ავტორი: ქეთი ბარამიშვილი(იოგა ჟურნალი)

გამოჩენილი ქართველი  საოპერო მომღერალი, დრამატული ტენორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,  მრავალი პრემიის ლაურეატი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ რეგალიებისა, რომლებიც დიდ მაესტროს ნოდარ ანდღულაძეს ეკუთვნის. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გაბედა სამყარო ჰანგებითა და ბგერებით შეეცნო. მისი თავბრუდამხვევი კარიერა გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან დაიწყო და უზარმაზარ კორიფეებს მიაღწია. მისი ძლიერი, ლამაზი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი და გამომსახველი ხმა ერთნაირად აკვირვებდა და აღაფრთოვანებდა მსმენელს. აბესალომის, ტარიელის, მინდიას, ოტელოს, რადამესის და სხვა პერსონაჟთა მიღმა იმალებოდა ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ზედმიწევნით ფლობდა დახვეწილ მუსიკალურ ფრაზირებას, არტისტიზმს და სცენურ  ოსტატობას. დღეს იგი უკვე გამოდცილი და აღიარებული მაესტროა. ნოდარ ანდღულაძის სამყარო დღემდე ასეთი მუსიკალურია და სწორედ ამ სამყაროში გრძნობს იგი თავს მეუფესავით.

თუმცა მუსიკის გარდა მის ცხოვრებაში არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი – დიდი მაესტროს წარმატების ფორმულა იოგას ფილოსოფიაში იმალება. ნოდარ ანდღულაძის ისტორია მაგალითია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც იოგას საშუალებით წარმატებისაკენ სწრაფვა მიზნად დაუსახავს...

ნოდარ ანდღულაძის ბავშვობამ განვლო მაშინდელი თბილისის მუსიკალურ და მხატვრულ გარემოში. დედა (ბარბარე მამამთავრიშვილი) სოპრანო იყო, ხოლო მამა  (დავით ანდღულაძე ) დიდი ქართველი ტენორი და სახელგანთქმული ვოკალის პედაგოგი. მაესტროს მეხსიერებას კარგად შემორჩა ბავშვობისდროინდელი მოგონებები. გუშინდელივით ახსოვს როგორ ვარჯიშობდა მამა იოგას  ჯანმრთლობის გაუმჯობესების მიზნით.

.–  მამა იოგას სავარჯიშოებს ჯანმრთელობის  გამო მიმართავდა ხოლმე – გაიხსენა ჩვენთან საუბრისას ბატონმა ნოდარმა – როდესაც ამ  მოძღვრებას კარგად გაეცნო, იოგას სუნთქვითი ვარჯიშები თავის პროფესიაში გადმოიტანა  და საოპერო სუნთქვას დაუკავშირა. ამის შემდეგ მოწაფეებს იოგას ვარჯიშებს ურჩევდა ხოლმე. ასე ოჯახურ გარემოში მოხდა ჩემი პირველი შეხება იოგასთან. მეც სწორედ სიმღერის გამო მოვკიდე ხელი იოგას. როდესაც მე ვფიქრობდი თქვენთან საუბარზე, მინდოდა სწორედ ამითი დამეწყო – იოგას მოძღვრებაში ასეა ნათქვამი: „ის ვინც კარგად მღერის, კარგად სუნთქავს.“ აქედან ბევრი რამ იკვეთბა. ჩემს მიერ გამოცემულ წიგნებში მთელი გვერდებია დათმობილი სწორედ ინდური ფილოსოფიისადმი და განსაკუთრებით იმ ნაწილისადმი, რომელიც იოგას საკითხებს ეხება. იმას, რასაც იოგები უწოდებენ პრანას. პრანა არის საციცოცხლო ენერგია. ამ ენერგიის დაუფლება და გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით ხდება. აქედან არის ჯნანა, კარმა, რაჯა და ჰათჰა იოგები. მე რაღა თქმა უნდა ჰათჰა იოგას მიმდევარი ვარ.  

–  ვინ იყო თქვენი მასწავლებელი–გურუ?

