თანამედროვე იოგაში იმდენი რამ შევიდა დასავლური აზროვნებიდან, რომ ზედაპირზე უკვე აღარ ჩანს, რა არის იოგას ტრადიცია და რა არის თავად დასავლური აზრი. ასე „იყიდება“ იოგა. მოდი, ვისაუბრებ როგორ დაიწყო ტრადიციიდან გადახვევა. აი, ერთ-ერთი მაგალითი: ვივეკანანდა გვარწმუნებს, თითქოს ძველ ინდუსებს დარვინზე უკეთესი ევოლუციის თეორია მანამდე ჰქონდათ.
.
.
ვივეკანანდას პერიოდში იოგა დასავლეთში არ სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით. მას უყურებდნენ, როგორც ფაკირების ფოკუსებს, მათრობელა საშუალებებით მიღწეულ ტრანსურ მდგომარეობას, სექსუალურ რიტუალებს და ა.შ. მოკლედ, როგორც ისეთ რამეს, რაც რაციონალური ადამიანისთვის ნაკლებად მისაღები და ნაკლებად საინტერესოა. როგორც ჩანს, ვივეკანანდას ამოცანა, როგორც ინდოეთის კულტურული ელჩის, იმაში მდგომარეობდა, რომ დასავლელი საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ იოგა რაციონალურია (მეცნიერულიც კი) და ეს არ არის მხოლოდ გულუბრყვილო ცნობიერების ფანტაზია.
.
.
ვივეკანანდა ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელმაც იოგა დასავლეთში შეიტანა და პირველად გახადა ხელმისაწვდომი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან განდობილები და ცხოვრობენ ინდოეთის საზღვრებს გარეთ (ძირითადად აშშ-ში). მის ქადაგებებზე დიდ გავლენას ახდენდა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არატრადიციულად მიიჩნეოდა, ესენია: ევროპული ფილოსოფია, ევროპული სამეცნიერო იდეები, ევროპული ფსიქოლოგია - ვივეკანანდას მეტად მჭიდრო კავშირი ჰქონდა ყოველივე ამასთან (ინგლისელი მენტორების დახმარებით, ვივეკანანდა ადრეული ასაკიდან ეცნობოდა ჰეგელს, კანტს, დარვინს, ჯონ სტიუარტ მილს და სხვა დასავლელ მოაზროვნეებს). ასევე აშშ-ში ყოფნის პერიოდში გატაცებული იყო ეზოთერული საკითხებით. ყოველივე ამის შედეგად, მისი ხედვა იოგაზე, ტრადიციული შეხედულებებთან შედარებით, მეტად განსხვავებულად ჩამოყალიბდა, ხოლო ამერიკელებისთვის ვივეკანანდას ინტერპრეტაცია ის ძირითადი გზამკვლევი გახდა, თუ როგორ უნდა გაგებულიყო იოგა ზოგადად. ამერიკელებზე ეს გავლენა განსაკუთრებით მოახდინა წიგნმა „რაჯა იოგა“ (ჩემი ქართული თარგმანი, იმედია, მალე გამოვა).
.
.
თანამედროვე მკვლევრების აზრით, ეს ტრადიციული იოგას მოძღვრებიდან გადახვევაა, ეს არის რაღაც ახალი, რომელშიც შეტანილია ყოველივე ზემოთ ხსენებული დასავლური ელემენტები (კულტურული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო და ა.შ.).
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვივეკანანდა ცდილობს ტრადიციულ ტექსტებს ახლებური ინტერპრეტაცია მისცეს (ცოცხალი კონსტიტუციონალისტივით).
.
.
მოვიყვან ტრადიციიდან ასეთი გადახვევის ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითს:
ვივეკანანდა ამბობს, რომ ძველ ინდუსებს ევოლუციის უფრო სრულყოფილი თეორია ჰქონდათ, ვიდრე დასავლეთის მეცნიერებასო. ამის მტკიცებულებად მოჰყავს პატანჯალის სუტრა ინგლისურ ენაზე:
(4.2) ერთი სახეობიდან მეორეში გადასვლა ბუნების სისავსიდან მოდის.
რა წერია სინამდვილეში იოგა სუტრაში?
(4.2) სახეცვლილება ბუნების სისავსიდან მოდის.
