ინტერვიუ გიორგი ბერძენიშვილთან (იოგის ფედერაციის პრეზიდენტი,საერთაშორისო იოგის ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში)

უამრავი მითი, ლეგენდა, ზღაპარი გვსმენია, ან წაგვიკითხავს ცხოვრების მანძილზე, რომლებიც უხსოვარი დროიდან მოდის ჩვენ საუკუნემდე და კვლავაც იარსებებს... ასევე უძველესი დროიდანაა მრავალი რელიგია. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ზღაპრულად-მოპრანჭულად გამოიყურება, რადგან უამრავი ლამაზად და მდიდრულად მოკაზმული ღმერთები ჰყავთ, რომლებიც ორგინალური აქსესუარებით არიან აღჭურვილი. იგი, ასევე საინტერესო და მიმზიდველია თავისი მითებითა და ლეგენდებით. ამჯერად, მინდა მე და გიორგიმ ერთად მოგითხროთ ინდუიზმზე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 5500 - 2600 წლით თარიღდება და ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 80% ამ რელიგიის მიმდევარია.

- ინდრა, შივა, ვიშნუ... გიო, ამ უამრავ ღმერთებზე და ამ ვრცელ რელიგიურ ფილოსოფიაზე იქნებ მოკლედ მოგვიყვე.

- ინდუიზმს საფუძვლად უდევს რწმენა მრავალრიცხოვანი ანთროპო-მორფული ღვთაებებისა. ამ რელიგიამ ბევრჯერ იცვალა სახე, დომინანტი ღვთაებებიც მუდმივად იცვლებოდა. ინდრა იყო ერთ-ერთი ზეცის ღმერთი, ყველაზე უფრო გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი. ღმერთი შივა კი, იმ დროს მხოლოდ ქარის ღმერთი იყო. შემდგომ შივას მნიშვნელობა გაიზარდა და გახდა ინდუისტური სამების(ტრიმურტი) წევრი. იგი ინდუიზმის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა, ის სიკეთისა და სიცოცხლის წყაროა. ამავე დროს, კოსმოსური ცეკვის დიადი მეფეცაა (ნატარაჯა), მთელი მსოფლიო მისი ექსტაზის ცეცხლში ნადგურდება და ხელახლა, შივას მიერვე ნაყოფიერდება. ღვთაება ვიშნუ ვედებში იყო ნახსენები, მაგრამ მეორეხარისხოვანი ფიგურა გახლდათ, შემდგომში კი იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ სამების მეორე წევრი გახდა, რომლის ფუნქციაც ევოლუციაა, რასაც სამების პირველი წევრი ბრაჰმა ქმნის. ინდური წმინდა წერილები(ვედები) ოთხნაწილად დაყო ვიასადევამ, რომელიც წარმოშობით მდაბიოთა კასტას ეკუთვნოდა (ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ამ ფენას, ბევრ სხვა სოციალურ შეზღუდვასთან ერთად, ეკრძალებოდა ვედების შესწავლა). მან ჩათვალა, რომ არსებულ ოთხ ვედას რაღაც აკლია და დაწერა მეხუთე ვედა(მაჰაბჰარატა), რომლის მიზანიც, სულიერი პრინციპების თანამედროვეთათვის მარტივ და გასაგებ ენაზე გადმოცემა იყო. ინდუიზმი რელიგიაა, რომელშიც ღმერთებსა და ადამიანებს ახლო და უშუალო ურთიერთობა აქვთ, ისევე, როგორც ბერძნულ მითოლოგიაში. თუმცა ბერძნული ღმერთები დღესდღეობით მხოლოდ მითოლოგიურ პანთეონში ცხოვრობენ, ინდურისგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ კიდევ სუნთქავენ და ხალხს მათი სწამთ. თანამედროვე ადამიანისთვის ძნელია იმგვარი რელიგიების მიღება, რომლებიც უფრო ზღაპრებს ჰგავს, თუნდაც ალეგორიული კუთხით რომ დავინახოთ, თუ ეს თავიდანვე არ არის ჩანერგილი ჩვენში.

- რას ნიშნავს ავატარი, რომელი ავატარებია ცნობილი ამ რელიგიისთვის?

