დჰარმა.  (Sansk. dharma Pali. dhamma; T. chos; C. fa; J. hō; K. pŏp 法).

დჰარმა - სანსკრიტულად „ფაქტორი“ ან „ელემენტი“; 

დჰარმა ბუდიზმში ფართოდ გავრცელებული მრავალი მნიშვნელობის მქონე ტერმინია, შესაბამისად, რთულად სათარგმნი, ამას თავად ტრადიციული წყაროებიც აღიარებენ. ლიტერატურაში აღნიშნული ტერმინის სულ მცირე ათი მნიშვნელობა გვხვდება. ტერმინი დჰარმა მომდინარეობს სანსკრიტული ფუძიდან √dhṛ, რომელიც ნიშნავს „დაჭერას“ ან „შენარჩუნებას“.

ვედურ ლიტერატურაში დჰარმა იმ მსხვერპლშეწირვას გულისხმობს, რომელიც კოსმოსურ წესრიგს ინარჩუნებს / იჭერს. ინდოელი მეფეები ამ ტერმინს თავიანთ სამეფოებში გატარებული პოლიტიკის აღსანიშნად იყენებდნენ. 

ჰინდუიზმში არსებობს მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჟანრი, სახელწოდებით dharmaśāstra — dharma-ს შესახებ ტრაქტატები, რომლებიც ადგენენ სოციალურ წესრიგსა და საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობას კასტის, სქესის და ცხოვრების ეტაპის შესაბამისად.

ტერმინის ზემოაღნიშნული მნიშვნელობის საფუძველზე, მრავალმა ადრეულმა ევროპელმა მთარგმნელმა dharma ინგლისურად თარგმნა როგორც „კანონი“ (“law”), რაც მის ჩინურ თარგმანშიც - ფა (“კანონი”) fa (აგრეთვე, “law”), იგივე მნიშვნელობის მატარებელია.

ბუდიზმში დჰარმას რამდენიმე განსახვავებული მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო და ფართოდ გავრცელებული განმარტებაა “სწავლებები” ან “დოქტრინები”, იქნება ის ბუდისტური თუ არა-ბუდისტური. 

შესაბამისად, როდესაც ბუდა აღწერს ჭეშმარიტების ძიების გზას, რომელიც მის გასხივოსნებას წინ უძღოდა, ის საუბრობს იმ დჰარმაზე, რომელიც მას თავისი მასწავებლებისგან ჰქონდა მიღებული. გასხივოსნების შემდეგ, ბუდას პირველ ქადაგებას ეწოდა „დჰარმას ბორბლის დატრიალება“  (DHARMACAKRAPRAVARTANA).“ ბუდამ იმის აღწერისას, თუ რას ასწავლიდა თავად თავის მოწაფეებს, გამოიყენა სიტყვა დჰარმა-ვინაია, სადაც ვინაია გულისხმობს მონასტრული დისციპლინის დანაწესებს, ხოლო დჰარმა, სავარაუდოდ, — ყველაფერ დანარჩენს. დჰარმას, როგორც სწავლების, ამგვარი მნიშვნელობა და მისი ცენტრალური როლი ტრადიციაში ნათლად იმითაც ჩანს, რომ დჰარმა მეორეა „სამ მარგალიტს“ (RATNATRAYA) შორის, ბუდასთან და სამგასთან (SAṂGHA, ანუ სამონასტრო თემთან) ერთად, რომელშიც ყველა ბუდისტი ეძებს ხსნას.

კომენტატორები აღნიშნავდნენ, რომ ხსნის დროქტრინის / სოტერიოლოგიური თვალსაზრისით, დჰარმა მიუთითებს კეთილსობილთა ოთხი მოტივის (catvāryāryasatyāni) მესამე და მეოთხე კომპონენტზე: NIRODHA-SATYA — ტანჯვის მიზეზების ჩამოშორება/შეჩერებაზე და MĀRGA — ამ ჩამოშორების/შეჩერების გზაზე/მეთოდზე. აქ დჰარმა ზმნის ფუძე „დაჭერა“, ეტიმოლოგიურად ასახავს ტერმინის იმგვარ გაგებას, სადაც დჰარმა აღქმულია ისეთ რამედ, რაც იჭერს ადამიანს, რომ არ ჩავარდეს ტანჯვაში. ხაზგასმულია ასევე განსხვავება დჰარმას ან “სწავლებების” ორგვარ ფორმას შორის: პირველია დჰარმა/“სწავლება”, რომელიც მოსმენილი ან შესწავლილია და ეწოდება წმინდა წერილთან დაკავშირებული/წერილობითი/სკრიპტურალური დჰარმა  (ĀGAMA-dharma)). ხოლო მეორეა, დჰარმა/“სწავლება”, რომელიც მიმდევარის ცნობიერებაში უშუალოდ მანიფესტირდება/მჟღავნდება და ეწოდება უშუალოდ განხორციელებული დჰარმა (ADHIGAMA-dharma).

