იოგაზე სიარული ცუდ პერიოდზე დამემთხვა. სამსახურის პრობლემებს + ჯანმრთლობა, გადასარევი ნაზავია, ვერაფერს იტყვი.

არადა, ავად თითქმის არასოდეს ვხდები. ჩემ გარშემო ვირუსი ბევრს ეყრება, ბევრი გაციებულია, მაგრამ, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ვცივდები და ისიც ერთი დღე მაქვს მაღალი სიცხე, მეორე დღეს, პეპისი არ იყოს, ჩიტივით ვარ. არ გახსოვთ, პეპი გრძელიწინდას რეცეპტები? ფეხი თუ დაგისველდება, თბილი ნავთი უნდა დალიო და თბილად ჩაწვე. დილას ჩიტივით წამოფრინდებიო, გვარიგებს ვილა ყიყლიყოს მაცხოვრებელი.

ბავშვობაში, გიყვარდეს, ავად ყოფნა ძალიან მიყვარდა. ჩამოვუვლიდი წიგნების თაროებს და რაც არ მქონდა წაკითხული, გვერდით მოვიწყობდი. სანამ კარგად გავხდებოდი, ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. ტომ სოიერიც ასე წავიკითხე, პეპიც, ჰეკლბერი ფინიც...

ახლა ამაოდ ვათვალიერებ კარადას. არაფერი აღარ დევს ისეთი, რაც წაკითხული არ მაქვს, ან თუ დევს - არ მაინტერესებს. ასეთები ძირითადად სპეციალიზირებული ლიტერატურაა უცხოურ, ძირითადად, რუსულ ენაზე. საერთოდაც, წიგნების ლოგინში კითხვას გადავეჩვიე, მხოლოდ ტრანსპორტში ან გაჩერებაზე ვასწრებ წაკითხვას.

იოგაში სამი გაკვეთილი ზედიზედ გამიცდა და ამ ტემპებით კიდევ რამდენიმე ვარჯიშის გაცდენა მომიწევს. მშვიდობით, ხელებზე აწევა და გაორმაგებული პრესები :(კიდევ რამდენი უნდა ვივარჯიშო, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო... თანაც, თუ მთვარის კალენდარს დავუჯერებთ, მალე გამოჯანმრთელების დიდი იმედი არ უნდა მქონდეს.

ხანდახან ხომ არის ისეთი პერიოდები, როცა იღლები წინააღმდეგობის გაწევით და ეშვები, "რაც უნდა ის მომხდარა", ამბობ და წევხარ შენთვის. გინდა სამსახური დაგიკარგავს, გინდა - შემოსავალი და გინდა - ჯანმრთელობა.ყველაფერს თავის ნებაზე უშვებ.

თქვენი აზრით, იოგა ამ ყველაფრის გადატანაში ეხმარება ადამიანს? დღეს სუნთქვაში ვვარჯიშობდი. ფანჯარა გავაღე და ვსუნთქავდი ღრმად. როცა ყურადღებას ვადუნებ, უკეთესად ვსუნთქავ.

ეს ჩემი საყვარელი ასანია იოგაში. ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და იდუმალი, როცა მზე ამოდის და იოგები ასე ესალმებიან, თან გულში ლოცულობენ...

არ მესმის, რატომ უნდათ ადამიანებს მარტო დარჩენა, როცა ცუდად არიან. ყველაზე მეტად მეგობრების და ახლობლების მხარდაჭერა ხომ ამ დროს გჭირდება.