- მართლაც, როდესაც ინდუიზმზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვილაპარაკოთ ღვთაებრივი ავატარების შესახებ. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიშნუს ავატარებია (განსხეულება). ის დედამიწაზე სხვადასხვა ეპოქაში მოდის, როდესაც ამის საჭიროება არსებობს, ანუ მორალური პრინციპებია დარღვეული და საჭიროა მათი დაცვა, უზრუნველყოფა, რათა კაცობრიობა ახალი ევოლუციის საფეხურზე გადავიდეს. ის სხვადასხვა სახით იბადება, მაგალითად, ისევე, როგორც ბიბლიაში, ვედებშიც აღწერილია წარღვნა, ამ დროს ვიშნუ თევზის სახით გვევლინება(მატსია) ინდური ნოეს(მანუს) გადასარჩენად, რომელსაც ხმელეთზე გაიყვანს. ასევე, ის ევლინება კუსა და ტახის სახით. ათეისტი მეფის გასანადგურებლად ის ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ლომის(ნარასიმჰას) ფორმას იღებს. გამორჩეული ავატარია რამას ავატარი, გსმენიათ, ალბათ, ცნობილი პოემა „რამაიანა“.

ვიშნუს ყველაზე მთავარი ავატარია კრიშნა, როგორც ნათქვამია, მასში ვიშნუ სრული ძალებით არის გამოვლენილი, თუმცა ამავდროულად, ის ითავსებს ბრაჰმას(შემოქმედი), შივას და სხვა ნახევარღმერთების თვისებებსაც. ის ამარცხებდა დემონებსაც და სხვა იმ ღვთაებებსაც, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევდნენ. ვედების თანახმად, კრიშნას ჰყავდა 16 ათასი ცოლი, თითოსგან ათი შვილი და ყველასთან ცხოვრობდა. ის სოციალურად აქტიური ფიგურა იყო, შემდგომში იმპერატორი გახდა, ომებში მონაწილეობდა, საინტერესო ბავშვობა ჰქონდა, გართობით. მან იოგას სულიერი ცოდნა თავის მეგობარსა და ნათესავს არჯუნას გადასცა. კრიშნა ეუბნება არჯუნას: შენ არ უნდა გეშინოდეს სიკვდილის, რადგან არ ყოფილა ისეთი დრო, როცა მე, ან შენ არ ვყოფილიყავით და არც მომავალში გვიწერია სიკვდილი, ვინაიდან ჩვენ დაბადებას სიკვდილი მოჰყვება, სიკვდილს ისევ ხელმეორედ დაბადება. იოგას მეცნიერება მე ვასწავლე მზის ღმერთს, ვივასვანს, მაგრამ შემდეგ ეს ცოდნა თაობებს შორის დაიკარგა და ახლა კვლავ მოვედი მის აღსადგენად. არჯუნა ეუბნება, როგორ? ის ხომ ადრეულ ეპოქაში ცხოვრობდა? კრიშნამ კი უთხრა, რომ ჩვენ მრავალი დაბადება-სიკვდილი გავიარეთ, შენ არ გახსოვს და მე კი მახსოვს ჩემი წინა განსხეულებები.

- ვინ იყო ბუდა და რა მისიაზეა საუბარი ვედებში?

- ვიშნუს შემდგომი ავატარია ბუდა. იყო ნაწინასწარმეტყველება, თუ ეს შემდგომ ჩაიწერა, ძნელი სათქმელია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ბუდას მისიად ათეისტთა შეცდომაში შეყვანა წერია. მან შესთავაზა სწავლების ისეთი ფორმა, რაც მისაღები იქნებოდა მათთვის, ის არ ქადაგებდა პირდაპირ ღმერთის შესახებ, რათა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო მათთან. სინამდვილეში კი მორალური სწავლება შესთავაზა, რომელიც საბოლოოდ მათი ელექტორატის გაფართოება იყო.

შემდეგი ავატარი, რომელიც ნაწინასწარმეტყველია, ეპოქის ბოლოს უნდა მოვიდეს, მას კალკი ჰქვია, ის უნდა მოევლინოს კალი-იუგის(რკინის-ეპოქა) ბოლოს, რომელიც არის ჩვენი ეპოქა, როდესაც სულიერი, მორალური ღირებულებები დაცემული იქნება. ეს ეპოქა ძალიან ჰგავს ბიბლიურ აპოკალიფსს - მეორედ მოსვლის ჟამს, საინტერესოა ისიც, რომ ავატარი კალკი თეთრ ცხენზე ამხედრებული ევლინება სამყაროს, ისევე, როგორც ქრისტე მეორედ მოსვლის ჟამს. ემთხვევა ეპოქის აღწერა, მისია და მოსვლის ფორმა.

