ამ ბოლო დროს, ხშირად მიწევს თანამედროვეობაში იოგას გაყალბებაზე საუბარი. ამაზე მსოფლიო სამეცნიერო წრეებშიც საუბრობენ და ბევრიც ამას ვესტერნიზაციას აბრალებს ანუ თითქოს დასავლეთის, სახელდობრ, ამერიკისა და ევროპის ზედაპირულობამ იოგა სამომხმარებლო საშუალებად აქცია და გასაქანი მისცა ათასგვარი ცრუ მიმართულებების წარმოშობას. ეს დიდწილად ტყუილია. იოგა, პირველ რიგში, თავად ინდუსებმა გააყალბეს.

ჯერ ერთი, მათ თავად მისცეს იოგას ტანვარჯიშის სახე, როდესაც ევროპული ტანვარჯიშისგან გადმოიღეს ვარჯიშები და ასევე გადმოიღეს ფორმაც (ჯგუფურად ორგანიზებული ჯგუფების სახით).

რაც შეეხება სულიერ მხარეს, აქაც ინდუსებმა მოახერხეს იოგას პროფანაცია; უფრო სწორედ, თანამედროვე გურუებმა.

სვამი ვივეკანანდასთანაც კი, რომელიც მე ვთარგმნე და დიდი პატივსაც ვცემ, შეინიშნება პროფანაციის ელემენტები. მაგალითის სახით, ორ მომენტს გავუსვამ ხაზს: თითქოს ევოლუციის თეორია ჩარლზ დარვინამდე ჯერ კიდევ იოგებს ჰქონდათ და მეორეც, მან იოგა განმარტა იმ მიმდინარეობის თვალთახედვიდან, რომლის მიმდევარიც თავად იყო (ვედანტა). მას აჰყვა ოშო; არათუ აჰყვა, არამედ, თავს უფლება მისცა თავისი მოსაზრებები გაესაღებინა ინდურ ტრადიციულ მოძღვრებად, რაშიც მას სათანადო კვალიფიკაცია არ ჰყოფნიდა. ასევე, კიდევ უფრო მეტი პროფანაცია მოახდინა  ოშოს „გაუმჯობესებულმა“ პროექტმა - სადგურუმ. ასევე არიან სხვა უამრავი, ბაზარს მორგებული გურუებიც. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ავთენტურობის თვალსაზრისით ასეთი წყაროები სანდოობის თვალსაზრისით გადამოწმებას საჭიროებენ. მაგრამ რაც მთავარია, ინდოეთში არიან კეთილსინდისიერი მასწავლებლებიც და მცოდნეებიც. ასეთი მრავალფეროვნება ყველა რელიგიაში შეინიშნება.

იოგას პროფანაციაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეიტანეს დასავლელმა „გურებმაც“. მაგალითად, ბლავატსკაიას თეოსოფიური საზოგადოება, ვისი გავლენის ქვეშაც იყო ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი და სხვები. ასევე, New Age მოძრაობაც უდიდესი ფაქტორი იყო მეოცე საუკუნეში „ახალი იოგას“ შექმნის პროცესში. ყველას ჩამოთვლას აქ არ მოვყვებით, ვინც სათავისოდ იყენებდა ან ცვლიდა ინდურ უძველეს მოძღვრებას.

რა თქმა უნდა, დასავლეთში იყვნენ ისეთებიც, ვისაც გულწრფელად აინტერესებდათ იოგა მისი ორიგინალური სახით და, მართლაც სწავლობდნენ, მისდევდნენ და თარგმნიდნენ კიდეც, შექმნეს უამრავი და უდიდესი ნაშრომებიც, მაგრამ ასეთ ნაშრომებს ნაკლებად კითხულობენ (გასაგები მიზეზების გამო).

ჩემთვისაც არსებობს  პირდაპირი ინდიკატორი ჩვენს სკოლებში, როდესაც მოთხოვნა დიდწილად იოგურ ტანვარჯიშზეა, ხოლო იოგას ფილოსოფიის კურსს შედარებით ნაკლები ადამიანი ესწრება.

მოდით, დასავლეთის ამბავი გვერდზე გადავდოთ და ის ვიკითხოთ, თავად ინდუსებმა რატომ განავრცეს იოგა ასეთი ტრანსფორმირებული სახით? ანუ  იყო თუ არა ეს  შეგნებული არჩევანი თუ მათს არასაკმარის განათლებას უნდა მივაწერეთ ყოველივე ეს? ჩემი აზრით, ამაზე პასუხია: ორივე! აქ მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს, თუ რატომ არს იოგა ინდუსებისთვისაც კი რთულად ხელმისაწვდომი:

1. სანსკრიტი არის თითქმის მკვდარი ენა. ინდოეთს აქვს 22 ოფიციალური ენა. ბევრს ჰგონია, რომ ყველა ინდუსმა იცის იოგა ან სანსკრიტი. ეს აბსურდია. როგორც ჩვენ არ გვესმის, მაგალითად, სვანური ენა, ისე ინდუსებისთვისაც გაუგებარია სანსკრიტი. გავითვალისწინოთ რომ სვანური ან მეგრული ენა ცოცხალი ენებია.

