„უპანიშადები“ ძველინდური ფილოსოფიურ-რელიგიური ძეგლი , ათასწლეულთა წიაღიდან აღმოცენებული, ჟამმიუკარებელი საგანძურია კაცობრიობის აზროვნების მატიანეში. მისი ღვთიური მცნებანი და მოძღვრებანი, მისი მარადსაკაცობრიო  საწესო ქადაგებანი, გაცხადებული  უდიადესი პოეტური და მისტიური ძალით, დღესაც იგივენაირი რწმენით მიაახლებენ ჭეშმარიტ ღვთისმოსაობასა და სულიერ სიბრძნეს, როგორც ოდესღაც, უხსოვარ წარსულში. უპანიშადები, სამშობლოში ღვთაებრივ გამოცხადებად აღიარებული, მარადიული  თანამდევია კაცობრიული სულიერი ცხოვრებისა“
1995 წელს გამომცემლობა „ ხომლმა“ გამოსცა „უპანიშადების“ ქართული თარგმანი (მთარგმნელი ლერი ალიმონაკი). ვიდრე ცნობილი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები გაგვიზიარებდნენ თავის აზრს, „ უპანიშადების“ მნიშვნელობაზე მსოფლიო ცივილიზაციაში და მისი ქართული თარგმანის შესახებ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მთარგმნელის შემოქმედებით ბიოგრაფიას.
 
                         სიბრძნე, რომელიც არ ბერდება
„  და შემდგომ არტჰაბაგა ჰკითხავდა...“
როცა „ უპანიშადებზე“ ვფიქრობთ, რა უნდა იყოს მასზე მნიშვნელოვანი,რასაც თავად ეს ცნება შეიცავს? ის ნიშნავს „ ფერხთით ჯდომას“ , იგულისხმება ფეხნი მოძღვრისა. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი, ყოველი სიბრძნე, რასაც „ უპანიშადები“ შეიცავენ, მოძღვრის ფერხთა წინაშე ფერხმორთხმული მოწაფეს მოუსმენია თავად მოძღვრისგან.მაშასადამე, ისინი ზედაპირად შეიქმნენ და ზედაპირადვე არსებობენ თავის წმინდა სახით, ვიდრე წარმავალ ქაღალდს მიებარებოდნენ. რა უნდა ყოფილიყო იმაზე მტკიცე და მყარი, გაუბზარავი ჭურჭელი, ვიდრე ფეხმორთხმული, გასუსული მოწაფის სასმენელია. და ეს მოწაფე რამდენიმე ხანში მოძღვრად მოევლინება სხვა მოწაფეს. ჩვენ ამჟამად არაფერს ვამბობთ, თუ რა სიბრძნეს ინახავს „უპანიშადები“ მხოლოდ ცნებაზე ვსაუბრობთ, როცა ვიზიარებთ ამ ცნების  მნიშვნელობას, გვახსენდება მაცხოვრის წინაშე მჯდარი, ალბათ, ისიც აღმოსავლური წესისამებრ ფეხმორთხმული მარიამი „ დაი ბეთანიელი მართასი და ლაზარესი.“ „და იყო დაი მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა  ფერხთა თანა იესოსა და ისმენდა სიტყუათა მისთა“ (ლ.10.39). საგულისხმოა, რომ „ უპანიშადების“ მოძღვარსაც ჰყავდა თავისი მარიამ და მართა: იაჯნიავალკიას ორ ცოლი სეიძლება ამოვიცნოთ მათი სახეები:  „ მხოლოდ პირველს- მაიტრეის ხელეწიფებოდა ბჭობა ბრაჰმანზე, ხოლო კატიაიანი ქალური ბუნებით იყო წილხვედრილი“