- რომელმა შემოქმედმა შექმნა ჩვენი სამყარო?

- ბრაჰმაა ოთხგანზომილებიანი სამყაროს შემქმნელი. კიდევ ერთი მითი მახსენდება: ბრაჰმა კრიშნას ესტუმრა სასახლეში, კარისკაცებმა კრიშნას გადასცეს, ხოლო კრიშნამ იკითხა, რომელი ბრაჰმააო. ბრაჰმამ უთხრა კარისკაცებს, წადით და უთხარით ბრაჰმა ვარ, სამყაროს შემოქმედიო. მაშინ კრიშნამ თავისთან იხმო და მისვლის მიზეზი ჰკითხა. გეტყვიო, ოღონდ ჯერ მითხარი, რატომ ვეღარ მცნობო? კრიშნამ უთხრა, შენნაირ ბრაჰმებს ახლა გაჩვენებო და დაუძახებს სხვებსაც. სასახლეში შემოდიან ათთავიანები, ასთავიანები და მილიონთავიანი ბრაჰმები, რომლებიც, შესაბამისად, სხვა მრავალგანზომილებიანი სამყაროს შემოქმედნი არიან. ეს ჩვენი ბრაჰმა ამათთან პატარა ბუზივით არის. კრიშნა პასუხობს: ჰოდა, აბა, როგორ გავიგო, რომელი ბრაჰმა ხარო?! ხედავ რამდენი სამყაროა? ეს ყველაფერი ჩემი ენერგიების მხოლოდ ერთი მეოთხედი არისო.

- ამ მითებს მივყვები და პირდაპირ ასოციაციით ფილმამდე მივდივარ, რომელსაც ამას წინათ discovery-ზე ვუყურე. სამყაროს შექმნაზე, აფეთქებაზე და ვარსკვლავების მტვერზე. რა წარმოდგენები აქვს ამ რელიგიას სამყაროს წარმოქმნაზე?

- აფეთქების თეორია ძალიან ჰგავს ბრაჰმას მიერ სამყაროს შექმნის ამბავს. აფეთქების თეორიის თანახმად, სამყარო ერთი წერტილისგან გაფართოვდა და კვლავ შეიკუმშება. ისევე, როგორც ბრაჰმას მიერ სამყაროს შექმნა შესუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესია. მათი წარმოდგენით სამყარო იქმნება და ნადგურდება, მათ შორის არის სიცარიელე(პრალაია). ამ დროს ინდური ღმერთებიც კი იძინებენ, ან კვდებიან და შემდგომი შექმნისას ხელახლა იქმნებიან. სამყაროს შექმნა-განადგურება არის ბრაჰმას(შემოქმედის) შესუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესი. უფრო საწყისს რომ გავყვეთ, ინდუიზმში არის წარმოდგენა, რომ მიზეზების ოკეანეზე წევს ვიშნუ და მისი ჭიპიდან ამოდის ლოტოსის ყვავილი, ეს ყვავილი იშლება და ამ ყვავილში იბადება ბრაჰმა, რომელიც ქმნის სამყაროს.

- რა განსხვავებებია შივასა და ვიშნუს შორის, რომელია უფრო დიდი?

- შივაც და ვიშნუც ერთი ღმერთის სხვადასხვა ასპექტებია, ისევე როგორც ბრაჰმა. მათ ხანდახან ერთი ტანიდან ამოზრდილ სამთავიან არსებად გამოსახავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთარსებაა, თუმცა განსხვავება მათ შორის ხასიათშია. შივა ორ ურთიერთსაპირისპირო თვისებას ითავსებს, ის ხან მოწყალეა, ხან კი მრისხანე, რომელიც ანადგურებს, ეს სულიერ ევოლუციას უშლის ხელს.