2. მეორე მიზეზია, ეპოქალური დისტანცია. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ რამდენად ძნელი გასაგებია ჩვენთვისაც კომენტარების და განმარტებების გარეშე! ახლა წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო ძველი ტექსტები და თანაც ფილოსოფიური. ჩვეულებრივი ამბავია, რომ არსებობენ უცხოელი მეცნიერები, რომლებმაც გაცილებით უკეთ იციან საქართველოს ისტორია, ვიდრე თავად ჩვენ ვიცით (გამონაკლისების გამოკლებით).

3. გარდა ამისა, საჭიროა ფილოსოფიის ცოდნა და ფილოსოფიურ აზროვნებაში გაწაფვა. ესეც ძლიერი ბარიერია: ენის ფლობის შემთხვევაშიც კი, თუნდაც ეს ენა ცოცხალი იყოს, ტექსტების ფილოსოფიურობა ართულებს იოგას გაგებას. ფილოსოფია სპეციალური დარგია, რასაც კონკრეტული ცოდნა სჭირდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ვინც ოდნავ მაინც დაძლია ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების ათვისება ან მისი პოპულარიზაცია, მათ ფილოსოფიური ბაზისი ჰქონდათ. მაგალითად, სვამი ვივეკანანდა ადრეული ასაკიდანვე სწავლობდა კანტს, ჰეგელს, დარვინს, ჯონ სტუარტ მილს და ა.შ. ოშოც ფილოსოფოსი იყო პროფესიით. შესაბამისად, ფილოსოფიური აზროვნების არქონა, კიდევ ერთი ბარიერია ინდუსისთვის, რაც იოგას მიმართ გაუცხოებულ მდგომარეობაში ამყოფებთ. პირადი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ინდუს მოსწავლეებში ან ნაცნობებშიც კი შემიმჩნევია ძლიერი გაოცება, როდესაც იოგას კულტურასა და ისტორიაზე ვესაუბრები.

4. გავითვალისწინოთ ანგარება, - როგორც მიზეზი იმისა, თუ რატომ გვაწვდიან იოგას დამახინჯებული სახით - თუ ბაზარს მოარგებ, შენთვის უფრო მომგებიანი იქნება. ყოველივე ამის წარმოდგენა არ გაგვიჭირდება, თუ ჩვენს სასულიერო პირებს გადავხედავთ? რამდენია განათლებული? რამდენად აზრიანად საუბრობენ?! რამდენად თავიანთ სუბიექტურ მოსაზრებებს ავრცელებენ?! გასაკვირი არ იქნება, რომ ბევრს ბიბლია საერთოდ არ ჰქონდეს გააზრებულად წაკითხული. თანაც, ქრისტიანობაში ბიბლია ცენტრალური ტექსტია. აღმოსავლურ რელიგიებში ასე არ არის, იქ არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად შეთანხმება, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ძალიან ბევრ გურუს უდიდესი ავტორიტეტი და გავლენა აქვთ, მილიონობით მიმდევრები ჰყავთ, Youtube-ზე მილიონობით ადამიანი უსმენს და როგორ შეიძლება ყოველივე ეს პროფანაციის შედეგი იყოს. მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია. ავიღოთ ნებისმიერი სასულიერო პირის ავტორიტეტი, მაგალითად, რუსეთის პატრიარქი კირილი. სტატუსი არ ნიშნავს, რომ ის ქრისტიანია და ამ მოძღვრებას ადეკვატურად გადმოსცემს და რაც მთავარია, ცხოვრობს ქრისტიანულად. იგივეა ვითარებაა გურუების შემთხვევაშიც (აქვე კვლავ გავმეორდები, რომ საუბარი მხოლოდ გურუთა იმ ნაწილზე, რომლებისთვისაც ეს შეფასებები ზედგამოჭრილია).

