- უძველესი ფილოსოფია და თანამედროვე მსოფლიოს არჩევანი

 


“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან შაბლონურად; ჩვენი აღქმა გარესამყაროს მიმართ უკიდურესად შეზღუდული და ერთგვაროვანია. - ვცხოვრობთ როგორც მატრიცაში მაშინ, როცა ცხოვრება გაცილებით დიდი, მშვენიერი და უფრო მეტი პოტენციალის მატარებელია.

იოგა ეხმარება ადამიანს გათავისუფლდეს ხელოვნურად შექმნილი ბორკილებისგან და შეიგრძნოს ცხოვრება მთელი თავისი მშვენიერებით”.

გიორგი ბერძენიშვილი

 

...დასრულდება სამუშაო საათები და სუფთა, წყნარი, მოწესრიგებული ქუჩები სპორტულ ფეხსაცმელსა და ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანებით ივსება. ირგვლივ მიმოიხედავ და აღმოაჩენ, რომ შენს გარშემო ყველა დარბის - მოხუცი, ახალგაზრდა, ქალბატონი, მამაკაცი… დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ადამიანები განტვირთვას სწორედ ასე ახერხებენ.

ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყველა ქუჩასა და გამზირზე იოგას ფართო-ვიტრაჟიანი დარბაზები იპყრობენ მზერას - აქ, ქალაქის ულამაზესი ხედების ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა სულიერი სიმშვიდისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სიამოვნებით მედიტირებს.

რად უნდა მტკიცება იმას, რომ საოცარია პარიზის ლუვრი, რომის კოლიზეუმი, ვენის შტეფანს დომი... მაგრამ მე თუ მკითხავთ, ის, რაზეც დასაწყისში ვისაუბრე, ევროპის არანაკლები ღირსშესანიშნაობაა, თანაც ჩვენისთანა ერისთვის, რომელთა ქვეყანაშიც მხოლოდ ეპატაჟური ტიპები თუ დარბიან თბილისის ხმაურიანი ქუჩების ბორდიურებზე.

იოგა კი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის თბილისში ძალიან მოდურია, ბევრი ვერ ახერხებს მის ცხოვრების წესად გადაქცევას. საამისოდ სურვილთან ერთად ცოტა მონდომებაცაა საჭირო.

 

მოდი, დღეიდან გადავდგათ პირველი ნაბიჯი და სანამ იოგას დარბაზში შევაბიჯებდეთ, მის შესახებ ცოტა მეტი შევიტყოთ:

იამა – თვითკონტროლი;
ნიამა – თვითრეგულაცია;
ასანა – სხეულის პოზები;
პრანაიამა – სუნთქვითი ვარჯიშები, რომლის მეშვეობითაც გონების კონტროლს სწავლობ;
პრატიაჰარა – გრძნობათა კონტროლი;
დჰარანა – კონცენტრაცია;
დჰიანა – მედიტაცია;
სამადჰი – ზეცნობიერების მდგომარეობა.

- ეს ის მთავარი რვა ნაწილია, რომლებისგანაც შედგება იოგას პირველი სახელმძღვანელო “იოგასუტრა”. იგი ძვ.წ.აღ.-ის II საუკუნეში დაიწერა.

იოგა ძველი ინდოელებისთვის ცხოვრების ფილოსოფია იყო, რომელსაც ადამიანი მედიტაციამდე და შემდეგ უკვე ჭეშმარიტების შეცნობამდე მიჰყავდა.

მე-15 საუკუნით თარიღდება ტექსტი - ჰათჰა იოგა პრადიპიკა - იგი ჰათჰა იოგას პრაქტიკის პირველი წიგნია. სწორედ ეს წიგნი დაედო საფუძვლად ჩვენს თანამედროვეობაში გავრცელებულ იოგას, რომელიც ჯანმრთელობის რეაბილიტაციის, სხეულის გაკაჟების და ორგანიზმის გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

ჰათჰა იოგა ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ამერიკაში და მას მილიონობით ადამიანი მისდევს ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და სტრესისაგან გასათავისუფლებლად.

  • კარგი განწყობა;
  • ზურგის ტკივილის მოხსნა;
  • ათლეტური აღნაგობა;
  • კარგი კონცენტრაცია;
  • მეტი ენერგია;
  • მშვიდი ძილი.