ისევ მითებს დავუბრუნდები, ერთხელ, ერთმა დემონმა ბავშვის ფორმა მიიღო და ღმერთებს შეუტია, ღმერთებს კი თავისი კეთილშობილი ბუნების გამო არ შეეძლოთ ბავშვის მოკვლა, მაშინ მათ გადასარჩენად შივას მიმართეს, რომელმაც ფეხით გასრისა დემონი. მეორე მხრივ, ის იმდენად მწყალობელია, რომ შეიძლება დემონებისთვისაც კი გაიღოს უკანასკნელი რამ, რაც გააჩნია. მთავარია მას როგორ ექცევი და რა ხარ სინამდვილეში. ვიშნუს ფუნქცია კი სულიერ ევოლუციაში ადამიანთა დახმარებაა, ის დედამიწას ხშირად ევლინება და ადამიანებს მფარველობს განსაცდელი ჟამს, რომელსაც თვითონვე ქმნის სულიერი განვითარებისთვის.

- რას ემყარება ინდუიზმის სწავლება. რა არის კარმა და რეინკარნაცია?

- ეს ის რელიგიაა, რომელიც აღიარებს სიცოცხლის წრებრუნვას (რეინკარნაცია) და კარმის (მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი) პრინციპებს. მათ სწამთ, რომ ცოცხალი არსება, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, მცენარე თუ სხვა სიცოცხლის ფორმა, სიკვდილის შემდეგ კვლავ დაიბადება. ეს არის რეინკარნაცია. ხოლო თუ რა ბედის მატარებელი იქნება, ეს გამოწვეულია წინა განსხეულებაში ან წარსულში ჩადენილი ქმედებებით. ეს კი კარმაა. „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, ამით ჩვენც ვხელმძღვანელობთ, მაგრამ, როდესაც ვხედავთ ბავშვებს, რომლებსაც უკვე პრობლემები აქვთ, ჩნდება კითხვა, რატომ აქვთ მათ პრობლემები, როდესაც ცუდი არაფერი გაუკეთებიათ? ან შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა დასვას ასეთი შეკითხვა: რატომ იტანჯება მთელი ცხოვრება ან საამისო რა ჩაიდინა? კარმა-რეინკარნაციის თეორიის თანახმად, ეს არის ის ცუდი საქციელი, რომელიც მან წინა განსხეულებებში ჩაიდინა. შესაბამისად, თუ ვინმე დაიბადა, თუნდაც მდიდარ ოჯახში, ამასაც წინა ცხოვრების დამსახურებად მიიჩნევენ. თუმცა კარმის თეორია არც ისე მარტივია, ვინაიდან არსებობს კარმის სხვადასხვა შრეები, რომელთა წვდომა უმაღლეს ღვთაებებსაც კი არ ძალუძთ. ერთ წმინდანს შვილი არ უჩნდებოდა, ჩაისახებოდა თუ არა, ბავშვი მაშინვე კვდებოდა. მოკლედ, ეს ადამიანი მივიდა კრიშნასთან და მოუყვა, რომ მე ასე ვცხოვრობ, პატიოსნად, ვარ წმინდანი... ამიხსენი მიზეზი კარმაში რა შრე მაქვს დაბინძურებული, რომ შვილი არ მეღირსაო?.. კრიშნამაც არ იცის პასუხი, ის ეუბნება: ამის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვეცდები გავარკვიოო. კრიშნა სულიერ სამყაროში გაემართა და თან თავისი მეგობარი არჯუნაც წაიყვანა. მართალია კრიშნა უზენაესი ღვთაებაა, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უბრალოდ არ იცის. ასეა აღწერილი ამ მითში, რომ მიდის სიბნელეში და თავის ცეცხლოვანი დისკით(სუდარშანა დისკი-ღვთაება ვიშნუს ატრიბუტიკა) ანათებს. მიდის უსასრულობაში და სადღაც ხედავენ, შედიან უზარმაზარ სასახლეში, სასუფეველში. იქ ხვდება წამოწოლილი მაჰავიშნუ (ზე-ვიშნუ), მიზეზების ღმერთი, რომელიც მასშტაბებით ბევრად აღემატება კრიშნას. კრიშნამ თაყვანი სცა მაჰავიშნუს და ჰკითხა მიზეზი, თუ რატომ არ უჩნდებოდა იმ წმინდანს შვილი, სამართლიანობა დაირღვა, თუ რაღაც შეიცვალა სამყაროებში? მაჰავიშნუს გაეცინა და უთხრა: შენი ნახვა მომინდა, დავარღვიე ამ სამყაროს პრინციპები, რათა შენ მოსულიყავი ჩემთანო. ყველაფერი რიგზე იქნება, წადი განაგრძე რასაც აკეთებო. მითი გვაჩვენებს, რომ ღვთაებრივი ჩანაფიქრის გაგება ძალიან რთულია და ხანდახან მას უბრალოდ ღმერთის თამაშს ან გართობას ეძახიან(ლილა). ღმერთისთვის სამყარო მხოლოდ თამაშია, გართობა, როდესაც ის დედამიწაზე მოდის, ან როცა ტირის, მაშინაც თამაშობს, ვინაიდან ამ ყველაფერზე მაღლა დგას. როდესაც კრიშნას დემონმა მამა მოუკლა, კრიშნამ ტირილი დაიწყო, ასევე ტირილი დაიწო ღვთაება რამამ, როდესაც ცოლი მოუკლეს, თუ პარალელს ქრისტიანობასთან გავავლებთ, არის მომენტი სახარებაში, სადას უფალი იესოც ტირის, როდესაც ლაზარე მოკვდება და ეტყვის, უფალო, შენ რომ აქ ყოფილიყავი, ის არ მოკვდებოდაო... ეს რთული საკითხია, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ქრისტეს ღვთიური ბუნებაც ჰქონდა და ადამიანურიც, ხოლო კრიშნას მიმდევრებს კი მტკიცედ სჯერათ, რომ კრიშნას მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება ჰქონდა და როგორც აღვნიშნეთ, მისი მიწიერი ცხოვრება მხოლოდ ადამიანის როლის განსახიერება იყო.