რელიგია შეიძლება ვითარდებოდეს, ოღონდ მორგება და ამის დამალვა, თითქოს ყოველივე ეს უძველესი დროიდან მოდის, არის შარლატანობა. რეალურად მათი ამოცანა არის ის, რომ თავიანთი გამოგონილი ან ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტი გაასაღონ ტრადიციულად. ეს არის ხრიკი, რომ ხალხის ყურადღება მიიქციო და ხალხი დაარწმუნო, რომ რასაც ასწავლი, ამას მართლაც აქვს კავშირი ქრისტესთან, ბუდასთან, პატანჯალისთან და ა.შ. ხშირად, თუკი რომელიმე მღვდელს მოსთხოვ ტექსტების ციტირებას, ისინი ვერ შეძლებენ, რადგან ეს მხოლოდ მათი აზრია. და თუკი გულწრფელად ეტყვი, რომ ეს შენი გამოგონილი მეთოდია და არ მოდის უხსოვარი დროიდან, მაშინ  ხალხი გეტყვის, მაშ, რაღა საჭირო ხარ შენ შუამავლად? მეც ასევე შემიძლია ჩემებურად გავიგო ყველაფერი! მაგრამ შენ გეხმარება იმის რწმენა, რომ ამას კავშირი აქვს ბუდასთან, ქრისტესთან და ა.შ. ამიტომ არის, რომ რაც მეტი აკადემიური ნაშრომი გამოდის და რაც უფრო მეტი გურუ ამხილეს ამა თუ იმ მანკიერ თვისებაში, მით ნაკლები მოწიწებაა მათ მიმართ (ეს დასავლეთის ქვეყნებს უფრო ეხება). გავიხსენოთ, რომ ამერიკაში გურუების პოპულარობა სწორედ გაუნათლებლობის (ჰიპების) პერიოდს ემთხვეოდა.

თანამედროვე ბაზარზე, ყოველივე ეს შეფუთული მარკეტინგით და ბიზნესიც აწყობილია. წარმოიდგინეთ მეფე ნარიმანი, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით და სამთავრობო მხარდაჭერით. შედარებისთის, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რადგან საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, იქ რომ ჩავალ, მერე მეშველება, იქ ვეზიარები ნამდვილ ქრისტიანობას. მაგრამ ვისგან? ასე ადვილი არ არის ამის პასუხი. ის, ვინც პატიოსანია და განათლებული, შეიძლება სულაც არ იყოს რეიტინგული. ასევეა ინდოეთში, გაცილებით საინტერესო და ღრმა რაც არის, იმას ხშირად ნაკლები ჰყავს მუშტარი.

5. როგორც ითქვა, იოგაშიც და ბუდიზმშიც არ არსებობს ასე ცენტრალური ტექსტი, რაც ყველასთვის მისაღებია ერთნაირად. არსებობს გავლენიანი ტექსტები. ეს მიმდინარეობები არ არის ორგანიზებული. ყველაზე ორგანიზებული არის ტიბეტური ბუდიზმი, მაგრამ იქაც ვხედავთ ლაფსუსებს, მაგალითად, მეცამეტე დალაი ლამას მცდარი კომენტარები ტიბეტელებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მანტრაზე Om mane padme hum-ზე. ასეთი რამ ყველგან შესაძლებელია ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე.

რადგან ინდოეთში არსებობს უამრავი ტრადიცია, ეს ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული.

6. გარდა ამისა, ევროპელმა კოლონიალისტებმა „დააკომპლექსეს“ ინდუსებიც და ბუდისტებიც, როდესაც უთხრეს, რომ თქვენი რელიგია და კულტურა არის არამეცნიერული ცრურწმენა, კერპთაყვანისმცემლობა და ა.შ. რაზეც ისინი წამოეგნენ და თავად დაიწყეს თავიანთ რელიგიაში „ასეთი ნაწილების“ უარყოფა. ამ „კომპლექსიანების“ შედეგია, როცა ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ, თითქოს იოგა მეცნიერულია ან ბუდიზმი მეცნიერულია. და აქ მეცნიერულობაში გულისხმობენ ამ სიტყვის თანამედროვე დასავლურ გაგებას, რომ თითქოს მას არ სჭირდება რწმენა, არამედ ყველაფერი ცოდნას ეფუძნება. ამას ცდილობს ვივეკანანდა, მას აყვა ოშოც და სადგურუმაც თავისი წიგნს „ინჟინერია“ უწოდა, რადგან ინჟინერია მეცნიერულად ჟღერს. თან ერთი მხრივ თანამედროვე მეცნიერების შეზღუდულობაზე საუბრობენ და თან ცდილობენ, რომ ის დაიმოწმონ. „მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ..“ - იმეორებენ ხშირად.