დჰარმას მეორე (და სრულიად განსხვავებული) ძირითადი მნიშვნელობაა ფიზიკური ან მენტალური „ფაქტორი“ (“factor”) ან ფუნდამენტური „შემადგენელი ელემენტი,“ ან უბრალოდ „ფენომენი“. ამ მნიშვნელობით, დჰარმა ჩვენი განპირობებული/შედგენილი (SAṂSKṚTA) არსებობის ინდივიდუალური სამშენებლო ბლოკებია — აქ დჰარმა განიმარტება როგორც რაღაც, საკუთარი ბუნების “შემნარჩუნებელი”. ამიტომ, როცა ბუდისტური ტექსტები არსებობის შემადგენელ/განმაპირობებელ ელემენტებს ეხებიან, ისინი ხშირად საუბრობენ „ყველა დჰარმაზე“, როგორც “თვითობის/მეს გარეშე მყოფზე”. ტერმინი ABHI-DHARMA, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც „უმაღლესი დჰარმა“ ან „დჰარმასთან დაკავშირებული/დჰარმის განმაპირობებელი“, აღნიშნავს ამგვარი ფიზიკური და მენტალური ფაქტორების ანალიზს, განსაკუთრებით მიზეზობრიობისა და ეპისტემოლოგიის სფეროებში. ტექსტები, რომლებიც შეიცავენ ამგვარი სახის ანალიტიკას, მიიჩნევიან ბუდისტური კანონიკის სამი მთავარი კატეოგრიიდან ერთერთად - რაც ცნობილია, როგორც TRIPIṬAKA იგივე  “სამი კალათა”, სუტრა (SŪTRA) და ვინაია (Vinaya) კატეგორიებთან ერთად.

ტერმინ დჰარმას მესამე მნიშვნელობა არის “თვისება” ან „ხასიათი/ბუნება“. შესაბამისად, ხშირად მიუთითებენ ბუდას დჰარმებზე, არა როგორც სწავლებაზე, არამედ მის განსაკუთრებულ თვისებებზე, იქნება ეს ფიზიკური, ვერბალური თუ მენტალური თვისება. ეს არის დჰარმას ძირითადი მნიშვნელობა ტერმინში DHARMA-KĀYA. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ტერმინი ინგლისურად ითარგმნება, როგორც “ჭეშმარიტი სხეული“ (“truth body”), თავდაპირველად DHARMA-KĀYA, როგორც ჩანს, აღნიშნავდა ბუდას აღმატებული თვისებების (დჰარმა) სრულ ერთობლიობას (KĀYA). 

ტერმინი დჰარმა მრავალი მნიშვნელოვანი შედგენილი სიტყვის ნაწილადაც გვხვდება. მაგალითად, SAD-DHARMA, ანუ „ნამდვილი დჰარმა“, ტრადიციის ადრეულ ეტაპზევე ჩნდება, როგორც საშუალება, რომ ბუდას სწავლება სხვა, არა-ბუდისტური სწავლებებისგან განსხვავებულიყო. მაჰაიანა სუტრებში sad-dharma გამოიყენებოდა, ალბათ, თვითდამკვიდრების მიზნით, მაჰაიანას სწავლებების ხაზგასასმელად; მაჰაიანას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუტრა არის SAD-DHARMA-PUṆḌARĪKA-SŪTRA), რომელიც ცნობილია, როგორც „ლოტოსის სუტრა“ (“Lotus Sūtra”), თუმცა მისი სრული სახელწოდებაა “ნამდვილი დჰარმის თეთრი ლოტოსის სუტრა.”

ისტორიის ბუდისტურ თეორიებში, ბუდას გარდაცვალების შემდეგი პერიოდი (საუბარია ბოლო ხუთას წელზე) იწოდება ნამდვილი დჰარმას  ხანად. აღნიშნულ ხანას, ზოგიერთი თეორიის მიხედვით, მოსდევს ნამდვილ დჰარმასთან “მიმსგავსებული” ხანა (SAD-DHARMA-PRATI-RŪPAKA) და “უარყოფის” ხანა (SAD-DHARMA-VIPRALOPA).

ტერმინი DHARMA-DHĀTU მიუთითებს რეალობის ფუნდამენტურ ბუნებაზე, ისევე როგორც ტერმინი DHARMATĀ, ანუ „დჰარმურობა“. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ dharma ხშირად გვხვდება პიროვნებების წოდებებსა და თანამდებობებში. ამრიგად, DHARMABHĀṆAKA ნიშნავს დჰარმას მქადაგებელს, ხოლო DHARMAPĀLA არის ღვთაება, რომელიც იცავს დჰარმას; ორივე ტერმინში დჰარმა გულისხმობს ბუდისტურ დოქტრინას. DHARMA-RĀJAN არის მართალი მეფე (იგივე CAKRAVARTIN), განსაკუთრებით ის, ვინც იცავს ბუდას მოძღვრებას.

თარგმანი: მარიამ ხელაძე

წყარო:

The Princeton Dictionary of Buddhism
Robert E. Buswell, Jr. and Donald S. Lopez, Jr.