ითვლება, რომ ადამიანად დაბადება დიდი წყალობაა, ხოლო ცოდვილები შეიძლება ცხოველად ან მცენარედ დაიბადონ. ამ დაბადება სიკვდილის ციკლს კი სამსარა ეწოდება. შეიძლება დაიბადოთ მილიონჯერ, მანამ, სანამ არ მიაღწევთ თვითრეალიზაციას და შეერწყმებით უფალს. უფალთან შერწყმის შედეგად კი სულს შეუძლია კვლავ დაიბადოს, ან აღარ დაიბადოს. დაბადებას, სიკვდილის ციკლიდან განთავისუფლებას, მოკშა ეწოდება. ადამიანის სული, ღმერთის სულის მსგავსად, მარადიული და უკვდავია, მაგრამ ილუზიის ძალით ის თავს მოკვდავ სხეულთან აიგივებს. თვითრეალიზაცია კი საკუთარ თავში ღვთაებრივი საწყისის პოვნას გულისხმობს, ცნობიერებისა - მე ვარ ღმერთი და ყველაფერი ერთიანია. ამისთვის საჭიროა საკუთარ თავში ჩაღრმავება-მედიტაცია. თვითრეალიზაციას სხვაგვარად მეორედ შობასაც უწოდებენ. დვიჯა(ინდურად) ორჯერშობას ნიშნავს, ასევე ის ნიშნავს ჩიტს, რომელიც ჯერ იბადება როგორც კვერცხი, მეორედ კი როგორც ჩიტი. ორჯერშობის ცნება ქრისტიანობაშიც არის. „სანამ წყლისა და სულისაგან მეორედ არ იშვებით, ვერ შეხვალთ ღვთის სასუფეველში. სულისაგან ნაშობი სულია“.-ამბობს იესო.

- რა არის მედიტაცია, რა ხდება მედიტაციის დროს, რაზე ვფიქრობთ და როგორ ვმოქმედებთ?

- მედიტაცია სულიერი პრაქტიკაა, საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი დაფარული არსების აღმოჩენა. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა გონების სიმშვიდის მიღწევა. როგორც ფსკერი არ ჩანს მღვრიე წყალში, ასევე დაფარულია ადამიანის ღვთაებრივი ბუნება, აფორიაქებული და გაფანტული გონების შედეგად. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი ცხოვრებით ჭეშმარიტი ტკბობა, აქ და ამჟამად, როდესაც სულიერ სიმშვიდეს აღწევთ.

