხდება აზროვნების გაწმენდა და წმინდა აზროვნებამდე ამაღლება, თუმცა, საწყის ეტაპზე გარდაუვალია წარმოდგენების გარეშე ეს ამაღლება. მაშასადამე, გონების ეს სამი საფეხური აუცილებელი მომენტია (გრძნობა, წარმოდგენა, დასკვნა).

 

თავად ბუდიზმშიც და იოგაშიც მედიტაცია ნიშნავს გარკვეული პოზიციიდან ხედვას, რომ ნივთები ისეთები დავინახოთ, როგორებიც არიან სინამდვილეში. ეს არ არის პასიური დაკვირვება, არამედ ამ სინამდვილეს ადამიანი თავად ქმნის მედიტაციის აქტით.

 

არის გავრცელებული შეხედულება, რომ პასიური დაკვირვება არის ჭეშმარიტების დანახვა, რაც მცდარია. მაგალითად, ვხედავთ ვაშლს, ამ გზით ვერასდროს გავიგებთ, რა არის ის, მას ვერც სახელს ვუწოდებთ, ვერც იმას ვიტყვით, რომ ვაშლი წითელია, რადგან სიწითლის ცნება ზოგადია, წითელი არამხოლოდ ეს ვაშლია, არამედ ბევრი რამეა სამყაროში. ამ აქტით ეს ვაშლი შევაკავშირე ბევრ რამესთან სამყაროში. შესაბამისად, მხოლოდ დანახვით ეს ვაშლი არარაა, მასში არაფერია შეცნობილი. მასზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის, მაგრამ არა ის, თუ რა არის. ამას ვერც სინამდვილეს ვუწოდებთ, რადგან სინამდვილე რა არის, ესეც ჩვენი წარმოდგენაა. ხოლო თუ ჩვენ წარმოდგენას სინამდვილეზე ვაღიარებთ, გამოდის, რომ ჩვენი წარმოდგენა უნდა ვაღიაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წარმოდგენა კი არ არის მცდარი, არამედ წარმოდგენები უნდა გაიწმინდოს და სინამდვილე, ჭეშმარიტება გამოავლინოს. ჭეშმარიტება პასიურ გონებას არ მიეწოდება, მას ამის იდეაც კი არ აქვს, არამედ ჭეშმარიტება, თუკი ის არსებობს, ჩვენი თანამონაწილეობით იქმნება, ან თავად ჩვენ ვართ ჭეშმარიტება. 

 

ამ ცნობიერებაში ადამიანი თავისუფალია წარმოდგენებისგან არა იმიტომ, რომ თრგუნავს მათ, არამედ იმიტომ, რომ მათი ბუნება შეიცნო, ან იმიტომ, რომ საკუთარი ბუნება შეიცნო. ეს არის ღრმა მედიტაცია.