– იყო ასეთი ექიმი გოგი კენჭაძე, რომელიც  მამასთან მეგობრობდა. მასთან  ხშირად მქონდა საუბრები იოგას მოძღვრებაზე, ინდურ ფილოზოფიაზე. შემდეგ ძალიან ბევრი წავიკითხე ამ თემის გარშემო, ბევრს ვეცადე თვითონ  გავრკვეულიყავი ყველაფერში. უამრავ ლიტერატურას ვეცნობოდი.

–  რომელი ლიტერატურით ხელმძღვანელობდით იმ პერიოდში?

–  წიგნები მე ყოველთვის თან მქონდა. რამდენიმე გამორჩეული წიგნი მაქვს იოგას შესახებ – ზოგადი სახის, პოპულარული,ზოგი კი მხოლოდ თვალებს ეხება...  რამდენიმე მათგანი პარიზში გამოცემულია, ვკითხულობდი გერმანული გამოცემის წიგნებსაც. თავის დროზე ვიწერდი ჟურნალებს „ინდია“, სადაც ყოველი ჟურნალის ბოლოს ერთი გვერდი იოგას ჰქონდა დათმობილი. კარადაში მიდევს ინდოეთის ფილოსოფიის შესახებ წიგნი ალბომის სახით, სადაც საუკეთესო სტატიებია თავმოყრილი...

–  რა დამოკიდებულება იყო იოგას მიმართ კომუნიზმის დროს?

–  სხვათა შორის საბჭოთა პერიოდში ისე ცხადად არ ებრძოდნენ იოგას მოძღვრებას, როგორც სხვა იდეებს. ეს თემა თითქოს  მიყრუებულიც კი ჰქონდათ. ცოტა მოგვიანებით  კონსერვატორიაში მცირე დარბაზში სუნთქვის ვარჯიშებსაც კი ვატარებდი, მოდიოდა უამრავი ხალხი, ტევა აღარ იყო ხოლმე. ჩემთან სახლში კი ხალიჩებს გავფენდით  და ჩემს მოწაფეებს ზურაბ სოტკილავადან დაწყებული,ყველას ვავარჯიშებდი იოგაში.

– რა გავლენა იქონია იოგამ  თქვენს სასიმღერო მოღვაწეობაში?

–მე მაქვს ერთი ძალიან საინტერესო სტატიები წაკითხული ბგერის, სიმღერისა და იოგას ურთიერთობის შესახებ. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა პრანას საშუალებით წვდომა  შინაგან ბგერაში. ეს არის ადამიანის სულის ბგერა. მე აქედან, ამ სულიერი გზიდან მოვდივარ, ჩემთვის სიმღერა არის სულიერი სამყაროს გამოვლინება. იოგა ძალიან  მეხმარება ამ სულიერ გზაზე გავიკაფო...

 თუ როგორ წარმომიდგენია ჩვენი დარგისთვის იოგას გამოყენება, შევეცდები აგიხსნათ. შინაგანი ენერგეტიკის დაუფლების საშუალებით სხეულის ყველა ნაწილის ერთიანი მობილიზაცია უნდა მოხდეს. ფსიქოლოგიის, ენერგეტიკის თუ  მენტალობის გაერთიანების საშუალებით ადამიანს შეუძლია მოემზადოს შემოქმედებითი აქტისათვის ე. ი. აქტიური გახდეს შემოქმედებითად. ჩვენ მომღერლები ამას ისედაც ვაღწევთ მუსიკის საშუალებით, მაგრამ როგორც შესამზადებელი საფეხური მე ეს პროცესი ძალიან მჭირდება. მე არ ვიწყებ პირდაპირ სიმღერით. ჩემი თანმიმდევრობა ჰათჰა იოგადან იწყება. ჩვენ გავდივართ საფეხურებს. ვარჯიშები არის ელემენტარული დონე, მაგარამ აქედან უნდა მივაღწიოთ გასვლას უფრო მაღალ სფეროებში. ჩემი სულის განვითარებისათვის მე ისეთი საფუძველი მჭირდება, როგორიც ჰათჰა იოგაა. იმისათვის, რომ ავიდე უფრო მაღალ სფეროებში. სხვათა შორის ასეთი სახის მეთოდს თანამედროვე იტალიელი მასწავლებლები უკვე მისდევენ. ახლახან  მივიღე  ახალი წიგნი ჩემი იტალიელი კოლეგისგან, რომელსაც აქვს ანალოგიური სავარჯიშოები. თითქოს იოგაა ეს სავარჯიშოებიც,  სადღაც ისინი ემთხვევა კიდეც ერთმანეთს.  