იყო ერთი მეფე ჯანაკა, მისი სულიერი სიდიადე ნახევარღმერთებსაც აღემატებოდა. მაშინ ღმერთები მასთან ნარადას გააგზავნიან. წადი და გაიგე, როგორ ახერხებს ეს ადამიანი, რომელიც მეფური ცხოვრებით ცხოვრობს, იყოს სულიერად ამდენად ამაღლებული პიროვნება. მაშინ ნარადა ერთ დილას მეფეს ესტუმრა და უთხრა: - შენ უდიდესი ხარ ორგზისშობილთა შორის, მომიყევი ამას როგორ ახერხებო? მაშინ მეფემ უთხრა: -ერთ დავალებას მოგცემ და თუ შეასრულებ, გეტყვიო, აიღე რძით პირამდე სავსე ჯამი, მე გამომყევი ისე, რომ წვეთი არ დაღვაროო და თუ პირობას შეასრულებ, გეტყვიო. ნარადა დათანხმდა და გაჰყვა პირამდე სავსე ჯამით. მთელი დღე სდია ჯანაკას, ბოლოს კი, როცა მოსაღამოვდა, მეფე მიუბრუნდა ნარადას და უთხრა: - ყოჩაღ, დავალება კარგად შეგისრულებიაო, აბა, მითხარი, როგორ მოგეწონა ჩემი სასახლეო, ან დილის ცერემონიაო? მან დღის განმავლობაში განცდილი შთაბეჭდილებების შესახებ გამოჰკითხა, ნარადმა კი მიუგო: - ვერაფერი დავინახე, რადგან სულ იმაზე ვფიქრობდი, რძე არ დამექციაო. მეფემ გაიცინა და უთხრა, ჩემი საიდუმლოც ამაში მდგომარეობსო, მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი მატერიალური საქმიანობით ვარ დაკავებული, ჩემი ყურადღება მუდამ უფლისკენაა მიმართულიო.

- ანუ, სამოთხეც აქ გვაქვს და ჯოჯოხეთიც. ვფიქრობ, როცა აქ მოგვავლინეს, ორივე მოგვცეს და მიგვიშვეს შემეცნებისა და განვითარების იმედად. იქნებ ეს დედამიწიერი ეტაპი უეჭველი გასავლელია? მაშინ არ მესმის იმ განდეგილების, რომლებიც მიწიერ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და პირდაპირ სხვა ლეველზე უნდათ გადახტნენ. თან, როდესაც დარწმუნებით არ იცი სხვაგან რა გელის... უბრალოდ, არის თუ არა საერთოდ ის სხვა?

- კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვები ვედებიდან. კრიშნას ცოლებმა იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ ერთი წმინდანისთვის, გადაწყვიტეს მისთვის საჭმელი მიეტანათ. გზად მდინარე უნდა გადაევლოთ, რომელიც ადიდებული დახვდათ და ვერ გადალახეს. დაბრუნდნენ და კრიშნას მოახსენეს. კრიშნამ უთხრა, წადით და მდინარეს უთხარით, რომ კრიშნა ბრაჰმაჩარიაო (ვისაც სქესობრივი კავშირი არ ჰქონია). ცოლებს გაუკვირდათ, ვინაიდან ყველასთან ურთიერთობაც და შვილებიც ჰყავდა. მაგრამ დაუჯერეს და მდინარეც დამშვიდდა, როდესაც მდინარის მეორე მხარეს წმინდანს საჭმელი მიართვეს და უკან დაბრუნდნენ, მდინარე კვლავ ადიდებული იყო. წმინდანს მიმართეს, რომელმაც უთხრა, წადით და უთხარით მდინარეს, რომ მე ვმარხულობო. კრიშნას ცოლებს ისევ გაუკვირდათ, ვინაიდან წმინდანმა მათ წინაშე გემრიელად მიირთვა და მარხვაც დაარღვია, თუმცა მდინარემ ამჯერადაც დაუჯერა. კრიშნას სთხოვეს განემარტა ეს ყველაფერი: კრიშნამ კი უთხრა, ბრაჰმაჩაია-სულიერი მდგომარეობაა და არა ფიზიკური.

რაც შეეხება განდეგილობას, ამას ინდუიზმში სანიასა ეწოდება. ინდუიზმი ვარნაშრამას სისტემაზეა აგებული. არის ოთხი ვარნა(კასტა): ბრაჰმანთა(სასულიერო პირები), კშატრიათა (არისტოკრატები და მეომრები), ვაიშთა(ვაჭართა ფენა) და შუდრათა(მუშათა კლასი). აგრეთვე, არსებობს ოთხი აშრამა(ასაკობრივი ჯგუფი), რომელთაც თავისი შესაფერისი ცხოვრების წესი აქვთ. პირველ აშრამას ბრაჰმაჩარია ჰქვია და ის 25 წლამდე ასაკს გულისხმობს. ეს მოწაფეობის პერიოდია. შემდეგ 25 წლიდან 50 წლამდე, ეს არის გრიჰასტა. გრიჰა ნიშნავს ოჯახს, მეოჯახეს. მესამე 50 წლიდან 75 წლამდე არის ვანაპრასტჰა – საქმეთაგან განდგომა. 75 წლიდან 100 წლამდე სანიასა, განდეგილის ცხოვრების წესი. საქმეთაგან სრული განდგომა.