(განსხვავება მხოლოდ ერთ სიტყვაშია: „სახეცვლილება“ ჩანაცვლდა „სახეობათა ცვლილებით“)
რას ნიშნავდა ეს სუტრა ტრადიციულად? სანქჰია-იოგას მეტაფიზიკის თანახმად, ცოცხალი არსება გადის დაბადება-სიკვდილის (რეინკარნაციის) ციკლს. სიკვდილის შემდეგ ბუნება (PRAKRTI) განმეორებით შანსს აძლევს არსებას, რომ განვითარდეს და საბოლოო სულიერ გათავისუფლებას მიაღწიოს, ბუნება, როგორც მზრუნველი დედა, საბოლოო ჯამში, არავის მიატოვებს. მაგრამ ამ გზაზე სიკვდილის შემდეგ არსებას წინა ცხოვრებიდან გადაყვება მისი სულიერი სტრუქტურა (SAMSKARA) და განვითარებას აგრძელებს იმ საფეხურიდან, რომელზეც წინა ცხოვრება დაასრულა. ამ რწმენით, ადამიანის სული ჩამოქვეითების სახით შეიძლება ცხოველად დაბადებულიყო და პირიქით (წარმოდგენისთვის: პინგვინი რომ ზებრად დაიბადოს, ხოლო ზებრა - ადამიანად, ადამიანი კი დამსახურებით - „მინისტრად დაინიშნოს“). ინდუსების მსგავსად, ასეთი წარმოდგენა ძველ საბერნეთშიც აღმოჩნდა, სადაც პითაგორელებსაც სჯეროდათ ადამიანის ცხოველად დაბადების და პირიქით (ამ აზს აკრიტიკებს არისტოტელე „მეტაფიზიკაში“) მაშასადამე, ინდუსების აზრით, ადამიანის ამოცანა აქ მხოლოდ ის არის, რომ ხელი არ შეუშალოს ბუნებას. მირჩა ელიადე ამას ბუნების ტელეოლოგიურ ინტენციას (ბუნების წინასწარდადგენილი ჩანაფიქრს) უწოდებს.
.
.
მაშასადამე, ტრადიციულად ეს სუტრა იმას აღნიშნავდა, რომ მოსიყვარულე ბუნებიდან მოდის ეს სახეცვლილებები - ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში არასდროს ყოფილა ასეთი ინტერპრეტაცია, თითქოს ეს ერთი სახეობის მეორეში გადასვლას გულისხმობდა, როგორც ეს დარვინთან არის. დარვინმა ივარაუდა, რომ სახეობები იცვლება დროთა განმავლობაში, ადრე არსებული სახეობებიდან წარმოიქმნება ახლები და ყველა სახეობა იზიარებს საერთო წინაპარს. ამ მოდელში თითოეულ სახეობას აქვს თავისი უნიკალური კრებული განსხვავებული მემკვიდრული (გენეტიკური) მახასიათებლებისა, რომლებიც თანდათანობით დაგროვდა დროის ხანგრძლივი მონაკვეთების განმავლობაში.
ვივეკანანდას კომენტარი კი ასეთია:
„ახლა პატანჯალი იმ მდგომარეობას აღწერს, რომლის მეშვეობითაც სხეულის ცვლილება ერთი სახეობიდან მეორეში შესაძლებელი ხდება, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ბუნების სიუხვით მიიღწევა“.
შემდეგ სუტრა 4.3 ის კომენტარში ამბობს:
„დავუშვათ, კაცობრიობის ცოდნა იმდენად განვითარდა, რომ შეჯიბრებითობა ორივე თვალსაზრისით მოისპო: სარჩოსა და პარტნიორის მოპოვების მხრივ, თანამედროვეების თანახმად, პროგრესი შეწყდება და კაცობრიობა დაიღუპება. ამ თეორიის შედეგად, ყველა მჩაგვრელის, რომლებიც ფილოსოფოსებად გვევლინებიან, არგუმენტებით მომარაგება ხდება, სინდისის ქენჯნის მოსაშორებლად, ვისაც სუსტებისა და არასრულფასოვნების (მათი განსჯით) დახოცვის ხარჯზე კაცობრიობის გადარჩენა სურს!
- ვივეკანანდა განაგრძობს -
მაგრამ უდიდესი ევოლუციონისტი, პატანჯალი, აცხადებს, რომ ევოლუციის ნამდვილი საიდუმლო იმ სრულყოფილების გამოვლენაშია, რომელიც ყველა არსებაშია მოცემული, რომ ეს სრულყოფილება დაბრკოლებულია და ფარული მუდმივი დინება იბრძვის, რათა გამომჟღავნდეს. ბრძოლა და შეჯიბრებითობა მხოლოდ უმეცრებიდან მომდინარეობს. ყოველგვარი შეჯიბრებითობა რომც შეწყდეს, ფარულად მოცემული ბუნებრივი კანონი მაინც წინ წაგვიყვანს, სანამ ყოველი ინდივიდი სრულყოფილებას არ მიაღწევს. მაშასადამე, არ არსებობს იმის მიზეზი, რათა გვჯეროდეს, რომ პროგრესისთვის შეჯიბრებითობა აუცილებელია. ცხოველში ადამიანი იყო მოცემული ფარულად და როდესაც კარი გაიღო, ადამიანი თავისთავად გამოვლინდა. სწორედ ასევე, ადამიანში ღმერთის პოტენციალია, რაც უმეცრებით არის დაბრკოლებული და ჩაკეტილი. როდესაც ცოდნა ამ ბარიერს დაანგრევს, ღმერთი გამოვლინდება“.
.
.