– რომელ პრაქტიკას გამოყოფდით ყველაზე მეტად  – მედიტაციურს, სუნთქვითს თუ ფიზიკურს, სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?  

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უფრო სუნთქვით ვარჯიშებს გამოვყოფ. მე არ ვიზიარებ იოგას სწავლების მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც სამ სუნთქვაზეა ლაპარაკი – ლავიწისებურ, მკერდისებურ და მუცლისებურ. მე მაქვს წაკითხული ციკლი ლექციებისა „სუნთქვა და ცხოვრება“. ამას ჰქვია სუნთქვის ზღვა, ენერგიების შეერთება. არსებობს ორნაირი – ბუნებრივი და შებრუნებული სუნთქვა. მე ის ნაწილი მაინტერესებს, სადაც დაპირისპირებაა ბუნებრივსა და შებრუნებულ სუნთქვებს შორის. აი ეს ისეთი ამოცანაა, რომელსაც ყველა იოგიც კი ვერ მიხვდება. მთავარი ფუნქცია არა ბუნებრივ სუნთქვაზე მოდის, არამედ შებრუნებულზე. ოსტატობა იქაა – საპირისპირო, არაბუნებრივ, მაგრამ ბუნებრივზე დაყრდნობით სუნთქვაში. ეს ხდება დიაფრაგმის მოძრაობით, ამ დროს დიაფრაგმის მოძრაობა სხვანაირია. როდესაც რენტგენით გავშუქებულვარ, გაოცებულან ჩემი დიაფრაგმით. ამაში მთავარია სწორი სუნთქვა, სწორი სიმღერა და იოგას  სწორი გაგება.

იცით მე საერთოდ მივყევი პროცესის ინტერპერეტაციას და დავისახე მიზნად ძველი მეთოდები თანამედროვე აზროვნების საფუძველზე შემესწავლა. აი აქ გამომადგა ძალიან იოგა. ის, რაც ძველი საიდუმლოებების სახის იდო ძველ იტალიურ სკოლაში, დაემთხვა იოგას სუნთქვის საკითხში. აი ის დებულება, რომლითაც მე დავიწყე „ვინც კარგად მღერის, ის კარგად სუნთქავს“. ასე იყო ძველად, მერე შეიცვალა  ასე „ვინც კარგად სუნთქავს, ის კარგად მღერის“.  სწორედ ამან აურია საქმე. ახლა კი ყველაფერს თავის ადგილას ვაწყობთ. მეცნიერბმაც აღიარეს, რომ ვინც კარგად მღერის, ის კარგად სუნთქავს. ეს რთული პროცესია.  აქ  ძალიან დიდი წონასწორობა უნდა იყოს დაცული, არ შეიძლება ცალმხრივად მიდგომა.

– და მაინც, რას არის თქვენთვის იოგა?

– ჩემი იოგა არის სიმღერა, სიმღერით მე საოცარ დონეებს მივაღწიე იოგაში. ჩემთვის იყო ყველაზე საინტერესო, რომ ქურუმები იყვნენ პოეტები და მომღერლები. ამიტომ ისინი სიმღერით აკეთებდნენ ეპიკურ პოემებს. მომღერალი და პოეტი წინათ არ განსხვავდებოდა. ისინი იყვნენ ქურუმებიც, პოეტებიც და მომღრლებიც. სუტრაში არის ნათქვამი ძლიან კარგად – ისინი ქსოვდნენ ლექსებს. ხომ გესმით როგორი პროცესია? მთელი ეს რიგვედები სულ  ნაქსოვია. მეორე რაც მთავარია, ინდურ სამყაროში მნიშვნელოვანია ყური. სპილოს ყური არის დიდი და ამიტომ სპილო ყველაზე დიდი ბრძენია! ამიტომ სმენა ძირითდი ორგანოა და იოგაშიც სმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ბატონო ნოდარ, თქვენ ენათმეცნიერიც ხართ და უამრავი  ნარკვევი გაქვთ, ხომ არ აღმოგიჩენიათ რაიმე კავშირი სანსკრიტულ ენასა და ქართულ ენას შორის?  