„ უპანიშადების“გადაკითხვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვიგრძნოთ ამ უზარმაზარი კრებულის მთავარი სიტყვა: ეს არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებად ყველაზე ხშირი სიტყვაა „ უპანიშადებში“ . ამენ, ამენ! გეტყვით თქვენ. გვესმის ძალიან ხშირად სახარებაში. ამას მაცხოვარი ამბობს. მხოლოდ ის არის უფლებამოსილი თქვას: ამენ -ჭეშმარიტად! მაცხოვარი აცხადებს ჭეშმარიტებას, რამდენადაც მსმენელს შეუძლია მისი ატანა. არც მეტს, არც ნაკლებს. „ უპანიშადებიც“ აცხადებს ჭეშმარიტებას- ჭეშმარიტების იმ სახეს და მის სირღმე- მოცულობის იმ სახეს და მის სირღმე- მოცულობას, როგორის აღქმნა- შეთავსებაც ძალედვა იმჟამინდელ მოწაფეს. განა გასაკვირია, რომ  ხმა, რომელიც გაისმოდა „უპანიშადების“ ეპოქაში , იმ ხმის ექოა, რომელიც გაისმა სახარების ეპოჰაში?      „უპანიშადების“ მოძღვარს თავისი მსმენელი ჰყავდა. დღეს მას უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე თავის დროზე, თავის ქვეყანაში. მაგრამ ის მოძღვარი ვის ელაპარაკება დღეს?ვის სწვდება მისი სიტყვა? ჩვენ დღეს, თუკი ვგრძნობთ კაცობრიობის აზრისა და ფიქრთადენის ერთიანობას , გვეუცნაურება ის კითხვები, რომლებიც დასმულია „ უპანიშადებში“. „და ერთხელშობილი კვლავ აღარ იშობა, რამეთუ ვინ ჰბადებს მას კვალად?“ კითხულობს მოძღვარი და ელის პასუხს.ასე პავლე მოციქული ამხილებდა ურწმუნოებს: „ უგუნურო, შენ რომელი დასთეს, არა ცხონდის, ვიდრემდე არა მოკუდის“( 1 კორ. 15,36)
      ვისთვის ლაპარაკობს დღეს „ უპანიშადების“ მოძღვარი? ჰყავს მას მსმენელი? უნდა ჰყავდეს, რადგან ისინი აფართოებენ ჩვენს აზრთაწერას.არა მხოლოდ ძველი აღთქმა, არამედ ყოველი მნიშვნელოვანი ძველი დოკუმენტი ღვთაებრივ- ადამიანური აზრისა,  წინასახეობად ისახავს ქრისტიანულჭეშმარიტებებს. როგორც წმინდა მამებმა ( განსაკუთრებით კაპადოკიელებმა) ძველი ელინური მითოსის და ეპოსი ჩართეს ქრისტემდელ გამოცხადებათა რიგში,ასევე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მათში ამ გამოცხადებათა აჩრდილები, თუ რა თქმა უნდა, რამდენადაც შესაძლებელია, ფეხმორთხმით ვიქნებით მათ მიმართ. ვიდუმებთ და ვიკითხავთ.
„უპანიშადების“ ჭეშმარიტებებს უცხო სამოსელი მოსავთ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვაშინებდეს უცხო სამოსელი. თუ სიტყვაში მის შინაგან აზრს ვერ გამოვიცნობთ, ის დუმილი ხომ მაინც საცნაურია, რომელსაც მიეცემიან „უპანიშადთა“ კითხვა- პასუხის მონაწილენი. „და მაშინ არტჰაბაგა, შვილთაშვილი ჯარატკავასი, მიეცა დუმილს“. ის მიეცა დუმილს, როგორც შემეცნების ნამდვილ წყაროს. ეს დუმილი მოწმობს, რომ  „უპანიშადებს“ მსჭვალავს ჭეშმარიტად ქრისტიანული თეზისი, რომელიც ამგვარად გამოქვა ნიკოლოზ კუზანელმა; „მიუწვდომელი მიუწვდომლობით მიიწვდომების“ რომელსაც არა მხოლოდ გნოსეოლოგიური გამართლება აქვს, არამედ ( და პირველ რიგში) , ონტოლოგიური: ყოფიერების უკანასკნელი „საფეხური“ შეუცნობადია.