რა შეიძლება ამაზე ითქვას? დარვინი საუბრობს ბუნებრივ გადარჩევაზე, რომ, მაგალითად, გადარჩება ის, რომელიც კლიმატს უძლებს და ა.შ. და შემდეგ ხდება გენეტიკური ადაპტაცია. მაგრამ დარვინი არანაირად არ ამბობს, რომ განვითარებულმა ადამიანმა აუცილებლად კონკურენციაზე დაფუძნებული იდეოლოგიით უნდა იცხოვროს (ან ყოველთვის ასე იმოქმედოს). ის აღწერს, როგორ ხდება ცხოველის სახეობათა ჩამოყალიბება და არ ამბობს, რომ განვითარებული ადამიანისთვის არ უნდა არსებობდეს სხვა ცნებები და ღირებულებები. ჩვენ ვცხოვრობთ კონკურენციაში, მაგრამ როცა საჭიროა ადამიანი თავსაც სწირავს, ახლობლისთვის ქვეყნისთვის და ა.შ. ეს არ არის უცხო დასავლეთის კულტურისთვის. ანუ ისე გამოყავს, თითქოს დასავლეთი მხოლოდ კონკურენციის იდეაზე დგას და მისთვის უცხოა სხვა შეხედულებები.
.
.
მაგრამ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვივეკანანდას აზრი, რომ კონკურენციის შეწყვეტის მიუხედავად, ბუნება მაინც გაგვავითარებს, საერთოდაც არ არის ახსნა იმის, თუ როგორ წარმოიშობა სახეობები და იოგა-სუტრაში მსგავსი არც არაფერი წერია.
.
.
როგორც ამერიკელი ინდოლოგი, დევიდ გორდონ უაითი ამბობს:
„ვივეკანანდას განმარტების საპირისპიროდ, სუტრებში სრულიადაც არ იყო საუბარი კოლექტიურ სახეობებზე, არამედ პიროვნებაზე, ინდივიდზე, რომელსაც თანაბარი შანსი აქვს აღორძინების და დაცემის, როდესაც დაბადება-სიკვდილის ჯაჭვში იმყოფება. მაშასადამე, ვივეკანანდამ ეს საკითხი განიხილა როგორც ადამიანური მოდგმის სწორხაზოვანი განვითარების პროცესი, რომელიც წინასწარგანსაზღვრული სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ეს სულიერი პროცესია: სული, რომელიც ყველა არსებაშია წარმოდგენილი და ღვთაებრივი სულის სრული გამოვლინებაა. სწორედ ეს ტრანსცენდენტური მე გახლდათ ევოლუციის ტელეოლოგიური მიზანი. ბრაჰმო სამაჯის პოზიცია კი, (რომ ძველი ინდური მეცნიერული ცოდნა უნდა დამტკიცდეს დასავლური მეცნიერების მიერ) აგრეთვე ნათლად არის წარმოდგენილი აქ, ვივეკანანდას ამ არგუმენტში, რომ პატანჯალის ევოლუციის თეორია აღემატება დარვინის თეორიას. თანამედროვე იოგა-გურუებიც ვივეკანანდას გზას დაადგნენ, განსაკუთრებით ბჰაგავან რაჯნეში (ე.წ. ოშო), რომელმაც 1984 წელს პატანჯალის შესახებ თქვა: „მან პირველად კაცობრიობის ისტორიაში . . . რელიგია მეცნიერების რანგში აიყვანა: მან რელიგია მეცნიერებად, შიშველ კანონებად აქცია, სადაც რწმენა აღარ იყო საჭირო.“
.
.
როგორც ზემოთ ითქვა, პატანჯალის იოგა-სუტრაში სულ სხვა რამეზეა საუბარი. ვივეკანანდა სხვა ავტორების მსგავსად ცდილობს ახალი აზრი ჩადოს ძველ ტექსტებში, თითქოს, ძველებს ამაზეც ჰქონდათ ნაფიქრი. ამის საპირისპიროდ შეიძლება გავიხსენოთ, რას გვეუბნება ჰეგელი „ფილოსოფიის ისტორიაში“, რომ ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, ჩავდოთ თანამედროვეობის აზრები და პრობლემატიკა ძველი მოაზროვნეების ტექსტებში. განვითარება სწორედ იმაშია, რომ აზროვნება განვითარებისას, ისეთ ახალ გამოწვევებს აწყდება, რაც უცნობი იყო ძველი ავტორებისთვის, მათ ბევრ რამეზე უბრალოდ ვერ ექნებოდათ ნაფიქრი, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.
.
.
აქ ჩანს განსხვავება ძველ და ახალ ინტერპრეტაციებს შორის. აქ იმაზე არ არის საუბარი, ძველი ჯობია თუ ახალი, უნდა განვითარდეს იოგა თუ - არა. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთმანეთისგან განვასხვავოთ, რა არის იოგას ტრადიცია და რა იდეები განვითარდა შემდგომ ან აღებულ იქნა სხვა ტრადიციებიდან.
.
გიორგი ბერძენიშვილი