–  ამ მხრივ მე მქონდა გარკვეული შეხედულებები. ერთმა ინდოელმა მეცნიერმა გამოგზავნა საინტერესო წერილი თეზისების სახით. ის ადარებს სანსკრიტსა და ქართულ ენა.  ამბობს, რომ ეს ორი ენა უძველესია კაცობრიობაში. ქართული გადარჩა იმიტომ, რომ ცოცხალი ენა იყო და ხუთი ათასი  წელია რაც არსებობს. სანსკრიტი გახდა სამწერლო ენა და მოკვდა, საინტერესო დებულებაა. მეც მაქვს გარკვეული შეხედულებები შუმერის შესახებ. მინდა დავამტკიცო, რომ ქართული მრავალხმიანობა ახსნის შუმერული ენის ბევრს თავისებურებას.

– როგორც გამოცდილი იოგი,  რას ურჩევდით იოგების დღევანდელ თაობას?

–იოგას ყველანაირი დონე კარგია. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ასეთ სიმაღლეებში  შეხვალთ ადვილად, თორემ შეიძლება შეიშალოთ. სიფრთხილეა საჭირო, თვითკრიტიკა და სულიერება. სულიერებას მიხედეთ. ეს აუცილებელია.

***

თავის დროზე ნოდარ ანდღულაძემ დიდი სკოლა გაიარა. გაიარა ვოკალური ჩამოყალიბების თანამიმდევრული ეტაპები, განსაკუთრებით ვოკალური სუნთქვის საკითხში დაწყებული პირველი გაკვეთილებიდან ვიდრე ვოკალური ოსტატობის უმაღლეს საფეხურამდე. ასევე მტკიცედ აითვისა და სრულყოფილებამდე მიიყვანა გარდამავალ ნოტებზე ბგერის „მოხურვის“ უფაქიზესი ხერხი, რომლის შესახებაც  მაესტრო ჯ. ბარამ  უთხრა მომღერალს მისი მოსმენის შემდეგ: „ამგვარ ხმის მოხურვას იტალიაში 7–8 წელი მაინც დასჭირდებაო“. ეს ყველაფერი  ნამდვილად იოგას დამსახურება იყო.

გარდა ნაყოფიერი და საშემსრულებლო ტექნიკური გამოცდილებისა, ნ. ანდრულაძეს ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი ვოკალის ფიზიოლოგია და აკუსტიკა. 1960 წელს იგი მიავლინეს „ლა სკალაში“ ორწლიანი სტაჟირებისათვის.  როდესაც მომღერალს ეკითხებიან ხოლმე, თუ როდის იგრძნო თავი ყველაზე ბედნიერად? მისი პასუხი სრულიად ცალსახაა: – „როცა შევიტყვე, რომ იტალიაში მგზავნიდნენ“.

ნოდარ ანდღულაძემ შეიმუშავა ვოკალური ხელოვნების ზოგადი თეორიის კონცეფცია, რომელიც წარმოდგება როგორც დონეობრივი სტრუქტურა აგებული შემდეგი იერარქიული პრინციპით: უმაღლესი დონეა ესთეტიკური. მას მოსდევს ტექნიკური დონე, რომელიც ქმნის საკუთრივ შემოქმედებითს – ხელოვნების პრაქტიკულ მხარეს და ამ ორს დაქვემდებარებული ფსიქოლოგიური და აკუსტიკურ–ფიზიოლოგიური დონეები. 

 

***

უკვე ასაკში შესული დიდი მაესტრო ახლა სხვებს უზიარებს სუნთქვითი ვარჯიშების წარმატების ფორმულას, იოგას მოძღვრებას და საოპერო ხელოვნების თეორიას. მისი სამყარო ისევ მუსიკალურია და  მხოლოდ ამ ბგერებისა და ჰანგების სამყაროში გრძნობს თავს მეუფესავით.