ჩვენს წინ არის ქართულად თარგმნილი ხუთასზე მეტ გვერდიანი წიგნი  „უპანიშადებისა“ , რომლის შექმნას ლერი ალიმონაკმა მრავალი წელი შეალია. ის მისი ნიჭისა და სიყვარულის ნაყოფია. მან შეუქმნა უპანიშადების „ უცხო სხეულს“ შესაბამისი „უცხო სამოსელი“. ქართულმა ენამ, რომელიც მრავალფეროვან სტილურ შრეს შეიცავს, მისცა მარგმნელს  ამის საშუალება. ვერ  ვიტყვით, როგორც ჩვეულებრივ ამბობენ თარგმანის შესაქებად, რომ ის ლაღად და თავისუფლად იკითხება. თუ საწინააღმდეგოს ვიტყვით, ეს არ იქნება მისი ნეგატიური შეფასების ნიშნით. პირიქით, ამ ენობრივ,ერთი შეხედვით, სირთულეს აქვს თავისი რიტმი და სირღმე. ამის საილუსტრაციოდ მომიხდებოდა ვრცელი მონაკვეთების მოტანა. დავჯერდებით მცირედით „ ბრიჰადარანიაკიდან“.
     „ და ოდეს მზე ჩაესვენება, იაჯნიავალკია, ჩაესვენება მთოვარეც, დაქრება ცეცხლიც და დადუმდება მეტყველებაც, რა სინათლეს ფლობს ძეხორციელი?“ – „ატმანი გამოუსხივებს მას ნათელს- ატმანი სინათლის ჟამს იგი ზის, მიდიმოდის იქით თუ აქეთ, და იქმს საქმეთ, შინ ბრუნდება“.
ნამდვილად აქვთ ქართულ  „უპანიშადებს“ საკუთარი სამოსელი.
ზურაბ კიკნაძე
 
       „უპანიშადები“ ის ქმნილება რომლის უთარგმნელადაც  წარმოუდგენელია ყოველი ეროვნული კულტურა.ცხადია, უშუალოდ დედანიდან თუ არ არის გადმოღებული ესა თუ ის თხზულება და, განსაკუთრებით, ასეთი საკაცობრიო მოვლენა- ინდური პოეტური და რელიგიური-ფილოსოფიური აზრის მწვერვალი, ბევრს აკლებს თარგმანი, მაგრამ ის  სიკეთე მაინც მოაქვს, რომ შორიდან დაგანახებს ამაღლებული სამყაროს კონტურებს და გაგიღვივებს წადილს უფრო მიუახლოვდე იმ დიდებულებას, შეითვისო, გაიშინაურო და შენი ეროვნული კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციო.
ამ აზრით, ლერი ალიმონაკის თარგმანის გამოჩენა _ უდავო პროფესიონალიზმით რომ არის აღბეჭდილი, გათვალისწინებული სხვა ენებზე( რუსული, გერმანული)არსებული თარგმანიც და, რაც მთავარია, ჩინებულ სტილურ ენობრივ სამოსელშია მოქცეული- მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი დღევანდელობისთვის.
        საუკუნეებია ჩავლილი,მაგრამ, როგორი სიცინცხალით არის შენარჩუნებული ის მარადიულობა, უკუნითი უკუნისამდე რომ უნდა გაჰყვეს კაცობრიობის სულიერ ამაღლებას. ეს ხომ უბრალოებაა, გარეგნული სირთულის მიღმა რომ იგრძნობა და კიდევ ერთხელ მოგვაგონებს, რომ სწორედ ეს უბრალოებაა გზა ჭეშმარიტებისაკენ. 

როსტომ ჩხეიძე
  
     „უპანიშადების“ მნიშვნელობა დიდია ფილოსოფიური, რელიგიური, კაცთმოყვარეობის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში. მისი ქართული თარგმანი  უმაღლესი პროფესიონალიზმითაა შესრულებული. ქართულად შექმნილი ლიტერატურულ- ფილოსოფიური ძეგლივით იკითხება და ამშვენებს მთარგმნელობითი მწერლობის მოღვაწეობას.მე, როგორც ლიტერატორი და მწერალი, მივესალმები ამ თარგმანის არსებობას.
შოთა ნიშნიანიძე