სინამდვილეში რას ვგულისხმობთ მეცნიერულობაში? ფართო გაგებით ეს არის ისეთი ცოდნა, რისი შემოწმებაც შესაძლებელია. სრულიად ვეთანხმები ვივეკანანდას ბრწყინვალე აზრს, რომ ყველამ თავად უნდა შეამოწმოს ის რელიგია, რასაც მისდევს, თავის თავზე უნდა გამოცადოს. რადგან, როგორც იგი ამბობს, ქრისტეს ან ბუდას კი არ სწამდათ, არამედ საკუთარი გამოცდილებით იცოდნენ. რწმენით კი - სწამთ მათს მიმდევრებს. დიახ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მხოლოდ რწმენით კი არა, საქმით და გამოცდილებით უნდა მიაღწიო მოძღვრებას. ამ გაგებით, რადგან აქ გამოცდილებაზეა საუბარი, შეიძლება ვუწოდოთ იოგას მეცნიერება, მაგრამ მეცნიერული ცოდნა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და საყოველთაო. თუ იოგა მეცნიერულია, ბუდიზმი მეცნიერულია, მაშინ ქრისტიანობაც მეცნიერული გამოდის და მაშინ რატომ არსებობს ამდენი განსხვავებული მოსაზრება? ამდენი სექტა? ამდენი მიმდინარეობა? თავად იოგაშიც არსებობს უამრავი სექტა? მაშინ რატომ გრძელდება დავა? მაგალითად, დავა ხომ არ არის მათემატიკაში და სხვა მეცნიერებებში?! ყველა მაინც თავისებურად ხედავს ჭეშმარიტებას. ან კი რა უნდა დაიმოწმოს იოგამ სხვა მეცნიერებისგან, როდესაც ჭეშმარიტების კრიტერიუმს თვითონ ადგენს?! იოგა ისევ იოგათი თუ შემოწმდება, ისევე როგორც ხელოვნებაზე ვერ იმსჯელებ, ვთქვათ, ქიმიის კრიტერიუმებით. ხელოვნებაზე მსჯელობა ისევ ხელოვნების წესებით შეიძლება. ის, რომ ხელოვნება ხანდახან თერაპიაა და ორგანიზმში ცვლილებებს იწვევს, ამის შემოწმება შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს კარგ ხელოვნებას. ქიმია ვერასდროს იტყვის, ეს კარგი ხელოვნებაა თუ ცუდი. სწორედ ასევეა საქმე მედიტაციის კვლევებთან დაკავშირებით. მეცნიერებმა რომც დაამტკიცონ, რომ იოგური ან ბუდისტური მედიტაცია ტვინზე დადებითად მოქმედებს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მათი მიზანი სულაც არ არის, რომ ტვინს სტრესი მოუხსნას, არამედ ის, რომ ჭეშმარიტება დაინახოს; ხოლო რაში მდგომარეობს ჭეშმარიტება, ეს თავად იოგაშია მოცემული.

ამიტომ იოგას არ სჭირდება ასეთი მეცნიერულობის დამოწმება. თუ მაინც მოხდება მისი შედარება მეცნიერებასთან, მაშინ უნდა აღიარონ, რომ ესა და ეს შეხედულება იოგაში არამეცნიერულია და მორჩა. ნაცვლად ამისა, მხოლოდ ერთ მხარეს წარმოაჩენენ ხოლმე, სადაც მეცნიერულ დადასტურებას პოვებენ. იოგას არ სჭირდება სხვისი დამოწმება, მას თავისი დადასტურება თავის შიგნით აქვს, მას თავისი ღირებულება აქვს, ის უნიკალურია და იდუმალი. ის მხოლოდ შენ შეიძლება დაამოწმო შენს გულში.

ბოლოს მოვიყვან რამდენიმე ციტატას იოგური უპანიშადიდან (ამრტა უპანიშად):
 

არც ფიქრი, არც არ-ფიქრი, ასე პარადოქსულად, ფიქრიც და არ-ფიქრიც ერთდროულად. 

უტყვ ბგერასთან შერწყმით, იგი უმაღლესი რეალობით ტკბება. უძრაობის განცდით, იგი არყოფნის ყოფნას ეზიარება.

არ არსებობს არც სიკვდილი, არც ქმნადობა, არც ტყვეობა, არც მაძიებელი, არც გათავისუფლება, არც გათავისუფლების სურვილი — ეს არის ნამდვილი რეალობა.

შეიცანი შენი ნამდვილი «მე» ყოველთვის, როდესაც ფხიზლობ, როდესაც გძინავს, ან როდესაც ღრმად გძინავს. ის, ვინც თავი დააღწია ამ სამ განსხვავებას, მისთვის აღარ არსებობს განმეორებითი დაბადება.

მხოლოდ «მე» ერთი მე არსებობს ყველა განსხვავებულ არსებაში. მხოლობითი და მრავლობითი, როგორც მთვარე და მისი ანარეკლები წყალში.

«მე» კოკის სიცარიელეს ჰგავს, როდესაც კოკა ნამსხვრევებად იქცევა, სივრცეს არაფერი მოსდის. სიცოცხლე ამ სივრცეს ჰგავს. 

ამ მედიტაციით სრულად ვაცნობიერებ, რომ მე ვარ ნამდვილი არსება (ბრაჰმანი).

ნამდვილი არსება, რომელიც ყველას გულში იმყოფება, ნამდვილი სახლია. მე ვარ ის, სიცოცხლის ღმერთი. მე ვარ ის, ცხოვრების ღმერთი. (ტატტუამასი).