- რომელი რელიგიის მიმდევარი უნდა იყოს ადამიანი? იქნებ იმისა, სადაც გავჩნდით, რა ნაციონალობა და კულტურაც გვაქვს? რომელია ჭეშმარიტი? 21-ე საუკუნეში ვართ და ვიცით ის, რომ არაფერი არ ვიცით.

- შეგიძლია ექსპერიმენტები ატარო და ყველა რელიგია სათითაოდ ირწმუნო. ხან ერთი გეგონოს ჭეშმარი და ხან მეორე. ამდენი რელიგიაა, შეიძლება ყველა მართალია, ან პირიქით, ყველა ცდება. სანამ ამ ექსპერიმენტებს გაივლი მანამდე უნდა დაიჯერო, რომ პასუხისმგებელი თითოეულ შენ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე, თვითონ ხარ საკუთარ თავთან. ...ყველა ასე ცხოვრობს და მეც ასე ვიცხოვრებ, ეს სიკვდილის და პრობლემების იგნორირებაა. ეს არის ზედაპირული ცხოვრება, რომელიც უპასუხისმგებლო ჭრიჭინას მსგავსია. აქედან გამომდინარე, როცა პრაქტიკულ ნაბიჯს გადადგამ, ფრთხილი უნდა იყო, მით უმეტეს იმ ნაბიჯს, რომელიც სულიერებას ეხება. ადამიანები, რომლებსაც რეინკარნაციისა სწამთ, სულიერად უფრო წყნარად არიან, მერე რა, მოვკვდები, მერე კიდევ დავიბადები, კიდევ გავაკეთებ რაც გასაკეთებელი დამრჩა. ამიტომ ქრისტიანობის უპირატესობად სწორედ ეს მიმაჩნია, ასეთი რწმენა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საკუთარ თავზე. ერთი ცხოვრება გაქვს, გამოცოცხლებული ხარ და შიშის ფაქტორი უფრო მეტია. რელიგია, რომელიც გეუბნება პრობლემა არ არის, რაც გინდა ის აკეთე, ილუზიაა. დაიძინებ ყუთში, როგორც მილიონობით ინდუსს სძინავს და ყველანაირ გარემოს შეეგუები. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ბევრი ბრძოლებიც გვაქვს გადატანილი, ბევრი პრობლემა, ჩავარდნები, ტყვეობები... საქართველო ხშირად იყო დაქუცმაცებული, გენეტიკაც სხვა გვაქვს და გეოპოლიტიკური მდებარეობაც. ამიტომაცაა სხვანაირი მოტივაცია, ადამიანის ცნობიერებას რელიგია ქმნის და პირიქით... ქართულ ხასიათში ინდუიზმი მაინცდამაინც არ ჯდება. ზუსტად ამ შიშის ხარჯზე ცდილობ, რაღაცა აკეთო, ნაბიჯები გადაგდა, რომ შიში გადალახო. შიშის მომენტი დამთრგუნველია, მაგრამ... ორი გზა აქვს ადამიანს, ერთი, თავისი ნებით შეუძლია მოჰკიდოს ხელი თავის სურვილს და ტრანსფორმაცია გაუკეთოს, მეორე, ექსტრემალურ სიტუაციაში გამოავლინოს დაფარული თვისებები. მაგალითად, ადამიანი თავისი ნებით ჩავიდეს წყალში და გასცუროს და მეორე, ჩააგდო წყალში და ძალით გამოაღვიძო მისი იმუნიტეტი, მისი დაფარული შესაძლებლობები... ადამიანს აქვს ის რესურსი, რომ ვერაფერმა შეუშალოს ხელი, თუ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ბუნებრივია, იცვლება რელიგიები და იცვლებიან ადამიანებიც...

 

მაკა კილაძე