- ეს იმ სიკეთეების ჩამონათვალია, რომელთა მიღწევასაც ჰათჰა იოგა გვპირდება.

ვნახოთ მართლაც ასეა თუ არა. - იოგაზე სასაუბროდ საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ბერძენიშვილს ვესტუმრეთ.  

“იოგას ის სახეობა (ჰათჰა), რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია პოპულარული, მიჩნეულია როგორც ფიტნესი. თუმცა ის ფიტნესზე უფრო მეტია. ის ფილოსოფია და ცხოვრების წესია. სხეულს ვერ გაავაჯიშებს ადამიანი, თუ მან საკუთარ თავში ბოლომდე არ გააცნობიერა ამის აუცილებლობა და შინაგან მზაობას არ მიაღწია.

აქვე აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ გაიაზროს, რომ იოგა - ეს უფრო ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არსებობს და არა დაავადებათა სამკურნალოდ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში ადამიანს იოგა ეხმარება, თუნდაც იმისთვის, რომ მან შინაგანად გამოძებნოს ძალა წინააღმდეგობის დასაძლევად, საფრთხესთან გასამკლავებლად. მაგრამ ეს მაინც იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც უნდათ გაიუმჯობესონ საკუთარი მდგომარეობა იმ სტრესულ გარემოში, რომელში ყოფნა, ცხოვრება და აქტივობა უწევთ.

ჩვენს ქვეყანაში ბევრს უჭირს ცხოვრების წესის შეცვლა, მათ ყოველდღიურობაში რაღაც ახლის შემოტანა. ეს არის მთავარი ბარიერი, რის გამოც, სურვილის მიუხედავად, ვარჯიშს ვერა და ვერ იწყებენ.

მსურს ყველას ვუთხრა, არ არის საჭირო, იდეალური ადამიანი გახდე იმისთვის, რომ იოგას ასანები აკეთო. დაიწყე ისე, როგორც შეგიძლია და სრულყოფილებისკენ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წადი. და თუ მცირედით მაინც მიუახლოვდები მას, ჩათვალე, რომ წარმატებას უკვე მიაღწიე.” - აღნიშნავს გიორგი ბერძენიშვილი.

მისი თქმით იოგა გეხმარება, გამოძებნო საკუთარ თავში ძალა, რომ ცხოვრებას უფრო ჯანსაღად შეხედო; გაუსწორო თვალი მოვლენებს, რომლებიც შენს თვალწინ ელვის სისწრაფით იცვლებიან; შეინარჩუნო იდეალური სიმშვიდე და წონასწორობა.

“ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან შაბლონურად. ჩვენი აღქმა გარესამყაროს მიმართ ძალიან შეზღუდული და ერთგვაროვანია. ვცხოვრობთ როგორც მატრიცაში მაშინ, როცა ცხოვრება გაცილებით დიდი, მშვენიერი და უფრო მეტი პოტენციალის მატარებელია. იოგა ეხმარება ადამიანს გათავისუფლდეს ხელოვნურად შექმნილი ბორკილებისგან და შეიგრძნოს ცხოვრება მთელი თავისი მშვენიერებით”.

იოგა არის ადამიანის კავშირი სამყაროსთან, როგორც აბსოლუტთან - სიტყვასიტყვით თუ გადმოთარგმნი, იგი “ერთიანობას” ნიშნავს. იოგა ადამიანის შინაგანი თავისუფლებისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაადგეს ადამიანი. 

ვფიქრობ, მცირე რამ შევიტყეთ ჩვენში უკვე ყბადაღებული, მაგრამ მაინც უცხო და შორეული იოგას შესახებ.

ალბათ, დროა, ჩვენც მოვიმარჯვოთ ჭილობი, გამოვეწყოთ შესაბამისად და დავადგეთ გზას იოგას გაკვეთილებისკენ. იმედია, უძველესი ინდური ფილოსოფიით შეზავებული ასანები სტრესსა და დაღლილობასთან გამკლავებაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებასაც სულ სხვაგვარად (გაცილებით ლამაზ რაკურსში) დაგვანახებს.

სოფო ხუციშვილი

სტატია მომზადებულია თიბისი ბანკის დაკვეთით